20 აპრილი, შაბათი, 2024

ტექნოლოგია ძალიან კარგი რესურსია იმისთვის, რომ ეს პანდემია შევაჩეროთ

spot_img

 

ლუკა ჯაფარიძე, ლაიდენის უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი

მე ვარ ლუკა ჯაფარიძე, 19 წლის. ვსწავლობ ლაიდენის (ნიდერლანდები, ქალაქი ჰააგა) უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის პირველ კურსზე. ნიდერლანდებში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს დაფიქსირდა, კერძოდ ქალაქ ტილბურხში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. არც მთავრობა და არც მოსახლეობა ამას პანიკით არ შეხვედრია. თავიდან არანაირი ზომები არ მიუღიათ, რადგან ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხიანი და მოწესრიგებული ჯანდაცვის სისტემა აქვს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ კი გვითხრა, რომ თუ ოდნავ მაინც ვიგრძნობდით გრიპის სიმპტომებს (ტემპერატურა, ხველა, ცემინება, სურდო), არ გავსულიყავით ჩვენი ოთახიდან, სანამ არ გამოვჯანმრთელდებოდით. თუკი სიმპტომები გაუარესდებოდა, მხოლოდ მაშინ დაგვერეკა ჩვენი პირადი ექიმისთვის.

ნიდერლანდები პატარა და ძალიან მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძალიან განვითარებულია და ხალხი ხშირად გადაადგილდება ქალაქებს შორის, სწორედ ეს  აღმოჩნდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ძალიან სწრაფად მატების ხელშემწყობი. 12 მარტს, შუადღისას, ნიდერლანდების მთავრობამ 100-ზე მეტი ადამიანის შეხვედრის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. იმავე დღეს, საღამოს, გამოაცხადა, რომ ყველა უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო პროცესი შეწყვეტილიყო – დაუდგენელი ვადით. იმავე დღეს, ლაიდენის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესი გააუქმა 6 აპრილამდე და სტუდენტებს, სურვილისამებრ, სახლში დაბრუნების უფლება მოგვცა. რამდენიმე დღეში სტუდენტების უმეტესობმ დატოვა უნივერსიტეტი, მათ შორის – მეც. მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოში დავბრუნებულიყავი. 20 მარტს, ლაიდენის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გაგრძელება გამოაცხადა, სემესტრის ბოლომდე. ამჟამად, ნიდერლანდებში მკაცრი ზომებია მიღებული – დაუშვებელია 3 ადამიანზე მეტის ერთად გადაადგილება; აკრძალულია 1.5 მეტრზე ახლოს მიახლოება ადამიანებთან; პოლიციას უფლება აქვს, ჯარიმა გამოწეროს დარღვევის შემთხვევაში.

რაც შეეხება ჩემს საერთო საცხოვრებელს, 22-სართულიან საერთო საცხოვრებელში  400-ზე მეტი სტუდენტი ვცხოვრობთ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ აკრძალა სართულებს შორის გადაადგილება, ასევე, საერთო სივრცეებში თავშეყრა და სტუდენტებს მოუწოდებენ, რამდენადაც შეძლებენ, იყონ იზოლაციაში, შენობა  მხოლოდ გამოუვალი საჭიროების შემთხვევაში დატოვონ და არ მიიღონ სტუმრები. პირადად მე, ონლაინ სწავლებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და ვფიქრობ, ელექტრონული ტექნოლოგია ძალიან კარგი რესურსია იმისთვის, რომ ეს პანდემია შევაჩეროთ. ლაიდენის უნივერსიტეტში რვაკვირეულის ბოლო კვირა იყო, როცა სწავლა გაუქმდა, ამიტომ, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი სემინარი ჩაგვიტარდა ონლაინ რეჟიმში. ახლა გამოცდების კვირეული გვაქვს და უკვე ორი გამოცდა ჩავაბარე ონლაინ რეჟიმში. სამომავლოდ, ვფიქრობ, ონლაინ სწავლება გაამართლებს ჩემს უნივერსიტეტში, ბევრი მიზეზის გამო. პირველ რიგში, კვირაში გვაქვს 5 სემინარი და მხოლოდ ერთი ლექცია და ამ რაოდენობის ონლაინ სემინარის და ლექციის ჩატარება დიდ სირთულეებს უკავშირდება. ამასთანავე, აკადემიური პროცესის დიდი ნაწილი ისედაც ონლაინ რეჟიმში მიმდიონარეობდა – ვიყენებთ ონლაინ პლატფორმას Blackboard, სადაც ვიღებთ საგნების შესახებ ინფორმაციას და ინსტრუქციებს და ვტვირთავთ დავალებებს. საგნის საბოლოო ქულა რამდენიმე კრიტერიუმიდან გამოითვლება და აქედან, მხოლოდ ორი კრიტერიუმი – საბოლოო გამოცდა და სემინარში ჩართულობის ქულა – მოითხოვს ფიზიკურ ჩართულობას, რომელთა ჩანაცვლებაც იოლად მოხერხდა ონლაინ გამოცდითა და Blackboard-ზე დისკუსიის სექციის საშუალებით.

ჩემი საუნივერსიტეტო გამოცდილება თავისუფლად მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ლაიდენის უნივერსიტეტში (და ზოგადად, ნიდერლანდების ყველა უნივერსიტეტში) სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლა არ იქნება სტუდენტებისთვის არანაირი დაბრკოლება, მიზეზი მაღალი აკადემიური მოტივაციაა.

რაც შეეხება დასწრების აღრიცხვას, ლაიდენის უნივერსიტეტში უამრავი ეროვნების სტუდენტი სწავლობს, რომელთა უმეტესობა თავიანთ ქვეყნებში იმყოფება, და სემინარების ჩატარების ოპტიმალური დროის მოძებნა შეუძლებელია, ამიტომ ონლაინ სემინარებზე დასწრება არ იქნება სავალდებულო. ონლაინ რეჟიმში სწავლება ამ სემესტრის ბოლომდე (ივნისამდე) ჩატარდება და, ამ დროისთვის, ჯერ არ განიხილება, მომდევნო სემესტრშიც ამ რეჟიმში გაგრძელდება თუ არა სწავლა.  იმედია, აგვისტომდე მოხდება პანდემიის შეჩერება. ნიდერლანდებში შემთხვევები კვლავ იმატებს, მაგრამ იმაზე მცირე ტემპით, ვიდრე წინა კვირას, ამიტომ დიდი იმედი მაქვს მალე შეჩერდება კორონავირუსი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები