20 აპრილი, შაბათი, 2024

2025 წელს საქართველო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს

spot_img

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.

შესაბამისად, ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, 2025 წელს, ბაკურიანში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენები ზამთრის სპორტის 8 სახეობაში.

28 ნოემბერს, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში, საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა, სადაც მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, ირაკლი ჭირაქაძემ და ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, მამუკა ხაბარელმა ფესტივალთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

შალვა გოგოლაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე: ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივი და აღიარებაა, თუმცა, ამავდროულად, დიდი გამოწვევაცაა რამდენიმე მიმართულებით. ქვეყანა ღირსეულად უნდა დახვდეს ამ უდიდეს სპორტულ ღონისძიებას, რისთვისაც სამინისტრო, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს. პირველ რიგში, ბაკურიანში უნდა მოვაწყოთ შესაბამისი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, ჩვენს ახალგაზრდა ოლიმპიელებს კი მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა სრულფასოვნად მოემზადონ და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ ამ სპორტულ ღონისძიებაზე. საქართველოს მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის კარგი გამოცდილება უკვე აქვს, მათ შორისაა 2015 წლის ზაფხულის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელმაც საერთაშორისო სპორტული საზოგადოებისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 2025 წელს კი, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ მოინიშნება მსოფლიოს სპორტულ რუკაზე. ვულოცავ საქართველოს ამ დიდ აღიარებას“.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, მამუკა ხაბარელის თქმით, მთავარი მიზანი არა მხოლოდ ფესტივალის უმაღლეს დონეზე ჩატარებაა, არამედ ის, რომ ზამთრის სპორტი განვავითაროთ ქვეყანაში. „რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა ჩავრთოთ ამ მიმართულებით. პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, როგორც სპორტული ტურიზმი, ასევე ზოგადად ტურიზმი განვითარეს ქვეყნაში, ოლიმპიური ფესტივალის პერიოდში მთელი ევროპის ყურადღება საქართველოსკენ იქნება მომართული, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

სამთო-სათხილამურო მიმართულებით, ბაკურიანის ტრასები სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. დაგეგმილია ბაკურიანის ცნობილი ტრამპლინის რეაბილიტაცია, რაც საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება, ასევე დამუშავებულია პროექტი ბიატლონის ტრასის მშენებლობისთვის. ოლიმპიური ფესტივალისთვის ორი ყინულის მოედანია საჭირო და შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ერთი მოედანი ბაკურიანში, ხოლო მეორე თბილისში აშენდეს“.– განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, ირაკლი ჭირაქაძე  ბოლო პერიოდში განხორციელებული უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესი ამ ეტაპზეც გრძელდება. როგორც ცნობილია, საქართველო, 2023 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა სათხილამურო სპორტის სახეობებში და ამ მიმართულებითაც დაწყებულია მზადება. პანდემიის მიუხედავად,  რეკორდულ დროში დასრულდა ახალი საბაგირო, ასევე მიმდინარეობს სხვადასხა მოსამზადებელი სამუშაოები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ინფრასტრუქტურა, საბოლოო ჯამში, დარჩება ქვეყანას. მთის კურორტები ყალიბდება იმისათვს, რომ უმასპინძლოს ნებისმიერი დონის და რანგის საერთაშორისო შეჯიბრს, ხოლო ინფრასტრუქტურა ზამთრის კურორტების შემდგომ განვითარებას მოხმარდეს .“

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ბაკურიანის კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილება 2019 წლის 30 ივლისს გამართულ აღმასკომის რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. 2020 წლის თებერვალში, საქართველოში EOC-ის შემფასებელი კომისიის წევრების ვიზიტის და ოფიციალური შეხვედრების შემდეგ კი, კომიტეტის ხელმძღვანელობამ, წინასწარ დადგენილ ვადებში, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს პროტოკოლით გათვალისწინებული დოკუმენტების პაკეტი წარუდგინა.საქართველოს მთავრობასთან, შესაბამის სამინისტროებთან, EOC-ის შესაბამის სამსახურთან, ზამთრის სახეობების ფედერაციებთან და ადგილობრივ ექსპერტებთან მუშაობის შედეგად, ერთობლივი ძალისხმევით, მთავარი მიზანი ამ ეტაპისთვის მიღწეულია – საქართველო 2025 წლის მასშტაბური სპორტული ღონისძიების მასპინძელია.

საერთაშორისო ოლიმპიური მასპინძლობის გამოცდილება ქვეყანას უკვე აქვს – 2015 წელს საქართველომ წარმატებულად უმასპინძლა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, სადაც სპორტის 9 სახეობაში 50 ქვეყნის 3 500-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

„ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის თბილისში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, აშენდა ახალი სპორტული დარბაზები და გარემონტდა არაერთი უკვე არსებული ობიექტი, საქართველომ კი განსაკუთრებული გამოცდილება მიიღო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. ამჯერად, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, აუცილებელია ბაკურიანში ზამთრის სპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა, მასშტაბური თანამედროვე სასრიალო ტრასების გამართვა და ასევე, ახალგაზრდა სპორტსმენების მაღალი სპორტული მიზნებისთვის მზადება ზამთრის სახეობებში.“- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები