2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

438

2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი სპეციალური ღონისძიებით ჩხოროწყუში, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლაში გაიხსნა. განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით კონკურსი მეოთხედ ჩატარდება.

ღონისძიებაზე პროექტის ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას კამპანიის ეტაპები და ძირითადი სიახლეები გააცნო, რომელიც 2020 წელს კონკურსის ფარგლებში განხორციელდება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.tprize.ge 11 დეკემბრიდან 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამ-ეტაპიან პროცესს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გახდება ”მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან გადაეცემა 10 000 ლარი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია „4მედია“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას.

დატოვეთ კომენტარი