20 აპრილი, შაბათი, 2024

√რეგისტრაცია იწყება ⇒ ტრენინგების გავლას პრაქტიკოსი მასწავლებლები Microsoft Teams-ის პლატფორმაზე შეძლებენ

spot_img

წლებია, რაც, პერიოდულად, პრაქტიკოსი მასწავლებლის კარიერული წინსვლის დეტალები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. გამოცდიდან გამოცდამდე –  ასეთია პრაქტიკოსების სტრატეგია, თუმცა, ამ პერიოდში, სტატუსის მომლოდინე მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობებით ცდილობდნენ უფროსის საფეხურზე გადასასავლელად განკუთვნილი  სავალდებულო 19 კრედიტქულის შევსებას. მაგრამ, გარკვეულმა ნაწილმა, სამწუხაროდ, ეს დღემდე ვერ შეძლო. სახელმწიფოც წინსვლის მსურველებს, ყოველ წელს, კარიერული წინსვლის გაიოლებისთვის, ახალ გზებს სთავაზობს. ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ფინიშამდე, რომელიც მილევადი სტატუსის დასასრულია. მაგრამ, ამ დასასრულს, უფრო სწორად, წინსვლას, ჯერ კიდევ 13 ათასამდე პრაქტიკოსი მასწავლებელი ელოდება. დაპირებისამებრ, ისინი სტატუსის ამაღლებას კიდევ ერთხელ შეძლებენ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გზით – ნაეკმა ტესტირების მსურველებისთვის რეგისტრაცია 30 მარტს დაიწყო და 30 აპრილის 18.00 საათამდე გასტანს. თუმცა, სახელმწიფო მათ ისევ არ ტოვებს მხოლოდ გამოცდის ამარა – უალტერნატივოდ და იმ პედაგოგებს, რომლებსაც გამოცდა აქვთ ჩაბარებული ან ზაფხულში ჩააბარებენ,  დარჩენილი კრედიტქულების შევსებას 5-კრედიტიანი  ტრენინგებით სთავაზობს.  როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში  აანონსებდნენ, 5-კრედიტიანი ტრენინგები თებერვლის ბოლოს უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ კორონავირუსით შექმნილი სიტუაციის გამო, ისე როგორც ბევრი რამ, ტრენინგების გამოცხადებაც გადავადდა.

როდის და რა ფორმატით ჩატარდება 5-კრედიტიანი ტრენინგები და ხომ არ იგეგმება რაიმე ცვლილება პრაქტიკოსის საფეხურებრივ წინსვლაში –  ამ კითხვებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი პასუხობს. ინტერვიუში ასევე გაიგებთ, როდის განახლდება გარე დაკვირვების პროცესი უფროსი მასწავლებლებისთვის.

 

პირველ რიგში, მოკლედ რომ შეაფასოთ დისტანციური სწავლების პროცესი – „ტელესკოლა“ და ჩვენი მასწავლებლები? – როგორ გაართვეს თავი ამ გამოწვევას?

ეს არის სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის დროული და ადეკვატური პასუხი შექმნილ ვითარებაზე. სამწუხაროდ, ჩვენი მოსწავლეების დიდ ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე და არც ტექნოლოგიებს ფლობენ, რომ სრულფასოვნად ჩაერთონ სასწავლო პროცესებში. განათლებაზე ხელმისაწვდომობა არის „ტელესკოლის“ მთავარი ამოსავალი. ტელეგაკვეთილები სახალისო და გასაგებ ფორმატში მიმდინარეობს. მოსწავლეები იღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას. ჩვენი მასწავლებლები, ამ დროში, მაქსიმალურად ცდილობენ, სასწავლო პროცესი არ შეჩერდეს, ბევრმა მათგანმა წარმატებით გაართვა თავი ონლაინ სწავლების გამოწვევებს. ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებასა და რესურსებს. თუმცა ყველა ელოდება როდის გადაინაცვლებენ ვირტუალური საკლასო ოთახებიდან რეალურში.

– მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ტესტირებისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლები ზაფხულში ისევ შეძლებენ კარიერულ წინსვლას. რა გეგმები გაქვთ სხვა დამატებითი კრედიტების შევსების კუთხით – როდის გამოცხადდება 5-კრედიტიანი ტრენინგები ან რა იგეგმება ამ მიმართულებით, ხომ არ განიხილება ონლაინ ფორმატით ჩატარება?

– ჩვენ ეს პერიოდი ინტენსიურად ვმუშაობდით, რომ ტრენინგები ონლაინ ფორმატში გადაგვეწყო და ჩვენი მასწავლებლებისთვის მიგვეცა საშუალება, არ შეეწყვიტათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ფორმატში. ტრენინგების გავლა შესაძლებელი იქნება Microsoft Teams-ის პლატფორმაზე, რაც მათ გაუიოლებს მოსწავლეებთან ონლაინ კომუნიკაციას.

პრაქტიკოს მასწავლებლებს შეუძლიათ აირჩიონ, ზოგადი და საგნობრივი ტრენინგებიდან, მათთვის საჭირო მოდულები. ტრენინგი „დისტანციური სწავლება Microsoft რესურსების გამოყენებით“ არის სხვათა გავლის წინაპირობა. მასწავლებლები შეძლებენ გაიარონ „ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში“, „დიფერენციებული სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები“, ასევე საგნობრივი მოდულები, რომლებიც, ერთობლივად, მასწავლებლებს არაუმეტეს 5 კრედიტქულას მოუტანს ან, საჭიროების მიხედვით, აარჩიონ მათგან სასურველი.

რეგისტრაცია ტრენინგებზე დღეს გამოცხადდება.

– თუკი 5-კრედიტიანი ტრენინგებით, ზაფხულამდე, ვერ მოხერხდება ყველა მსურველის დაფარვა, გადაიწევს თუ არა ტრენინგების ჩატარების ვადები და მიეცემათ თუ არა კრედიტების შევსებისთვის პრაქტიკოსებს მეტი დრო?

– 15 აპრილამდე გვექნება ტრენინგებზე რეგისტრაცია. თუკი მასწავლებლებს აქვთ საბაზისო უნარები კომპიუტერის მოხმარების და ინტერნეტში ნავიგაციის, შეძლებენ ტრენინგების გავლას. ვადების გადაწევას არ განვიხილავთ, რადგან მოდულები უკვე მომზადებულია, მიმდინარეობს ჩვენი ტრენერების გადამზადება.

– რაიმე ცვლილება ხომ არ იგეგმება მათ საფეხურებრივ წინსვლაში, თუნდაც რაიმე შეღავათის?

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსმა ჩვენი გეგმები არია, უმოკლეს ვადაში, არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, შევეცადეთ გადავწყობილიყავით. ჩვენმა თანამშრომლებმა ამისთვის ძალიან ბევრი იმუშავეს და გამოწვევებს უმოკლეს ვადებში გაართვეს თავი.

როგორც იცით, პრაქტიკოს მასწავლებლებს არაერთი შესაძლებლობა მიეცათ, მარტო წინა წელს კომპეტენციების დადასტურება და ამით სტატუსის ამაღლების საშუალება ორჯერ მიეცათ. რეგისტრაცია გამოცხადებულია. თუ ტრენინგების წარმატებით გავლის შედეგად მიღებული კრედიტქულებით, სხვა სავალდებულო და დამატებით აქტივობებში დაგროვილ კრედიტქულებთან ერთად, ჯამში, ვერ მოიპოვებენ სტატუსის ცვლილებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას, პრაქტიკოს მასწავლებლებს კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება, განმეორებით ჩააბარონ გამოცდა/გამოცდები, რომლებშიც ნაწილობრივი კრედიტქულები აქვთ მოპოვებული.

რადგან შეთავაზებები ძალაში რჩება, რაიმე დამატებით შეღავათებზე საუბარი არ იქნება.

– როდის და რა ფორმით განხორციელდება გარე დაკვირვება? რამდენი უფროსი მასწავლებელია რეგისტრირებული და რამდენ ეტაპად განხორციელდება საბოლოო ჯამში?

– გარე დაკვირვება შეჩერებულია, ველოდებით სწავლის აღდგენას. ამ სემესტრში გარე დაკვირვება  3721 უფროს მასწავლებელს უნდა გაევლო, მათგან, 1064-მა უკვე გაიარა. სწავლის აღდგენის შემდეგ გავაგრძელებთ პროცესს. შესაძლებელია, შემოდგომისთვის მათი ნაწილის გადადება დაგვჭირდეს. ამ ეტაპზე ზუსტ რაოდენობაზე, რამდენი გარე დაკვირვება გადაიდება, ვერ გიპასუხებთ, ეს სწავლის განახლების თარიღზეა დამოკიდებული.

– როგორ აპირებთ ცენტრის მიერ დაგეგმილი სხვა ტრენინგების განხორციელებას?

– ხვალიდან ვიწყებთ საგნობრივ „შეხვედრებს“ ანონსში მითითებულ თემატიკაზე. ის ჩვენი ცენტრის ფეისბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული. ჩვენი კონსულტანტები და მასწავლებლები წარუძღვებიან მასტერკლასს, ხოლო შემდეგ გასცემენ პასუხებს მასწავლებლებისგან შემოსულ კითხვებს. ყველა თემა პასუხობს მთავარ გამოწვევას, როგორ წარვმართოთ გაკვეთილები ონლაინ ფორმატში.

ჩვენ ისევ აქტიურად ვდგავართ ჩვენი მასწავლებლების გვერდით და მხარდაჭერას ვუცხადებთ პროფესიულ განვითარებაში. ჩვენი ინტერნეტგაზეთი ყოველდღიურად აქვეყნებს პრაქტიკულ სტატიებს ჩვენი მასწავლებლებისთვის. ვაგრძელებთ მუშაობას პროფესიული განათლების, სკოლამდელი განათლების, ინკლუზიური განათლების ტრენინგების ონლაინ ფორმატში გადაწყობაზე.

– 2020 წელს ძალაში რჩება თუ არა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, დროებითი ხელშეკრულების გაფორმება?

– სექტემბრიდან იცით, რომ თუ მასწავლებელი სტატუსს არ გაიუმჯობესებს, მის ადგილზე გამოცხადდება ვაკანსია. გამონაკლისი იქნება არაქართულენოვანი სკოლები და სექტორები. მათთვის ალტერნატიული გზები იქნება.

– რეგულირების წესის დამტკიცებას, სავარაუდოდ, როდის უნდა ველოდოთ?

– უახლოეს დღეებში დამტკიცდება ცვლილებები სქემაში. ყველა მოსალოდნელი სიახლის შესახებ ჩვენმა მასწავლებლებმა დიდი ხანია იციან, რდგან ჩვენი ცენტრი მუდმივად ღიად აწვდის სკოლებს ინფორმაციას.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები