29 მარტი, პარასკევი, 2024

ძალადობრივი მანიფესტი და ჩიხში შესული უფლებები

spot_img

რთული სანახავი იყო, როგორ დაუპირისპირდა 11 წლის გოგონას მთელი თემი, როგორც ჩანს, ყველა რგოლისთვის ჯერ კიდევ უცხოა ცნება „ბავშვის საუკეთესო ინტერესები“. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთავის N5 საჯარო სკოლაში არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა – ხმაურიანი საპროტესტო აქციით დაწყებული ერთი სასწავლო დღე, როცა მშობლები იმ მე-6 კლასელის დედას დაუპირისპირდნენ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს – პედაგოგის განცხადებით, გოგონამ მას ხელი ჰკრა და კიბეებზე დააგორა. მასწავლებელი კლინიკაში გადაიყვანეს და როგორც კლინიკის ნეიროქირურგმა, მიხეილ გურასპიშვილმა განაცხადა, თავის ტვინის შერყევა აქვს და წელის არეში დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს მოსწავლეს, მშობლები კი მისი სკოლიდან გადაყვანას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, 11 წლის გოგონა საფრთხეს წარმოადგენს და შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ. მშობლების ხმაურიანი მოთხოვნა „სასამართლოს“ ჰგავდა, რომელიც არანაირ – არც ეთიკის და არც კანონის ფარგლებში არ ჯდება.

მშობლების გაფიცვაზე მისული ბრალდებული გოგონას დედა ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ მის შვილს არაფერი დაუშავებია და აბრალებენ. მეტიც, მშობელი თავისი შვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყოფილი დირექტორის წასვლას უკავშირებს და ამბობს, რომ ყოფილი დირექტორი მისი შვილის წინააღმდეგ არაკანონიერად იქცეოდა და სხვა დანაშაულს აფარებდა ხელს.

ასეთია 27 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის მოკლე ვერსია, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ამბავი გაცილებით ადრე დაიწყო და უფრო ვრცელია – ბრალდებული მოსწავლის დედაც იგივეს აცხადებს. ამბობს, რომ მასწავლებელმა გოგონა აპრილში სცემა. მშობლის მტკიცებით, გახმაურებული ფაქტის შემდეგ, მისი შვილი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას ან სხვა სახის ძალადობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოკითხულია როგორც მოზარდი, ისე მასწავლებელი. მიუხედავად ბრალდებისა, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გოგაძის თქმით, სკოლის კამერების ჩანაწერში კიბის უჯრედი არ ჩანს, შესაბამისად, მოკვლევამდე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა მოხდა სკოლის კიბეებზე. რაც შეეხება მოსწავლის გარიცხვას, ის ამბობს, რომ მშობლების მხრიდან ასეთი პროტესტი მიუღებელია, რადგან მათ არ აქვთ კანონით ამის უფლება. ის გაფიცულ მშობლებთან შეთანხმდა და ვიდრე საქმე ბოლომდე არ იქნება გამოკვლეული, სასწავლო პროცესი სკოლაში ჩვეულებრივად გაგრძელდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, რუსთავის N5 საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებს იმ დღესვე, მთავრობის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამინისტრო პრობლემის მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული, მაგრამ თუ საჭირო გახდება, რუსთავის N 5 საჯარო სკოლაში თავადაც მივა: „პროცესებში სამინისტროს ჩართულობა დღეს არ დაწყებულა. საუბარია ბავშვებზე, საერთო ინტერესებზე და ისეთ გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეთ, რომელიც ყველაზე სწორი იქნება. თუ საჭირო გახდა, მივალ. ჩემთვის ჩასვლა-არჩასვლა მთავარი არ არის, მთავარია, ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. საკითხი უნდა მოგვარდეს, მაგრამ არა განზოგადებით.“ – განაცხადა მინისტრმა.

ვიდრე გამოძიება დასკვნას დადებს, ვიდრე პასუხისმგებელი პირები მივლენ სკოლაში, ვიდრე სიმართლე გაირკვევა, საზოგადოება, როგორც ყოველთვის, დამნაშავეს – „განტევების ვაცს“ თვითონ ეძებს, რომ დაუნდობლად „ჩაქოლოს“ და პრობლემაზე მთელი პასუხისმგებლოც მას დააკისროს. მერა რა, რომ „განტევების ვაცი“   შეიძლება 11 წლის მოზარდი აღმოჩნდეს, მთავარია იპოვოს! „სამართლის“ ძიებაში არავინ უყურებს სად და როგორ დაირღვა მისი უფლებები, ან რა იარლიყს მივაკრავთ მოსწავლეს და მთელი ცხოვრება ისეთ მძიმე ტვირთად ავკიდებთ, რომლის ტარებასაც ერთ მშვენიერ დღეს, უბრალოდ, ვეღარ შეძლებს. ამაზე არ ვფიქრობთ, რადგან პირადად არ გვეხება, შვილების უსაფრთხოების დაცვას კი, გამოხატვის ყველაზე მიუღებელი ფორმით, „გაავებული“ ვცდილობთ, სამწუხაროდ, ვერ ვხვდებით, რომ ამის შემყურე ჩვენივე შვილებს ძალადობის მანიფესტის თანამონაწილეებად ვხდით (მათ თვალწინ ხდებოდა ეს აურზაური). გვავიწყდება ყველაზე მთავარი, რომ ამით მათში აგრესიას ვაღვიძებთ, რაც, ისედაც არ აკლიათ ჩვენს ბავშვებს – ისინი ხომ სწორედ ამ აგრესიული გარემოს შვილები არიან.

მაინც რა მოხდა რუსთავის მე-5 სკოლაში და როგორ შეფასებას აძლევს ამ ფაქტს საზოგადოება, დარგის სპეციალისტები? მათ შეფასებებში ნიშანდობლივი და უმთავრესი ბავშვის ინტერესებია და მის დაცვას მხოლოდ ერთი კონკრეტული სუბიექტი ან უწყება ვერ შეძლებს. თუმცა, პრობლემის მოგვარების მთავარი ადრესატი მაინც სახელმწიფოა, ოჯახის პასუხისმგებლობა კი – განუზომელი.

სასკოლო განათლების საკითხებზე მომუშავე მშობელი, თაია მახარაშვილი ამბობს, რომ რამდენადაც გაეცნო საქმეს, აქ ყველაზე მეტად დროული რეაგირების პრობლემა იკვეთება. „როგორც ირკვევა, ამ საქმეში, თითქმის ყველა ის უწყება იყო ჩართული, რომელსაც შეიძლება ეხებოდეს ბავშვის უფლებები, თუმცა, გამოსავალის დროულად პოვნა მაინც გაძნელდა. ამ შემთხვევაში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშობლის და სახელმწიფოს სტრუქტურების თანამშრომლობას, რაც ჩემი ინფორმაციით, ბოლომდე ვერ შედგა. ვერ ვისაუბრებ საქმის დეტალებზე, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ამბავში პასუხისმგებლობა მშობელსაც აკისრია. გარდა ამისა, უწყებებს შორის კოორდინაციის პრობლემაც იკვეთება. რაც შეეხება სხვა მშობლებს, მათი ქმედება კატეგორიულად მიუღებელი და, პირველ რიგში, მათივე შვილების დამაზიანებელია. თუნდაც, პრეცედენტის შექმნა, რომ მშობელთა ზეწოლას შეუძლია რომელიმე ბავშვის იძულებით გადაყვანა სხვა სკოლაში, ნიშნავს იმას, რომ მომავალში ნებისმიერ, თუნდაც ცელქ ბავშვს, შეიძლება მსგავსი პრობლემა შეექმნას. ყველა ის ბრალდება, რომელსაც არასრულწლოვანსა და მის მშობელს უყენებენ, ზედმიწევნით ზუსტიც რომ იყოს, არავის აქვს უფლება, მისი სკოლიდან გადაყვანა მოითხოვოს და ასე უდიერად გამოხატოს საკუთარი პროტესტი. მშობლების პროტესტი, ალბათ, არც შეიძენდა რადიკალურ ფორმებს, დროულად რომ ყოფილიყო ნაპოვნი სიტუაციიდან გამოსავალი.

 კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უდიდეს მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ოჯახს, რომელიც დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ   მჭიდროდ ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან და მიიღოს ყველა საჭირო სერვისი.“

მაინც სად არის გამოსავალი? პირველ რიგში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, რაც, როგორც უკვე გითხარით, ყველა პასუხისმგებელი რგოლისთვის უცხოა, ან უბრალოდ არ ესმით, რას ნიშნავს ბავშვი, როგორ იმოქმედონ, როდესაც მას გარკვეული გამოწვევები აქვს.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იურისტი ანა აბაშიძე კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს იმას, რაც ვიხილეთ – რაც სკოლამ დაუშვა და მერე, რაც ბავშვის თანაკლასელების მშობლებმა გააკეთეს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მომხდარიყო სკოლაში, ეს ყველაფერი, რეალურად, ბავშვებსა და სკოლას შორის კომუნიკაციის პრობლემიდან მომდინარეობს. მსგავსი პრობლემების ამ გზით გადაჭრის მცდელობა, რაც ჩემი შეფასებით, უფრო ლინჩს წააგავდა, ვიდრე სამართლიან მოთხოვნებს, დაუშვებელია. ასეთ ქმედებას არანაირი სარგებელი არ მოაქვს, იმ ბავშვშვსაც უფრო სტრესავს და დანარჩენებსაც, ვინც ამ ყველაფერს უყურებს. ეს ხაზს უსვამს სკოლის სუსტ მენეჯმენტს, რომელიც თავიდან ვერ იცილებს ამგვარი ტიპის არასასურველ დამოკიდებულებას, მათ შორის, გამოხატვის ასეთ მძიმე ფორმას. რა თქმა უნდა, სკოლას უნდა ემუშავა ბავშვების მშობლებთანაც და კარგად აეხსნა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში გამოწვევა არსებობს, მისი მოგვარების გზა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს პრობლემის კიდევ უფრო გამწვავება. ბავშვების დასტრესვა (ვგულისხმობ იმ ბავშვს, ვისაც ედავებიან და იმ ბავშვებსაც, რომლებიც უყურებდნენ თავიანთი მშობლების თუ ოჯახის წევრების ამგვარ გაუმართლებელ საქციელს) კიდევ უფრო დიდ გაუგებრობას და დაძაბულობას იწვევს და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აგვარებს პრობლემას“ – ამბობს ანა აბაშიძე, თუმცა, გამოხატვის მიუღებელი ფორმის მიღმა უფრო სიღრმისეულ პრობლემას ხედავს და სვამს კითხვას – აქამდე რა გააკეთა სკოლამ პრობლემის მოსაგვარებლად, რატომ ვერ გადაჭრა კრიზისული სიტუაციაციები, მათ შორის, რა გააკეთა განათლების სამინისტრომ და სოციალური სამსახურის სააგენტომ (როგორც ამბობენ დიდი ხანია იციან ამ პრობლემის შესახებ)? – რომელსაც თავადვე მარტივად პასუხობს – „თავი ვერ გაართვეს.“

უფლებადამცველი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი კრიზისული სიტუაცია, რომელიც ვერ მოგვარდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ სიტუაციაში ბავშვია ჩართული. აქედან გამომდინარე, მისი აზრით, ამ ამბავში, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ადამიანებმა და უწყებებმა, რომლებიც ვალდებულნი არიან მსგავსი კრიზისული სიტუაცია მოაგვარონ, თავის დროზე, ეფექტურად არ იმოქმედეს და იმედი აქვს, რომ ახლა მაინც მოახდენენ ადეკვატურ რეაგირებას. „ბრალდების ისრები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მიდის სკოლისკენ, განათლების სამინისტროსკენ და სოციალური მომსახურების სააგენტოსკენ – სწორედ იმ ოფიციალური უწყებებისკენ, რომლებიც იმისთვის არიან დაქირავებულები, რომ კრიზისული სიტუაციები, რაც შეიძლება,   უმტკივნეულოდ მოაგვარონ. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ბავშვთან დაკავშირებით ვინმე მესამე პირი არ ასრულებს ვალდებულებას (ზუსტად არ ვიცი ამის შესახებ, რადგან ძალიან სიღმისეული დეტალებია), თავიანთი პასუხისმგებლობაც უნდა გაითვალისწინონ, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რომ პრობლემა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებთ მოაგავრონ.

 მესამე პირში იგულისხმება ნებისმიერი ადამიანი, რომლის ჩართვა საქმეში შეიძლება კონკრეტულ ბავშვთან დაკავშირებული ქეისის განხილვისას საინტერესო და აუცილებელი აღმოჩნდეს.“

 ანა აბაშიძე ამბობს, რომ კონკრეტულ საქმეს დეტალურად არ იცნობს, ამიტომ არ იცის პირველი წყარო, საიდან მოდის რაღაც ტიპის გაუგებრობები, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შეუძლია, რომ მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოდის, რადგან სახელმწიფო პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებს – „მისი ამოცანა იყო (სახელმწიფოს როცა ვამბობ, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ სკოლას, განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა რელევანტურ უწყებას), კონფლიქტური სიტუაცია მოეგვარებინა, მაგრამ ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ, უბრალოდ, თავი ვერ გაართვეს.“

მოვთხოვოთ თუ არა 11 წლის გოგონას მომხდარზე პასუხი? – ანა აბაშიძის აზრით, ამ კითხვაზე მარტივი და ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია: „თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დასჯა არასდროსაა გამოსავალი, მაგრამ პასუხისმგებლობის სწორად იდენტიფიცირება – რა მოხდა, ამისთვის სწორი სახელის დარქმევა ამის სწორი სათაური, პრობლემის სწორად აღმოჩენა, მერე ბავშვების, უფროსების თუ სხვა ადამიანების როლის სწორად განსაზღვრა აუცილებელი პირობაა. საბოლოო ჯამში, უმთავრესია, ბავშვთან აღზრდის სრულიად პოზიტიური გზებითა და მეთოდებით მუშაობა. პირველ რიგში, პასუხისმგებელმა ადრესატებმა, მშობელი იქნება თუ სკოლა, კარგად უნდა გაიაზრონ, რა ტიპის ზიანი შეიძლება მიაყენოს მათმა მოქმედებამ ან უმოქმედობამ ბავშვებს.“

უფლებადამცველს სულაც არ მიაჩნია, რომ ვიღაცას თვალი უნდა დაეხუჭა გამოწვევაზე, არც ერთ შემთხვევაში, რადგან ეს ბავშვისთვის დათვური სამსახურის გაწევაა, მაგრამ ეს ყველაფერი ბავშვის სიყვარულით, მისი გადარჩენისა და უსაფრთხოების მოტივით უნდა მოხდეს და არა იმ ფორმით, რასთანაც, უმეტეს შემთხვევაში გვაქვს ხოლმე საქმე – მოიძიონ „დამნაშავე“ და აუცილებლად დასაჯონ.

დაბოლოს, უმთავრესი საკითხი – „ბავშვი თუ ასე იქცეოდა (რაც აუცილებლად დასადგენია, ამაში დარწმუნებული არ ვარ), პირველ რიგში, უნდა დადასტურდეს, მაგრამ არც ეს არის საკმარისი, მეორე და აუცილებელია, გამოვიკვლიოთ   რატომ იქცეოდა ასე? მთავარი შეკითხვა, ბავშვთან მიმართებაში, ყოველთვის არის რატომ? უმიზეზოდ არაფერი არასდროს არ ხდება, შესაბამისად, ალბათ, არც კონკრეტული შემთხვევა, მას აუცილებლად ჰქონდა წინაპირობები. სამწუხაროდ, ამას არავინ იკვლევს, მხოლოდ ქცევის გამო აკრიტიკებენ. ჩემთვის მთავარია, ვიცოდე რა გახდა ამგვარი ქცევის მიზეზი და მთელი აქცენტი იმაზე უნდა გადავიტანოთ, როგორ მოვახდინოთ მსგავსი შემთხვევების პრევენცია, ბავშვები დავიცვათ აგრესიისგან, რომ მათ უსაფრთხო ცხოვრება გააგრძელონ. აგრესიული და ძალადობრივი რეაგირებით კი მათგან უკურეაქციას მივიღებთ. ცხადია, როცა მოზარდი ხედავს და განიცდის მის მიმართ ჩადენილ უსამართლობას, დიდი ალბათობით, არასასრურველი ქცევით გამოხატავს პროტესტს და, რაც მთავარია, ვერავინ ვეღარსდროს დაარწმუნებს, რომ კანონის მორჩილება აუცილებელია, რომ ადამიანებს პატივი უნდა სცეს და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ვერ დაარწმუნებთ იმიტომ, რომ მას ყოველთვის ექნება ერთი კითხვა – როცა ეს ყველაფერი მე მჭირდებოდა, მაშინ სად იყავით? ამაზე პასუხს ვერავინ გასცემს… როცა ამ ასაკში განიცდი დიდ უსამართლობას, შემდგომი ცხოვრებაც ისევე რთულად წარიმართება. თუ ადამიანები იმას ვერ ხვდებიან, რომ ნებისმიერ კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული ბავშვის კარგად ყოფნაა მთავარი, იმაზე მაინც ხომ უნდა ფიქრობდნენ, რომ „უსამართლობის მსხვერპლი“ ბავშვის შემდგომი ცხოვრება სირთულეებით იქნება სავსე.“

ფსიქოლოგი მაია ცირამუა, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საზოგადოებას მოუწოდებს, სოციალურ ქსელებში თავი შეიკაონ ბავშვის დაუნდობელი კრიტიკისგან. „ყველას ვთხოვ, ამას ნუ გააკეთებთ, იმიტომ, რომ ჩვენ ამით კიდევ ერთ ქვას ვისვრით ამ ბავშვის მისამართით, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს. რატომ არის ჩვენი საზოგადოება ყოველთვის დასჯაზე ორიენტირებული? წარმოუდგენელი რეაქცია იყო მშობლების მხრიდან. ძალიან აღელვებული ვარ, როცა ვხედავ, როგორი დაუცველები არიან ბავშვები. როცა ვისმენდი როგორ ითხოვდნენ გოგონას სკოლიდან წასვლას, ვფიქრობდი, ვხვდებით კი, რას ნიშნავს ბავშვი და ვიცით როგორ მოვახდინოთ რეაგირება გამოწვევებზე, რომელიც შეიძლება მის წინაშე გაჩნდეს. ფაქტობრივად, ადამიანები მის ჩასაქოლად მივიდნენ, პირდაპირ ითხოვდნენ მის მოკვეთას, ეს რამით განსხვავდება ლინჩის წესისგან? ნებისმიერმა იქ მისულმა მშობელმა წარმოიდგინოს თავი 11 წლის გოგონას ადგილას.

 იქ მარტო ეს ბავშვი კი არ დაზიანდა, არამედ დაზიანდა ყველა, ვინც ეს დაინახა. რა ვუთხარით ჩვენ ამით ბავშვებს? ასე უნდა ვრეაგირებდეთ მსგავს შემთხვევებზე? ამის მერე გვიკვირს, ბავშვი რომ ძალადობს. ჩვენ, ფაქტობრივად, ძალადობრივი, ძალიან დაუნდობელი ქცევის მანიფესტირება მოვაწყვეთ მათ თვალწინ და ხვალ რომელიმემ იგივე რომ გაიმეოროს, ისევ მივალთ და იმავეს მოვითხოვთ.

 ერთი და მთავარი რაც არის და რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ, მშობელმაც, პედაგოგმაც, სოციალურმა სამსახურმაც და ყველამ, როდესაც ბავშვი რთულ ქცევას ავლენს, იქნება ეს აგრესიული თუ სხვა ფორმით გამოხატული, მიდგომა უნდა იყოს სწორი – ბავშვს უნდა დავეხმაროთ, კი არ უნდა გავრიყოთ/იზოლაციაში მოვაქციოთ. მისი სტიგმატიზება არ უნდა დავუშვათ. მერე, ბევრიც რომ ეცადოს, მიწებებული იარლიყისგან ვეღარ გათავისუფლდება. სამწუხაროდ, ეს არის ქართული სინამდვილე“.

ფსიქოლოგის რჩევით, არასრულწლოვანს, მსგავს შემთხვევებში, სხვადასხვა ტიპის დახმარება სჭირდება, ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის ჩარევაც, თუმცა, ხაზგასმით ამბობს, რომ კონკრეტულ შემთხევევას არ განიხილავს, ეს, მისი მხრიდან, უფრო ზოგადი რჩევაა. რაც შეეხება ვალდებულებებს, ამბობს, რომ, პირველ რიგში, მშობლის პირდაპირი ვალდებულებაა, როცა შვილს გარკვეული ტიპის ქცევას შეამჩნევს, რომელიც ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს როგორც თვითონ ბავშვისთვის, ისე სხვებისთვის, დაუყოვნებლივ მიმართოს სპეციალისტს, მაგრამ, თუ მშობელი ამ ვალდებულებას ვერ ასრულებს, პირველი მნიშვნელოვანი ჩიხი სწორედ მაშინ ჩნდება. ამ დროს მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუციების ჩარევა. „ვერ წარმომიდგენია, რომ მშობელში ვერ გააღვიძო მუხტი, იმპულსი, დაეხმაროს საკუთარ შვილს. და თუ ასეა, მაშინ არასწორად ხდება მასთან კომუნიკაცია. საბოლოო ჯამში, თუ ამას სახელმწიფოს წარმომადგენელი ხედავს და არ რეაგირებს, ეს ბავშვის საჭიროების უგულებელყოფაა, რაც ძალადობის ერთ-ერთ უმძიმეს ფორმად განიხილება. თუ მშობელი არ მოდის თანამშრომლობაზე, მაშინ სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.“ – ამბობს მაია ცირამუა.

♦♦♦

ეს საკითხის განზოგადებაა, მაგრამ რეალურად ერთადერთი გამოსავალი მაინც მიზეზის კვლევაა, ვიდრე ურემი გადაბრუნდება და დამნაშავისკენ ხელს გავიშვერთ, ღირს ფიქრი თითოეული მოზარდის უსაფრთხოებაზე. სამწუხაროა, როცა თითქმის ყოველი მეორე დღე შემზარავ ფაქტებს ვისმენთ, თუ როგორ სცადა მოზარდმა თვითმკვლელობა, როგორ შეიწირა „ლურჯმა ვეშაპმა“, ბულერმა თანატოლმა ან მოძალადე საზოგადოებამ მისი სულ ცოტა ხნის წინს დაწყებული ციცოცხლე, ან, უბრალოდ, იღბლიანი აღმოჩნდა და სუიციდის მცდელობა ფატალურად არ დასრულდა. გადარჩა… მაგრამ ეს გადარჩენაც მისი ცხოვრების წყალგამყოფად იქცა „კოშმარულ ბავშვობასა“ და ტვირთად ქცეულ შემდგომ ცხოვრებას შორის. სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევასაც ჰქონდა ასეთი წყალგამყოფი, 11 წლის გოგონას დედამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა შვილმა თვითმკვლელობა სცადა… დამეთანხმებით, მძიმე რეალობაა, მაგრამ ვიდრე მორიგი ტრაგედია გახმოვანდება და სოციალური ქსელი თანაგრძნობის აცრემლებული „სმაილიკებითა“ და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით აჭრელდება, მანამ ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ ბავშვები და გვახსოვდეს , რომ მათი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას და არც ერთი თანამდებობა და არანაირი კეთილდღეობა არ გადასწონის, მათ გარეშე სამყაროს დასასრულის დასაწყისია. მატერიალურ უზრუნველყოფას თუ ვერ მივცემთ, ის მაინც შეგვიძლია, რომ მათ ცხოვრებაში ბავშვობა კოშმარულ სიზმრად არ ჩავწეროთ. ნუ ვეძებთ მათში მხოლოდ დამნაშავეს, რომელიც უნდა დავსაჯოთ. ვეძებოთ მიზეზები, რატომ?

ვიდრე ბავშვები კითხვას დაგვისვამენ – სად ვიყავით მაშინ? იქნებ ჯობდეს დაფიქრება, რადგან, საბოლოო ჯამში, 11 წლის მოზარდთან ყველა ტყუის, დაწყებული მშობლიდან, დასრულებული ყველა იმ ადამიანით, რომელიც სკოლიდან მის მოკვეთას ითხოვდა. აგრესიული სამყაროს შეცნობა ხომ ბავშვებს ისედაც ყველაზე ძვირად უჯდებათ.

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები