20 აპრილი, შაბათი, 2024

წლის ყველაზე ემოციური მომენტიდან დღემდე – განათლების კოალიცია ერთი წლის საქმიანობას აჯამებს

spot_img

განათლების კოალიციამ, წლის ბოლოს, ტრადიციულად, ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა. კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ მნიშვნელოვანი თარიღები დაასახელა და, აუდიტორიასთან ერთად, 2019 წელს კოალიციის სახელთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ამბები და პროექტები გაიხსენა.

2019 წლის პირველი მნიშვნელოვანი თარიღი კოალიციისთვის 21 თებერვალია, როცა ქართველი მასწავლებელი, პირველი ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა გლობალური ჯილდოს ათეულში დასახელდა. ეს თარიღი მნიშვნელოვან დღედ შევიდა არა მხოლოდ კოალიციის, არამედ ქვეყნის ისტორიაშიც, რადგან ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა მსოფლიოს წინაშე წარდგა მასწავლებელი საქართველოდან. საზოგადოების მხრიდან ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „ეს თარიღი წლის ყველაზე ემოციურ მომენტად იქცა, ფაქტობრივად, ჩვენთვის ყველაზე ნათელი წერტილია, რაც კიდევ დიდხანს გაყვება არა მხოლოდ კოალიციას, არამედ, ზოგადად, ქვეყნის განათლების სისტემას. ძალიან სასიხარულოა, რომ ლადო აფხაზავას გლობალური ჯილდოს ფინალისტობა ქვეყნისთვისაც ასეთივე მნიშვნელობის მოვლენად იქცა, ამას ადასტურების საზოგადოების მხრიდან წამოსული რეზონანსი და მხარდაჭერა. “ – აღნიშნა კოალიციის დირექტორმა.

შემდეგი თარიღი, 1 მარტი, ეროვნული ჯილდოს რიგით მესამე სეზონის გახნაა, რომელსაც, ასევე, უკავშირდება კიდევ რამდენიმე თარიღი: 15 ივნისი – ათეულის გამოცხადება, 5 სექტემბერი – ფინალისტების გამოვლენა, 5 ოქტომბერი – 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის დასახელება. „ამ მხრივაც გამორჩეული წელი იყო ჩვენთვის, რადგან თამასა შევინარჩუნეთ და მასწავლებლების ქსელი მართლაც ღირსეული და წარმატებული მასწავლებლებით გავაფართოვეთ. წელს კიდევ უფრო აქტიურად შევუდექით საქმეს, რომელიც სამი წლის წინ დავიწყეთ, – ამბობს გიორგი ჭატურია – აუცილებლად მინდა, ორი სიტყვით წლევანდელი გამარჯვებულის, გიორგი ჭაუჭიძის შესახებ გითხრათ, დაჯილდოების ცერემონიალზე მისმა სიტყვამ განათლების სისტემაში დიდი მოწონება დაიმსახურა. რადგან ჯილდოზე ვსაუბრობთ, გეტყვით იმასაც, რომ ჯილდოს კამპანიის დაწყება, წელს, განსხვავებული ფორმატით, უფრო ადრე გამოვაცხადეთ. 2020 წლის კამპანია წელსვე, 11 დეკემბერს დავიწყეთ, ჩხოროწყუში, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლაში, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა – ელიტური გახსნითი ღონისძიებიდან რეგიონში გადავინაცვლეთ. რაც შეეხება დროის გადმოწევას, ჩავთვალეთ, რომ უმჯობესია, მეტი დრო გვქონდეს შეფასებებისთვის.“

წელს, კოალიციის მნიშვნელოვან თარიღებს შორის, მოხვდა 2 მარტი, როცა კოალიციამ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვიდეორესურსები და გზამკვლევი მასწავლებლებისთვის, როგორ განავითარონ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნება. პროექტში ჩართული ათეულის კლუბის წევრი მასწავლებლების მიერ მომზადდა ტრადიციული ტიპის სახელმძღვანელოებისაგან განსხვავებული გზამკვლევი. მისი უდიდესი ნაწილი პრაქტიკულ რჩევებს ეთმობა, მასწავლებლები ყვებიან თავიანთი პრაქტიკის შესახებ, როგორ უვითარებენ მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას. გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ:ამ პროექტსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საგანამანათლებლო რესურსების მხრივ, გარკვეულწილად, სიმწირეა და რომ მოდელი – მასწავლებლები მასწავლებლებისთვის – ძალიან კარგად მუშაობს. ვიდეორესურსშიც და გზამკვლევშიც, პროექტის მონაწილე მასწავლებლები კონკრეტულ რეცეპტს აცნობენ კოლეგებს, თუ როგორ ნერგავენ საკუთარ პრაქტიკაში კრიტიკულ აზროვნებას.“

3 ივნისს ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი სიახლე განხორციელდა რებრენდინგის ნაწილში და „კოალიცია განათლება ყველასათვის – საქართველო“ გახდა განათლების კოალიცია, შეიცვალა ლოგო.

რაც შეეხება 5 აგვისტოს, ამ დღეს, კოალიციამ სასკოლო განათლების პოლიტიკის ისტორიის კვლევა დაიწყო, რომელიც ქვეყანაში განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს მოიცავს, დამოუკიდებლობის პერიოდიდან დღემდე. კვლევის ფარგლებში, ჯგუფმა საარქივო მასალებზე იმუშავა და ჩაიწერა ინტერვიუები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თუ იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ სფეროში აქტიურად იყვნენ ჩართული. კვლევის დოკუმენტის პრეზენტაცია მომავალი წლის თებერვლის დასაწყისში იგეგმება და საზოგადოება ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეიტყობს, როგორ ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში, უახლოეს ისტორიაში, განათლების პოლიტიკა.

13 სექტემბერს კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმით, ყოველმხრივ მნიშვნელოვანი და სასარგებლო ეტაპის დაწყების თარიღად ასახელებს, 29 ოქტომბერს კი – წლის მნიშვნელოვანი პროექტის დაწყების თარიღად, რადგან ამ დღეს, განათლების კოალიციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, სტარტი აიღო სკოლის ლიდერობის ეროვნულმა კონკურსმა, რომლის მიზანია: საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მნიშვნელოვან თარიღებს შორის, ბოლო მნიშვნელოვან ამბად, გლობალური კამპანია განათლების მიერ, 30 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება დასახელდა – თებერვლის დასაწყისში კოალიცია გლობალური კამპანიის მორიგ შეხვედრას საქართველოში უმასპინძლებს.

ჩამოთვლილის გარდა, ბუნებრივია, კოალიციამ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა, მათ შორის ათეულთა კლუბის აქტივობები. „რაც მთავარია, კლუბი კიდევ უფრო გაფართოვდა და უფრო გაძლიერდნენ კლუბის წევრები, – ამბობს კოალიციის დირექტორი, – ისინი ახლა უფრო მეტად არიან წარმოდგენილები, ზოგადად, პოლიტიკის ფორმირების პროცესებში. ამის გარდა, კლუბის წევრების ინდივიდუალური წარმატებებიც, რასაკვირველია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა იმ მხრივაც, რომ მათგან რამდენიმე მასწავლებელი: ნათია ფურცელაძე, ჯაბა ლაბაძე და თემურ სუყაშვილი წლის საუკეთესო მასწავლებლები გახდნენ საგნობრივ კონკურსებში.“

განათლების კოალიციის მნიშვნელოვან საქმიანობად აფასებს, ასევე, საგნობრივი და არა მხოლოდ საგნობრივი ასოციაციების მხარდაჭერასაც, რაც გასულ წელს დაიწყო და, ამ მიმართულებით, საინტერესო პროექტები განხორციელდა. ასოცოციების მხარდასაჭერად მუშაობის გაგრძელება მომავალშიც იგეგმება. „ზოგადად, ჩვენი საქმიანობა, განათლების პოლიტიკის ფარგლებში, გრძელდება და მიმართულებები, ამ მხრივ, ბევრია, თუმცა, სამ ძირითად მიმართულებას გამოვყოფ, რომელიც კოალიციისთვის მომავალ წელსაც პრიორიტეტული იქნება – დეპოლიტიზება, დეცენტრალიზება და დიფერენცირებული მიდგომები. მომდევნო წელი, ამ მიმართულებებით, კიდევ უფრო მძაფრი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ წინ მძიმე საარჩევნო წელი გველოდება“ – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

კოალიციამ, 2019 წლის საქმიანობის შეჯამებამდე, პანელური დისკუსია გამართა თემაზე: საგანმანათლებლო ლიდერის როლი სკოლის განვითარებაში. განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ, დისკუსიის გახსნისას, აღნიშნა, რომ წელს კოალიციისთვის ყველაზე მთავარი სიახლე სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი იყო და სწორედ ამიტომ, სკოლის ლიდერებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე გადაწყვიტეს საუბარი: „კონკურსის მთავარი მიზანია ქართული სკოლის განვითარების ხელშეწყობა, ამ პროცესში კი – ლიდერის როლის გამოკვეთა, კარგი პრაქტიკების გამოვლენა და გაზიარება. დღევანდელი დისკუსიის მიზანიც სწორედ ამ პრობლემებზე საუბარია, ჩვენი საბჭოს წევრების მონაწილეობით“.

 დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ბაქსვუდის სკოლის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ვაშაკიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების მკვლევარი თამარ ბრეგვაძე და განათლების კოალიციის პოლიტიკის ანალიზის ოფიცერი რევაზ აფხაზავა.

ალექსანდრე ვაშაკის აზრით, კარგი დირექტორის უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს, თუმცა, კარგი დირექტორი არის ადამიანი, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი მისია – რას აკეთებს, რას ემსახურება და, უპირველეს ყოვლისა, აქვს საშუალებები იმისთვის, რომ ეს მისია რეალობაში განახორციელოს. „საშუალებებში ხაზგასმით არ ვგულისხმობ ფინანსურ საშუალებებს, არამედ, თავისუფლებასა და შესაძლებლობას, შემოიკრიბოს გუნდი და მასთან ერთად განახორციელოს საქმიანობა. ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, ზოგადად საზოგადოება, და ყველანი ვთანხმდებით, რომ მასწავლებელს უდიდესი როლი ეკისრება განათლების სისტემაში, მაგრამ იშვიათად ვახსენებთ ხოლმე ადმინისტრატორებს, დირექტორებს, არადა სწორედ დირექტორები არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ მასწავლებლებს, რომ მათ უკეთ წარმართონ თავიანთი საქმიანობა, ან პირიქით, ხელი შეუშალონ. ამიტომ, მასწავლებლებთან ერთად, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დირექტორის როლიც. დირექტორების კონკურსით გვინდა, წინ წამოვწიოთ მათი საქმიანობა და წარმატებული დირექტორები როლურ მოდელებად, პოზიტიურ მაგალითებად ვაქციოთ დანარჩენი დირექტორებისთვის.

 რა თქმა უნდა, შეფასებისას, ყველა დირეტორს სტანდარტიზებულად არ მივუდგებით. ჩემი გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანი იქნება, რა გარემოში როგორ გაუმკლავდა გამოწვევებს. მეტიც, ამას ჩემთვის, როგორც ჟიურის წევრისთვის, მათი შეფასებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.“

რეზო აფხაზავა: „დირექტორს სკოლის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ისინი საჯარო სკოლებში ისეთ მდგომარეობაში არიან ჩაყენებული, რომ ძალიან მძიმე ადმინისტრაციული ფუნქცია აკისრიათ. აქედან გამომდინარე, საგანმანათლებლო ლიდერის როლს ვერ ახორციელებენ, მაშინ როდესაც თანამედროვე სამყაროსთვის ასე მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დირექტორი იყოს არა კარგი ადმინისტრატორი, არამედ კარგი საგანმანათლებლო ლოდერი. მისი მთავარი ამოცანა სკოლაში განათლების ხარისხის განვითარებაა. სამწუხაროდ, ჩვენთან სახელმწიფო კონტროლი ადმინისტრაციული საქმის წარმოებაზე გადის და სკოლის ანგარიშვალდებულება ხარისხზე, ფაქტობრივად, არ არსებობს. არც სკოლის შეფასების მოდელი გვაქვს და არც დირექტორის. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებას ის დირექტორები ვაჩვენოთ, რომლებიც, მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, მაინც ახერხებენ და ასრულებენ საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციას და განათლების ხარისხის განვითარებაზე ზრუნავენ სკოლებში.“

თამარ ბრეგვაძე: „დღესდღეობით, საქართველოში, არ გვაქვს სკოლების შეფასებისა და მხარდაჭერის სისტემა, არც სკოლის დირექტორების შეფასების მოდელი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სკოლის დირექტორის შერჩევისა და შეფასების საკითხებზე. აქედან გამომდინარე, განათლების პოლიტიკაში ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ამ მოდელების შექმნაა. თუმცა, ჩემი აზრით, მოდელის ნაჩქარევად შემუშავება კარგი არ იქნება. პირველი რიგის ამოცანაა, მაქსიმალურად ვეცადოთ, გამოვიყენოთ უკვე არსებული და მიმდინარე პროექტები იმისათვის, რომ წინასწარი ინფორმაცია შევკრიბოთ. მეორე, ასევე მნიშვნელოვანია, თვითონ პროფესიული საზოგადოება და დირექტორები ჩაერთონ ამ შეფასებაში. მესამე, შეფასების ეს სისტემა არ უნდა დაგვიჯდეს იმდენად ძვირი, რომ სკოლებისა და დირექტორების მხარდასაჭერად აღარ დაგვრჩეს რესურსი და მეოთხე, მთავარი პრინციპი – სკოლის დირექტორის შეფასება სკოლის შეფასებასთან უნდა იყოს ბმაში. არც ერთ შემთხვევაში, სკოლის დირექტორი სკოლის გარეშე, ცალკე, არ უნდა ფასდებოდეს.

კონკურსის შესახებ კი, გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმ მხრივ (და ეს მასწავლებლის კონკურსმაც გვიჩვენა), რომ პოზიტიური მუხტია იმის ჩვენება, რომ მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც კარგ შედეგებს აღწევენ, ეს ერთმნიშვნელოვნად ზრდის სხვებში მოტივაციას.“

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები