25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წლის საუკეთესო დირექტორი – თეონა ყაჭეიშვილი

spot_img

პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინციატივითა და ორგანიზებით, ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული და „2019 წლის საუკეთესო დირექტორის“ ტიტულის მფლობელი გახდა თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ყაჭეიშვილი, რომელსაც სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გადასცა. გამარჯვებული სასწავლო ვიზიტით ციურიხშიც გაემგზავრება და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს (CERN) ესტუმრება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული კონკურსი წელს პირველად ჩაატარა. ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ მეორე-მესამე ადგილების მფლობელები გამოავლინა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის დირექტორს, გოგი თოდუასა და ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორს, მიხეილ გიორგაძეს ფულადი პრიზები გადასცა.

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, კონკურსის გამარჯვებული დირექტორების სკოლები ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორიით აღიჭურვება. მოსწავლეებს ცდების ჩატარება სპეციალური კომპიუტერული მულტიმედიური პროგრამის საშუალებით შეეძლებათ, რაც მათ თეორიული ცოდნის პრაქტიკული დავალებებით გამყარების შესაძლებლობას მისცემს და ამ საგნის სწავლებას უფრო საინტერესოს გახდის.

„წლის საუკეთესო დირექტორი“ შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით დასახელდა: სკოლის განვითარებასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა, ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა, ინოვაციურობა, რესურსების ეფექტიანი მართვა.

„ხარისხიანი განათლება ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია, რაც გამოიხატება იმ ისტორიულ გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს, განათლების სფეროს განვითარებისთვის დაიხარჯება. მიმდინარე კომპლექსური რეფორმა, რომელიც განათლების ყველა საფეხურს მოიცავს, ხარისხის ზრდას ემსახურება. იცით, რომ ზოგადი განათლების მიმართულებით პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ ხორციელდება, რომლის კონცეფცია თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლოგიით მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას გულისხმობს. ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენი ყოველდღიური სამუშაო რთული და საპასუხისმგებლოა. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს და ზრუნავთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. – ასე მიმართა მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტის მნიშვნელობაზე და, ზოგადად, განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებში დირექტორის როლზე ისაუბრა – სამინისტროს პოლიტიკაა, რომ ზოგადი განათლების სისტემა გახდეს დეცენტრალიზებული, სკოლებს ჰქონდეთ მეტი ავტონომია. ამ პროცესში თქვენი, როგორც სკოლის დირექტორების როლი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. დღეს ძალიან საინტერესო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რომლის ინიციატორი მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრია. მიმაჩნია, რომ თითოეული თქვენგანი დღეს გამარჯვებულია“.

 წლის საუკეთესო დირექტორი საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებით, პროფკავშირის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.

 

ჩვენ დავუკავშირდით „წლის საუკეთესო დირექტორის“ ტიტულის პირველ მფლობელს, თეონა ყაჭეიშვილს და დავინტერესდით, როგორი იყო კონკურსის მიმდინარეობის პროცესი, რა მოტივაცია ამოძრავებდა მას, როცა კონკურსში ჩაერთო, ელოდა თუ არა მსგავს შედეგს და როგორია მისი შთაბეჭდილება და განწყობა ასეთი საპატიო ტიტულის მოპოვების შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ 198-ე საჯარო სკოლა, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სრულად ითვალისწინებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მოთხოვნებს. სკოლის მთავარი პრიორიტეტია მათთვის აუცილებელი, საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია დირექტორის როლი, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, მას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია დასახული მიზნების მიღწევის საქმეში.

თეონა ყაჭეიშვილი

წლის საუკეთესო დირექტორი, 
198-ე საჯარო სკოლის დირექტორი

 კონკურსის მიმდინარეობა

კონკურსი რომ გამოცხადდა, მე ვაკე-საბურთალოს რესურსცენტრმა წარმადგინა. ძალიან საინტერესო ფორმა იყო შესავსები, ლაპარაკი იყო გამოცდილებაზე, ჩვენ მიერ განხორციელებულ ინიციატივებზე, რა სიახლე გვქონდა დანერგილი სკოლაში, აგრეთვე, საპილოტე პროექტები, როგორ ვხედავდი დირექტორის, როგორც ლიდერის როლს და მისიას, სტრატეგიულ გეგმებსა და მიზნებს. ძალიან საინტერესო კითხვარი იყო.

შემდეგ ეტაპზე, ჩვენ თვითონ უნდა ჩაგვეწერა მოკლე ვიდეო, რომელიც ერთგვარი შემაჯამებელი ანალიზი იქნებოდა ჩვენი საქმიანობის – რა არის თქვენთვის საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში დირექტორის როლი და ფუნქციები, რა მოგწონს ან არ მოგწონს, რაში გჭირდება დახმარება და ა.შ. კონკურსი მრავალეტაპიანი იყო, ფაქტობრივად, ზაფხულიდან მიმდინარეობდა. გასაუბრებაზე რომ დამიბარეს, მეგონა, ძალიან მარტივი იქნებოდა, 3-4 კაცი დამისვამდა ზოგად კითხვებს. რომ მივედი, საკმაოდ დიდი კომისია დამხვდა, რომელშიც ჩართული იყვნენ: ჩემი კოლეგები, კერძო სკოლების დირექტორები, ექსპერტები აკადემიური სფეროდან და მასწავლებლის სახლიდან, პარლამენტის წევრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთო ჯამში, 20-ზე მეტი ადამიანი იყო. ძალიან საინტერესო შეკითხვები დამისვეს. ჯერ მომაყოლეს ჩემ შესახებ, ჩემს გამოცდილებაზე, აინტერესებდათ რას ვფიქრობდი, ზოგადად, დირექტორის როლზე, ასევე დირექტორის თვითგანვითარებაზე, ვმუშაობდი თუ არა მუდმივ განვითარებაზე; მქონდა თუ არა, სკოლის შემდგომ, მოსწავლეებთან კავშირი და სხვ. ეტყობა მოეწონათ ჩემი პასუხები. მე თვითონ ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და არასოდეს ვარ კმაყოფილი ჩემი თავით. ეს კომისია არ იყო ოფიციალური, დაჭიმული, პირიქით – ძალიან უშუალო, მიმღები და ღია, კომისიის წევრებთან ურთიერთობა სასიამოვნო და ძალდაუტანებელი იყო.

შემდეგ მითხრეს, რომ ექვსეულში გავედი და კომისია სკოლაში მოვიდა. შეაფასეს სასკოლო გარემო, სკოლაშივე ჩამიტარეს ინტერვიუ, შეხვდნენ და გაესაუბრნენ ფოკუს-ჯგუფებს – სკოლის მასწავლებლებს, სპეციალისტებს, მშობლებს. ბოლოს წინა ეტაპზეც სკოლაში მოვიდნენ და პატარა ფილმი გააკეთეს სკოლაზე, ისევ ინტერვიუ ჩამომართვეს და ამის შემდეგ, 14 თებერვალს, უკვე საფინალო დაჯილდოება გაიმართა.

დარღვეული სტერეოტიპი

პირველ ადგილზე არც მიფიქრია. დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა გაემარჯვებინა მამაკაცს, რეგიონის სკოლის დირექტორს, მაგრამ მე გავიმარჯვე და, ფაქტობრივად, დაირღვა ჩემი სტერეოტიპი. მართლაც მოულოდნელი იყო, სამეულშიც რომ გავსულიყავი, ვფიქრობდი, რომ ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. დღეს არ არის ადვილი სკოლაში მუშაობა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია დირექტორებს და, წლიდან წლამდე, უფრო და უფრო მეტი სამუშაო გვაქვს. ხანდახან მგონია, რომ რაც უფრო მეტს აკეთებ, კიდევ უფრო მეტი დავალებები და ახალი სამუშაო ჩნდება. სულ საქმეში ვართ, გამორიცხულია, თუნდაც ერთი საათით განიტვირთო, დატვირთული სამუშაო რეჟიმი გვაქვს, სხვანაირად არ გამოდის.

აღიარება – ერთგვარი სტიმული

ეს აღიარება დირექტორებს ძალიან გვჭირდებოდა. როცა წლების განმავლობაში აკეთებ შენს საქმეს და გიყვარს, რასაც ემსახურები, მსგავსი სტიმულები ძალიან კარგად მუშობს როგორც დირექტორზე, ასევე ჩვენს მოსწავლეებზეც. მით უმეტეს, როცა ასეთ ჯილდოებზეა საუბარი – საზღვარგარეთ გარკვეული გამოცდილების მიღება, ლაბორატორია სკოლისთვის, მატერიალური მხარეც პლუსია (ამ მცირე ბიუჯეტის შემთხვევაში), რომელიც საერთოდ არც ვიცოდი, რომ იქნებოდა.

ვფიქრობ, ეს გამარჯვება სკოლის იმიჯისთვისაც კარგი იქნება, რადგან ეს არა მარტო ჩემი, მთლიანად სკოლის დამსახურებაა. მასწავლებლებთან ერთად, სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, სკოლაში ექსპერტებიც გვყავს, სპეციალისტები (იქნება ეს ფსიქოლოგი, სპეცპედაგოგი, მეტყველების თუ ნებისმიერი სხვა თერაპევტი), რომლებიც ამ ბავშვებთან არიან ჩართული, მათ გარეშე ვერ ვიმუშავებდი. ყველაფერმა ერთად, ჯამში, მოიტანა ეს შედეგი.

ჩვენს სკოლაში ძალიან კეთილგანწყობილი გარემოა, დაჯილდოების შემდეგ რომ მოვედი, კიდევ უფრო გახალისებულები დამხვდნენ ბავშვებიც და მთელი გუნდიც, უფრო მეტი ოპტიმიზმი გაგვიჩნდა მომავალთან დაკავშირებით. ჩვენი სფერო კი ისეთია, რომ, თუ ოპტიმიზმით არ ხარ განმსჭვალული და თითოეულ ბავშვზე არ გაქვს დადებითი მოლოდინი, თუნდაც ძალიან რთულ ბავშვთან გქონდეს საქმე, ვერ იმუშავებ (ლაპარაკია, რა თქმა უნდა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე).

დაჯილდოების ცერემონიალი

კარგად იყო ორგანიზებული, აბსოლუტურად განსხვავებული იმ ძველი, ხელოვნური ცერემონიალებისგან, რაც ადრე მახსოვს. მინისტრი, მასწავლებლის სახლის სპეციალისტები თუ სხვა მოწვეული სტუმრები, ყველანი ძალიან კეთილგანწყობილები იყვნენ. ძალიან უშუალო და თბილ ვითარებაში წარიმართა დაჯილდოების ცერემონია. გორის ბავშვთა არაჩვეულებრივმა კაპელამ სასიამოვნოდ შეაჯამა ღონისძიება.

ჩემთვის ეს დღე დაუვიწყარი იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე. თურმე ადამიანებს ძალიან გვჭირდება ასეთი აღიარება.

 ლალი თვალაბეიშვილი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები