28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

უნიკალური მოვლენა ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში

spot_img

უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების სისტემის კერძო და საჯარო სექტორი, შეძლებისდაგვარად, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაც. მათ შორისაა თსუ საბავშვო უნივერსიტეტი, რომელიც მნიშვნელოვან, საინტერესო და შემეცნებით საქმიანობას დღეს დისტანციურად ეწევა, აქტიურადაა ჩართული ონლაინ სწავლებაში და უფრო მეტიც, მოსწავლეებთან ერთად, ახალი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებაც დაიწყო.

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ, ახალ წამოწყებებზე, პრობლემებსა და საჭიროებებზე გვესაუბრა თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი,  დოქტორი მარინა ლომოური.

მოკლე ისტორიასაბავშვო უნივერსიტეტი გუშინ და დღეს

დაარსების დღიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაერთი პროფესორი თუ სტუდენტი თავის მოქალაქეობრივ მოვალეობას სკოლასთან თანამშრომლობაში, მოსწავლეებთან მუშაობაში ხედავდა. თსუ საბავშვო უნივერსიტეტი აგრძელებს და ანვითარებს ამ ტრადიციას. ჩვენი საქმიანობა ემყარება და იზიარებს უნივერსიტეტის მისიას, სტრატეგიული განვითარების პრინციპებსა და პრიორიტეტებს. უნივერსიტეტის პრიორიტეტული ამოცანა – მაღალი სტანდარტის საუნივერსიტეტო განათლების მქონე, კომპეტენტური, კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულის გამოშვებაა. ამ შედეგის მიღწევის წინაპირობას შესატყვისი სტანდარტის სასკოლო განათლების არსებობა წარმოადგენს. სკოლიდან მოსულ აბიტურიენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საუნივერსიტეტო პროგრამის დაძლევის პოტენციალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საუნივერსიტეტო განათლების დონის დაქვეითება გარდაუვალია. სასკოლო განათლების დღევანდელი ხარისხი გვაფიქრებინებს, რომ დროულია, ან სულაც  გადაუდებელი და საჩქაროა, რომ უნივერსიტეტი მეტი აქტიურობით ჩაერთოს სასკოლო განათლების პროცესებში, სკოლას სწავლების ხარისხის აწევაში დაეხმაროს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს უმაღლესი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას მოსახლეობის ყველა ფენის თუ ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდისათვის. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მუშაობას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.

მეთოდოლოგიური მიდგომა, რომელსაც თსუ საბავშვო უნივერსიტეტი მართებულად მიიჩნევს, გულისხმობს ფორმალური და არაფორმალური განათლების სფეროების ამოცანების გამიჯვნას. ფორმალური სასკოლო განათლება, რომელიც ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკით განისაზღვრება  სკოლის კომპეტენციაა, ამ შემთხვევაში, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი დამხმარე ფუნქციას ასრულებს, სათანადო სალექციო თუ ლაბორატორული კურსების შეთავაზებით. რაც შეეხება არაფორმალურ განათლებას, ის თსუ საბავშვო უნივერსიტეტის კომპეტენციას წარმოადგენს. ზოგადი, მრავალმხრივი განათლების გარეშე თანამედროვე განათლებული ადამიანის წარმოდგენა შეუძლებელია. ევროკავშირის დოკუმენტები კარგად ასახავენ სასკოლო განათლებისა და სკოლისგარეშე არაფორმალური  განათლების ურთიერთმიმართებას – ნაჩვენებია, რომ სასკოლო განათლების მხრივ წარმატებულ ქვეყნებში აქტიურია არაფორმალური განათლების ინსტიტუციები, ხოლო იქ, სადაც ასეთი აქტიურობა მცირეა, სასკოლო განთლების დონე არადამაკმაყოფილებელია. დაბოლოს, დღევანდელობის გამოწვევებმა კიდევ უფრო აქტუალური გახადა თსუ საბავშვო უნივერსიტეტის სოციალური ამოცანა – ხელი შეუწყოს თანამედროვე მოქალაქის აღზრდას.

2009 წლიდან თსუ საბავშვო უნივერსიტეტი სისტემატურად და გეგმაზომიერად მუშაობს განათლების სასკოლო საფეხურთან, როგორც თსუ-ს ბაზაზე, ასევე ადგილებზე – რეგიონებში და სოფლად. მოსწავლეებისათვის თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ნებისმიერ პროექტში მონაწილეობა თავისუფალი და უსასყიდლოა. 2015 წლიდან თსუ საბავშვო უნივერსიტეტმა ინსტიტუციური ფორმა შეიძინა – დღეს ის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილებაა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ უნიკალურ მოვლენას წარმოადგენს ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში, თუმცა ჩვენ სისტემატურად ვმუშაობთ ამ ინიციატივის სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში დასანერგად, რისთვისაც რამდენიმე რეგიონულ უნივერსიტეტს ადგილზე ვესტუმრეთ და გამოცდილება გავუზიარეთ. 

ადამიანები, რომელთა გარეშე საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობა შეუძლებელი იქნებოდა

ვის ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, „ჩვენ, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი“? ესენი არიან: თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროექტების კოორდინატორი, დოქტორანტი დემეტრე მოდებაძე; წლების განმავლობაში თსუ საბავშვო უნივერსიტეტის თანამშრომელი იყო დოქტორანტი გიორგი გრიგოლაშვილი, რომელიც ეხლა თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის უფროსია, მაგრამ ჩვენ ახლაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მით უმეტეს, რომ გიორგი თსუ-ს კიდევ ერთი უნიკალური პროექტის, „თსუ-დესპანის“ ერთ-ერთი ავტორია, დღეს კი ამ პროექტს გიორგი და დემეტრე ერთად ხელმძღვანელობენ. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ჩვენ, საბავშვო უნივერსიტეტმა, სათანადო მადლიერება გამოვხატოთ უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ლაშა საღინაძის, უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის, გია მამულაშვილის და უნივერსიტეტის მრავალი პროფესორ/მასწავლებლის, სტუდენტისა და თანამშრომლის მიმართ, ვისი მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე თსუ საბავშვო უნივერსიტეტის საქმიანობა შეუძლებელი იქნებოდა.

EUCU NET დათსუსაბავშვო უნივერსიტეტი“ 

თსუ–საბავშვო უნივერსიტეტის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ეტაპი 2011 წელს დადგა, როდესაც ჩვენ ევროპის უნივერსიტეტთა საბავშვო უნივერსიტეტების გაერთიანებას  EUCU NET – the European Universities Children’s Universities Network შევუერთდით. აღსანიშნავია, რომ ამიერკავკასიის ქვეყნებში მხოლოდ ჩვენ ვართ ამ გაერთიანების წევრი. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამ უაღრესად მნიშვნელოვან ევროპულ საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან, რომლის ჰუმანისტური პრინციპები, იდეოლოგია და საქმიანობა სავსებით პასუხობს ჩვენს მიზნებსა და ამოცანებს. ამ გაერთიანების შტაბ-ბინა ვენის უნივერსიტეტში მდებარეობს და რომ არა წლევანდელი Covid19-ის მოულოდნელი პანდემია, EUCU NET-ის ხელმძღვანელი რგოლის წარმომადგენლები ამ გაზაფხულზე ჩვენთან, თსუ საბავშვო უნივერსიტეტში სტუმრობას გეგმავდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ საერთო პრიორიტეტები გვაქვს. პირველ რიგში ეს არის – ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა ყოველი მოსწავლისათვის – განურჩევლად ეთნიკური კუთვნილების, აღმსარებლობისა და სოციალური წარმომავლობის; ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღებაში დახმარება; საკუთარი თავის რწმენის განმტკიცება; საუნივერსიტეტო გარემოს გაცნობა და სხვ.

უკანასკნელ წლებში თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მუშაობის პოზიტიური შედეგები უფრო თვალნათლივი გახდა, გაიზარდა მისი აუდიტორია, გამოიკვეთა მოსწავლეების მზარდი ინტერესი ჩვენი პროგრამების მიმართ. მაგრამ ასევე ცხადი გახდა, რომ მოსახლეობის განათლების დონის ასაწევად მეტად ქმედითი, მიზანმიმართული ძალისხმევაა საჭირო. გარდა იმისა, რომ ქვეყნის სასკოლო განათლების სისტემის დღევანდელი მდგომარეობა, საერთაშორისო კვლევების შეფასებით, ზოგადად არადამაკმაყოფილებელია, აშკარად ჩანს განსხვავება ქალაქის და სოფლის, სხვადასხვა რეგიონის სკოლებს შორის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებს სკოლა არათანაბარ სასტარტო პირობებს უქმნის. ეს კი საგანგაშო ფაქტია და საზოგადოების მხრივ სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს.

წლების განმავლობაში ჩვენ მიერ მრავალი განსხვავებული ფორმატის პროექტი ხორციელდება. მათ შესახებ ინფორმაცია მისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე (ამჟამად რეკონსტრუქციაშია) და ფეისბუკგვერდებზე, ასევე იუტუბზეც. შეგვიძლია დავასახელოთ ისეთი ტრადიციული პროექტები, როგორებიცაა: ექსკურსიების პროგრამა „დღე თსუ-ში“; „ნორჩთა სკოლების“ პროგრამები მოსწავლეებისათვის – ნორჩ ასტრონომთა, ეკონომისტთა, იურისტთა, გეოგრაფთა, ფიზიკოსთა, ქიმიკოსთა და სხვ.; ლაბორატორიული მეცადინეობები ფიზიკასა და ქიმიაში; სოციალურ საკითხებზე ფოკუსირებული სეზონური სკოლები და სადისკუსიო კლუბები; ლექციები პროფორიენტაციაში;  კონფერენციები, კონკურსები, ვიქტორინები და ა.შ.; სისტემატურად ეწყობა გასვლითი ღონისძიებები რეგიონებში, შეხვედრები რეგიონების სკოლების მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. 

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი და ეთნიკური უმცირესობები

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მუშაობას. ქართული, ანუ სახელმწიფო ენის არასაკმარისი ფლობა, ჩვენი აზერი და სომეხი ახალგაზრდებისათვის, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ ცხოვრებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. ამ პრობლემის დაძლევა სერიოზული გამოწვევაა და ჩვენ, თსუ-ს სხვა სამსახურებთან ერთად (მაგ., მოსამზადებელი პროგრამა აზერი და სომეხი აბიტურიენტებისათვის 1+4, ხელმძღვანელი – პროფ. კახა გაბუნია), ვცდილობთ დავეხმაროთ ამ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, გადალახონ ეს ნამდვილად სერიოზული დაბრკოლება. ამ მუშაობის კარგი მაგალითია ახალქალაქში ჩატარებული მოსწავლეთა სამენოვანი (ქართული, სომხური, რუსული) კონფერენცია „ჯავახეთი – ისტორია და გეოგრაფია“.  ასევე, სისტემატური მუშაობა მარნეულის სკოლებში, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში, ტარდება ლექციების ციკლი პროფორიენტაციაში და სხვ.

 

ახალი გამოწვევის პირისპირ

ცხადია, რომ წელს, Covid 19-ის ეპიდემიის პირობებში, აღნიშნული აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები საგრძნობლად შეიზღუდა. გამოვლინდა პრობლემების მთელი სპექტრი, პრობლემები შეეხო ყველა ადამიანს, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, საცხოვრებელი ადგილისა და ა.შ. აღმოჩნდა, რომ განათლების პროცესის გარკვეულ დონეზე შენარჩუნება ამ პრობლემების ყველაზე რთული ასპექტი არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ  ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილი, ფლობს რა თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს – მატერიალურს და მენტალურს – მეტ-ნაკლებად მზადაა სწავლების დისტანციურ ფორმაზე გადასასვლელად, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც გამოჩნდა, თუ რამდენი რამ აკლია სასკოლო განათლების სისტემას იმისათვის, რომ სისტემურად უზრუნველყოს ყველა მოსწავლის შეუფერხებელი წვდომა განათლების მიღების ამ მნიშვნელოვან შესაძლებლობაზე. არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, რომ სოფლებისა და დაბების სკოლების დიდ უმრავლესობაში არა თუ თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობა  არსებობს, არამედ ელემენტარული ჰიგიენური ნორმებიც კი დარღვეულია, მაგ.: ტუალეტების ყოვლად დაუშვებელი მდგომარეობა და წყლით მომარაგების არარსებობა. მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობის დაცვის ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური უზრუნველყოფა  ძალიან სერიოზული საკითხებია, რომლებიც ცალკე განხილვას საჭიროებს, ამიტომ აღარ გავაგრძელებ და თსუ საბავშვო უნივერსიტეტს დავუბრუნდები.

ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში, ქვეყანაში Covid 19-ის ეპიდემიის ოფიციალურ გამოცხადებამდე, ჩვენ მოსწავლეებს დისტანციური აქტივობები შევთავაზეთ, რომელზედაც წვდომა (თეორიულად, მაგრამ, სამწუხაროდ, არა პრაქტიკულად) მთელი ქვეყნის მოსწავლე ახალგაზრდობას აქვს (უნდა ჰქონდეს). მოსწავლეებს აქვთ საშუალება, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფეისბუკ და იუტუბ გვერდებზე, ნახონ მათთვის საინტერესო ლექციები, საუბრები, სხვადასხვა კონკურსები. ისევ და ისევ, ამ საქმიანობაში ჩვენი მეგობრები, უნივერსიტეტელები და არაუნივერსიტეტელები, პროფესორ/მასწავლებლები და სტუდენტები გვეხმარებიან. ჩვენ ყოველი მათგანის მადლიერები ვართ.

მიმდინარე და მომავლის პროექტები

ძალიან გვახარებს, რომ ჩვენს პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში მცხოვრები  მოსწავლეები, უფროსკლასელები და უმცროსკლასელები. ამ მხრივ სანიმუშოა ჩვენს პროექტებში ქალაქ ფოთის მოსწავლეების აქტიური ჩართულობა (კოორდინირებას უწევს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი კესო კალანდარიშვილი). პატარებს ძალიან მოსწონთ თამაში, რომელიც ცნობილი ზღაპრების ტრანსფორმაციას გულისხმობს – გაჩნდნენ ხაკერი წითელქუდები, უცხოპლანეტელი გოჭები და კიდევ ბევრი სხვა ზღაპრულ/ფანტასტიკური პერსონაჟი (პროექტს ორგანიზებას უწევს პროფესორი ნინო პოპიაშვილი).

დაგეგმილი გვაქვს ამ იდეის განვითარება საშუალო და უფროსი ასაკის მოსწავლეებისათვის. ვიწყებთ ანალოგიურ თამაშს „შექმენი შენი იგავ-არაკი“, ხოლო სექტემბრისათვის მზადდება პროექტი კრეატიული უფროსკლასელებისათვის – „მინი-პიესა – თქვი შენი სათქმელი 3 წუთში“. სხვათა შორის, მოსწავლეებს მათემატიკაც აინტერესებთ – მე-3-დან მე-9 კლასის ჩათვლით, მიმდინარეობს კონკურსი მათემატიკაში „4 x 4 ამოცანა და კიდევ ცოტა“, რომელშიც თბილისისა და რეგიონის მრავალი მოსწავლე მონაწილეობს (კონკურსის ხელმძღვანელია თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის თანამშრომელი აველინა დავითულიანი).

თსუ დესპანი“ – სტუდენტები მომავალი სტუდენტების დასახმარებლად

ჩვენი უნივერსიტეტის კიდევ ერთი უნიკალური სტუდენტური პროექტია „თსუ დესპანი“. ეს პროექტი მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის დაახლოებას ემსახურება და უკვე მერვე წელია ხორციელდება. მას ხელმძღვანელობენ თსუ-ს დოქტორანტები – გიორგი გრიგოლაშვილი და დემეტრე მოდებაძე. თავდაპირველად, ეს პროექტი გულისხმობდა სათანადოდ მომზადებული სტუდენტების ვიზიტებს საკუთარ სკოლებში, შეხვედრებს მოსწავლეებთან და საუბრებს უნივერსიტეტის, სტუდენტური ცხოვრების შესახებ. შემდეგ პროექტი შეივსო კიდევ ერთი კომპონენტით – „გააცანი შენი პროფესია“ – რომლის ფარგლებშიც, სტუდენტები საკუთარ სპეციალობებს აცნობდნენ მოსწავლეებს. წლების განმავლობაში, პროექტის ფორმატი დროის მოთხოვნის შესაბამის ცვლილებას თუ განვითარებას განიცდიდა, ამ საქმიანობაში ფართოდ არიან ჩართული აზერი და სომეხი სტუდენტები, ისინი თვითონ არიან საკუთარი სკოლების მოსწავლეებისათვის კარიერის დაგეგმვის საუკეთესო მაგალითები. წელს, ეპიდემიის გათვალისწინებით, „თსუ დესპანი“, სხვა პროექტების მსგავსად, დისტანციური ფორმით აგრძელებს თავის დაგეგმილ აქტივობებს. „Online envoy“-ში ჩაერთო 300-მდე სტუდენტი, რომლებიც დისტანციურად უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, საუნივერსიტეტო ცხოვრების შესახებ, მომავალ სტუდენტებს. პროექტში აქტიურად მონაწილეობენ ჩვენი 1+4 პროგრამის არაქართულენოვანი სტუდენტები. მარნეულის და ბოლნისის მკაცრი კარანტინის პირობებში, ჩვენი აზერი მოქალაქეების მხარდასაჭერად და დასახმარებლად, ქვემო ქართლის ომბუდსმენის ოფისის მონაწილეობით, ორგანიზება გავუკეთეთ ფსიქოთერაპიის ლექციებზე მათ თავისუფალ წვდომას და სხვ.

ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის

ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტად სეზონური სკოლები და სადისკუსიო კლუბი მიმაჩნია. უფროსკლასელებისათვის სოციალურ თემატიკაზე ფოკუსირებული რამდენიმე  სეზონური სკოლა ჩატარდა: „ადამიანი და საზოგადოება“, „ადამიანი, საზოგადოება და დედამიწა“, „მე და საზოგადოება“. ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ სამოქალაქო საზოგადოება მაშინ არის ქმედითი, როდესაც ის ინდივიდუმებისგან და არა ბრბოსგან შედგება. ამისათვის საჭიროა, რომ  სუბიექტს ჰქონდეს უნარი, არ მოექცეს „ავტორიტეტთა“ გავლენის ქვეშ, კრიტიკულად შეაფასოს ყოველი „ავტორიტეტული“ მოსაზრება, არ გახდეს მავანთა მხრიდან მარტივი მანიპულაციის ობიექტი, შეინარჩუნოს თავისუფალი განსჯის უნარი. საუნივერსიტეტო სივრცე, ისტორიულად, ანალიტიკური აზროვნების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ოაზისად ჩამოყალიბდა და ჩვენც, თსუ საბავშვო უნივერსიტეტს, უპირველეს ამოცანად თავისუფალი და დამოუკიდებელი, ანალიტიკურად მოაზროვნე პიროვნების აღზრდის ხელშეწყობა მიგვაჩნია. ამიტომ, თსუ საბავშვო უნივერსიტეტის სეზონური სკოლებისა და სადისკუსიო კლუბის უმნიშვნელოვანესი აღმზრდელობითი მიზანი მოსწავლეებში თავისუფალი, ანალიტიკური აზროვნების განვითარების, საკუთარი შეხედულების ფორმულირების და მისი საჯარო დისკუსიის ფორმატში დაცვის უნარისა და გამბედაობის სწავლებაა, რაც მოქალაქის ჩამოყალიბების ხელშეწყობას ნიშნავს. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მიმართულებით გასაკეთებელი ძალიან ბევრია არა მარტო სკოლაში, არამედ მთელ ქვეყანაში – Covid 19-ის ეპიდემიამ გამოავლინა „ავტორიტეტული“ ინსტიტუციების მხრიდან მასობრივი ზემოქმედების მოხდენის დაუოკებელი სურვილი და მათთვის სრულიად არარელევანტურ საკითხებში არაკომპეტენტური და უპასუხისმგებლო  ჩარევის არაერთი შემთხვევა. ამის მაგალითად Covid 19-ისგან დამცავი ჯერ კიდევ არარსებული, მაგრამ ძალიან საჭირო ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ გამოთქმული მოსაზრებებიც კმარა… 

პანდემიის დასრულების შემდეგ

პირველ რიგში, ჩვენს სამომავლო გეგმებში, სასკოლო განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში დახმარებასთან ერთად, მთავარ ადგილს თანამედროვე, თავისუფალი, დამოუკიდებლად მოაზროვნე მოქალაქის აღზრდის ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობა დაიკავებს. რაც შეეხება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებს – გაგრძელდება ყველა ის პროგრამა, რომელიც ამჟამად პოპულარობით სარგებლობს, ჩატარდება ექსკურსიები, ლექციები და ლაბორატორიული მეცადინეობები ნორჩთა სკოლებში, სეზონური სკოლები და კონფერენციები; აქტიურად იმუშავებს პროექტი „თსუ-დესპანი“ და ა.შ. ამ არსებულ საქმიანობას დაემატება სპეციალური პროგრამები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის. დიდი ყურადღება დაეთმობა სამოქალაქო აღზრდისა და აქტივიზმის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელებას.

 

Covid 19 და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა

Covid 19-ის პანდემიამ საზოგადოების მხრიდან საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერების საჭიროება წარმოაჩინა. დედამიწის დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის ახლო მომავლის პერსპექტივის შეფასების ფონზე, შესაძლებელია, ეს პანდემია მოსალოდნელი დიდი გლობალური კატასტროფების პატარა რეპეტიციის სახით წარმოვიდგინოთ. მაგრამ განსხვავებით ამ პანდემიისაგან, რომელიც მართლაც მოულოდნელი იყო, ეკოლოგიური კატასტროფების პრედიქტორები ნათლად ჩანს და კარგად არის ცნობილი – გლობალური დათბობა, გარემოს დაბინძურება, რესურსების განადგურება და ა.შ. რას ვაკეთებთ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, როდესაც ჩვენს თვალწინ უპასუხისმგებლოდ და დანაშაულებრივად  ნადგურდება ბუნება, წყლის რეზერვუარები, მწვანე საფარი და ა.შ. პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკური სიმყიფეც ნათლად გამოაჩინა – ქვეყანას 3-4 თვით „დაპაუზების“ გაძლების რესურსიც კი არ აღმოაჩნდა. სოფლის მეურნეობა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოებას, მრეწველობა არ არსებობს, მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობის ზღვარზეა. ამ რეალობის პირობებში, რაზე უნდა იყოს ფოკუსირებული საზოგადოების ძალისხმევა? – რა თქმა უნდა – დაავადებულების მკურნალობა, მშივრების დაპურება და ა.შ. მაგრამ ასევე გადაუდებელია – სასკოლო, საუნივერსიტეტო, პროფესიული განათლების თანამედროვე სტანდარტის უზრუნველყოფა.

პირველ რიგში – კარგი სასკოლო განათლება, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილი იმ მინიმალური ცოდნით უნდა შეაიარაღოს, რომელიც საკმარისი იქნება, რომ სპეციალური კვლევის ჩატარების გარეშე ვიცოდეთ: ერთი და იგივე კოვზი, სულ ერთია, რა შენობაში იქნება ის, მრავალი ადამიანის მიერ გამოყენებული, ინფექციის გადადების რეალურ გზას წარმოადგენს; მეორე – კონკურენტუნარიანი უმაღლესი და პროფესიული განათლება, რომელიც ადამიანს საკუთარი ძალების რწმენას განუმტკიცებს და საკუთარი მომავლის აშენებაში დაეხმარება. და მთავარი – სოციალურ/კულტურული აღზრდა და განვითარება, რამაც ადამიანში თანამედროვე ჰუმანისტური მსოფლმხედველობა უნდა ჩამოაყალიბოს – ადამიანის უფლებების პატივისცემა, პატიოსნება და პასუხისმგებლობა საზოგადოების, ქვეყნის და მომავლის წინაშე.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები