29 მარტი, პარასკევი, 2024

სკოლების გადავადებული ავტორიზაცია და ახალი სტანდარტი, რომელიც დიფერენცირებულ მიდგომებს ითვალისწინებს

spot_img

„ზოგადი განათლების კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საქართველოს კანონპროექტის თანახმად, სკოლების ავტორიზაციის პროცესი ახალი სტანდარტის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წლის ნაცვლად, 2026-2027 წლამდე დასრულდება. რა გახდა ავტორიზაციის მესამედ გადავადების მიზეზი და რა სიახლეები იგეგმება ამ მიმართულებით – ამ თემაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საჯარო სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია ზოგადი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმით, რაც სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო, ინფარსტრუქტურულად გამართული გარემოს შექმნას გულისხმობს. ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც მოიაზრებს როგორც სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე, სწავლა-სწავლების პროცესში ახალი, თანამედროვე მეთოდების დანერგვას. ამ ეტაპზე „ახალი სკოლის მოდელი“ 165 საჯარო სკოლაში ხორციელდება. 2020-2021 წლიდან პროექტი, საქართველოს მასშტაბით, ყველა სკოლას შეეხება და ზოგადი განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, ყველა სკოლის ინფრასტრუქტურული საჭიროებები დაკმაყოფილდება, ასევე სასწავლო პროცესში დაიგეგმება სწავლა-სწავლების ახალი მიდგომებიც. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ მოცემულობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია სკოლების ავტორიზაციის ვადების გადაწევა. „იმის გამო, რომ მოსწავლეებისთვის გვინდა უფრო მეტად ხარისხიანი ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, ჩვენი მიზანია, ისეთი სტანდარტი შევიმუშაოთ, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამისთვის კი გვჭირდება გარკვეული პერიოდი სკოლებთან მუშაობისთვის, მათი განვითარებისთვის, როგორც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ისე ადამიანური და მატერიალური რესურსის კუთხით. ინიცირების საბოლოო მიზანი კი მაღალი სტანდარტის საჯარო სკოლებია. თავის მხრივ, სამინისტრო სკოლებს ავტორიზაციისთვის ყველა რესურსით გააძლიერებს“ – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

რა აქცენტები კეთდება ახალ სტანდარტზე მუშაობისას და რა იქნება ის ძირითადი მოთხოვნები, რასაც სტანდარტი სკოლების წინაშე დააყენებს – ამის შესახებ პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახა ერაძე ვრცელ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ სტანდარტი, საბოლოო ჯამში, კარგ შედეგებს მოიტანს: „ახალ სტანდარტზე მუშაობა გასული წლიდან ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს, ევროკავშირის სპეციალური პროექტის ფარგლებში, სადაც გერმანელი და ესტონელი ექსპერტებიც არიან ჩართულები. ისინი პერიოდულად ჩამოდიან და მონაწილეობენ სტანდარტის ფორმირებისა და დახვეწის პროცესში. მათი შეფასებები, ზოგადად, ძალიან პოზიტიურია, თუმცა, ჯერჯერობით, სტანდარტები არ არის ისეთ კონდიციაში, რომ გავაზიაროთ ან ფართო დისკუსიის საგნად ვაქციოთ. როგორც კი იქნება, აუცილებლად ყველა დაინტერესებულ მხარეს ჩავრთავთ. ჩვენი მიდგომაა, რომ, სტანდარტების დამტკიცებამდე, ქვეყანაში არ უნდა დარჩეს ადამიანი, ვისაც სურდა აზრის გამოთქმა და ვერ გამოთქვა, ეს იქნება ძალიან ღია და გამჭვირვალე პროცესი. კონკრეტულ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა, წინასწარ ვიცით, რომ სტანდარტები საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას (გერმანული და ესტონური) დაეფუძნება და მეტ აქცენტს გააკეთებს არა ფიზიკურ გარემოზე (ფიზიკურ გარემოზე ახლანდელი სტანდარტიც აკეთებს აქცენტებს), არამედ თვითონ სასწავლო გარემოზე, კურიკულუმის შინაარსზე, მოსწავლის სერვისებზე, მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებაზე – უფრო შინაარსობრივ საკითხებზე, ვიდრე შენობის ან მერხის არსებობა-არარსებობის საკითხებზე. საკმაოდ კონცეპტუალურ ხედვებზე ვმუშობთ, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლის არსებული სტანდარტის სტრუქტურას, რადგან გვინდა, სტანდარტები ბევრად ორიენტირებული გახდეს საბაზო, საშუალო და ზოგადი განათლების პროგრამებზე, მის შინაარსზე. ბუნებრივიცაა, რადგან ეროვნული სასწავლო გეგმები ბევრად უფრო ლიბერალური ხდება, მეტი თავისუფლების ხარისხს აძლევს სკოლას – სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, რა გზას აირჩევს. ამიტომაც ის ექსპერტული გარე შეფასების მნიშვნელოვანი ობიექტი გახდება.“

ითვალისწინებს თუ არა ახალი სტანდარტი დიფერენცირებულ მიდგომებს? პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ამ პროცესს გარდაუვლად მიიჩნევს და ამბობს, რომ:

„ამას ვერ ავცდებით, იმიტომ რომ სწორედ დღევანდელი არადიფერენცირებული მიდგომის ერთ-ერთი შედეგია, რომ საჯარო სკოლების ავტორიზაცია უკვე მესამედ გადაიდო. ავტორიზაციის პროცესში დიფერენცირებული მიდგომა მოგვიწევს სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, გნებავთ როტაციის, გნებავთ მოსწავლეთა რაოდენობის, თუნდაც, პროგრამების ან სწავლების ენის მიხედვით, რამაც იდეაში ძალიან დადებითი პროცესი უნდა გამოიწვიოს. შედეგად უნდა გაჩნდეს სკოლის განსხვავებული კლასტერები. მაგალითად, გაჩნდეს მხოლოდ საბაზო, დაწყებითი სკოლები ან სკოლები, რომლებიც სამივე საფეხურს დაფარავენ.“

რაც შეეხება ვადებს, კახა ერაძის ვარაუდით, მიმდინარე წელს დასრულდება სტანდარტებსა და მიდგომებზე მუშაობა. ავტორიზაციის ახალი წესი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებაშიც ამოქმედდება. „საჯარო სკოლებს კანონი ჩათვლის ავტორიზებულად, მაგრამ ჩვენ, ხარისხის ცენტრი, დავიწყებთ საჯარო სკლებთან განმავითარებელ ღონისძიებებს. 2026 წელს არ ველოდებით, მანამდე უამრავი სამუშაო გვაქვს, იმიტომ, რომ ავტორიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ უფლების მოპოვებას, არამედ გულისხმობს ხარისხის განვითარებას. მართალია, უფლებას კანონი განსაზღვრავს, მაგრამ ამ უფლების მოპოვებამდე საჯარო სკოლები ვერ ასცდებიან იმ განმავითარებელ ღონისძიებებს, რასაც ხარისხის ცენტრი, ზოგადად, სისტემას სთავაზობს.“

კახა ერაძე ამბობს, რომ წლის ბოლოსთვის ახალი სტანდარტი დასამტკიცებლად შეთანხმებული უნდა იყოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. რაც შეეხება კერძო სკოლებს, მისივე განმარტებით, „წესი შეეხება კერძო სკოლებსაც, რადგანაც კერძო და საჯარო სკოლის ატესტატი უფლებრივად განსხვავებული არ არის, ბუნებრივია, მოთხოვნებიც ერთნაირი უნდა იყოს“ . სპეცსკოლების ავტორიზაცია კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მიდგომის თემა გახდეს.

დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რამდენად დაძლევადი იქნება სკოლებისთვის ახალი სტანდარტით ავტორიზაციის გავლა, 63-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მონიავა ამბობს, რომ: „პირადად, ჩემს სკოლაში ინფრასტრუქტურა რომ მზად მქონდეს, თავისუფლად დავძლევ, მაგრამ ინფრასტრუქტურა ნამდვილად არ აკმაყოფილებს, თუნდაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების მოთხოვნებს. რასაკვირველია, ამ მიმართულებითაც, სკოლას გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება – ჯერ ერთი, სკოლამ უნდა თქვას, რა პრობლემა აქვს (ვინმემ რომ გიმკურნალოს, ჯერ უნდა თქვა რა გტკივა), შემდეგ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, ამ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის სააგენტო, რომ სკოლებში ინფრასტრუქტურული პრობლემები მოაგვაროს. თუმცა, ყველგან ერთდროულად ვერც ასეთი პრობლემები გადაწყდება იმიტომ, რომ სააგენტოს განსაზღვრული აქვს პრიორიტეტები. მაგალითად, თუ რომელიმე სკოლას ჭერი ჩამოენგრევა ან სახურავი აქვს შესაკეთებელი, ბუნებრივია, პირველ რიგში, ასეთ სკოლას მიხედავს და არა იმ სკოლას, რომელსაც დაზიანებული კედლის შეკეთება სჭირდება. მაგრამ რეალურად, ამ მიმართულებით, ყველა სკოლა თანაბრად უნდა უზრუნველყონ და აღჭურვონ შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

ზოგადად, სტანდარტის მიზანი არის ის, რომ სკოლა ბავშვისთვის უსაფრთხო იყოს და მის განვითარებაზე ორიენტირებული. სამწუხაროდ, დღეს ეს ყველა სკოლაში ერთნაირად არ და ვერ არის უზრუნველყოფილი. გვაქვს სკოლები, სადაც ინფრასტრუქტურა არ არის მზად, მაგალითად, ბევრი სკოლის შენობა ძველია და იქ, ელემენტარულად, პანდუსებიც კი არ არსებობს, თუნდაც, იმ მიზეზის გამო, რომ თვითონ შენობაა ისეთი, სადაც პანდუსი ვერ კეთდება. ამიტომ, თუკი სკოლებს ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად ვადები მიეცემათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 სტანდარტში ძირითადი მიმართულებები სწორედ სკოლის ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსი და მართვაა – როგორ მართავს ფინანსებს ან როგორ აქვს დაგეგმილი ეროვნული სასწავლო გეგმა და ა.შ. აქ ყველაზე კარგი ის არის, რომ ორიენტირები, ძირითადად, ხარისხზე გადადის. ამიტომ არის თვითშეფასების ნაწილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. მთავარია, ამ შეფასებისას მენეჯერი იყოს გულწრფელი და შეეძლოს იმ პრობლემების აღიარება, რაც მის სკოლაში რეალურად არსებობს.

 როგორც ცნობილია, ავტორიზაციის პროცესი 2020-2021 წლიდან დაიწყება, თუმცა, წარმოუდგენელია, ამ პერიოდში, ყველა სკოლამ ერთდროულად გაიაროს.

ძველი სტანდარტი, თავისთავად, ხელმისაწვდომია და ჩვენ ვალდებულება გვაქვს, დღესაც ამ სტანდარტით ვიხელმძღვანელოთ. აქედან გამომდინარე, სტანდარტზე საუბარი სკოლებისთვის სიახლე არ იქნება, უბრალოდ, ახალი სტანდარტები იქნება განახლებული მოთხოვნებით და აქცენტებით. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი, შესაბამისად, ბევრი ახალი მოთხოვნა და გამოწვევაა ჩვენ წინაშე, თუკი სტანდარტი არ განახლდა, ამ ახალ მოთხოვნებს სკოლა ვერ დააკმაყოფილებს. ამის გარეშე წარმოუდგენელია, თუნდაც, იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა გვიყენებს.

ვის შეეხება ახალი სტანდარტით ავტორიზაციის პროცესი და ძალაში რჩება თუ არა ძველი სტანდარტით მინიჭებული ავტორიზაცია? კახა ერაძე აცხადებს, რომ ახალი სტანდარტით ავტორიზაცია დაიწყება მათთვის, ვისაც ამ პერიოდში რეავტორიზაცია მოუწევს, ხოლო მათ, ვისაც ავტორიზაცია მიღებული აქვს (მოგეხსენებათ, ავტორიზაცია 6-წლიანია), ვადის გასვლამდე ხელახალი ავტორიზაცია არ მოუწევთ. იმ სკოლებს კი, რომლებსაც წელს არ ეწურებათ ავტორიზაციის ვადა, მიეცემათ გარდამავალი პერიოდი იმისთვის, რომ შესაბამისობაში მოვიდნენ ახალ სტანდარტებთან. სკოლების ნაწილს კი, ვისაც ახალი სტანდარტის ძალაში შესვლამდე შეუწყდებათ ავტორიზაცია, ისევ ძველი, მოქმედი სტანდარტით მოუწევთ ავტორიზაციის გავლა.

ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები