29 მარტი, პარასკევი, 2024

განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღწეულია

spot_img

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნუკრი ქანთარიამ განმარტა, რომ უწყებების გამოყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება. „განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. თებერვალში უნდა დაიწყოს პროცესი და მერე გადმოვა პარლამენტში, რადგან ბევრი კანონის სათაური იქნება შესაცვლელი. ამ უწყებების შეერთება შეცდომა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ მარტო აღმოვჩნდი. როგორც კულტურის მუშაკმა ვიცოდი, რომ ეს არ გაამართლებდა“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. მისივე თქმით, განათლების მინისტრის იდეაა, რომ სპორტი განათლების სამინისტროში დარჩეს.

რაც შეეხება ბიუჯეტს, დეპუტატის აზრით, სამინისტროების გაყოფა პრობლემას არ შექმნის, რადგან კულტურის სფეროსთვის ბიუჯეტი ცალკე მუხლად არის გამოყოფილი:„კულტურის ბიუჯეტი ცალკეა და 5 მილიონის დამატება მოვახერხეთ წელს. თეატრების, მუზეუმების წარმომადგენლებს ხელფასები, პენსიები მოემატათ. ამიტომ გაყოფა უმტკივნეულო პროცესი იქნება. რაც შეეხება მინისტრს, რა თქმა უნდა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ ბადრი მაისურაძე არის ძალიან კარგი კანდიდატურა, თუმცა, არ ვიცი მისი განწყობა როგორია. ჯერ გავყოთ სამინისტროები და შემდეგ ვისაუბროთ მინისტრზე“.

განათლების სამინისტროს ორ უწყებად გაყოფის საკითხზე მსჯელობას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიც ადასტურებს. პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა, როდის დააანონსებს ამას პრემიერი, ეს მისი პრეროგატივაა.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები