20 აპრილი, შაბათი, 2024

2019 წლის გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო – ინსტრუქციები ცენტრის დირექტორისგან

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ, 2019 წლის გამოცდებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა.

„დღეს დაიწყო რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და საერთო სამაგისტრო გამოცდების. რეგისტრაცია დასრულდება 3 აპრილს, 18:00 საათისთვის. ამის შემდეგ აბიტურიენტები ვეღარ შეძლებენ დარეგისტრირებას. გთხოვთ, მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდებით, აუცილებლად შეამოწმეთ ელექტრონული ფოსტა – მიიღეთ თუ არა დასტური რეგისტრაციის შესახებ. თუ ასეთი დასტური არ გაქვთ, სავარაუდოდ, რეგისტრაცია ბოლომდე ვერ გაიარეთ და ამიტომ გთხოვთ ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. თუ რაიმე პრობლემა იქნება, დამატებით ინსტრუქციებს ჩვენც მოგაწვდით“ , – განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აბიტურიენტები და მაგისტრანტები ვეღარ დარეგისტრირდებიან; 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა, 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა.

ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) განთავსდება საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ა. შ. გამოიცა ასევე ცნობარის ბეჭდური ვერსიაც („ცნობარი აბიტურიენტისათვის“).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც, აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება.

„პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ – რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ და ეს ინფორმაცია მუდმივად შეიცვლება.

გარდა ამისა, 2019 წელს, ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება.

წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ, მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. რეგისტრირებულ კანდიდატებს ტესტის ტიპის შეცვლა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის შანსი უფრო მეტ ადამიანს მიეცა, მათ შორის, გასულ წლებში საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილ პირებსაც, რადგან ამ აპლიკანტებს მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ დასჭირდებათ სკოლის ატესტატი, რომელსაც, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ, უპრობლემოდ აიღებენ.

სოფო გორგოძე აცხადებს, რომ წელს სწორედ ამის გამო, უფრო მეტი აბიტურიენტის დარეგისტრირებას ელოდებიან – გასულ წელს 39 ათასზე მეტი დარეგისტრირდა, 26 ათასი გახდა სტუდენტი. წლების განმავლობაში, ის ადამიანები, რომლებიც გამოსაშვებ გამოცდებზე თუნდაც ერთ საგანში ჩაიჭრნენ, მიუხედავად იმისა, რომ დაძლეული ჰქონდათ ეროვნული სასწავლო გეგმა, ვერ ახერხებდნენ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას.

ცენტრის ხელმძღვანელმა მოუწოდა აბიტურიენტებს, რომ ბოლო დღემდე არ მიიყვანონ რეგისტრაციის პროცესი, რადგან რაიმე პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში მათ დრო აღარ ექნებათ გამოსასწორებლად. რაც შეეხება ატესტას, სოფო გორგოძე ამბობს, რომ „რეგისტრაციის მომენტში ატესტატი აუცილებელი არ არის, მაგრამ შემდეგ აუცილებლად დასჭირდებათ.“

ლალი ჯელაძე 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები