24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ ახალი გამოწვევებით

spot_img

? ? დადგა იმედიანი 2020 წელი, სიხარულის, წინსვლისა და წარმატების, მრავალი იდეების განხორციელების, მოტივაციის წელი თითოეული ადამიანისათვის. ცხოვრების აჩქარებული ტემპის ფონზე სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ წლის ბოლომდე შესასრულებელ გეგმებს აწყობდა ლამაზ თაროებზე, რომლებიც ბავშვების სიყვარულით იყო შთაგონებული და უცებ, მსოფლიოს წინაშე, ახალმა გამოწვევამ იჩინა თავი… გამოწვევა, რომელმაც თან მოიყოლა შიში, ცრემლები, უიმედობა… გამოწვევა, რომელმაც მკაცრად  და ცივად მიხურა ყველა დარაბა, კარები, თაროებზე სათუთად შემოწყობილი გეგმები გაურკვეველი დროით გადაავადა… ერთმანეთის თვალებში გაურკვევლობა და შიში ამოგვაკითხა… სევდიანად შეგვახედა წინა დღით სასკოლო ცხოვრებით მჩქეფარე საკლასო ოთახებში.

ყველაზე მეტად უმძიმდა საკუთარი სკოლის კედლების ცარიელი დანახვა სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნაზი ნადირაძეს, რომელმაც როგორც ყოველთვის, ისევ ღირსეულად წარმოაჩინა თავი პედაგოგების წინაშე. მეგობრული, თბილი, ღიმილიანი, იმედიანი შეხვედრით დაგვისახა მომავლის გეგმები. შექმნილ ვითარებაში კარგად გამოჩნდა გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი მიდგომისა და სწრაფი რეაგირების მნიშვნელობა. გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენი სკოლის მთავარი მოტივაციის წყარო ჩვენი აღსაზრდელები იყვნენ – კრიზისის მიუხედავად, თითოეული პედაგოგი საერთო იდეით ხელმძღვანელობდა, რომ მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების მიღება ყოფილიყო შესაძლებელი… შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და სწრაფადვე ჩავრთეთ თითოეული მოსწავლე და მშობელი ახალი გამოწვევის ფერხულში, გავაცანით დისტანციური სწავლების დეტალები, შევასწავლეთ classroom-სა და zoom-ში მუშაობა. თითოეული პედაგოგი ცდილობდა, ჯერ თავად შეესწავლა სიახლე და შემდეგ ღირსეული ონლაინ გაკვეთილი შეეთავაზებინა მოსწავლეებისათვის. ნელა-ნელა ამ სირთულეებმა უკვე სასიამოვნო შემეცნებითი ფუნქცია შეითავსა და ამ ფონზე გამოჩნდა ახალი ტელეპროექტი „ტელესკოლა“, რომელიც განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით შეიქმნა, ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. ტელეგაკვეთილები მოიცავს I-XII კლასების ყველა აუცილებელ საგანს და სხვადასხვა აქტივობებს. გათვალისწინებულია მშობელთა ჩართულობაც, მათთვის რეკომენდაციების, მიდგომებისა და რჩევების მიცემა, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე. „ტელესკოლამ“ როგორც სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ აღსაზრდელების, ასევე მათი მშობლების პოზიტიური გამოხმაურება მოიპოვა.

როგორც მედალს აქვს ორი მხარე, ასევე ამ ტკივილიანმა გამოწვევამ ჰპოვა პოზიტიური მხარე და გაგრძელება. დააახლოვა მშობელი ბავშვს. გამოიკვეთა მასწავლებლის ფუნქციები, მნიშვნელობა. სახელმწიფოებრივი მზაობა ერთ გუნდად დგომისა განათლების კვალდაკვალ, რამაც ღირსეული აღიარება მოგვაპოვებინა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ჩარჩო დოკუმენტით, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, განათლების მიმართულებით, საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში.

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ (ქ. თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი), დირექტორ ნაზი ნადირაძის, თითოეული პედაგოგის, სკოლის ფსიქოლოგის, აღსაზრდელებისა და მათი მშობლების სახელით, მადლობას უცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, მოადგილეს ზოგადი განათლების დარგში – ეკატერინე დგებუაძეს,საქართველოს მთავრობის მეთაურს, ბატონ გიორგი გახარიას, სამინისტროებს და უწყების ყველა ხელმძღვანელს, რომლებმაც ოპერატიულად გაართვეს თავი პანდემიისგან გამოწვეულ გლობალურ კრიზისს. დიდი მადლობა პირველი არხის ხელმძღვანელობას და პირადად ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს, როგორც პირველი არხის ხელმძღვანელს და ასევე როგორც „ტელესკოლის“ ერთ-ერთ საუკეთესო მასწავლებელს. პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს, „ტელესკოლის“ პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, ფსიქოლოგებს, გაწეული დაუღალავი შრომისათვის. ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ბერიკა შუკაკიძესა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის რესურსცენტრს, ოპერატიულად ინფორმაციულ-საგანმანათლებლო წყაროების მოწოდებისათვის და დისტანციური საგაკვეთილო პროცესების გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლებისათვის.

ლიკა ლაგვილავა

დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში

?? სკოლა-ლიცეუმ „ცოდნასთან“ ჩემი პირველი შეხება 2016 წელს შედგა. მე, პოლიციელს, პედაგოგის რანგში მხვდა წილად, რამდენიმე შემეცნებითი გაკვეთილი ჩამეტარებინა მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის და მესაუბრა სამართლებრივი კულტურისა და ცალკეული სამართალდარღვევების შესახებ. სკოლა ძალიან მომეწონა. მყუდრო, მშვიდი და ოჯახური გარემო სუფევდა. სკოლაში რამდენჯერმე მისვლის შემდეგ უკვე ვიცოდი, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ თითოეული ბავშვის აღზრდა-განვითარებას, როგორი ერთსულოვნება და უსაზღვრო სიყვარული სუფევდა. 2019 წელს კი, როდესაც ჩემს ქალიშვილს სკოლის ასაკი შეუსრულდა, სხვა სკოლაზე არც მიფიქრია. მაშინვე სკოლა-ლიცეუმ „ცოდნასკენ“ გავეშურე და შევხვდი დირექტორს, ქალბატონ ნაზი ნადირაძეს. ჩვენ მიგვიწვიეს ღია კარის დღეზე და აი, დადგა ნანატრი სექტემბერიც. ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. მაგრამ, მაინც, დედის გული ხომ იცით, სულ მეფიქრებოდა – ნეტავ რას შვება ჩემი გოგო, როგორ უმკლავდება სკოლაში პირველ ნაბიჯებს?!

2020 წელი კი უჩვეულოდ დაიწყო არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. საშინელი სენი მოერია მთელ დედამიწას, რომელმაც თან მოიყოლა შიში, ცრემლები, უიმედობა… ყველაფერი გაჩერდა… სკოლებიდან ბავშვები დაითხოვეს და არ ვიცოდით რა იქნებოდა მომავალში, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, ჩვენს სკოლას დიდი ხანი არ დასჭირდა ახალი გეგმების განსახორციელებლად. სკოლამ თითოეულ მშობელს და მოსწავლეს გაგვაცნო დისტანციური სწავლების დეტალები, აგვიხსნეს, როგორ უნდა მოვქცეულიყავით და ნელა-ნელა ამ სირთულეებმა უკვე სასიამოვნო, შემეცნებითი ფუნქცია შეითავსა. ამ ტკივილიანმა გამოწვევამ ჰპოვა პოზიტიური მხარე და გაგრძელება. ჩვენ, მშობლები და ბავშვები, დაგვაახლოვა ერთმანეთს. ჩვენს შვილებს ჩვენთან ურთიერთობის დეფიციტი შეუვსო. მე პროფესიით პოლიციელი ვარ და ვერასდროს ვახერხებდი, შვილთან ამდენი დრო გამეტარებინა , მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სამუშაო გრაფიკი არ შეცვლილა და მე ისევ ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდი მუშაობას, ჩემთვისაც ახალი გამოწვევა იყო, გამომენახა დრო შვილთან ურთიერთობისთვის, რაც ყოველთვის გვაკლდა. ამ რთულმა სიტუაციამ დაგვანახა, რამხელა ადგილი უკავია სკოლას და თითოეულ პედაგოგს მოზარდის აღზრდასა და სწორ განვითარებაში. თქვენ ხართ ჩვენი და ჩვენი შვილების დიდი იმედი. ყოველ ჩართვაზე ისეთი გარემო იქმნება, ბავშვები ვერც კი ხვდებიან, სკოლაში კი არა, სახლში რომ არიან. არ დავიღლები თქვენდამი მადლიერების გამოხატვით. ჩემმა შვილმა რაც იცის, რასაც სწავლობს და კიდევ ბევრს ისწავლის – თქვენი დამსახურებაა. უღრმესი მადლობა ჩვენს სკოლას, დირექტორს, ქალბატონ ნაზი ნადირაძეს ყველაფრისთვის. მიყვარხართ და მეიმედებით. უფლის წყალობა და მფარველობა არ მოგკლებოდეთ. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც ჩემი შვილი სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ აღსაზრდელი გახდა.

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ პედაგოგების, სკოლის ფსიქოლოგის თავდაუზოგავი შრომა შეავსო და გაამრავალფეროვნა ახალმა პროექტმა – „ტელესკოლამ“. მადლობა ამ თავდაუზოგავი შრომისთვის, ყოველი დეტალის გათვალისწინებისთვის, მშობლების გამხნევებისა და რეკომენდაციებისთვის, პოზიტიურად ჩატარებული გაკვეთილებისთვის, რომელიც ყველა აუცილებელ საგანს მოიცავს. ჩვენ, მშობლები, დიდი სიამოვნებით ვადევნებთ თვალს ყოველ გაკვეთილს. მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს. პირველი არხის ხელმძღვანელობას, ყველას, ვინც ჩართულია პროექტ „ტელესკოლაში“.

ნინო ვარდანაშვილი

თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მშობელთა საზოგადოების წარმომადგენელი

?? 2020 წლის შემობრძანებისა და ზამთრის არდადეგების შემდეგ, დიდი მონდომებითა და ემოციებით ელოდებოდნენ ბავშვები სასწავლო წლის განახლებას, მასწავლებლებთან და მეგობრებთან შეხვედრას. მართალია, მათ ეს ნატვრა მალე აუსრულდათ და აქტიურად ჩაერთვნენ სწავლის პროცესში, მაგრამ მალევე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოვიდა ე.წ. „უხილავი მტერი“, რამაც სრულიად შეცვალა არა მარტო ბავშვების ცხოვრების წესი, არამედ შეიცვალა სამყარო, დაცარიელდა ქუჩები, საზოგადოება მოიცვა შიშმა, საჭირო და აუცილებელი გახდა იზოლაციაში ყოფნა, რადგან თავი დაგვეცვა ამ საფრთხისაგან.

სწორედ ამ დროს, სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დირექტორის, ქალბატონ ნაზი ნადირაძის, პედაგოგებისა და სკოლის ფსიქოლოგის გუნდური მუშაობის შედეგი იყო, რომ მშობლები და ბავშვები ჩაგვრთეს ახალ გამოწვევაში, გავეცანით დისტანციური სწავლების დეტალებს, შევისწავლეთ classroom-სა და zoom-ში მუშაობა და ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ ონლაინ გაკვეთილებში. ამ ფაქტმა თითოეული ჩვენგანი ძალიან დაგვაახლოვა ჩვენს შვილებთან, დავინახეთ მასწავლებლების როლი ბავშვების სწავლა-განვითარებაში, რომლებიც სითბოს და სიყვარულს არ იშურებენ ჩვენი შვილების მიმართ, იხარჯებიან განუსაზღვრელი დროით, რათა მიიღონ მაქსიმალური შედეგი.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, მის გუნდთან ერთად და პირველი არხის ხელმძღვანელობას, პროექტში ჩართულ მასწავლებლებს, ფსიქოლოგებს, რომლებმაც ბავშვებს შეუქმნეს გადაცემა „ტელესკოლა“, სადაც გაკვეთილები მოიცავს ყველა კლასის აუცილებელ საგანს. გათვალისწინებულია ჩვენი, როგორც მშობლების, ჩართულობაც. ვიღებთ აუცილებელ რჩევებს, რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავუმკლავდეთ არსებულ სირთულეებს.

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გაკვეთილებს წარმატებით გავართვით თავი როგორც პედაგოგებმა, ასევე ბავშვებმა და მშობლებმა, მინდა ვუსურვო ყველას, რომ მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ წესს და ბავშვების ჟრიამულმა მოიცვას სკოლის კედლები.

ნინო კრიალაშვილი

თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მშობელთა საზოგადოების წარმომადგენელი

?? არ შეიძლება, სათანადოდ არ შევაფასოთ , სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ დიდი ღვაწლი და შემართება დისტანციური სწავლების მხრივ. მე, როგორც მშობელი, თვალს ვადევნებ ამ მიმდინარეობას და თავს ვხრი ყველა იმ პედაგოგის წინაშე, ვინც თავს არ ზოგავს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვებამდე მიიტანოს სასწავლო პროგრამა. ეს არის აღუნუსხავი ღვაწლი და მე ვუწოდებ ამ პედაგოგებს გმირებს. რამდენად კარგ შედეგს დადებს დისტანციური სწავლება, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ თქვენ აკეთებთ მაქსიმუმს. გმადლობთ ყოველივესათვის, გაგმართლებოდეთ. მშვიდობა მოგვცეს ღმერთმა და არ დაგჭირვებოდეთ ასე დისტანციურად ყოფნა ჩვენს შვილებთან, რადგან თქვენთან ახლოს ყოფნა და თქვენი დადებითი ენერგია სხვაგვარად ავსებს ჩვენს შვილებს.

ლალი ფრუიძე

თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მშობელთა საზოგადოების წარმომადგენელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები