25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ტოკიოს ოლიმპიადა საფრთხის წინაშე

spot_img

ახალი კორონავირუსის გამო, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ტოკიოს 2020 წლის XXXII ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები, მინიმუმ, დათქმულ ვადებში არ ჩატარდება. ეგ კი არა, არც ისაა გამორიცხული, ბევრმა ქვეყანამ მონაწილეობაზე უარიც კი განაცხადოს. ამ მხრივ „პირველი მერცხალი“ კანადა აღმოჩნდა. „კარგად ვაცნობიერებთ ოლიმპიადის გადადებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, თუმცა ჩვენი სპორტსმენებისა და მსოფლიოს საზოგადოების ჯანმრთელობა-უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია“ – ერთობლივად განაცხადეს ამ ქვეყნის ოლიმპიურმა და პარალიმპურმა კომიტეტებმა და დასძინეს, რომ თუ თამაშები წლეულს ჩატარდება, ისინი სპორტსმენთა უსაფრთხოების მიზნით იაპონიაში დელეგაციას არ მიავლენენ.

„ნეკერჩხლის ფოთლებს“ მიმბაძველებიც მალევე გამოუჩნდნენ – პრაქტიკულად რამდენიმე საათში, იგივე განაცხადეს ავსტრალიამ და პოლონეთმაც. 23 მარტს, გვიან ღამით, მათ დიდი ბრიტანეთიც შეუერთდა. როგორც ამბობენ, იმავე აზრზე არიან ნორვეგიის, სერბეთისა და ხორვატიის ეოკ-ები და პარალიმპური კომიტეტებიც – მათგან სათანადო განაცხადებს უახლოეს საათებში ელოდებიან. ერთი სიტყვით, პროცესი დაიძრა და ჯაჭვური რეაქციაა მოსალოდნელი.

ამასობაში, რადიკალურად შეიცვალა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის,   „ტოკიო-2020“ საორგანიზაციო კომიტეტისა და თავად იაპონიის ხელისუფლების აზრიც. ასე მაგალითად, 17 მარტს სოკ-მა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ, მართალია, კორონავირუსის პანდემიის გამო, შეჩერებული ან გადავადებულია სალიცენზიო ტურნირების უმეტესობა, თუმცა თამაშების გადასატანად რადიკალური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა არ იყო. ამ განცხადებას, 20 მარტს, კვერი დაუკრა თავად სოკ-ის პრეზიდენტმა, თომას ბახმა, რომელმაც განაცხადა, რომ რთული ვითარების მიუხედავად, ოლიმპიადის დათქმულ ვადებში, ანუ 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, ჩატარებას ოპტიმისტურად უყურებდა, მაგრამ უკვე 23 მარტს მან სპორტსმენებს მიმართა და აღიარა, რომ თამაშების გადადების სცენარიც განიხილება: „ძვირფასო სპორტსმენებო, ამ უპრეცედენტო კრიზისში ყველანი ერთნი ვართ. ჩვენც თქვენსავით ვღელავთ იმის გამო, რაც კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ხდება მსოფლიოში. ჩვენი ორგანიზაციის უმთავრესი პრინციპია ასპარეზობათა ყველა მონაწილის ჯანმრთელობის დაცვა და ვირუსის გავრცელების შეკავებისთვის ხელშეწყობა.

დღეს, ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად, ზედმიწევნით ვაფასებთ მსოფლიოში ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას და მის გავლენას ოლიმპიურ თამაშებზე, მათ შორის – გადავადების სცენარს. გულმოდგინედ ვმუშაობთ და დარწმუნებული ვართ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესაძლო გადავადებასთან დაკავშირებით მუშაობას შემდგომ ოთხ კვირაში დავასრულებთ“.

პრაქტიკულად, ამ განცხადების პარალელურად, სოკ-ის აღმასრულებელმა საბჭომ, კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების გამო, ტელეკონფერენცია გამართა, რომლის ძირითადი საკითხიც თამაშების დაგეგმარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სცენარის განხილვა იყო, მათ შორის კი გადავადებაც განიხილებოდა.

საინტერესოა, რომ სოკ-ის დიდმოხელეთა ამ განცხადებებს წინ უსწრებდა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვები: 13 მარტს ის გამოვიდა წინადადებით, რომ შექმნილი ვითარების გამო ტოკიოს XXXII თამაშები ერთი წლით გადაიდოს. თავს უფრო მეტი დაკონკრეტების უფლება მისცა სოკ-ის ერთ-ერთმა გავლენიანმა წევრმა, კანადელმა დიკ პაუნდმა: „კორონავირუსის პანდემიის გამო, ზაფხულის ოლიმპიადა 2020 წლის ნაცვლად, სავარაუდოდ, 2021 წლისთვის ჩატარდება“ – თქვა მან USA Todais-თან ინტერვიუში.

შეიცვალა თავად იაპონელთა ტონიც. მაგალითად, 21 მარტს „ტოკიო-2020“ საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ტოსიაკი ენდო ამბობდა, რომ ისინი თამაშების დათქმულ ვადებში ჩასატარებლად ემზადებოდნენ, თუმცა დასძინა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება სოკ-მა უნდა მიიღოს. სამაგიეროდ, ორშაბათს, 23 მარტს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შინძო აბემ, იაპონიის პარლამენტში გამოსვლისას, პირდაპირ განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარება ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების დათქმულ ვადებში ჩატარების საშუალებას არ იძლევა. „ვფიქრობ, მსოფლიოში შექმნილი ვითარება ოლიმპიური თამაშების დროულად ჩატარების შესაძლებლობას არ იძლევა. თამაშების გამართვა თუ გართულდა, მაშინ მისი გადადება უნდა გადავწყვიტოთ, უმთავრესი ყურადღება ათლეტთა ჯანმრთელობას უნდა დაეთმოს” – განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას აბემ. მან იქვე დააფიქსირა იაპონიის ხელისუფლების გადაწყვეტილებაც, აცნობოს სოკ-ს თამაშების გადავადებაზე დათანხმება, თუ ისინი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ამასობაში გამოჩნდნენ კრიტიკოსები, რომლებმაც იაპონიის ხელისუფლება დაადანაშაულეს, რომ თითქოს ისინი ათლეტთა კეთილდღეობაზე არ ზრუნავენ. მათ „ტოკიო-2020″ საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, იოშირო მორიმ ასე უპასუხა: „ათლეტთა კეთილდღეობაზე რომ ვზრუნავთ, სწორედ ამიტომ განიხილება სხვადასხვა ვარიანტები. მათ შორის – ყველაზე მძიმეც, რადგან თუ არ არის სპორტსმენი, არ არის ოლიმპიური თამაშები“.

ამ განცხადებით მორიმაც პრაქტიკულად დაადასტურა, რომ თამაშების გადავადებაზე უკვე მსჯელობენ – აბა, სხვა რა შეიძლება იგულისხმებოდეს ყველაზე მძიმე ვარიანტში, თუ არა ეს. თუმცა ყველაზე სარწმუნო მაინც ზემოხსენებული დიკ პაუნდის სიტყვებია, რომელიც წონადი ფიგურაა სოკ-ში, როგორც თავის დროზე დოპინგთან ბრძოლაში თავგამოჩენილი. მან პირდაპირ თქვა, რომ USA Todais-თან ზემოხსენებულ ინტერვიუში სოკ-ის კულუარული ამბავიც გაამხილა და თქვა, რომ მისი ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, თამაშები 24 ივლისს არ გაიხსნას, თუმცა გადადებასთან დაკავშირებით ჯერ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი, რაზეც მსჯელობა გრძელდება, მათ შეჯერებამდე კი გადადების თაობაზე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ.

ისე კი, უახლოეს 3-4 კვირაში პანდემია რომც ჩაცხრეს, ტოკიოს ოლიმპიადის 24 ივლისს გახსნა მართლაც არარეალური ჩანს (თუ წლეულს მისი ჩატარებაც არა), რადგან სალიცენზიო ტურნირების ნახევარი ჯერ ისევ გასამართავია, ანუ ლიცენზიათა ნახევარს მფლობელი ეგრეც არა ჰყავს. თანაც, მარტო ლიცენზიაც ხომ არაა საქმე – სპორტსმენები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვერ ახერხებენ ვარჯიშს, ჩაშლილია საწვრთნელ-მოსამზადებელი პროცესი, მათ შორის კი ლიცენზირებული ათლეტებიც არიან.

P.S. 24 მარტს, დილიდანვე, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტოკიოს XXXII ოლიმპიადა საბოლოოდ გადაიდო. ამ ცნობას, სპორტული სამყაროს დიდმოხელეებთან ერთად, პოლიტიკოსებიც ადასტურებენ, თუმცა, ჯერ არც ოფიციალური განცხადება გაკეთებულა და არც ახალი თარიღებია დაზუსტებული.

ირაკლი თავაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები