25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სტიგმატიზებული სექსუალური განათლების ბარიერები

spot_img

 

26 მარტს, პარლამენტში, „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ განხილვისას, ინიციატივის ავტორის, სოფო კილაძის განცხადებამ, რომ სკოლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მშობლის თანხმობით, ხოლო ოჯახის მოთხოვნის შემთხვევაში, სასულიერო პირებს უფლება ექნებათ, ჩაერთონ და მშობლებმა მათთან გაიარონ კონსულტაციები, ისედაც სტიგმატიზებულ სექსუალურ განათლებაში, რომელმაც, ვერც ერთი მცდელობისას, სწორი სახე ვერ მიიღო. კიდევ ერთი ახალი პრობლემა წარმოშვა – რამდენად მართებულია სქესობრივი აღზრდის საკითხების სწავლება სასულიერო პირის ჩართულობით, ან რატომ გადაწყვიტეს ამ კანონის ინიციატორებმა სასულიერო პირებისთვის „სექსუალური განათლების ექსპერტების“ სტატუსის შეთავსება?

სოფო კილაძე აცხადებს, რომ კანონპროექტი სრულ თავსებადობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან: „თუ რომელიმე მშობელს სურს, რომ მის შვილს ჰქონდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ეს შეუძლია, ოღონდ მან უნდა მისცეს თანხმობა. ვისაც არა აქვს ამის სურვილი, ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, მაშინ სხვა ფორმით უნდა მიიღოს ბავშვმა ეს განათლება. შეიძლება მშობელი იმ კონკრეტული გაკვეთილების შინაარსს არ ეთანხმებოდეს და ასე შემდეგ, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს.

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს, კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში, მართლმადიდებელ ეკლესიას და სხვა კონფესიებს, ვისაც მოითხოვს ოჯახი, მათ უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით“. –  საკანონმდებლო დონეზე საკითხის ასეთი სახით ფორმულირება კი, მისი აზრით, იმ გარკვეული ჯგუფების გადაჭარბებულ მცდარ წარმოდგენას გაფანტავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კოდექსი გმობს ტრადიციებს და გარყვნილებას აკანონებს. ამაყობს იმით, რომ: „კოდექსით საქართველოს   კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა „სამშობლო“ და ის, რომ ჩვენი ბავშვები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, კულტურული ტრადიციების და ფასეულობების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ. ჩვენ პირველად შემოგვაქვს საკანონმდებლო დონეზე ის, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ.

გადავწყვიტეთ, კანონპროექტში ჩაგვეწერა მუხლი, რომელიც აბსოლუტურად თავსებადობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან.“

ვისაც ამის სურვილი არ აქვს, ან ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, სოფო კილაძე სთავაზობს, რომ განათლება სხვა ფორმით მიიღონ.

ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარინა ჩიტაშვილი, სოციალურ ქსელში, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ კანონით საქართველოს პარლამენტი უცოდინრობას აკანონებს.

კანონშემოქმედთა აფექტური დეტერმინანტები – 27.03.2019

დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე, მაინც დავწერო კომენტარი ამ აბსურდზე, რომელიც რადგან ჩაიწერა კანონპროექტში, ეტყობა სულ რიხინ-რიხინით გაივლის მეორე და მესამე მოსმენებს და ფსევდო-პურიტანული მორალით თავსაფარში გამოხვეულ თვალდახრილ ქალებსა და საკუთარი ღირსებით აღვსილი კაცების მორიგ ქარტიად იქცევა.

 

ცოდნა ანუ სწავლა, გაგება, ახლის შემეცნება – კოგნიტური ანუ სააზროვნო პროცესია, რომელიც პირდაპირ ბმაში არ არის სიამოვნებასთან და ქცევაში გამოვლინებასთან.

კითხვა მე საიდან მოვედი – სამი წლის ასაკში – ნიშნავს კითხვას – ამ სამყაროს მე ვუყვარვარ თუ არა, რადგან მე პატარა გულივერი ვარ გოლიათების სამყაროში და ვშფოთავ, ქვემოდან გიყურებთ და ვკითხულობ, რამე ხომ არ მომივა? აქ საიდან გავჩნდი? მე არ მაინტერესებს რა კონკრეტული ქცევა განახორციელა ორმა ადამიანმა ჩემი ჩასახვისათვის. მე მათ სრულიად სხვა რამეს ვეკითხები, მე ეგზისტენციალური კითხვა მაწუხებს, აქ უსაფრთხოდ ვარ თუ არა? რატომ არ ვარ თქვენისთანა დიდი? რატომ დამყურებთ ზემოდან? პასუხი ჩემს კითხვაზე ძალიან მარტივია – შენ ჩვენი სიყვარულის შედეგად გაჩნდი და შენ ჩვენი სიხარული ხარ!!! და მე, პატარა გულივერი, მშვიდად ვაგრძელებ ცხოვრებას.

 7-8 წლის ასაკში მე ისევ დავსვამ ამ შეკითხვას, უკვე ცნობისმოყვარეობის, შემეცნების სურვილის გამო – ადამიანი როგორ ჩნდება – და რადგან სკოლაში უკვე მასწავლიან ბუნებას, რაღაცას ვხვდები, მაგრამ ბოლომდე ვერა და გეკითხებით მხოლოდ და მხოლოდ გაგებისთვის – რა მექანიზმებით მრავლდებიან ადამიანები. ასეთ დროს პასუხი მარტივია – ცოცხალი ორგანიზმების სამყარო, რომელთა ნაწილიც ჩვენ ვართ და ვეკუთვნით ხერხემლიანებს (შეგიძლიათ საკუთარი ზურგიც კი უჩვენოთ და ხერხემლის მალები დაათვლევინოთ) მრავლდება ორი სქესის, მდედრობითი და მამრობითი, შეუღლებით. მდედრობითი სქესი ატარებს კვერცხუჯრედს, მამრობითი სპერმატოზოიდს, ცალ-ცალკე ისინი ვერ წარმოშობენ თავის მსგავსს, ამისათვის სპერმატოზოიდმა უნდა შეაღწიოს კვერცხუჯრედში, გაანაყოფიეროს ის და მერე იწყება უკვე ჩანასახის განვითარება, რომელიც სხვადასხვა სახეობისათვის განსხვავებულ დროს იკავებს. პირველად ვითარდება… და აღარ დავწერ რა და როგორ ვითარდება, ამას წაიკითხავს, ვისაც აინტერესებს და მოუყვება შვილებს.

მე გავიგებ, როგორ ჩნდებიან ადამიანები და შემეცნებით ინტერესს დავიკმაყოფილებ.

 მე არაფერს არ შეგეკითხებით, როდესაც 14-16 წლისას შემიყვარდება ვინმე, ჩემი ორგანიზმი იფეთქებს და მე აღმოვაჩენ, რომ ან ქალი ვარ, და ან კაცი და მიზიდავს მეორე და ის, რაც მითხარით 7-8 წლის ასაკში (როგორ ვმრავლდებით), თურმე რა ქცევისკენ მიბიძგებს და ის, რაც მითხარით 3-4 წლის ასაკში, რომ გიყვარვართ ორს, თურმე რას ნიშნავს. მე არ მაინტერესებს თქვენი აზრი სიყვარულის რიტუალი როგორ უნდა შევასრულო, ამას მე თვითონვე მოვძებნი ინტერნეტით და წავიკითხავ, რომ ამის შესახებ 40 საუკუნის წინაც ზუსტად ისევე და იმდენი იცოდნენ, როგორც ჩვენ ვიცით დღეს. სიყვარულის ქცევის მექანიკა თურმე როგორი ძველი და ახალი ყოფილა ერთდროულად.

 თუ თქვენ 3-4 ან 7-8 წლის ასაკში მომიყვებით ქალისა და კაცის სქესობრივი ქცევის შესახებ, მე ვერაფერს ვერ გავიგებ, ვერ მივიღებ პასუხს ჩემს კითხვებზე და თქვენსავით გავუცხოვდები საკუთარი თავისაგან და მეგონება, რომ სექსი სირცხვილია, ცუდია და დასამალი. მერე, როდესაც მომწიფების პერიოდი დამიდგება – ხმას ვერ ამოვიღებ, ან თავდაყირა გადავეშვები რომელიმე მარგინალურ ჯგუფში, რადგან არ მეცოდინება რა ხდება ჩემს თავს.

და ეს ყველაფერი იმის ბრალი იქნება, რომ თქვენ, უფროსებმა, ერთმანეთში აურიეთ რამის ცოდნა, როგორც შემეცნებითი პროცესი, და კონკრეტული ქცევა, როგორც სიამოვნების მიღება.

 ამ კანონით საქართველოს პარლამენტი აკანონებს უცოდინრობას იმის შიშით, რომ სიამოვნების მიღება აკრძალულია და სირცხვილია მათი აზრით. და ასევე ხელს უწყობს ავტორიტეტის მიმართ (მშობლის ნებართვა და თხოვნა) მორჩილებას და აფერხებს ინდივიდუალიზაციის გზაზე საკუთარი თავის გაცნობიერებას და ემოციური ზრდასრულობის მიღწევას.

 ყოჩაღ! ზუსტად გაიზიარეთ დასავლური ქვეყნების გამოცდილება – ერთი მაგალითი მაინც მოიყვანეთ თქვენი არგუმენტისათვის. სად ნახეთ იგივე? მშობლის მიერ უარის თქმა რელიგიური მოსაზრებების გამო მიღებულია რიგ ქვეყნებში, მაგრამ ნებართვა, რომ გაკვეთილი ჩაუტარონ, ეს თქვენი მოგონილია. სხვაობასაც ვერ ხედავთ ამ ორ მიდგომას შორის და საყოველთაო პრაქტიკა გგონიათ.

ისიც არ გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტი არსებობს, თქვენი აკრძალვები არაფერს არ გააკეთებს და თავი დაანებეთ საკუთარი სექსუალური ფანტაზიების რეალობად გასაღებას.

 არ გამომაპაროთ როდის აკრძალავთ გარკვეულ სამეცნიერო მიმართულებებს ევოლუციის თეორიის ჩათვლით – ადამიანის ღვთიური წარმოშობის მოტივით – რომ საკუთარი მოკვდაობის და წარმავლობის შიშს გაუმკლავდეთ.

 ვინა ხართ? საიდან მოხვედით? სად ისწავლეთ? რა ისწავლეთ? ვინ გითხრათ, რომ ადამიანის ბედი თქვენი გადაწყვეტილებების ანაბარაა!!!

 დღეს შევეცადე ჩემი სტუდენტებისთვის ამეხსნა, რას ნიშნავს პროექცია ამ მაგალითზე. მადლობა ასეთი კარგი ქეისისათვის. მშვენივრად გაიგეს და დაიმახსოვრეს. ისიც ავუხსენი, რომ ნებისმიერი აკრძალვის მიუხედავად იდეა, აზრი არასდროს კვდება და მაგალითად: ქრისტიანობა დგას სამ იდეაზე – სიყვარულზე, თანასწორობასა და თავისუფლებაზე.

 ის რუსთაველი მაინც წაიკითხეთ, ყველაფერს რომ მისი სახელი დაარქვით, რომ თქვენგან სასაცილოდ აგდებული ღმერთი არ გაწირავს ადამიანს – „მაგრამ ღმერთი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა”.

***

რეალურად რა მდგომარეობაა ქვეყანაში სექსუალური განათლების კუთხით? ამაზე სრული წარმოდგენა რომ შეგვექმნას, გადავხედოთ სახალხო დამცველის მიერ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, მომზადებული ეროვნული კვლევის – რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობა და უფლებები – შედეგებს. კვლევაში, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია სექსუალურ განათლებაზე – „ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების ნაკლებობა საქართველოს ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში კრიტიკულ გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკისა და თავად განათლების სისტემისთვის“.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული პროგრესული ნაბიჯების მიუხედავად, სისტემური პრობლემები სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კუთხით ჯერ კიდევ არსებობს, რაც, თავის მხრივ, სერვისების ფინანსურ მისაწვდომობას, სოციალურ ბარიერებსა და ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება. ეს ყველაფერი კი, განსაკუთრებული სიმწვავით ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების უფლებრივ მდგომარეობაზე აისახება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჯანსაღი ცხოვრების წესის ინტეგრაციისთვის, ფორმალური განათლების სისტემაში, ორი ძირითადი საგანი გადაიხედა: „ბიოლოგია“ და „სამოქალაქო განათლება“. ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში (საბაზო საფეხური) ბიოლოგიის სწავლა-სწავლების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს მოსწავლის მიერ ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაანალიზება და მისი დაცვა. სამინისტროს ცნობით, მე-9 კლასში ისწავლება ნაადრევ ქორწინებასთან/ორსულობასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური რისკები. უფრო მეტად აქცენტირებული გახდა, ასევე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება. თუმცა, სასკოლო სივრცეში მხოლოდ რამდენიმე საკითხი – ნაადრევი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და სქესთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ასპექტები ისწავლება, რაც არასაკმარისია, რადგან ჩამოთვლილი ასპექტები კომპლექსური განათლების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გადაიხედა და დამტკიცდა დაწყებითი (I-VI კლასების) და საბაზო (VII-IX კლასების) საფეხურის სტანდარტები. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, რეპროდუქციული უფლებების და გენდერული თანასწორობის შესახებ ასაკის შესაბამისი ინფორმაცია ინტეგრირებულია საგნებში „ბუნება“ , „მე და საზოგადოება“ (დაწყებითი საფეხურის შემთხვევაში), „ბიოლოგია“ და „სამოქალაქო განათლება“ (საბაზო საფეხურის შემთხვევაში). სკოლის მოსწავლეების ასაკობრივი განვითარების გათვალისწინებით, სტანდარტებში ინტეგრირებულია შესაბამისი თემები გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად. დაწყებულია საშუალო საფეხურის (X-XII კლასების) ბიოლოგიისა და სამოქალაქო განათლების სტანდარტების რევიზია. თუმცა, ზემოაღნიშნული ვერ უზრუნველყოფს ფორმალურ/არაფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების გარკვეული კომპონენტების სწავლებას. „პრობლემურია იმ საკითხების სწავლების ხარისხიც და სიღრმე, რაც ოფიციალურად შედის სასწავლო გეგმაში. როგორც წინამდებარე მონიტორინგმა აჩვენა, სასწავლო პროცესი მრავალი კომპლექსური და ურთიერთგადაჯაჭვული ხარვეზებით ხასიათდება, რაც აბრკოლებს ცოდნის გადაცემას და მოზარდების ინფორმირებულობას.“ – ნათქვამია კვლევაში.

სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ შექმნილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის კონცეფცია და შესაბამისი სერვისი. „ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და დახმარების პროცესში პრობლემად რჩება, შესაბამისი უწყებების მხრიდან, სწრაფი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარება. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ დროულად ვერ ხდება სექსუალური ხასიათის ქმედებათა შედეგად დაზარალებულ ბავშვთა გამოვლენა, სათანადოდ ვერ ხორციელდება მსხვერპლი არასრულწლოვნების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია.“

 სკოლებში ჯერ კიდევ არსებობს პრაქტიკა, როცა მასწავლებელი ტოვებს პროგრამულად გათვალისწინებულ სავალდებულო საათებს და მოსწავლეებს სთხოვს, აღნიშნული გაკვეთილები სახლში წაიკითხონ ან მასწავლებელი ბიჭებსა და გოგონებს აღნიშნულ საკითხებზე ცალ-ცალკე ესაუბრება. ეს ყველაფერი კი იმით აიხსნება, რომ ადამიანის სექსუალობის შესახებ სწავლებაზე გავლენას ახდენს საზოგადოებაში არსებული სტიგმა და მასთან ასოცირებული ტაბუები – ჯერ კიდევ არსებობს ბიოლოგიის მასწავლებლების მხრიდან უხერხულობის განცდა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სქესობრივ აგებულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას. მასწავლებლების მსგავსად, მოსწავლეები მოუმზადებლები ხვდებიან ადამიანის სექსუალობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სქესობრივ აგებულებაზე ინფორმაციას, რაც მათი მხრიდან უხერხულობის განცდით გამოიხატება.

 „ადამიანის სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხების სწავლება მკაცრად ექვემდებარება მოქმედი სტანდარტით შემუშავებული სახელმძღვანელოს შინაარსს, რაც შინაარსობრივად ზღუდავს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს და არ აძლევს მათ საკითხში ჩაღრმავების შესაძლებლობას“ – ვკითხულობთ კვლევაში.

ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ მნიშვნელოვან დაბრკოლებებს წარმოშობს მასწავლებელთა დაბალი კომპეტენცია, სახელმძღვანელოების შინაარსობრივი შეზღუდულობა და, არსებული სტანდარტის ფარგლებში, განათლების მიწოდების არაპერმანენტული ხასიათი როგორც სწავლების პროცესში, ისე საკლასო განხილვების დროსაც. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შეთანხმება ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეებში ინკლუზიის საჭიროებაზე და როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები, ახალგაზრდები თუ ზრდასრულები ხაზგასმით აღნიშნავენ ამგვარი სწავლების აუცილებლობას სკოლებში და მის როლს მოზარდთა ცხოვრების ხარისხისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.

პრობლემის მასშტაბურობის მიუხედავად (რაშიც ყოველდღიურად ვრწმუნდებით), სახელმწიფო, საზოგადოებისა და განსაკუთრებით ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ფორმატში, არ ახორციელებს საინფორმაციო აქტივობებს, კამპანიებს; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არ ტარდება საგანმანათლებლო ღონისძიებები ბავშვებში ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოება ჯერ კიდევ სტიგმის ტვეობაშია და უხერხულობას განიცდის, როცა ვინმე საუბარს ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სქესობრივ აგებულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იწყებს, ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ არ ესმით, რომ არსებობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებები ან რას მოიაზრებს სექსუალური შევიწროების დეფინიცია. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანები, საზოგადოების მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი ხდებიან, რადგან როგორც კი რამე ფაქტი გახმაურდება არასრულწლოვათა სექსუალურ შევიწროებაზე, საზოგადოების ნაწილი ხელს დაზარალებულისკენ იშვერს და ამბობს, რომ ბავშვი იგონებს და ეს მისი ფანტაზიის ნაყოფია, ამ თემაზე საუბარს კი „გარყვნილებად“ მიიჩნევს. სად არის გამოსავალი? კანონმდებლები გამოსავალს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ჩანაწერით გვთავაზობენ, რომელიც სექსუალური განათლების მისაღებად მშობლის თანხმობასა და, ოჯახის მოთხოვნის შემთხვევაში, სასულიერო პირებთან კონსულტაციებს გულისხმობს. საინტერესოა, რა სახის კონსულტაციებს გაუწევენ სასულიერო პირები? ყველაზე საგულისხმო კი ის არის, რომ სასულიერო პირი ყველაზე ნაკლებად გამოდგება სექსუალური განათლების ექსპერტად, რაც, სავარაუდოდ, ამ საკითხის კიდევ უფრო მეტად სტიგმატიზებას გამოიწვევს და შედეგად კიდევ უფრო დამახინჯებულ ღირებულებებსა და მომავალს მივიღებთ.

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები