28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

პროფესიონალი სპეციალისტები ქვეყნისთვის ნამდვილი ფუფუნებაა ⇒ უტა კილასონია დისტანციურ სწავლებაზე

spot_img
დისტანციური სწავლების დანერგვასა და პრაქტიკის გაზიარებაზე ბევრი დაიწერა და ითქვა, ბევრი პრობლემა და მოულოდნელი წარმატებაც გამოიკვეთა, თუმცა, ასეთ რეჟიმში, მოუმზადებლად, სისტემის მთლიანად ტექნოლოგიების პლატფორმაზე გადაწყობა, ბუნებრივია, ხარვეზების გარეშე ვერ გამოვა. მთავარია, სწორი შეფასებებით, მხარდაჭერითა და მასწავლებლების მხრიდან სწორად აღქმული ონლაინსწავლებით შევძლოთ ამ რთული გამოწვევის გამკლავება, თუნდაც მინიმალური შედეგებით. როგორც პროცესებმა ცხადჰყო, სასწავლო პროცესში, ისევე, როგორც პირისპირ, დისტანციური სწავლების დროსაც მთავარი საყრდენი პროფესიონალი მასწავლებელია. ამ პერიოდში გამოიკვეთა ისიც, რომ ჩვენი მასწავლებლების ისტ უნარების ცოდნა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთის, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ პროცესებს, თუმცა, ეს სულაც არ არის ახალი – აქამდეც მუდმივად კეთდებოდა აქცენტი, რომ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, პედაგოგების გარკვეული ნაწილისთვის, ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა.
და მაინც, როგორ ფლობენ მასწავლებლები ისტ უნარებს და როგორ გავართმევთ თავს საგანმანათლებლო სისტემის სერიოზულ გამოწვევას? – ამის შეფასება ვთხოვეთ უტა კილასონიას. ჩვენი რესპონდენტი, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის მეხუთე-მეექვსეკლასელებს ტექნოლოგიებს (სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია), ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს – პარალელურად, stem ჯგუფს ხელმძღვანელობს იმავე სკოლაში, ასევე, stem ჯგუფებს ხელმძღვანელობს ქუთაისისა და ბათუმის ქართულ-ამერიკულ  სკოლა „პროგრესში“ და მარტვილის კერძო სკოლაში „სხივი“, ზუგდიდში კი, ტექნოპარკის მიწვეული ტრენერია, ასევე,  განათლების სამინისტროს ტექნოლოგიების ექსპერტი „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში; წლის საუკეთესო ტექნოლოგიების მასწავლებელი და „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულის წევრი.
საინტერესოა, როგორია მისი თვალით დანახული   დისტანციური სწავლების პროცესი.

?მეცნიერების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება

იმედია, ყველა კარგად დაფიქრდება, რომ მეცნიერების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება, ნორმალურად არსებობაც და ისეთი პრობლემების მოგვარებაც, რაც დღეს გვაქვს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენა კორონავირუსმა. შესაბამისად, როცა ეს სიტუაცია ჩაივლის, კიდევ უფრო მეტად უნდა წახალისდეს, სკოლის ასაკიდანვე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება და მეტი რესურსი დაიხარჯოს ამ საქმეში.

კარგა ხანია, მაწუხებს და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო, როცა სკოლის დირექტორებს საშუალება მიეცათ, საკუთარი ხედვით, კონკურსის გამოცხადების გარეშე, შეუთავსონ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საგნები სხვა საგნის სპეციალისტებს, რომლებსაც არ გააჩნიათ აღნიშნული საგნების კომპეტენცია. თუ გადავხედავთ კონკურსების სტატისტიკას, მივხვდებით, რომ ეს საგნები სხვა მასწავლებლებისთვის საათების შესავსებად გამოიყენეს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ასე მოხდა.

საბუნებისმეტყველო საგნებს რომ მეტი პოპულარიზაცია სჭირდება, ამაში, ალბათ, დამეთანხმებით. ვინც არ მეთანხმება, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ დღეს სკოლებს სანთლით საძებარი ჰყავთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლები, განსაკუთრებით კი, ფიზიკის მასწავლებლები. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან დაბალია ინტერესი ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის მიმართ. ამიტომაც სჭირდება მეტი ყურადღება ამ მიმართულებებს, დღევანდელი მდგომარეობა კიდევ უფრო ადასტურებს იმასაც, რომ ახლა ამ მიმართულების პროფესიონალი სპეციალისტების ყოლა ქვეყნისთვის ნამდვილი ფუფუნებაა.

მოსწავლეები უნდა დავაინტერესოთ ამ საგნებით – პირველ რიგში, საჭიროა კარგი, ძლიერი და პროფესიონალი მასწავლებლები, მათ უნდა დააინტერესონ მოსწავლეები. რომელი საგნის მასწავლებელიც მოსწონთ (მეც ასე ვიყავი) და საინტერესოდ უხსნის გაკვეთილს, ბავშვებსაც ის საგანი უყვარდებათ.

არა მგონია, ქვეყანას სჭირდებოდეს ამდენი იურისტი ან ჟურნალისტი, თუმცა, ამ ადამიანების საწინააღმდეგო, ბუნებრივია, არაფერი მაქვს. უბრალოდ, დღეს სახელმწიფოს უფრო მეტად სჭირდება ის ხალხი, ვინც ტექნოლოგიების ეპოქაში იქნება წარმატებული. ამიტომ ამ სპეციალობების კიდევ უფრო წინ წამოწევა ძალიან სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის.

?ისტ უნარების დაბალი კომპეტენცია

მასწავლებლებს ძალიან უჭირთ ტექნოლოგიებით სწავლება, მიუხედავად იმისა, რომ მათ არაერთი ტრენინგი ჩაუტარდათ ამ მიმართულებით. მე თვითონაც, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ტექნოლოგიების ექსპერტი ვარ და კარგად ვხედავ, სად რა ხდება. თუმცა, იმ 160 სკოლაში, სადაც ეს პროექტი ხორციელდება, შეიძლება ითქვას, რომ საქმე კარგად გვაქვს. ტრენინგებს დავუბრუნდები და გეტყვით, რომ ისტ უნარებში, მართლაც ბევრი ტრენინგი განხორციელდა, მაგრამ ეს იყო, უბრალოდ, ტრენინგები კრედიტებისთვის, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, სამინისტროს მიზნებს, რომ ცოდნა მივიდეს მასწავლებლებთან და შემდეგ მოსწავლეებთან, ეს ტრენინგები ასცდა. შედეგიც თვალხილულია – ამიტომაც ვართ ახლა ასეთი რელობის წინაშე. როგორც ვხედავთ, მასწავლებლებს მაინც უჭირთ ტექნოლოგიების გამოყენება. მესმის, რომ პირდაპირ, ყოველგავრი მომზადება/გადამზადების გარეშე, მოგვიწია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. რეალურად, როგორც გითხარით, 160 სკოლა მზად არის დისტანციური სწავლებისთვის და ამ სკოლებში შედეგებიც ჩანს, დანარჩენ სკოლებში კი, პროცესები უფრო გაჭირდება.

?გაართმევს თუ არა თავს სისტემა დისტანციურ სწავლებას

წინა კვირას საფრანგეთში ვესაუბრე ჩემს მეგობარს და გავიგე, რომ იქ ჯერ დაწყებულიც კი არ ჰქონდათ ონლაინ სწავლება. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ, ანუ ცუდი სიტუაცია არ გვაქვს. თან სამინიტროსთან მუდმივ კოორდინაციაში ვიმყოფებით, ბევრი რამის, რაც ამ მიმათულებით კეთდება, უშუალო თანამონაწილე ვარ და ვფიქრობ, კარგად მივყვებით პროცესს. მთავარია, ახლა მასწავლებლები როგორ განავითარებენ და აუბამენ მხარს.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმას ვემხრობი და ძალიან მოხარული ვარ, რომ მათი ჩანაცვლება ახალგაზრდა კადრებით მოხდა. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო წინ წასწევს საქმეს. ამის თქმის უფლებას ისიც მაძლევს, რომ ტექნოლოგიებს ახალმიღებული კადრები, ანუ ახალგაზრდები უკეთ ფლობენ ტექნოლოგიებს. ამიტომ, წესით, რაღაც შედეგზე მაინც გავალთ, თუმცა, იოლი არ იქნება   ეს გზა – ნაწილი შეძლებს, ნაწილი – ვერ. ძირითადად, გაჭირდება სოფლის სკოლებში და ისეთ სკოლებში, სადაც ახალგაზრდა კონტინგენტი შედარებით ნაკლებია.

ინტერნეტსივრცეში რომ ვაკვირდები, როგორ ცდილობს ყველა ერთმანეთის დახმარებას, იმედი მეძლევა – ალბათ, მოწოდებით ვართ ასეთები, რომ გაჭირვების ჟამს ვერთიანდებით, ეს ყველა მხრივ შეინიშნება. გაზიარება გადამდები გახდა მასწავლებლებისთვის. ამის გარდა, სამინისტროს ინიციატივით, ექსპერტთა ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც მასწავლებლებს, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება. მასწავლებლებს ვეხმარებით, ასევე, „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული ექსპერტებიც, ვეხმარებით ყველას, ვისაც კი დახმარება სჭირდება, მნიშვნელობა არა აქვს იქნება მაღალმთიანი სკოლა, რეგიონის თუ დედაქალაქის. ამის გარდა, მათ დასახმარებლად შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფებიც, ცალკე არიან მობილიზებული ემისის ჯგუფები, სამინისტროს ექსპერტები. ყველა თხოვნაზე დროულად ვრეაგირებთ, მთავარია, მათ მოინდომონ.

?ბიძგი – მეტად ორიენტირებულები რომ გავხდეთ ტექნოლოგიებზე

რა თქმა უნდა, ეს მოვლენები მართლაც გახდება ერთგვარი ბიძგი, რომ ისტ-ის საგანი სკოლებში მეტი დოზით დაინერგოს. სამწუხაროდ, ხშირად, სკოლებში ამ საგნის სწავლებას მინიმალური საათები ეთმობა, მაგალითად, კვირაში 4 საათი… სასურველია, მეტი საათი დაუთმონ ისტ უნარების განვითარებას, მეტსაც გეტყვით, ჩემი აზრით, არა მხოლოდ გამოყენების დონეზე, არამედ შემქმნელის დონეზეც კი. ამიტომ ვამბობ, რომ უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ამ ყველაფერს, მეტი კვალიფიციური კადრი სისტემას და არა იმ კადრების იმედად ყოფნა, რომლებსაც საათებს შევუთავსებთ ისე, რომ მათ კომპეტენციასაც არ ვიკითხავთ.

?დისტანციური სწავლების მთავარი გამოწვევები

დისტანციური სწავლების სტანდარტი, როგორც ვიცი, ჯერ არ გვაქვს, თუმცა, ასეთ სიტუაციას არავინ ელოდა, ვერც კი წარმოიდგენდა ვინმე. ახლა, ალბათ, სტანდარტზეც იმუშავებს სამინისტრო.

მაღალმთიან სკოლებში და სოფლის სკოლებში პრობლემაა ინტერნეტზე წვდომა. ამ შემთხვევაში, იმ მასწავლებლებს აქვთ უპირატესობა, ვინც კორპორატიული ნომრებით სარგებლობენ.

ბუნებრივია, სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა მოსწავლეს შეუძინოს ინტერნეტი. პროცესი გაადვილებულია იმ კუთხით, რომ ონლაინგაკვეთილისთვის სავალდებულო არ არის კომპიუტერის გამოყენება, შეუძლიათ ტელეფონში ჩატვირთონ აპლიკაცია და ამით ისარგებლონ. ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა შეუძლიათ მობილურ ოპარატორებს – ჩაერთონ პროცესში და შეღავათიანი ინტერნეტპაკეტები შესთავაზონ მოსწავლეებს, თუნდაც დროებით, ასევე   მასწავლებლებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სოფლებისთვის, სადაც ჭირს უწყვეტი ინტერნეტის მიწოდება.

თუმცა, დისტანციური სწავლების ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც მასწავლებლის კომპეტენციაა, როგორ წავალთ და საით წავალთ – ეს მხოლოდ მათზეა დამოკიდებული. სამინისტრო, ამ შემთხვევაში, მაქსიმუმს აკეთებს – ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ მათ ამის სრულფასოვნად გამოყენება შეძლონ.

ბუნებრივია, არ იქნება ეს იოლი პროცესი, ამიტომ მინდა ვუთხრა კოლეგებს, უფრო მეტი მოინდომეთ, არ მოდუნდეთ, ყველ რესურსი და შესაძლებლობა, რაზეც კი ხელი მიგიწვდებათ, გამოიყენეთ. ითხოვეთ დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ასეთ რეჟიმში ჩაბმა მეტ ძალისხმევას მოითხოვს, დარწმუნებული ვარ გამოგვივა და, რაც ყველაზე მთავარია, ბავშვებს ძალიან მოსწონთ ონლაინგაკვეთილები!

?რა ჯდება დისტანციური სწავლება – საშუალოდ რამდენს მოიხმარს ერთი მოსწავლე

პირადი გათვლით გეტყვით, რომ, დაახლოებით, 15 გეგაბაიტი რომ ჰქონდეს მოსწავლეს, საშუალოდ, თვიური ლიმიტი, წესით, უნდა ეყოს. ადრე კორპორატიული ნომრით, 5 ლარად, 15 გეგაბაიტის შეძენა იყო შესაძლებელი, ახლა 5-ის შეძენა შეუძლიათ. ახლა ინტერნეტპროვაიდერებმა რომ დაუშვან შეღავათები, გაცილებით წინ წაიწევს დისტანციური სწავლება და მოსწავლეც მეტად იქნება ჩართული პროცესში. მაგრამ მაინც ყველაფერი მასწავლებელზეა დამოკიდებული.

?მონდომების გარდა, რა შესაძლებლობა გვაქვს

ძალიან ბევრმა მასწავლებელმა უკვე დანერგა დისტანციური სწავლება, რაც მთავარია, თვითონაც სწავლობს და მოსწავლეებსაც ასწავლის. მიხარია, რომ მოსწავლეები ძალიან მაგრები არიან – ამ სფეროში ბევრად უფრო არიან ჩართულები და ჩახედულები, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია, ეს გასაკვირიც არ არის, ბოლოს და ბოლოს, 21-ე საუკუნის – ტექნოლოგიების ერის ბავშვებთან გვაქვს შეხება. შესაბამისად, მოსწავლების მხრიდან, პრობლემა არ შეგვექმნება, პრობლემებს უფრო მასწავლებლების მხრიდან უნდა ველოდოთ. მათი მხრიდან მეტი მონდომებაა საჭირო, რასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. უფრო მეტად უნდა გაითავისოს მასწავლებელმა, რომ ეს არ არის დასვენების – „არდადეგების“ დრო, არამედ ეს არის დისტანციურად მუშაობის საკმაოდ რთული ეტაპი. მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. პირადად მე, არც ერთ გაკვეთილს არ ვაცდენ, ძალიან კომფორტულად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ვატარებ სახლიდან სტემ-ის გაკვეთილებს, რომლბეიც უშუალოდ პრაქტიკულ სამუშაოებს ითვალისწინებს.

?საგანი+ისტ, თუ ისტ+საგანი

ისეთ ეტაპზე, როცა წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი ხდები, რასაკვირველია, აუცილებელი უნდა იყოს ტექნიკური უნარების მაღალ დონეზე ცოდნა იმიტომ, რომ ტექნოლოგოების გამოყენება საგაკვეთილო პროცესს საინტერესოს ხდის. მეტიც, ჩემი აზრით, ტექნოლოგიებით დაგეგმილი სასწავლო პროცესი და კომუნიკაციის მხარე, გაზიარების მხრივ, თანამედროვე განათლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ამდენ სკოლასთან თანამშრომლობას, სწორედ, დისტანციურად – ტექნოლოგიების გამოყენებით ვასწრებ.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები