23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ჩემი მომავალი მხოლოდ საქართველოში მესახება

spot_img

რუბრიკისქართველ სტუდენტები უცხოეთში” სტუმარია ნათია სესკურია

ნათიადამეთანხმები ალბათრომ განათლების მიღება საზღვარგარეთ ქართველი ახალგაზრდებისთვის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებანებისმიერ ადამიანსრომელსაც სურსპერსონალურ რეზიუმეში ოქროს ასოებით შეავსოს განათლების გრაფაარჩევანს უცხოეთზე აკეთებსმიამბერა გზა გაიარე საქართველოდან ინგლისამდე და რატომ აირჩიე განათლების მისაღებად ინგლისი?

– უპირველეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენს რუბრიკაში მოწვევისთვის და გამოვხატო დიდი სიმპათია თქვენი გაზეთისადმი, იმ საქმისადმი, რასაც ემსახურებით. მიმაჩნია, რომ განათლების სფერო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რადგან ის პირდაპირ კავშირშია ქვეყნის წინსვლასა და განვითარებასთან. რაც შეეხება უცხოეთში განათლების მიღებას, ჩემი აზრით, საზოგადოების ინფორმირება ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებელია, რადგან ხშირად ხდება დაინტერესებული პირების დეზინფორმირება და გარკვეული სტერეოტიპების ჩამოყალიბება, რაც სინამდვილეში სიმართლეს არ შეესაბამება. შევეცდები, მოკლედ გიამბოთ ჩემი განვლილი გზისა და ინგლისური განათლების სისტემის შესახებ, რომელსაც, ჩემი აზრით, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. მოხარული ვიქნები, თუ საქართველოშიც დაინერგება მსგავსი სისტემა, რომ მომავალ თაობებს არ მოუხდეთ სამშობლოდან შორს გამგზავრება სრულყოფილი განათლების მისაღებად.

დავიწყებ სულ თავიდან, რადგან მიმაჩნია, რომ საუნივერსიტეტო განათლებამდე აუცილებელია ბავშვობიდან შრომისმოყვარეობის, დისციპლინისა და პასუხისმგებლობის უნარის ჩამოყალიბება, რასაც, ჩემი აზრით, უნდა ემსახურებოდეს სასკოლო განათლება.

წარჩინებით, ვერცხლის მედალზე დავამთავრე თბილისის სენტ-ეგზიუპერის ფრანგულ-ქართული კოლეჯი, სადაც ძალიან კარგად შევისწავლე ფრანგული ენა, რადგან განათლება ორენოვანი იყო. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მასწავლიდა, რადგან სწავლის პროცესი ჩემთვის ბავშვობიდანვე სასიამოვნო და საინტერესო იყო, ასევე ადრეულ ასაკში აღმოვაჩინე უცხო ენებისადმი დიდი ინტერესი და დღეს, მაღალ დონეზე ვფლობ ხუთ უცხო ენას: ფრანგულს, ინგლისურს, ესპანურს, რუსულს, იტალიურს. მომავალში დიდი სურვილი მაქვს, შევისწავლო კიდევ ორი უცხო ენა – პორტუგალიური და არაბული.

სკოლის დამთავრების დრო რომ ახლოვდებოდა, მე და ჩემმა ოჯახმა ერთობლივად გადავწყვიტეთ, განათლება უცხოეთში მიმეღო. საკმაოდ ადრეული ასაკიდან ვიცოდი უკვე რა პროფესიას უნდა დავუფლებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული განათლება მქონდა მიღებული და ეს ენა ჩემთვის მშობლიურივით იყო, არჩევანი მაინც ინგლისზე შევაჩერეთ, რადგან ინგლისის განათლების სისტემა ნამდვილად საუკეთესოა. თუმცა, ინგლისში სწავლა გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, ანუ ეს იყო ბევრად რთული და გრძელი გზა, რომლის გავლაც სხვა ქვეყანაში წასვლის შემთხვევაში არ მომიხდებოდა. ინგლისში წასვლა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი. ერთგვარი იდეა-ფიქსიც კი იყო ჩემთვის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში მესწავლა, თუმცა იმ უნივერსიტეტში მოსახვედრად, სადაც ახლა ვსწავლობ, აუცილებელი იყო ე. წ. ეი-ლეველის პროგრამის წარმატებით დასრულება. ეს არის წინასაუნივერსიტეტო, ორწლიანი მოსამზადებელი პროგრამა, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტუდენტებს შანსი აქვთ, სწავლა ინგლისის საუკეთესო უნივერსიტეტებში გააგრძელონ. იმის მიხედვით, თუ რა პროფესიის შესწავლა უნდა სტუდენტს, პირველ წელს ირჩევს საგნებს. თუ წლის ბოლოს ყველა საგანში გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს, რაც საკმაოდ რთულია და დიდ ფიზიკურ, გონებრივ და ფსიქოლოგიურ გამძლეობას მოითხოვს (მაგალითად, პირველ წელს 15 გამოცდის თითქმის მიყოლებით ჩაბარება მომიწია) და ყველა ლექტორი კარგ რეკომენდაციას დაწერს, მეორე წელს  უფლება ექნება, დიდი ბრიტანეთის 5 უნივერსიტეტში, საბაკალავრო პროგრამაზე, გააგზავნოს აპლიკაცია, მოტივაციის წერილთან ერთად. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შემოთავაზებას იღებს უნივერსიტეტისგან. გამოცდების წარმატებით ჩაბარების და უნივერსიტეტის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ ხდება სტუდენტი.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოლეჯის სწორად შერჩევასაც, რადგან უნივერსიტეტები დიდ ყურადღებას ანიჭებენ კოლეჯის პრესტიჟს. ძალიან მადლიერი ვარ ქალბატონი ნარგიზ მაქაცარიასი, რომელიც კომპანიის “ი ელ ელ” მფლობელია (საგანმანათლებლო სააგენტო `ი ელ ელ~ წამყვანი ბრიტანული, ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც უცხოეთში სასწავლებლად აგზავნის სტუდენტებს). სწორედ ის დამეხმარა საუკეთესო კოლეჯის შერჩევასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. თუმცა, რისკი იმაში მდგომარეობდა, რომ პროგრამის ეი ლეველ გავლის შემთხვევაში არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ აუცილებლად მოხვდები უნივერსიტეტში, ყველაფერი დამოკიდებულია მომზადებზე, განათლებასა და საკუთარი თავის სწორად წარმოჩენაზე. მაგალითად, იმ წელს, როდესაც მე ვაბარებდი, აპლიკანტების ყველაზე დიდი რაოდენობა იყო, სამწუხაროდ, 40 000 ადამიანი დარჩა უნივერსიტეტის გარეთ. განსაკუთრებით რთულია სამ უნივერსიტეტში მოხვედრა, სადაც ჩემ მიერ ზემოთ მოთხრობილი პროცესების გავლასთან ერთად, უნივერსიტეტის ლექტორებთან გასაუბრების გავლაა საჭირო. ეს უნივერსიტეტებია: ოქსფორდის, კემბრიჯის და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი UCL, სადაც ამჟამად ვსწავლობ. გამიმართლა, რადგან მაღალი შედეგები მქონდა, შემოთავაზება ძალიან მალე მივიღე და თან ინტერვიუს გარეშე. შემოთავაზება მქონდა ასევე ცნობილი და მაღალი რანგის უნივერსიტეტიდან – ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან (LSE), თუმცა მას შემდეგ, რაც ორივე უნივერსიტეტს ვეწვიე, კონსულტაცია გავიარე და მოვისმინე კომპეტენტური და გამოცდილი ადამიანების აზრი, გადავწყვიტე, რომ UCL იყო ის უნივერსიტეტი, სადაც უმაღლესი განათლება უნდა მიმეღო. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში.

ამ უნივერსიტეტში სწავლა ჩემთვის დიდი პატივია, უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, ყველანაირი ხელშეწყობა მაქვს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ბავშვობიდან მქონდა მოტივაცია და მიზანი. მე იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებსაც დაბრკოლებების არ ეშინიათ, დიდი მიზნების განხორციელებას ხომ დიდი შრომა სჭირდება, ხანდახან რისკზე წასვლაც კი. ჩემ შემთხვევაში, რისკმა გაამართლა. თავიდან არჩევანის გაკეთების საშუალება რომ მქონდეს, ზუსტად იმავე რთულ, ამავდროულად, ძალიან სასიამოვნო და საინტერესო გზას გავივლიდი.

– მიამბე UCL ისტორია, რამდენ რლიანია და რა ღირს სწავლა? სტიპენდიის შენარჩუნება რთულია?

– ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი მულტიდისციპლინარული უნივერსიტეტია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და წამყვან უნივერსიტეტად ითვლება, მუდამ ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტების სიის სამეულში და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ხუთეულშია. უკვე 4 წელია, QS-ის რეიტინგების მიხედვით, მსოფლიოს მეოთხე საუკეთესო უნივერსიტეტია, რომელიც 1826 წელს დაარსდა. UCL რიგით მესამეა ყველაზე ძველ უნივერსიტეტებს შორის და ინგლისში პირველი უნივერსიტეტია, სადაც თავის დროზე სწავლის საშუალება მიეცა ნემისმიერ ნიჭიერ ახალგაზრდას განურჩევლად ასაკისა, სოციალური მდგომარეობისა, სქესისა და რელიგიისა. UCL დაარსდა იმ დროისათვის წამყვანი ინტელექტუალების, უდიდესი ფილოსოფოსის ჯეიმს მილმის და ჯერემი ბენთამას (უტილიტარიანიზმის დამაარსებელი) მიერ ლიბერალურ-დემოკრატიულ პრინციპებზე. საინტერესო და უცნაური ფაქტია, რომ UCL-ში უამრავი ტურისტი მოდის ჯერემი ბენთამას მუმიფიცირებული სხეულის სანახავად, რომელიც უნივერსიტეტის მთავარ შენობაში სპეციალურ კაბინეტ-სარკოფაგში განისვენებს. საქმე იმაშია, რომ ფილოსოფოსმა უნივერსიტეტის საავადმყოფოს შესწირა მთელი თავისი ქონება, იმ პირობით, რომ სიკვდილის შემდეგ, მას არ დამარხავდნენ და ამგვარად უკვდავყო საკუთარი თავი. ასევე UCL ცნობილია იმითაც, რომ უნივერსიტეტში რაოდენობრივად, ყველაზე მეტი პროფესორი ასწავლის, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებს ასწავლიან მსოფლიოში გამოჩენილი და საუკეთესო სპეციალისტები, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატები.

UCL ერთ-ერთი ყველაზე დიდი მულტიდისციპლინარული უნივერსიტეტია, სადაც თავმოყრილია რამდენიმე მუზეუმი და 100-მდე სახელგანთქმული დეპარტამენტი, მათ შორის: სამართლის სკოლა, ინჟინერიის დეპარტამენტი, მედიცინისა და ტვინის მეცნიერებების დეპარტამენტი, BARLETT-ის არქიტექტურის სკოლა, სლავური და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სკოლა, სადაც ამჟამად ვსწავლობ. ჩემი დეპარტამენტი მსოფლიოში კვლევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრია, რომელიც პირადად გახსნა ჩეხოსლოვაკიის პირველმა პრეზიდენტმა ტომაშ მასარიკმა. ასევე, ჩვენს დეპარტამენტში არაერთხელ გამოსულან სიტყვით ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან: პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი – ალექსანდრე კვასნევსკი და ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – ვაცლავ კლაუსი.

– რა პროფესიას ეუფლებირამ განაპირობა პროფესიის არჩევანირომელ კურსზე ხარ?

– ვარ პოლიტიკის ფაკულტეტის მესამე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. ჩემმა უნივერსიტეტმა საშუალება მომცა, ამერჩია ინტერდისციპლინარული პროგრამა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვსწავლობ პოლიტიკას აღმოსავლეთ-ევროპულ სწავლებასთან ერთად. ამ კომბინირებულმა კურსმა ანალიტიკური, თეორიული და კონცეპტუალური ცოდნა მომცა ჩვენი რეგიონის, ასევე, რუსეთის ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის შესახებ.

ადრეული ასაკიდან მსურდა ისეთი განათლების მიღება, რომელიც საშუალებას მომცემდა, აქტიური მონაწილეობა მიმეღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და მის მართვაში. როგორც საქართველოს მოქალაქე, ჩემთვის შეუძლებელი იყო, გულგრილად დავკვირვებოდი ეკონომიკურ, სოციალურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, არ გამომეჩინა ინტერესი პოლიტიკური მექანიზმებისა და პროცესების მიმართ. ვიმედოვნებ, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემი განათლებით და მიღებული გამოცდილებით, შევძლებ წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაში, მდგრად განვითარებაში, დემოკრატიულ წინსვლასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

– სტიპენდიები და გრანტები უცხოელი სტუდენტებისთვის (ზოგიერთ ქვეყანაში სტიპენდიები გამოიყოფა საკონკურსო საწყისებზე ნიჭიერი სტუდენტებისთვისუშუალოდსასწავლო დაწესებულების მიერშენ შემთხვევაში როგორ არის). რა პრივილეგიებით სარგებლობენ წარჩინებული სტუდენტებიარის თუ არა მათთვის რაიმე შეღავათები?

– სამწუხაროდ, ამერიკისა და ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ინგლისში ინტერნაციონალური სტუდენტებისათვის არანაირი სტიპენდია არ არსებობს, უფრო მეტიც, ინტერნაციონალური სტუდენტებისთვის ორჯერ უფრო მეტია სწავლის საფასური, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ამიტომაც მათ მთლიანად ოჯახი უზრუნველყოფს.

– ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში,  თავის დროზე ალბათ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდავინ არიან ისინიმოკლედ მიამბე მათ შესახებ.

– დიახ, ნამდვილად ასეა, არც კი ვიცი, რომელი ერთი დავასახელო. უამრავი წამყვანი ხელოვანი, პოლიტიკოსი, მეცნიერი, ექიმი, ფილოსოფოსი თუ საზოგადო მოღვაწე სწავლობდა UCL-ში. თავის დროზე, აქ მუშაობდა და სწავლობდა ნობელის პრემიის 27 ლაურეატი. ცნობილი პიროვნებებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი  ჯონ სტიუარტ მილის, უდიდეს ფილოსოფოსს, ვისი დიდი თაყვანისმცემელიც გახლავართ. ასევე, საყოველთაოდ ცნობილი ინდოეთის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი – მაჰათმა განდი; ტელეფონის გამომგონებელი – ალექსანდერ გრეიამ ბელი; კვიპროსის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები; ხაიმ ჰერცოგი – ისრაელის მეექვსე პრეზიდენტი; იაპონიის ორი პრემიერ-მინისტრი; კენიის პირველი პრეზიდენტი; ჩინეთის ყოფილი პრემიერ- მინისტრი და ა. შ. ეს სია ძალიან გრძელია და ბევრ გამოჩენილ ადამიანს მოიცავს. UCL-ში გაიცნეს ერთმანეთი ცნობილი ბრიტანული როკ-ჯგუფის – Coldplay წევრებმა და შექმნეს ბენდი. ცნობილი რეჟისორი – კრისტოფერ ნოლანიც UCL-ის კურსდამთავრებულია და აღსანიშნავია, რომ საკუთარი ფილმების უმრავლესობაში, სულ ცოტა, ერთ სცენას მაინც იღებს საკუთარ ალმა მატერში. ნობელის ლაურეატების გარდა, უამრავი სხვადასხვა საერთაშორისო პრემიების მფლობელები არიან UCL-ის აკადემიკოსები და კურსდამთავრებულები. რამდენიმე აკადემიკოსი, რომელთაგან ერთ-ერთი ლექციებსაც მიკითხავდა, ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მრჩეველია.

– რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამებისა და ლექციების შესახებ (რამდენადაც ვიციასეთ სასწავლებლებში ლექციების წასაკითხად ცნობილ ადამიანებს იწვევენვინ არიან ისინი)?

– სასწავლო პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული სტუდენტის ინტერესებზე, რაც ძალიან საინტერესოს ხდის სწავლის პროცესს. ყოველ წელს არის რამდენიმე აუცილებელი საგანი: მაგალითად, პოლიტიკური მეცნიერება, რომელიც ყველა სტუდენტმა უნდა ისწავლოს, მაგრამ გარდა ამისა, სტუდენტებს საშუალება გვაქვს, რომ ავირჩიოთ ის საგნები, რომლებსაც საჭიროდ მივიჩნევთ. მაგალითად, მე მქონდა საშუალება, მესწავლა მსოფლიოში წამყვან სპეციალისტებთან ლიტერატურა და ფილოსოფია, ასევე ფრანგულ ენაზე შევისწავლე ბიზნესი და საერთაშორისო ურთიერთობები, მქონდა არჩეული სხვადასხვა კურსი ისტორიისა და პოლიტიკური ფილოსოფიის დეპარტამენტებიდან. გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა ლექტორი, ვინც ლექციებს გვიკითხავს, მაღალ აკადემიურ წრეებში ძალიან ცნობილი და პატივსაცემი პიროვნებები არიან, წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი სტუმრობს ჩვენს უნივერსიტეტს ლექციების წასაკითხად. ცოტა ხნის წინ, უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა წაგვიკითხა ლექცია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური მომავლის შესახებ; ასევე, რამდენიმე თვის წინ, ცნობილმა თანამედროვე მარქსისტმა ფილოსოფოსმა – სლავოი ჟიჟეკმა ჩაატარა ლექცია ჩვენს დეპარტამენტში; გასულ წელს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ოფიციალურად გახსნა UCL-ში უსაფრთხოების დეპარტამენტი და ცერემონიალზე სიტყვითაც გამოვიდა. ასე რომ, ცნობილი ადამიანები საკმაოდ ხშირად სტუმრობენ ჩემს უნივერსიტეტს.

– რა როლი უჭირავს ინგლისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებს?

– საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში. ჩემს უნივერსიტეტში 16 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს უნიკალური წიგნების საცავით. ზოგიერთი მათგანი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რასაც ხშირად ვიყენებთ.

– როგორ ფიქრობრა უპირატესობა აქვს ევროპულ მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებს ქართულთან შედარებით?

– საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემას ნაკლებად ვიცნობ. თუმცა, ვიცი, რომ დიდი განსხვავებაა სასწავლო პროგრამებში და მათ მოცულობაში. ბრიტანეთში მაღალი კლასის უნივერსიტეტებში ეს პროგრამები გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ ძლიერ პიროვნებებზე. პროგრამები შედგენილია ადამიანის მორალურ, ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და გონებრივ მაქსიმალურ ზღვარზე. ძალიან მკაცრად ჟღერს, მაგრამ ბუნებრივი შერჩევის პროცესი მოქმედებს – ვინც გადალახავს ყველა ამ ბარიერს, ის რჩება გამარჯვებული.

– გაქვს თუ არა მუშაობის შესაძლებლობა სწავლის პარალელურად?

– მუშაობის უფლება მაქვს ნახევარ განაკვეთზე, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის გამო, რომ მთელ ჩემს დროს სწავლაში ვხარჯავ, ვეღარ ვმუშაობ. არდადეგების დაწყებიდან მეორე დღესვე, ყოველთვის, თბილისში მოვემგზავრები, რადგან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო ჩემს ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან. თუმცა, გასულ წელს საშუალება მქონდა, მემუშავა საქართველოს საელჩოში ვატიკანში, სადაც ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. ჩემს უნივერსიტეტს აქვს სპეციალური დეპარტამენტი – კარიერების სერვისი, სადაც მუშაობენ გამოცდილი სპეციალისტები, რომლებსაც კავშირები აქვთ ყველა წამყვან ორგანიზაციასთან, კომპანიასთან და სახელმწიფო სექტორებთან. ისინი ყველა სტუდენტს ინდივიდუალურად ეხმარებიან შესაფერისი სამსახურის მოძებნაში და უგეგმავენ კარიერას. ასევე, თვეში რამდენჯერმე, გვიწყობენ სპეციალურ საღამოებს, სადაც მოდიან წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და სტუდენტებს საშუალება გვეძლევა, პირადად გავესაუბროთ მათ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ საღამოზე, სამი ცნობილი კომპანია დაინტერესდა ჩემი კანდიდატურით და სწავლის დამთავრების შემდეგ ორი შემოთავაზება მაქვს.

– სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროსმომავალი როგორ გესახებასად აპირებ დამკვიდრებას?

– სამწუხაროდ, თავისუფალი დრო თითქმის საერთოდ არ მაქვს, განსაკუთრებით წელს, რადგან დამამთავრებელ კურსზე ვარ და ვმუშაობ დისერტაციაზე. ამიტომ მთელ დროს ბიბლიოთეკაში ვატარებ და სხვადასხვა კონფერენციებსა და ლექციებს ვესწრები უნივერსიტეტში. არდადეგებზე, თავისუფალ დროს, ვმოგზაურობ, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო ოჯახთან და მეგობრებთან, ვკითხულობ სხვადასხვა ლიტერატურას, განსაკუთრებით ფილოსოფიურ ნაშრომებს და ვმუშაობ წიგნზე, რომლის გამოცემასაც ვგეგმავ ახლო მომავალში. ასევე ძალიან მიყვარს ჩოგბურთი და თხილამურებზე სრიალი.

მომავალში ვგეგმავ, ამავე უნივერსიტეტში, გავაგრძელო სწავლა მაგისტრის ხარისხზე ან ოქსფორდის უნივერსიტეტში პოლიტიკისა და უსაფრთხოების განხრით. ასევე დიდი სურვილი მაქვს, დავიცვა დისერტაცია დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.

სწავლის დასრულების შემდეგ, აუცილებლად ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მსურს მის წინსვლაში შევიტანო წვლილი. ამიტომ ჩემი მომავალი მხოლოდ საქართველოში მესახება.

– როგორ ფიქრობსაზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს?

– დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი. ჩემი უნივერსიტეტი, დიდ ბრიტანეთში, დასაქმებული კურსდამთავრებულების რაოდენობით, სამეულში შედის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მაქვს ინგლისში შემოთავაზებები, ვიმედოვნებ, რომ აქ მიღებული ცოდნის შესაფერის შემოთავაზებას მივიღებ საქართველოშიც, რადგან, სამშობლოში დაბრუნება მსურს!

– საერთაშორისო განათლების სამყაროში შესასვლელად შესაძლოა ახალგაზრდებს გზა ადვილად აერიოთსწორი არჩევანის გაკეთებასაჭირო გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე ძნელიარას ურჩევ იმ ახალგაზრდებსრომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ.

– პირველ რიგში, ვურჩევ მაქსიმალურად მოემზადონ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ინტელექტუალურად ამ რთულ სამყაროში შესასვლელად. წინასწარ უნდა იყვნენ მზად იმისათვის, რომ  კოლოსალური შრომის გაწევა მოუწევთ შესაბამისი განათლების მისაღებად.

– დაბოლოსროცა საქართველოდან ასე შორს ხარრა გენატრება ყველაზე მეტად?

– რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო გენატრება შენი ქალაქი და ქვეყანა, ამიტომაც, როგორც კი საშუალება მეძლევა, დაუყოვნებლივ ჩამოვდივარ თბილისში.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები