CK-12-ის პლატფორმაზე ქართველი მოსწავლეებისთვის სპეციალური გვერდი შეიქმნა

374

 

განათლების კოალიციის, CK-12-ის ფონდის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით, CK-12 პლატფორმაზე, დისტანციური სწავლების პროცესში ქართველი მოსწავლეების დასახმარებლად სპეციალური გვერდი შეიქმნა.

მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შექმნილი სპეციალური გვერდის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე, ck-12-ის აღმასრულებელი დირექტორი ნირუ ხოსლა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე მონაწილეობდნენ.

მხარეებს შორის თანამშრომლობა განათლების კოალიციასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას CK-12-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შედგა, რომელიც მიზნად ისახავს ქართულ ენაზე ღია საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და დისტანციური სწავლების პროცესის მხარდაჭერას. ინიციატივა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კოორდინაციით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, VII-IX კლასების მოსწავლეებისთვის, ქართულ ენაზე ითარგმნება და ადაპტირდება მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგისა და ქიმიის ელექტრონული სახელმძღვანელოები.

მოსწავლეებს დისტანციურად შეეძლებათ მოიძიონ სასურველი თემა, გადაიმეორონ განვლილი მასალა და ისწავლონ ახალი. CK-12 პლატფორმაზე ქართულ ენაზე ნათარგმნი და ადაპტირებული პირველი ელექტრონული სახელმძღვანელოები – მათემატიკა IX კლასი და ქიმია  VIII-IX კლასები მოსწავლეებისთვის უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.ck12.org/pages/georgia, სხვა საგნებში ელექტრონული სახელმძღვანელოები პორტალს ეტაპობრივად დაემატება.

მხარეებს შორის თანამშრომლობა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს და რეგიონული ოფისების შუამავლობით გახდა შესაძლებელი. თანამშრომლობის  მიზანია, საქართველოში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.

CK-12 წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმას, რომლის მიზანია ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ციფრული რესურსების საშუალებით. www.ck-12.org პლატფორმაზე განთავსებულია სახელმძღვანელოები და დამხმარე რესურსები, მეტწილად, STEM-ის მიმართულებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 137 მილიონზე მეტმა სტუდენტმა და მასწავლებელმა გამოიყენა CK-12 რესურსები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, მისი ციფრული წიგნები, ადაპტაციური პრაქტიკული სავარჯიშოები, სამეცნიერო სიმულაციები. შეიქმნა 260 000-ზე მეტი ე.წ. „ფლექს ბუქი“, მოსწავლეებმა, ჯამურად, 790 მილიონზე მეტ შეკითხვას უპასუხეს  და ჩატარებული საათების რაოდენობამ 20 მილიონი სასწავლო საათი შეადგინა .

 

დატოვეთ კომენტარი