20 აპრილი, შაბათი, 2024

17 წლის შემდეგ დავად ქცეული დისერტაცია

spot_img

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე 17 წლის წინ დაცული დისერტაციის გამო სკანდალში ეხვევა. რექტორმა, 140-გვერდიანი დისერტაცია, თემაზე „სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“ 2003 წელს, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში დაიცვა, რომლის სამართალმემკვიდრე დღეს ილიას უნივერსიტეტია. ნაშრომთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2019 წელს „რადიო თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადდა სატელევიზიო გადაცემა გიორგი შარვაშიძის დისერტაციასთან დაკავშირებით, შესაძლო პლაგიატის შესახებ.

თემა მას შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა, რაც 20 თებერვალს, ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიღებული დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც მითითებულია, რომ გიორგი შარვაშიძის ნაშრომის 34% ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ბროშურის ტექსტის იდენტურია. დასკვნაში წერია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადების საფუძველზე, ერთმანეთს შეუდარდა (მის მიერ) წარდგენილი ორი ტექსტი: გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომი „სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“ და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ბროშურა: „საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები“.

„წარმოდგენილ ტექსტებს შორის მსგავსების დასადგენად გამოყენებულ იქნა პროგრამა Turnitin, რომლის დანერგვას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროექტის ფარგლებში („აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში), კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 პროგრამა Turnitin-მა აჩვენა ამ ორ ტექსტს შორის დამთხვევები. კერძოდ, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც დისერტაციის 34%-ს წარმოადგენს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას.“ – ვკითხულობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ 20 თებერვალს გაცემულ დასკვნაში.

22 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა. რექტორი ყველაფერს თსუ-ს დისკრედიტაციისკენ მიმართულ კამპანიად მიიჩნევს, თუმცა, ამბობს, რომ დისკრედიტაციის მცდელობა ამ თემით არ დაწყებულა. „ჯერ თქვეს, რომ საერთოდ არ მაქვს დისერტაცია დაცული, შემდეგ, რომ დოქტორის დიპლომი არ იყო ნამდვილი. ხარისხის ცენტრიდან ავიღეთ დასკვნა, რომ დისერტაცია ნამდვილად არის დაცული თემაზე, რომელიც შეეხებოდა უმაღლესი განათლების სტრუქტურულ რეფორმებს საქართველოში და კერძო უმაღლეს განათლებას. და კიდევ, დისერტაცია არა 2003 წელს, არამედ 2005 წელს დავიცავი. “- განაცხადა მან.

მისი თქმით, სადისერტაციო ნაშრომი პლაგიატის დამდგენ პროგრამებში – „Turnitin“ და „Urkund“ – გატარდა: „პირველ შემთხვევაში დაფიქსირდა პლაგიატის 8% და თან განმარტებულია, თუ რა არის ეს დამთხვევა და მითითებულია წყაროები, ხოლო „Urkund“-მა 0%-იანი დამთხვევა აჩვენა. ამ დასკვნას რამდენიმე ექსპერტი აწერს ხელს. თუ რაზე აკეთებენ აპელირებას ჩვენი ოპონენტები, როცა აფიქსირებენ 34%-იანი დამთხვევას, ვერ გეტყვით, ეს თავად მათ ჰკითხეთ. “

რადგან პლაგიატი დაზარალებულსაც გულისხმობს თსუ-ს რექტორს აინტერესებს, ვისი უფლებები შეილახა? „საუბარია პარლამენტის დადგენილებაზე, რომლის შემუშავებაზე მუშაობდა ჯგუფი ჩემი ხელმძღვანელობით. დისერტაციაში მოხსენიებულია ეს ჯგუფიც, მისი თითოეული წევრი. თუმცა, არ არის მითითებული სქოლიოში. ასეთი ვალდებულება კი არ არსებობს, რადგან პარლამენტის დადგენილების, როგორც სხვა საკანონმდებლო აქტების სტატიაში, დისერტაციაში გამოყენებისას ეს სავალდებულო არაა. ასე, რომ ეს პლაგიატი არ არის. შესაბამისად, არც ისეთი ადამიანი არსებობს, ვისი საავტორო უფლებებიც შეილახა. თუმცა, მოვუწოდებ ყველას, ვინც თვლის, რომ მისი საავტორო უფლებებია დარღვეული და ჩაგრულად გრძნობს თავს, აუცილებლად მიმართოს სასამართლოს. შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე სწორი გამოსავალი სამართლებრივი გზაა.“

გიორგი შარვაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ   ბრალდებებზე პასუხის გაცემას ამ ფორმატით არ აპირებდა, თუმცა განმარტება საჭიროდ ჩათვალა, რათა სტუდენტების, პროფესურის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიჯი არ უნდა შეილახოს. „უნივერსიტეტის განვითარების ქვაკუთხედი არის მისი რეპუტაცია. როცა უნივერსიტეტის რექტორს უტევ, ეს არ არის პერსონალური შეტევა. ესაა შეტევა უნივერსიტეტზე.

როდესაც უნივერსიტეტის რექტორობას ვაპირებდი, კარგად ვიცოდი, რომ მოვდიოდი პირველ უნივერსიტეტში. დარწმუნებული ვარ, რომ თსუ იქნება და დარჩება ლიდერი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, მიუხედავად იმისა, თუ როგორი განწყობა ექნებათ კეთილმოსურნეებს თუ მტრებს. მისივე თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატება არის შემდგარი ფაქტი ყველა იმ მაჩვენებლით, რითიც იზომება წარმატება თუ წარუმატებლობა, ეს იქნება საერთაშორისო რეიტინგები, სტუდენტების რაოდენობა, სწავლების ხარისხი, შერეული და ერთობლივი პროგრამები, საერთაშორისო აკრედიტებული პროგრამები თუ სხვა.

„მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, თსუ არის ჩემპიონი უნივერსიტეტი მთელ დიდ რეგიონში. ის გეზი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, არის ძალიან მტკიცე და გასაგები და ეს არის წარმატების გეზი,“ – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები