19 მარტი, სამშაბათი, 2024

eTwinning   სასკოლო ცხოვრებაში

spot_img
პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც სწავლება დისტანციურ რეჟიმზე გადაეწყო. ამ პროცესში მასწავლებელთა ხელშეწყობა უკვე არსებული არაერთი საგანმანათლებლო პროგრამის მთავარ ამოცანად იქცა. პედაგოგებისთვის და მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ საყრდენად იქცა იმ პროგრამებში მონაწილეობა და დაგროვილი გამოცდილების გამოყენება, რომლებიც პანდემიამდეც ციფრული განათლების მხარდამჭერად მოიაზრებოდნენ და ონლაინ თანამშრომლობით კულტურას აყალიბებდა მათში. ერთ-ერთი ასეთია პროგრამა eTwinning, რომლის აქტივობები და პროექტები რეგულარულად ხორციელდება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ.

?✔️რა როლი ითამაშა eTwinning-მა სასკოლო ცხოვრებაში პანდემიის დროს და რა არის პროგრამის ძლიერი მხარე? – ამის შესახებ eTwinning Plus-ის პროგრამის მენეჯერი ხატია მატკავა ამბობს, რომ მასწავლებელთა ონლაინ უწყვეტი პროფესიული განვითარება და ქსელში ჩართვა ყოველთვის იყო eTwinning-ის ძლიერი მხარე და უკვე 15 წელია, რაც პროგრამა პედაგოგებს კომუნიკაციისთვის, თანამშრომლობისა და პროექტზე მუშაობის გამარტივებისთვის უსაფრთხო პლატფორმას სთავაზობს. მისივე თქმით, პროგრამაში ჩართულობის უპირატესობა კი ის არის, რომ პედაგოგები ბევრ რამეს სწავლობენ ონლაინ თანამშრომლობით, რაც ძალიან დაეხმარათ პირისპირ სწავლებიდან ონლაინ რეჟიმზე გადასვლაში. „eTwinning-მა გვაჩვენა, რომ მაშინაც კი, როდესაც პანდემიის გამო ვიყავით იზოლაციაში, ჩვენი შემოქმედებითობა გვაკავშირებდა მთელ სამყაროსთან. სკოლების დახურვის დროს, ითვინერებმა აჩვენეს, რომ არიან გამძლე და კომუნიკაბელურები, რადგან აგრძელებენ საერთაშორისო პროექტების შექმნას, რომ მოსწავლეებს მსოფლიოსთან კავშირი შეუნარჩუნონ.“ – ამბობს პროგრამის ხელმძღვანელი.

eTwinning-ის პროგრამა, ამოქმედების დღიდან, დიდი ინტერესით სარგებლობს ქართველ მასწავლებლებში, რაზეც მიუთითებს პროგრამაში ჩართული მასწავლებლებისა და განხორციელებული პროექტების ყოველწლიური სტატისტიკა. პორტალის მონაცემებით, მხოლოდ აპრილის თვეში, პროგრამაში დარეგისტრირდა 242 მასწავლებელი 163 სკოლიდან, ხოლო გააქტიურდა 174 პროექტი. ჯამში, საქართველოდან პროგრამაში რეგისტრირებულია 1400 მასწავლებელი 800 სკოლიდან.

ხატია მატკავა: „მონაწილე მასწავლებელთა წარმატებული საქმიანობის ხელშესაწყობად მასწავლებლის სახლი მუდმივად უწევს ორგანიზებას ტრენინგებს, კონფერენციებსა და თემატურ-საინფორმაციო შეხვედრებს. პანდემიის გამო სკოლების დახურვიდან უმოკლეს დროში დაიგეგმა ონლაინ ტრენინგები eTwinning პროგრამის ფარგლებში, რომელიც პორტალის – www.etwinning.net – დახმარებით მიმდინარეობდა. ტრენინგის ფარგლებში, გადამზადდა პროგრამაში ჩართული მასწავლებლების დიდი ნაწილი, მათთვის შეთავაზებული იყო ელექტრონული სასწავლო რესურსის შესაქმნელი პროგრამები, ელექტრონული ტესტების შესაქმნელი ინსტრუმენტები და სხვა დამხმარე პროგრამა დისტანციური მუშაობისა და პროექტების განსახორციელებლად. ამ სახით ტრენინგები ახლაც მიმდინარეობს და ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია დარეგისტრირება და დასწრება. პროგრამა გამორჩეულია იმითაც, რომ აქტიურ მასწავლებლებს საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილების შესაძლებლობა ეძლევათ. უცხოელ კოლეგებთან პირისპირ შეხვედრა და კომუნიკაცია ერთგვარი მოტივატორია ქართველი მასწავლებლებისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების სრულფასოვნად განხორციელებას.“

რადგან პროგრამაში მასწავლებელთა ძირითადი საქმიანობა თანამშრომლობითი პროექტების განხორციელებაა, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ პროექტზე მუშაობისას სწავლების ის ფორმა გამოიყენება, რომლის დროსაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ახდენენ საკითხის ფორმულირებას, მათ დასამუშავებლად ადგენენ გეგმას, მონაწილეობენ მის შესრულებაში და, საბოლოოდ, ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ. შესაბამისად, მოსწავლეთა მხრიდან ეს ჩართულობა ამაღლებს მათ მოტივაციას და თუ ამ პროცესს თან ერთვის სხვა ქვეყნის თანატოლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, ეს კიდევ უფრო ზრდის ინტერესს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ პანდემიის პირობებშიც კი არ შეწყვეტილა პროექტებზე მუშაობა და მასწავლებლებმა შეძლეს, დისტანციურ რეჟიმში დაესრულებინათ პროექტები. მათ გააერთიანეს მოსწავლეების პროექტის თვინსფეიში, რომელიც მათ კომუტაციის საშუალებას აძლევდათ. შეიძლება ითქვას, რომ eTwinning-ის მასწავლებლები უფრო მომზადებულები შეხვდნენ ონლაინ სწავლებას, რადგან მათ დისტანციურად მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ. პროექტებში მუშაობისას ერთ-ერთ სირთულეს ონლაინ ინსტრუმენტების საჭიროება და სიუხვე წარმოადგენს. ერთი მხრივ, ახალ რეგისტრირებულ მასწავლებლებს განსაკუთრებით უძნელდებათ ყოველდღიურ სასწავლო პროცესში მათი დანერგვა. მეორე მხრივ, იმ მასწავლებელთა გამოცდილება, რომლებმაც ითვინინგის პროექტები განახორციელეს, ცხადყოფს, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი საგნის სწავლების დროს.“ გვითხრა პროგრამის ხელმძღვანელმა.

?✔️პროგრამაში ჩართულ მასწავლებელთა უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული გამოცდილებით და აღნიშნავენ, რომ ითვინინგმა დიდი გავლენა იქონია მათ პროფესიულ ცხოვრებაზე – არსებითად შეცვალა სწავლების მეთოდები და როგორც სასკოლო, ისე საკლასო გარემო.

✔️პროგრამაში ჩართული პედაგოგების გამოცდილება

 

?✔️ ნათია შევარდენიძე, სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი:„eTwinning გახდა ჩემი პრაქტიკის განუყოფელი ნაწილი პირველივე გამოცდილებიდან. სხვადასხვა დონეზე მაქვს განხორციელებული პროექტები, რომლებიც ორიენტირებული იყო მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაზე მოსწავლეებში. ვისწავლე როგორ დავგეგმო და ვმართო უკეთესად პროექტები და მეტად ჩავრთო მოსწავლეები. ვისწავლე ბევრი ონლაინ რესურსის გამოყენება, როგორებიცაა: padlet, popplet, pollev.com, mentimeter, kizoa, wordcloud, wix.com და ბევრი სხვა. უამრავი დადებითი უკუკავშირი მიმიღია, ამ წლების განმავლობაში, მოსწავლეებისგან, eTwinning-ის როლის შესახებ სკოლის ცხოვრებისთვის სხვა ელფერის შეძენაში. eTwinning-ის დახმარებით, ჩვენ დავარღვიეთ კედლები, მოსწავლეები გახდნენ უფრო ფართოდ და თავისუფლად მოაზროვნეები, უკეთესი მოქალაქეები, მეგობრები, მოსწავლეები, შვილები და უბრალოდ, გაეზარდათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. აქტივობები, რომლებსაც ერთად ვგეგმავთ, მოსწავლეთა ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, ნამდვილად უფრო საინტერესოს ხდის სკოლის ცხოვრებას! ჩვენ ასევე დავიწყეთ საერთო სასკოლო პროექტების განხორციელება ერთი თემის გარშემო, სადაც ყველა კლასმა შექმნა და გააზიარა კრეატიული პროდუქტები, ამან სკოლაში ერთიანობის განცდა და ძალიან დადებითი განწყობა შექმნა…“

?✔️ თეონა ჯაფარიძე, სსიპ სიმონ სხირტლაძის სახელობის ონის საჯარო სკოლა, სწავლების 15-წლიანი გამოცდილებით: „მას შემდეგ, რაც eTwinning-ში ჩავერთე, დაიწყო ჩემი უწყვეტი   პროფესიული ზრდა. მე დავეუფლე ბევრ ელექტრონულ ინსტრუმენტს, გავიცანი ქართველი და უცხოელი კოლეგები, რომლებმაც ბევრი რამ მასწავლეს. შესაბამისად, ჩემი გაკვეთილები და სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო, შემოქმედებითი და განსხვავებული გახდა. ჩემი გაკვეთილები გასცდა საკლასო ოთახის კედლებს და მოსწავლეებმა, ჩემთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურეს. მათ გაიცნეს სხვა ქვეყნის მოსწავლეები, გაეცნენ მათ ინტერესებს, გაიგეს როგორ ცხოვრობენ ისინი; შეიძინეს ისტ უნარები, დაეუფლნენ ახალ ინსტრუმენტებს. ამ პროექტმა გააძლიერა მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. ჩემს კოლეგებს გაუჩნდათ მეტი ინტერესი და ცდილობენ, ჩაერთონ პროგრამაში. ჩემი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ პროექტის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა კონკურსებში“

?✔️ ხათუნა ყოჩაშვილი,  სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის   დაწყებითი კლასების მასწავლებელი: „მაშინ, როცა ყველაფერი იზოლაციაში იყო, ადამიანებს ენატრებოდათ კომუნიკაცია, მასწავლებლებს მოუწიათ არა მხოლოდ საკუთარი თავის გადამზადება, არამედ მოსწავლეებისა და მათი მშობლებისაც. მასწავლებლებისთვის ეს სერიოზული ბარიერი აღმოჩნდა, რადგან უამრავი ონლაინ ინსტრუმენტის დასწავლა გახდა საჭირო ეფექტიანი გაკვეთილის მოსამზადებლად, მოსწავლეების ონლაინ სივრცეში გასაერთიანებლად. ითვინინგში გამომუშავებულმა უნარებმა და მიღებულმა ცოდნამ საშუალება მომცა, ადვილად გადამელახა პანდემიის გამო წარმოქმნილი სირთულეები, შემექმნა აქტიური საკლასო სივრცე, სადაც მშობელთა დახმარებით შევძელი ყველა მოსწავლის ჩართვა. დაუღალავად ვამრავალფეროვნებდი საგაკვეთილო თუ პროექტებზე მუშაობას…. კომპიუტერული სივრცე უფრო დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს ყოფიერებაში: გაკვეთილი კომპიუტერით, საშინაო დავალება კომპიუტერით, პროექტი კომპიუტერით, გართობა კომპიუტერით. თუ მანამდე პროექტს „ბედნიერი მომავლისთვის“ ვაკეთებდით ეკოლოგიის მნიშვნელობის გასააზრებლად, კოვიდ-19-მა ნათლად დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია გადავხედოთ ბუნებასთან ჩვენს ურთიერთობებს, გავიაზროთ ჩვენი ქცევის შედეგები, გავაძლიეროთ ზრუნვა ჩვენს საერთო სახლზე – დედამიწაზე. რაოდენ გასახარელია, როცა, კარანტინის მიუხედავად, ბავშვები, Youtub.com, powtoon, padlet.com, pizap. com, teams და სხვა პროგრამების პარალელურად,   ახერხებენ ბუნებაზე ზრუნვას, რგავენ ხეებს, ამზადებენ პლაკატებს, პირბადეებს, ატარებენ ცდებს კოვიდ-19 საშიშროების ნამდვილობის დასადგენად, ეცნობიან და უზიარებენ გამოცდილებას (ახლად ნასწავლ ჰიგიენის წესებს) ითვინერ პარტნიორებს, ცდილობენ იუმორით შეხედონ   იზოლაციას და ატარებენ სპორტულ სახალისო აქტივობებს.“

 ?✔️ ნინო ახალაძე, შპს N1 (გოქაძის სკოლა) სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია eTwinning-ის წევრია, აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, მან გააგრძელა პროექტებზე მუშაობა: „eTwinning ძალიან დამეხმარა, პირველ რიგში, გამოცდილების მიღებაში, თუ როგორ ვიმუშაო პროექტებზე, გამოვიყენო სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტები. ამჟამად ვასრულებ პროექტს ECOKIDS, რომელიც ძალიან საინტერესო პროექტია და ძალიან მოტივირებული კოლეგები მყავს. ასევე ჩართული ვარ ბევრ სხვა პროექტში, განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო: „17 გლობალური მიზანი მდგრადი განვითარებისათვის“. ჩვენ გვაქვს ძლიერი და მეგობრული თანამშრომლობა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მომიწია გეგმის ცოტათი შეცვლა, თუმცა, მე და ჩემს მოსწავლეებს აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება არ შეგვიჩერებია“

?✔️ ქეთევან კობახიძე, თბილისის N207 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი:„eTwinning-ის პროექტების გამოყენება, როგორც სასწავლო გეგმის ნაწილი, ძალიან დაგვეხმარა. პროექტებში ჩართულობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებს, შეხვედროდნენ ევროპელ თანატოლებს, ბევრი რამ შეიტყვეს მათი კულტურის, ტრადიციების, ბუნების, ხალხის შესახებ, გაცვალეს საშობაო და სააღდგომო ბარათები. მძიმე პერიოდებშიც კი, ჩემი მოსწავლეები ღებულობდნენ სააღდგომო ბარათებს პოლონელი და ესპანელი მეგობრებისგან.

 მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს კითხვის, წერის, საუბრის უნარი ინგლისურ ენაზე, ისწავლეს როგორ გამოიყენონ ხელოვნება და მუსიკა, როგორც პროექტის ნაწილი. ისინი უფრო თავდაჯერებულები და პასუხისმგებლიანები გახდნენ.

 რაც შეგვეხება ჩვენ, პედაგოგებს, როგორც eTwinning-ის ელჩი, ვესწრები სხვადასხვა ონლაინ ვებინარებსა და ტრენინგებს, შემდეგ კი ჩემს კოლეგებს ვუზიარებ ცოდნას. ასევე ბევრი ევროპელი მეგობარი მყავს, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ, განსაკუთრებით ამ პერიოდში ეს მნიშვნელოვანია.

იზოლაციის დროს მოსწავლეები აგრძელებდნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების საშინაო დავალებების სახით შესრულებას, მაგ.: მათ გაზაფხულის ყვავილებს, აყვავებულ ხეებს გადაუღეს ფოტოები და, ინფორმაციასთან ერთად, ატვირთეს padlet-ზე, ასევე, გაგვიზიარეს ფანჯრიდან გადაღებული ხედები.

მოიძიეს ინფორმაცია თავიანთი ქვეყნების ეკოსისტემის, ცხოველების, ფრინველების შესახებ და tricider-ის და twinspace forum-ის გამოყენებით გაგვიზიარეს. მოსწავლეებს სიამოვნებთ, როცა თავიანთ ნამუშევრებს გამოქვეყნებულს ხედავენ. მათ მოსწონთ სხვა მოსწავლეებთან თანამშრომლობა, მათ შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება, საუკეთესო სურათისთვის ხმის მიცემა, ქვეყნებისა და მათი შესაძლებლობების შესახებ მეტი ინფორმაციის გაცნობა. ისინი ბედნიერები არიან, როდესაც მათი მეგობრები, მშობლები და მასწავლებლები ხედავენ მათ ნამუშევარს“.

?✔️ დიმიტრი პოპოვი, სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, სწავლების 12-წლიანი გამოცდილებით: სასწავლო პროცესი შემოქმედებითია, მოსწავლეები თავად ირჩევენ თუ რა ფორმით წარადგინონ დავალება, ციფრულ თუ მატერიალურ ფორმატში. ასევე, ონლაინ კონფერენციებში მონაწილეობა დიდი სტიმულია მათთვის, ხშირად ვმართავთ ონლაინ ჩართვებს პროექტის წევრ სკოლებთან.

მოსწავლეებს ვამუშავებ პროექტის აქტივობებზე, ყველა აქტივობა ინტეგრირებულია, ამ ეტაპზე ვახორციელებ STEM და STEAM ტიპის პროექტებს, მოსწავლეებთან ერთად ვგეგმავ აქტივობებს, ვუგზავნი ვიდეოინსტრუქციებს და მოსწავლეები მუშაობენ ციფრული პროდუქტების შექმნაზე, რომლებსაც შემდგომში ვტვირთავ პროექტის თვინსფეისზე. https://brush.ninja/ ხელსაწყოს გამოყენებით მოსწავლეები ქმნიან ანიმაციურ ლოგოებს მათემატიკის სხვადასხვა თემატიკაზე (მაგ წრიული დიაგრამა, სვეტოვანი დიაგრამა, მთელის პროცენტი და ა.შ.) ეს ყველაფერი ამრავალფეროვნებს დისტანციურ სასწავლო პროცესს და შინ სწავლებას“.

?✔️ ნადია დაბრუნდაშვილი, სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი: „ჩემი ყოველი დღე ამჟამად ბევრად უფრო დატვირთულია, ვიდრე წინათ, თითქმის ყოველდღიურად მიწევს მათემატიკის ვიდეოგაკვეთილებისა და ტექნოლოგიებით სარგებლობის ვიდეოინსტრუქციების ჩაწერა. მათ ვუზიარებ როგორც მოსწავლეებს, ასევე ჩემს კოლეგებსაც, სხვადასხვა სოციალური ქსელით, მათ შორის Youtube.com არხის: https://bit.ly/3c8zVc0 და ჩემი პროფესიული ბლოგის https://bit.ly/3fl3tVH საშუალებით.

ონლაინ გაკვეთილების გარდა, ყოველი დღე დატვირთული მაქვს სხვადასხვა სახის ონლაინ ტრენინგებით, ვებინარებით თუ სემინარებით, ასე რომ, ჩემი ყოველი დღე იწყება ძალიან ადრე და მთავრდება ძალიან გვიან.

ვფიქრობ, როცა დავუბრუნდებით ჩვეულებრივ საკლასო გარემოს, მასწავლებლებიც და ჩვენი მოსწავლეებიც ბევრად უფრო გაწაფულები ვიქნებით ონლაინ სწავლების ნიუანსებსა და ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენებაში და ეს ცოდნა ბევრად უფრო მოქნილს გახდის ჩვენს მომავალ სასწავლო პროცესს.

კოვიდ 19-ის გამო სწავლების ონლაინ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, eTwinning პორტალზე მომუშავე მასწავლებლები ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას და ვთავაზობდით მეთოდებს, რომლებიც უფრო მეტად ამართლებდა ამა თუ იმ ვითარებაში. ამჟამად, პერიოდულად, მიმდინარეობს ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული ვებინარები, სემინარები და ონლაინ კონფერენციები, რომლებზე დასწრების საშუალება და შესაძლებლობაც eTwinning პროგრამაში ჩართულ მასწავლებელს აქვს და ამ შეხვედრებიდან საკმაოდ დიდ ცოდნას ვღებულობ, კოლეგა მასწავლებლებისგან ვეცნობი სწავლების ახალ, საინტერესო მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, რომლებსაც შემდეგ ჩემს მოსწავლეებთან ონლაინ მუშაობაში ეფექტურად ვიყენებ.“

?✔️ სოფიკო ვაშაკიძე, სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვას საჯარო სკოლა და სსიპ ქუთაისის N5 საჯარო სკოლა: „ჩემი პროფესიული მიზანია, შევქმნა ისეთი გარემო, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესს უწყობს ხელს და ეს უკანასკნელი მოიცავს როგორც თითოეული მოსწავლის მოტივაციის გაზრდას, ისე მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში. მე ყოველთვის მაქვს სურვილი, ვიდგე თანამედროვე მეთოდებისა და სტრატეგიების სადარაჯოზე. როგორც ნელსონ მანდელა ამბობდა: „განათლება ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც შეგიძლია გამოიყენო მსოფლიოს შესაცვლელად“. მეც ვიზიარებ და ვითვალისწინებ მის გამონათქვამს. მჯერა, მართლაც, რომ განათლება ცვლილებების კატალიზატორია და მე, როგორც მასწავლებელი, ვხელმძღვანელობ ამ ლოზუნგით. ითვინინგიც არის ჩემი კარიერის ერთ-ერთი უდიდესი ნაწილი, რომელიც მეხმარება ამ ცვლილებების განხორციელებაში. ამ პორტალის გამოყენებით შეიცვალა როგორც ჩემი სწავლების პროცესი, ისე საკლასო გარემო და სკოლა.“

♦♦♦

შეგახსენებთ, რომ ითვინინგი წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის სკოლებს თანამშრომლობითი პარტნიორობის ჩამოყალიბებაში. ევროპის მასშტაბით, პორტალზე რეგისტრირებულია 804 176 მასწავლებელი, 206 205 სკოლიდან. საქართველოში პროგრამას ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ეროვნულ მხარდამჭერ სააგენტოს.

დაინტერესებულ პირებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ www.etwinning.net-ზე.

ლალი ჯელაძე 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები