25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადება

spot_img

,,მოგეხსენებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას გვქონდა გარკვეული გამოწვევები, რომლებიც ეხებოდა კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტს და მასთან სექტორში განთავსებულ აბიტურიენტებსა და მეთვალყურეებს. მიხარია, რომ სხვადასხვა უწყების თანამშრომლობის შედეგად თითოეულმა გამოსაცდელმა შეძლო გამოცდებში მონაწილეობის გაგრძელება. განსაკუთრებული გამოწვევა გახლდათ საგამოცდო პროცესში კოვიდინფიცირებული აბიტურიენტის ჩართვა – განიხილებოდა რამდენიმე ვერსია და საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველაზე უსაფრთხო იქნებოდა გამოცდის სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარება.
ეს გამოცდა ტარდება დღეს ბოქსირებულ პალატაში, რომელიც აღჭურვილია ისე, როგორც ყველა სხვა საგამოცდო სექტორი. გამოცდა წარიმართება ისე, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივ საგამოცდო ცენტრებში. განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ საგამოცდო სექტორად განისაზღვრა სწორედ ეს პალატა. როგორც გამოცდის დროს, ამ შემთხვევაშიც პროცესს დააკვირდება ორი მეთვალყურე, ცხადია, სპეციალური ეკიპირებით, რაზეც იზრუნებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. ჩვეულებრივ მოხდება ვიდეოჩაწერა, აბიტურიენტი სხვა აბიტურიენტების მსგავსად, იმავე დროსა და იმავე პრინციპით წერს იმავე ტესტს.“ – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ.

✅? შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და მკურნალობას გადის, გამოცდა სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება. ყველა ის აბიტურიენტი, რომლებიც იმყოფებოდნენ მასთან ერთად სექტორში, შესაბამისი წესების დაცვით გააგრძელებენ საგამოცდო პროცესს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები