19 მარტი, სამშაბათი, 2024

უთანასწორობა მოსწავლეთა სწავლის შედეგებში – OECD-ის ანგარიში

spot_img

19 ნოემბერს გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) კვლევა „შეფასებები საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში“ წარმოადგინა.

OECD-ის ანგარიში საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ძლიერ და სუსტ მხარეებს აფასებს, მათ შორის უნივერსიტეტამდე სასკოლო სისტემას, ასახავს დაინტერესებულ მხარეთა პოზიციებს და გვთავაზობს კონკრეტულ რეკომენდაციებს.

მიმოხილვის შედეგად გამოვლინდა, რომ უკანასკნელ პერიოდში, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საგანმანათლებლო შედეგების თვალსაზრისით – 2009-დან 2015 წლამდე პერიოდში საქართველოში 15 წლის მოსწავლეებმა გააუმჯობესეს სწავლა კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში თითქმის ერთი სრული კლასით – თუმცა, პროგრესი მოსახლეობის ყველა ჯგუფს თანაბრად არ შეეხო.

მაგალითად, განსხავავებული მაჩვენებლები აქვთ ქალაქისა და სოფლის მოსწავლეებს – ქალაქის მოსწავლეები უკეთესი მაჩვენებლებით უსწრებენ სოფელში მცხოვრებ თანატოლებს, სოციალურ-ეკონომიკურად პრივილეგირებული მოსწავლეები კი – სოციალურად დაუცველ თანატოლებს; ხოლო, ის მოსწავლეები, რომლებიც შინ ქართულად ლაპარაკობენ, უსწრებენ თანატოლებს, რომელთა მშობლიური ენა ქართული არ არის. სამწუხაროდ, ეს უთანასწორობა მიღწევებში 2009-2015 წლებში კიდევ უფრო გაიზარდა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსწავლეთა შეფასება, ძირითადად, მხოლოდ ნიშნების დასაწერად გამოიყენება და არა სწავლის გაუმჯობესებაში მათ დასახმარებლად. „ჯერ კიდევ მოსწავლეთა მიღწევებისა და სწავლის გაუმჯობესებისათვის განმავითარებელი შეფასება პედაგოგიური პრაქტიკის მთავარი აქცენტი არ არის, მასწავლებლები არ იყენებენ შეფასების მრავალფეროვან ტექნიკებს და უპირატესობას ანიჭებენ მოსწავლეთა შეფასებას, ძირითადად, მრავალპასუხიანი ტესტებით, რომლებიც უნარების ფართო სპექტრს არ აფასებენ.“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

ისეთი მოსწავლეების მომზადებას კი, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან 21-ე საუკუნის ეკონომიკაში, სჭირდება მასწავლებლები, რომელთაც აქვთ ცოდნა, უნარები და მოტივაცია, რომ გააგრძელონ კვალიფიკაციის ამაღლება. კვლევის მიხედვით, საქართველოში პედაგოგების დიდი ნაწილი უფრო ნაკლებად მონაწილეობს პროფესიულ განვითარებაში, ვიდრე OECD-ის სხვა ქვეყნებში. PISA 2015-ის მონაცემები გვიჩვენებს, რომ განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა თითქმის 30%-ს და საშუალო საფეხურის პედაგოგთა 30%-ს არ გაუვლია რაიმე სახის დაწყებითი მომზადება OECD-ის ქვეყნებისაგან განსხვავებით, რომლებშიც, ფაქტობრივად, ყველა პრაქტიკოსი მასწავლებელი გადის საწყის მომზადებას.

ანგარიში აქცენტს იმასზეც აკეთებს, რომ საქართველოში ავტორიზაცია არ აფასებს განათლების ხარისხს და არ ითვალისწინებს სკოლის ისეთ მიღწევებს, როგორიცაა მოსწავლეთა შენარჩუნება და შეფასების შედეგები. ამჯერად, ავტორიზაცია ქვეყნის 225 კერძო სკოლაზე გავრცელდა. საქართველოს თავდაპირველი გეგმა გულისხმობდა 2021 წლამდე საჯარო სკოლების ავტორიზაციას. საქართველოში ავტორიზაციის მიზანია სკოლის ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ანგარიშში შემთავაზებული რეკომენდაციების მიხედვით, განათლებაში შეფასების სისტემა უნდა განვითარდეს იმისთვის, რომ გამოავლინოს დაბალი და უთანასწორო მიღწევების სფეროები და ეს გამოწვევები მანამ გადაჭრას, ვიდრე ფესვებს გაიდგამს.

„კერძოდ, მოსწავლეთა შეფასებამ უფრო ზუსტად უნდა განსაზღვროს მოსწავლის მიღწევები, მასწავლებლებმა უნდა გაიარონ მომზადება მოსწავლეების უკეთ მხარდაჭერისთვის და სკოლებს უნდა მიექცეთ მეტი ყურადღება წარმატების მისაღწევად მოსწავლეების დასახმარებლად.“ – ვკითხულობთ რეკომენდაციებში.

სწავლების ხარისხის გაუმჯობესება კი შესაძლებელია პედაგოგთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერით მათი კარიერის მანძილზე, რისთისაც აუცილებელია, მასწავლებლებმა უფრო რეგულარული მხარდაჭერა მიიღონ განვითარებისთვის. რეკომენდაციებში ყურადღება მახვილდება ერთი გამოცდის მოდელისთვის მომზადების საჭიროებაზე, რომელშიც ერთი ტესტის საშუალებით მოხდება განათლების საშუალო საფეხურის დასრულების დადასტურება და მოსწავლეთა შერჩევა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასარიცხად.

ერთ-ერთი რეკომენდაცია საქართველოში რეგულარული შეფასების ისეთი სისტემის შექმნას ეხება, რომელიც მასწავლებლებს განმავითარებელ უკუკავშირს მიაწვდის, რაც დაკავშირებული იქნება მათი პროფესიული განვითარების შესაძლებლობებთან. სასკოლო განათლება კი, შეიძლება გაუმჯობესდეს ავტორიზაციის გეგმების განხორციელების გაგრძელებით, თუმცა პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ სკოლების მხარდაჭერას, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ასევე, უნდა შემუშავდეს და რეგულარულად განხორციელდეს სკოლის შეფასების ყოვლისმომცველი ჩარჩო, იმისათვის, რომ სისტემას მიეცეს სკოლების მონიტორინგისა და მათი შედეგების განმავითარებელ შედეგებთან დაკავშირების შესაძლებლობა.

***

ანგარიში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, UNICEF-სა და OECD-ის მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად შექმნილი პირველი ერთობლივი ნამუშევარია. მიმოხილვა ეყრდნობა OECD-ის შედარებით რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს საქართველოს ზოგადი განათლების, მათ შორის სასკოლო სისტემის საერთაშორისო პერსპექტივიდან შესაფასებლად და საქართველოს განათლების პოლიტიკისა და შედეგების რელევანტურია.

ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტები, დარგის მკვლევარები და განათლების სფეროში პოლიტიკის შემქმნელები 2018-2019 წლებში მუშაობდნენ სიტუაციის შეფასებასა და საქართველოში ზოგადი განათლების დარგში საჭირო ინიციატივებისა და საქმიანობების შესახებ რეკომენდაციების შემუშავებაზე.

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები