24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

საუკეთესო ათეული – მათი საქმიანობა ერთი კლასით და ერთი სკოლით არ უნდა შემოიფარგლებოდეს

spot_img

ლალი ჯელაძე 

როცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი პირველად გამოცხადდა, იმ დღიდან აქტიურად ვადევნებ თვალს საზოგადოების დამოკიდებულებას და ჩართულობას პროცესებში. ამას განსაკუთრებულად ვუსვამ ხაზს, რადგან ყოველწლიურად ვრწმუნდები, რომ კონკურსი არა მხოლოდ ერთი პროფესიის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ყურადღების ქვეშ მოექცა, არამედ გასცდა პედაგოგთა თვალსაწიერს და მთელი საზოგადოების კონკურსად გადაიქცა. დღეს მათ გულშემატკივართა შორის მეგულება ბევრი ექიმი, ბანკირი, მეეზოვე თუ რიგითი მოქალაქე, რომელთაც ამ პროფესიის ადამიანებისადმი განსაკუთრებული მოწიწება გაუჩნდათ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმ აღიარებამ მოიტანა, რომელიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ჯილდოს ინიციატორებმა საზოგადოებაში შემოიტანეს – არა მხოლოდ საზოგადოებას, გარკვეულწილად, სახელმწიფოსაც უბიძგა დააფასონ პროფესია, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია მის მოქალაქეობრივად ფორმირებაში.

გლობალური ჯილდოს გარდა არც კი მახსენდება კონკურსი (თუ არ ჩავთვლით ცეკვა-სიმღერების წარმატებულ კონკურსებს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ესთეტიკური სიამოვნების მომნიჭებელია გარკვეული ნაწილისთვის), რომელსაც ასეთი მასშტაბური მხარდაჭერა და გულწრფელი აღფრთოვანება მოჰყოლოდა საზოგადოებისგან. მთელი კვირა, სოციალურ ქსელებსა და მედიასაშუალებებში, ნომერ პირველ ინფორმაციად იქცა ქართული დროშის ფრიალით გამოჩენილი ყაბალახშემოხვეული გურული მასწავლებლის ამბავი, რომელმაც მსოფლიოს ქართველი მასწავლებლის სახე გააცნო. სადაც არ უნდა მოხვედრილიყავი ლადო აფხაზავას ამბებს განიხილავდნენ – რა ქნა ქართველმა მასწავლებელმა?

რა ქნა ქართველმა მასწავლებელმა? პირველ რიგში, მან ეროვნული ჯილდოს მონაწილე დანარჩენ მასწავლებლეთან ერთად, საზოგადოებას აჩვენა, როგორი წარმატებული შეიძლება იყო ადამიანი თუნდაც ისეთ პროფესიაში, რომელიც ნაკლებად მიმზიდველი ანაზღაურების საფასურად, ქვეყნის მომავალს ზრდის, მით უფრო, როცა ამას თან ერთვის „არაპოპულარობა“, „არამოდურობა“, მათ შორის ახალგაზრდებში. ძალიან მიხარია, რომ ეს მითი ნელ-ნელა იმსხვრევა, რაშიც უდაოდ დიდი წვლილი ეროვნულ ჯილდოს მიუძღვის.

წელს მესამედ დასახელდა ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული. კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ გულწრფელად გვითხრა, რომ თავიდან შიშიც კი ჰქონდათ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, კონკურსისადმი ინტერესი განელდებოდა. საბედნიეროდ, ეს ეჭვი არ გამართლდა. მეტიც, კონკურსი უფრო და უფრო პოპულარული ხდება და პოპულარობასთან ერთად მაღალ ხარისხს ინარჩუნებს, რაც ეროვნული ჯილდოსთვის გადამწყვეტი ფაქტორია. „ერთია, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა, მაგრამ უმთავრესია ხარისხი, რაც, რეალურად გაზრდილია. ჟიურის დიდხანს ფიქრი და შრომატევადი საქმის გაწევა მოუხდა საუკეთესო ათეულის გამოსავლენად, – ამბობს გიორგი, – ტექნიკური გადარჩევის შემდეგ, 76 აპლიკანტს შორის შეირჩა ძალიან საინტერესო ათეული – 8 ქალი და 2 მამაკაცი. წელს პირველად, ათეულთა შორის, აჭარის რეგიონიდან 2 მასწავლებელია. ძალიან გახარებულები ვიყავით, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ჯილდომ აქტუალობა არ დაკარგა და მასში მონაწილეობის სურვილი მართლაც გამორჩეულმა მასწავლებლებმა გამოთქვეს. წელს ჩართულობაც მეტია, მხარდამჭერებიც და გამოხმაურებებიც. პირველ წელს, მეტწილად, განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანები აქტიურობდნენ, მეორე წელს საზოგადოებაც ჩაერთო, მესამე წელს კი ძალიან დიდი გამოხმაურება გვაქვს. საზოგადოების მხრიდან, იმის დაკვეთა, რომ ვაღიაროთ ამ პროფესიაში მოღვაწე ადამიანები, საუკეთო შედეგია ჯილდოს მიზნის მისაღწევად. დღეს უკვე ათეულის წევრები ამბობენ, რომ დამატებით მუხტად და ბიძგად იქცა კერძო ადამიანებისა თუ ორგანიზაციების მხრიდან მათი კონკურსში წარდგენა. 

საზოგადოების კიდევ უფრო მეტად ჩართულობის მიზნით წელს შემოგვაქვს სიახლე საზოგადოებრივი შემოწირულობის სახით. თითოეულ მსურველს მივცემთ შესაძლებლობას, ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზების კამპანიაში და საპრიზო ფონდში ჩარიცხოს თანხა. პირველივე წლიდან ვამბობდით, რომ ეს კონკურსი საზოგადოებრივი ინიციატივაა და არა რომელიმე კერძო სტრუქტურის კუთვნილება, ეს საზოგადოებრივი ჯილდოა, ამიტომაც გადავწყვიტეთ, საპრიზო თანხაც გავხადოთ საზოგადოებრივი.“

და მაინც, რამ განაპირობა ჯილდოს წარმატება? გიორგი ჭანტურია ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ნდობას ასახელებს, რომელიც მასწავლებლებს აქვთ როგორც ორგანიზატორების, ისე ჟიურის მიმართ: „ამ კითხვაზე მასწავლებლები გვპასუხობენ, რომ ძალიან ღია და გამჭვირვალე კონკურსია. ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ვინ აფასებს მათ, ჟიურის წევრები კი, მართლაც აღიარებული და კომპეტენტური ადამიანები არიან. ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ მაღალმა ნდობამ ბევრად განაპირობა ჯილდოს წარმატება. კონკურსანტების შერჩევისას გამოჩენილი განსაკუთრებული სიფრთხილეც ამას უკავშირდება, არ გვინდა მოპოვებულმა მაღალმა ნდობამ ერთი ნიშნულითაც რომ დაიწიოს, შერჩეული საუკეთესო ათეულის შემდგომი საქმიანობა ავტომატურად აისახება ჯილდოს რეპუტაციაზე.

ჯილდოს მონაწილე მასწავლებლებისგან ხშირად მესმის, რომ მათთვის ფულად ჯილდოზე უფრო მნიშვნელოვანი საზოგადოებისგან აღიარებაა. წლევანდელი ათეულის გამოცხადებას განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის სოციალურ ქსელში. ეს, რა თქმა უნდა, დიდი სტიმულია, მასწავლებლებმა რეალურად დაინახეს, რომ, როგორც არასდროს, მასწავლებლის სიტყვას დიდი ძალა მიეცა. მათ გაცილებით მეტი გასაქანი და სათქმელი აქვთ, უბრალოდ, გარკვეული შესაძლებლობები სჭირდებათ, ჩვენ სწორედ ამას ვცდილობთ.

თუ ვამბობთ, რომ მასწავლებლის პროფესია უნდა დაფასდეს, მაშინ ტრაფარეტულად არ უნდა ვაქციოთ არაფერი, თუნდაც, ჯილდოს ორგანიზება. ამიტომაც გვინდა, რომ დაჯილდოების ცერემონიაც ისეთივე მაღალი ხარისხის იყოს, როგორც კონკურსის სხვა ნაწილი. მასწავლებლები ამას იმსახურებენ.“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის მნიშვნელობას ხაზს უსვამს და ამბობს, რომ ამ ინიციატივამ, სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებაში: მასწავლებლის პოპულარიზაციაზე არაერთი ფაქტორი მოქმედებს, მათგან ბევრია მნიშვნელოვანი, მაგალითად, როგორია სამუშაო პირობები, რამდენად სტაბილურია ის, არის თუ არა პროფესიული ზრდისა და დახელოვნებისთვის გარემო შექმნილი, არის თუ არა დიფერენცირებული ხელფასები, გარკვეული ბონუსები, როგორ უკუკავშირს იღებენ მშობლებისგან, კოლეგებისგან თუ ადმინისტრაციისგან. რა თქმა უნდა, ამ ფაქტორებს კიდევ ემატება უმნიშვნელოვანესი – აღიარება და პრესტიჟი, სწორედ ამ მიმართულებას მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ასრულებს. ფაქტია, რომ ჯილდოს ათეულებს არა მხოლოდ სასკოლო საზოგადოება იცნობს. ამ ღონისძიებამ უკვე დიდი მოწონება და აღიარება დაიმსახურა, მასწავლებლის პროფესიაზე საზოგადოება ალაპარაკდა. მგონი, ყველა იცნობს ორივე სეზონის გამარჯვებულებს, რა თქმა უნდა, ლადომ რეკორდი მოხსნა, ჩემი სტუდენტები მის გამოსვლებს ციტირებენ სასწავლო პროექტებზე მუშაობისას.“

აისახება თუ არა ჯილდოში მონაწილეობა „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესში“? მანანა რატიანი ამბობს, რომ: „ჯერ საბოლოო კონტურები ცნობილი არ არის, რადგან ეს წელი ძალიან დინამიკური აღმოჩნდა რეფორმების კუთხით. შესაბამისად, ამ ცვლილებების ნაწილი ამ წესში აისახება. მინისტრს კვლავ დარჩება პრეროგატივა, მიანიჭოს განსაკუთრებული სტატუსი მასწავლებლებს. ასეთი გამორჩეული კი ცალსახად პირველი ადგილის მფლობელს ეკუთვნის. თუმცა აქვე დავძენ, ეს დაუმსახურებელი ჯილდო არ არის, ამისთვის მათ ხანგრძლივი პერიოდი გამოიარეს და ჟიურიც მათ გამადიდებლით აკვირდებოდა.“

ათეულის შემადგენლობას კი ახასიათებს, როგორც გამორჩეულ მასწავლებლებს თავიანთი პრაქტიკით, რადგან „მათ ხომ ასეთი მრავალფეროვანი ჟიურის ყურადღება დაიმსახურეს და გარკვეულწილად გადაწონეს კიდევაც სხვა მასწავლებლები, რომლებიც კონკურსში მონაწილეობდნენ. სხვებმა, ალბათ, ძალისხმევა დააკლეს და ისე ვერ წარმოაჩინეს თავი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბევრად მეტ მასწავლებელზე გაცხარებული კამათი გვაქვს ხოლმე, საბოლოოდ ვჯერდებით ერთიან პოზიციაზე. ასეთი მასწავლებლების გამოჩენა ნებისმიერ სტუდიაში, ნებისმიერ პლატფორმაზე პროფესიის პრესტიჟია, მათ ხმამაღლა სათქმელი აქვთ საზოგადოებისთვის, განათლების პოლიტიკის გამტარებლებისთვის. თუმცა ამ ყველაფრის გარდა, მათი საქმიანობა ყველაზე ღირებული გამოცდილების გაზიარების კუთხითაა, ასევე მათ გააჩნიათ ინტელექტუალური რესურსი, შექმნან საგანმანათლებლო რესურსები. მგონია, რომ მათი საქმიანობა ერთი კლასით და ერთი   სკოლით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.“

საზოგადოებას სურს უფრო მეტად წარმოჩინდეს შერჩეული კონკურსანტების საქმიანობა, გაიცნონ ვინ არიან ეს ადამიანები და რითი გამოირჩევიან დანარჩენი მასწავლებლებისგან. სწორედ ამ მიზნით, უახლოეს მომავალში, ეროვნული ჯილდოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება მათი ბიოგრაფიები და ვიდეორგოლები, სადაც წარმოჩნდება თითოეულის პედაგოგიური საქმიანობა. მანამ კი ჩვენს მკითხველს გავაცნობთ წლევანდელი საუკეთესო ათეულის შემადგენლობას.

სალომე ფურცხვანიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურისა და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი:

♦ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ყველა მასწავლებლისთვის დაუღალავი შრომის დაფასება და შეფასებაა. ეროვნულმა ჯილდომ პედაგოგებს საშუალება მისცა წარმოეჩინათ საკუთარი თავი და, ზოგადად, მასწავლებლის პროფესიას უფრო და უფრო პრესტიჟულს ხდის. წინა წლების ათეულში შესული მასწავლებლები ჩემთვის მაგალითს წარმოადგენენ და მეც ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საუკეთესო ათეულში მოხვედრის შემდეგ დამეკისრა. ბედნიერი ვარ, რომ კოალიცია ,,განათლება ყველასათვის – საქართველომ“ მომცა საშუალება შევერთებოდი პროფესიონალ მასწავლებელთა საპატიო გუნდს. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ემსახურება არა მარტო მასწავლებლების დამსახურებისა და ნიჭის წარმოჩენას, ის, ჩემი თვალთახედვით, აუმჯობესებს მთლიანად სწავლა-სწავლების ხარისხს ჩვენს ქვეყანაში.

♦ იმ წუთიდან როცა ელექტრონულ ფოსტაზე მივიღე შეტყობინება, კონკურსზე წარდგენის შესახებ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობით ვატარებ ყოველ დღეს. კონკურსში მონაწილეობაც კი უდიდეს გამოცდილებას გძენს, გაძლევს საშუალებას შეაფასო და გადააფასო საკუთარი პედაგოგიური გზა. მერწმუნეთ, ვერ წარმოვიდგენდი თუ ჩემს მიერ შევსებული აპლიკაცია ასეთ მოწონებას დაიმსახურებდა, ვფიქრობდი, რომ აპლიკაციის შევსება, მხოლოდ მონაწილეობით შემოიფარგლებოდა, რაც მომავალი წლის კონკურსისთვის ერთგვარი რეპეტიცია იქნებოდა. დღეს კი, როცა უკვე ათეულში ვარ, არ შემიძლია დავმალო ემოციები – ყველაზე ბედნიერ მასწავლებლად მივიჩნევ თავს. ეს ემოციები კი ვიცი ჩემს პედაგოგიურ კარიერაზე ძალიან დადებითად აისახება, ცნობადობა მომცემს საშუალებას ჩემი მოსწავლეებისთვის განვახორციელო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტები და დავგეგმო მრავალფეროვანი აქტივობები.

მიუხედავად იმისა, რომ ვარ სერტიფიცირებული მასწვლებელი, პროფესიით არ გახლავართ პედაგოგი და არც მრავალწლიანი სტაჟით გამოვირჩევი. ჩემი პედაგოგიური კარიერა სულ 5 წელს ითვლის, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პედაგოგობა და ბავშვებთან ურთიერთობა ჩემი მოწოდებაა. ჩემი აზრით, მასწავლებლობა მხოლოდ რაღაცის კონკრეტულის ცოდნა არაა, მასწავლებელი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ფლობს უამრავ უნარ-ჩვევებს და მათ იყენებს კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად. ვფიქრობ, ჟიურის მოწონება, ფორმალური განათლების პარალელურად, არაფორმალური განათლების მრავალფეროვანი ინოვაციური ხერხებით მიწოდების უნარების ფლობითაც დავიმსახურე. ჩემთვის საპატიოა, რომ ვარ სამი კლუბის: ეკოკლუბის, ბიზნესკლუბის და მკითხველთა კლუბის კურატორი, სადაც მოსწავლეები უამრავ უნარ-ჩვევებს ივითარებენ. ვასწავლი და თავადაც არასოდეს ვწყვეტ სწავლის პროცესს, მოსწავლეებთან ერთად ვთანამშრომლობ თემის მოსახლეობასთან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში მხოლოდ ჩემს თავს არ წარმოვადგენ, ჩემს უკან ჩემი არაჩვეულებრივი მოსწავლეები და მთელი სკოლა დგას, სწორედ ეს მესიჯი მინდოდა მიმეტანა ჟიურის წევრებამდე და როგორც ჩანს – გამომივიდა.

გიორგი ჭაუჭიძე, ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი:

♦ უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და შინ დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ ჩემი განათლებით მასწავლებლად შემეძლო მუშაობის დაწყება. 1997 წელს მუშაობის დაწყება ხუმრობა საქმე არ იყო… ვიგრძენი, რომ საოცრად მინდოდა სკოლაში მუშაობა. მანამდე ამაზე არ მეფიქრა. 21 წლის ასაკში, როდესაც მთელი ცხოვრება ვსწავლობდი და უცებ უფუნქციოდ აღმოვჩნდი, წარმოუდგენლად მომინდა ჩემი საქმე მქონოდა.

მივედი განათლების განყოფილებაში, დავწერე განცხადება, სადაც ჩავწერე, რომ შემეძლო ისტორიის, საზოგადოებათმცოდნეობის, სამართლის სწავლება და დავტოვე. პასუხის გასაგებად მივაკითხე მეორე კვირაში, მერე მესამეში, მერე – მეოთხეში და დერეფან-დერეფან ნაცნობობაში გამომელაპარაკა ერთი სოფლის არასრული საშუალო სკოლის დირექტორი, ისტორიის მასწავლებელს ვეძებ ორიოდე თვითო. აგერ ვარ-მეთქი. მოაგროვა ჩემი საბუთები, მოაგვარა რაღაც საკითხები და უკვე ისტორიის (სხვა საგნებისაც: ხატვა, მუსიკა…) მასწავლებელი ვიყავი…

ეს სკოლა საკმაოდ იყო დაშორებული ჩემი სახლიდან, მეორე სოფელში მდებარეობდა. თუკი საბაგირო გზა მუშაობდა, კიდევ არა უშავდა, ერთი საათი მყოფნიდა მისვლამდე, მაგრამ მაშინდელი დენის უაპელაციო გრაფიკების ამბავი მოგეხსენებათ, ხშირად ეს გზა ორ საათამდე იწელებოდა. თუმცა, ახლაც მახსოვს ის საოცარი ენთუზიაზმი, რაც ფრთაშესხმულს დამატარებდა ხოლმე ერთი სოფლიდან მეორე სოფელში.

♦ 1997 წლიდან ბევრი (შვიდი) სკოლა გამოვიცვალე და ამ ხნის განმავლობაში მდიდარი, სხვადასხვა საგნობრივი გამოცდილება დამიგროვდა. თამამად ვიტყვი, რომ ყველა გრძნობით აღვიქვამ გაკვეთილს და შემიძლია სათანადო რეკომენდაცია მივცე ჩემს კოლეგებს. ამაში, გარდა ჩემი პედაგოგიური გამოცდილებისა, დამეხმარა სხვადასხვა პროგრამაში, როგორც მასწავლებლისა და როგორც ტრენერის ჩართულობა. ეს პროგრამებია: სოციალური ცენტრი ჭიათურაში (2001-2004 წწ.), განათლების სამინისტროს პროექტი „მომავალი იწყება დღეს“ (2004-06 წწ.), მასწავლებლის სახლის პროექტი „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული განვითარება“ (2010 წლიდან დღემდე), USAID-ის „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი – G-PriEd“ (2012-2017 წწ.), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროეფესიული განვითარების პროექტი“ (2015-2018 წწ.). ამ პროგრამების ფარგლებში საქმიანი ურთიერთობა მქონია საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და ტიპის, სხვადასხვა ეთნიკური და დემოგრაფიული შემადგენლობის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ ლიდერებთნ, მოსწავლეებთან და იქ დასაქმებულ მასწავლებლებთან.

♦ ვფიქრობ, ჩემი ძლიერი მხარეა ის, რომ სათანადოდ შემიძლია საკუთარი პრაქტიკული გამოცდილებისა და თეორიული ცოდნის გაზიარება კოლეგებისთვის.

ქეთინო მერებაშვილი, ქალაქ თბილისის „ნუნუ ბეიტრიშვილი – პრომეთეს“ სკოლა-ლიცეუმის გეოგრაფიის მასწავლებელი:

♦ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე სკოლის დირექციამ, მოსწავლეებმა და მშობლებმა წარმადგინეს.

დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში ვმონაწილეობდი პროფესორ ნიკოლოზ ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამეცნიერო ექსპედიციებში. ვსწავლობდი ლანდშაფტებს და ვფიქრობდი   ჩემი   საქმიანობა ამ მიმართულებით გამეგრძელებინა, მაგრამ სკოლაში წავედი და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

♦ ჩემი პედაგოგიური საქმიანობა 31 წელს ითვლის. ამ წლების განმავლობაში მოსწავლეებთან ჩემი დამოკიდებულება ურთიერთთანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე მაქვს აგებული. მათ ხალისიან და საინტერესო სასწავლო გარემოს ვუქმნი. ვიყენებ ისეთ აქტივობებს, რომ თვითონ მივიდნენ დასკვნამდე, რატომაა საჭირო გეოგრაფიის საგნის სწავლა. ვზრდი მათ მოტივაციას. საგაკვეთილო პროცესში   ვიყენებ სამაგიდო და როლურ თამაშებს, ვიქტორინა-კონკურსებს. ხშირად ვატარებ საველე-გასვლით გაკვეთილებს, სადაც ლოკალურ გარემოზე დაკვირვებით ვასწავლი ნიადაგებს, მეწყერებს, მყინვარებს, დაცულ ტერიტორიებს, წყალსაცავებს, კანიონებს. აქ მოსწავლეები იკვლევენ, ადარებენ, აანალიზებენ და აფასებენ. წარმოებენ საველე დღიურებს, ვმოგზაურობთ საქართველოს რეგიონებში, გაკვეთილებს ვატარებ ელექტრონული რესურსების გამოყენებით.

♦ ჩემი პრიორიტეტია პროექტებით   სწავლება. გამოვყოფ პროექტს „საზღვრებს გარეთ დარჩენილი სამშობლო“ . ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს მოვანახულებინე ტაო-კლარჯეთი, ლორე-ტაშირი და ისტორიული ჰერეთი-„საინგილო“. ამ უკანასკნელიდან, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ქართული თეატრის დასი მოვიწვიეთ სკოლაში სპექტაკლით. მათთან ურთიერთობას დღემდე ვაგრძელებთ.

ამჟამად ვმუშაობთ ახალ პროექტზე: „ფერეიდანში გველიან“ . ამ დღეებში მეორედ გვესტუმრა ჩვენი მეგობარი, ფერეიდანელი ქართველი, პროფესორი აქბარ-მოყადასი (თამაზ ზუბიტაშვილი), რომელიც   სექტემბრის თვეში, ირანის რესპუბლიკაში   ფერეიდანში გვიმასპინძლებს , იქ „ჩვენებურებს“ მოვინახულებთ და ჩვენთან მოვიწვევთ.

მესამე წელია ვხელმძღვანელობ საზაფხულო ბანაკ „სამშობლოს“. ზაფხულის ერთ კვირას ვატარებთ   ხევსურეთში. წელსაც იმუშავებს ბანაკი, ამჯერად პირიქითა ხევსურეთში -არხოტში და ინგუშეთის საზღვარზე უსახელო მწვერვალს   „სამშობლოს“ დავარქმევთ. ჩვენთან ერთად ბანაკში იქნებიან ბატონ აქბარის შვილებიც, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში და შემოგვიერთდებიან.

რამდენიმე წელია სკოლის ეკოკლუბის კურატორი ვარ, კლუბის წევრები მონაწილეობენ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში. ამ კონკურსის ფარგლებში მრავალ აქტივობებს ვახორციელებთ და მოსწავლეები გარემოზე სწორ დამოკიდებულებას სწავლობენ

ჩემი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ ეროვნულ საგნობრივ   ოიმპიადაში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და თსუ- ს ვიქტორინა კონკურსებში, კონფერენციებსა და გამოფენებში.   მიხარია, რომ ჩემს მოსწავლეებს უყვართ გეოგრაფია, წარუმატებელი მოსწავლეები არ მყავს. ყოფილი მოსწავლეებიდან ბევრი სწავლობს გეოგრაფიის ფაკულტეტზე და ფიქრობენ პედაგოგებოაზე.

♦ ამ კონკურსში მონაწილება ჩემთვის ღირსების საკითხია, ჩემი საქმანობის შეფასებაა, უფრო მეტის კეთების წინაპირობაა.

ლაურა გოტიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლის „ქართულის როგორც მეორე ენის“ და ქართულისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

 

♦ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი   საუკეთესო მოტივაციაა ნებისმიერი მასწავლებლისათვის, რადგან კონკურსი ჩვენი საქმიანობის პრესტიჟულობას ზრდის, თითოეულ მასწავლებელს წინსვლისკენ უბიძგებს, წარმატებული მასწავლებლების მაგალითით გვაჩვენებს რომ ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია და წარმატებული საქართველოს გასაღები სწორედ განათლებაშია.

♦ კონკურსში მონაწილეობისკენ უფროსმა კოლეგებმა მიბიძგეს და მთავარ მიზეზს წარმოადგენდა, ჩემი საქმიანობის მაგალითით სტიმული მიმეცა ახალგაზრდა მასწავლებლებისათვის და მასწავლებლობის მსურველთათვის.

♦  ყველა მასწავლებლის ოცნებას წარმოადგენს ათეულში მოხვედრა, იმიტომ რომ , პირველ რიგში, ეს ნიშნავს მასწავლებლის შრომის აღიარებას და დაფასებას. შემდეგ კი, მასწავლებელს საშუალება აქვს მისი პრაქტიკა გაუზიაროს სხვას, გაიცნოს ახალი თანამოაზრეები და დაეხმაროს სხვა მასწავლებლებს.

♦ მე პატარა აზერბაიჯანულენოვან სოფელ ქვემო არქევანის საჯარო სკოლაში ვმუშაობ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლად. ყოველთვის ვცდილობ მოსწავლეებს შევაყვარო ქართული ენა და საქართველო, აქტიურად ვიყენებ პროექტებით სწავლის და არაფორმალურ მეთოდებს, ვებრძვი ბულინგსა და სტერეოტიპებს. ვატარებ ტრენინგებს სხვა მცირე შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს არის ის ძირითადი მიზეზები რის გამოც ჟიურიმ შემარჩია ათეულის წევრად.

♦ ათეულის გამოვლენიდან რამდენიმე წამში ყველაფერი შეიცვალა უკეთესობისკენ: თუ აქამდე ჩემი იდეალებისა და ღირებულებებისთვის მარტო ვიბრძოდი, დღეს მყავს უამრავი თანამოაზრე, რომლებიც მამხნევებენ, მიზიარებენ გამოცდილებას და მზად არიან დახმარებისთვის. ათეულის კლუბის წევრობაც ზუსტად ამას ნიშნავს: იზრუნო კოლეგებისა და საკუთარ წინსვლაზე, შედეგად კი მივიღებთ უფრო დახვეწილ და ნაყოფიერ საქართველოს განათლების სისტემას.

♦  ხშირად ადამიანებს გვაქვს ნიჭიც, ენთუზიაზმიც, მოტივაციაც, მაგრამ არ გვაქვს შესაძლებლობა. ეროვნული ჯილდოს კონკურსის ორგანიზატორები და ათეულის კლუბის წევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან ამ შესაძლებლობების პოვნაში და საკუთარი თავის სრულად რეალიზებაში.

ინგა მოსიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი:

♦ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გავიაზრე, რომ ბავშვებთან ურთიერთობა დიდ ბედნიერებას მანიჭებდა, ამასთან ერთად, არაფრის მომცემი იქნებოდა ჩემთვის გაუზიარებელი ცოდნა. ჩემი პროფესია ჩემი ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად მრავალი სიძნელისა არასოდეს მიცდია სამუშაო ადგილის და პროფესიის შეცვლა.

♦ ჩემთვის უდიდესი სიხარულის მომტანია ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვედრა. კონკურსში მონაწილეობა გადამაწყვეტინა რამდენიმე ფაქტმა: აჭარის რეგიონს ბევრი წარმატებული, აღიარებული და ნიჭიერი პედაგოგი ჰყავს, მაგრამ საზოგადოება მათ საქმიანობას ნაკლებად იცნობს. გული მწყდებოდა, რომ ისინი არ აქტიურობდნენ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს კონკურსში. ჩემი მონაწილეობით და ათეულში მოხვედრით მინდა სტიმული მივცე მათ და ვუთხრა, რომ იყვნენ მიზანდასახულები.

♦ მასწავლებლობითაც შეიძლება ადამიანი   თვითრეალიზებული იყოს. მინდა ბევრი მოსწავლე გახდეს მასწავლებელი. ბევრი პედაგოგი ჩაერთოს კონკურსში და საზოგადოებამ გაიცნოს საქართველოს ბედზე, აღსაზრდელებზე მოფიქრალი ადამიანები. ჩვენ, პედაგოგებს, შეგვიძლია ჩვენი საქმიანობის საზოგადოების წინაშე წარდგენით ვაჩვენოთ თუ რამდენად რთულ, მაგრამ ამასთანავე საპასუხისმგებლო, უმნიშვნელოვანეს საქმიანობას ვეწევით ახალი თაობის უკეთესი მომავლისათვის.

♦ წლების წინ დავიწყე მოსწავლეებისთვის საინტერესო გაკვეთილების ჩატარება – დისკუსია, ინტეგრირებული გაკვეთილები, ფილმების ნახვა და განხილვა, ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლება – გამოჩენილი ადამიანების ცხოვრების შესწავლა, ტურისტული ლაშქრობების ორგანიზება და მრავალი სხვ. როდესაც დამწყები მასწავლებელი ვიყავი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კოლეგების კეთილგანწყობა, გუნდური მუშაობა. აქტივობებს ვაკეთებდით ჩვენი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და ფასეულობების ჩამოყალიბებისთვის.

♦ სამოქალაქო განათლების პროგრამებში ჩართულობამ მომცა საშუალება დავუფლებოდი სწავლების ახლებურ სტრატეგიებს, გავიაზრე სოციალური მედიის, პროექტებით სწავლების მნიშვნელობა. დამხმარე სახელმძღვანელოებმა დამანახა თეორიული მასალის პრაქტიკულად განხორცილების, თემების ინტეგრირებულად სწავლების აუცილებლობა. მარტივად ისწავლეს მოსწავლეებმა, რას ნიშნავს აქტიური მოქალაქეობა, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება, მოხალისეობა, პრობლემის იდენტიფიცირება და თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებთან, თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

სამოქალაქო განათლების კლუბში ჩართულობა და არაფორმალური შეხვედრები არის მოსწავლეებისთვის სახალისოა, ეს არის ახლებური ხედვა, ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული აქტივობები, ინოვაციები, სიტუაციების მოდელირება, აღმოჩენით სწავლა, არა დაზეპირებული ციტატები და ფრაზები, არამედ ნაბიჯი კრიტიკული აზროვნებისკენ.

♦ ვარ ჩემი პროფესიის მოყვარული, ინოვაციების მიმღები. პოზიტიური, რომელსაც ბავშვები ენდობიან და რჩევებს ეკითხებიან. სიღრმისეულად მაქვს გააზრებული ფასეულობებით და პრინციპებით აღზრდის აუცილებლობა. თვითკრიტიკული ვარ, არასოდეს ვკმაყოფილდები მიღწეულით. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები დაკისრებულ ვალდებულებებს, ვცდილობ ყოველ ბავშვში საკუთარი შვილი დავინახო.

 

მაია მენაბდე, კერძო სკოლა „შპს განათლება“, ბათუმის №3 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

♦ ბავშვობიდანვე ნამდვილად არ მიოცნებია მასწავლებლობაზე. პირიქით, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის გზა, რომელმაც საკუთარ თავში მასწავლებლის აღმოჩენამდე მიმიყვანა და დამაჯერა: ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ღირსეული პროფესიის ნაწილი ვარ.

♦ ჩემთვის მასწავლებლობა დამღლელ და ერთფეროვან რუტინასთან ყველაზე ფერადი, საინტერესო და უწყინარი ბრძოლაა. ჩემი მუშაობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პრინციპიცა, ვეძებო სიახლე, რომ ბავშვებმა არ მოიწყინონ სწავლის დროს. რა თქმა უნდა, ვერც ერთი ახალი იდეა ვერ იქნება იმდენად უნივერსალური, რომ ყველა ბავშვს მოერგოს, მაგრამ ნებისმიერ მცდელობას აუცილებლად მოაქვს გარკვეული შედეგი. ახალი იდეების დაბადებას თავად ბავშვები უწყობენ ხელს და მაქსიმალურად ვცდილობ, ჩავეჭიდო მათ სურვილებსა და ინტერესებს. სწორედ ამ დამოკიდებულების შედეგია ჩვენი ,,მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი“, რომელიც ბავშვებმა დაარსეს 2014 წელს, დღემდე ინტენსიურად მუშაობს და, რაც მთავარია, არც ერთი თაობა არ წყვეტს კლუბთან კავშირს, ყოველთვის შეაქვთ თავინთი წვლილი მის განვითარებაში.

ბავშვების იდეა იყო ,,ლიტერატურული ბანაკის“ დაარსებაც, რომელსაც წელიწადში ორჯერ, ზაფხულსა და ზამთარში ვმართავთ და წელს მერვე ლიტბანაკისთვის ვემზადებით.

ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელებაა მონოლოგების კონკურსი ,,8 წუთი- 8 ამბავი“. იდეა გაკვეთილზე დაიბადა. როცა უკვე ტრადიციად ქცეული, „ორიგინალური ორშაბათობების“ დროს 3-3 წუთიანი მონოლოგები უნდა მოემზადებინათ მათთვის საინტერესო ნებისმიერ თემაზე. იმდენად კარგად გამოუვიდათ, გადავწყვიტეთ, ფართო აუდიტორიაში გაგვეტანა მათი სათქმელი და ცოტა უფრო ვრცლადაც ესაუბრათ. ახლა გვინდა, რომ ,,8 წუთი – 8 ამბავი“ ყოველწლიურ მოვლენად ვაქციოთ. გაკვეთილებზეც ხშირად ერთად ვიგონებთ შემეცნებით თამაშებს, შეჯიბრებებს, თვითონაც ჩაუტარებიათ არაერთი საინტერესო გაკვეთილი.

♦ ჩემი მიდგომა მოსწავლეების მიმართ ასეთია: მათ სწავლის დროს უსაფრთხოდ და თავისუფლად უნდა იგრძნონ თავი, მაგრამ უცილებლად უნდა იცოდენენ, რომ ნებისმიერი თავისუფლება პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.

♦ რაც შეეხება ,,მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“, სამი წლის წინ ამ კონკურსში ჩემს მონაწილეობას მეტისმეტად სკეპტიკურად ვუყურებდი. უფრო მეტიც, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღეებიდანვე მნიშვნელოვან პროექტად მიმაჩნდა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების კუთხით. დღეს თუ საუკეთესო ათეულში ვარ, დიდწილად ისევ ჩემი მოსწავლეების დამსახურებაა: პირველი, რომ მხოლოდ მე არ გავცემ ცოდნას, მათაც ბევრი რამ მასწავლეს და მეორე: დამარწმუნეს, თავდაჯერება შემმატეს, რომ კონკურსში მონაწილეობა მიმეღო. ახლა მაქვს განცდა, რომ ჩემს ახლანდელ და ყოფილ თუ ,,მარადიულ“ მოსწავლეებს ჩემზე მეტად უხარიათ. ეს სიხარული ჩემი მთავარი მოტივატორია.

♦ მეორე მიზეზი, რის გამოც აქ აღმოვჩნდი – ვფიქრობ, რომ ყველა კონკურსი პირობითია და კონკურსგარეთ ბევრი ნიჭიერი და ფუტკარივით მშრომელი მასწავლებელი რჩება თავმდაბლობის გამო. მე მინდა მათი სტიმულის მიმცემი გავხდე, რომ მიმავალში თვითონაც გაბედონ, გადადგან ნაბიჯი წარმატებისკენ, რადგან წარმატება და აღიარება იმ სიყვარულის ნაწილია, რომლითაც საზრდოობს ყველა მასწავლებელი; ეს ის ძალაა, რომელიც ყველაზე დაღლილსა და ძალაგამოცლილსაც კი ფრთებს გვასხამს.

თამარ ადამია, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას ,,ასწავლე საქართველოსთვის“პროგრამის კონსულტანტ მასწავლებელი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, თბილისის 26-ე საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი

♦ ჩემთვის ეროვნული ჯილდოს კონკურსი და სუკეთესო მასწავლებლების ათეულში მოხვედრა ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა, ეს ნიშნავს რომ ჩემი საქმიანობა საინტერესოა და საჭირო, მე კი ჩემი მომავალი საქმიანობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი უნდა გავხადო.

 

ჰუმანისტები ამბობენ, რომ ადამიანებს თვითრეალიზაციის გზაზე სჭირდებათ აღიარება და დაფასება, სწორედ რომ ასეა, ეს მხოლოდ ახლა გავაცნობიერე. დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა, როგორც მასწავლებელს და როგორც რიგით მოქალაქეს.

♦ მიყვარს გამოწვევები, ჩართული ვარ წიგნიერების დონის ასამაღლებელ პროეტებში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს პროექტში და არტთერაპიით მდგომარეობას ვუმსუბუქებს ტრეფიკინგისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებსა და ბავშვებს. მუდმივად ორიენტირებული ვარ სიახლეების ძიებაზე. ვფიქრობ ათეულის კლუბის წევრობა დიდ გამოცდილებას შემძენს და შევძლებ საზოგადოებას დავანახო მასწავლებლის საქმიანობის საუკეთესო მხარეები და მასწავლებლის როლი საზოგაოების განათლების საქმეში. კლუბის წევრებთან ერთად (მოგვიწევს ურთიერთშემავსებელი უნარების გაერთიანება), შევქმნით საინტერესო პროექტებს.

♦ მასწავლებლობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამთვრების შემდეგ, სადაც მეორე სპეციალობა ხელოვნებაშიც მივიღე, განაწილებისას კომისიის წევრებმა სკოლაში ფსიქოლოგობა არ მირჩიეს – ,,ჩაიკარგებითო“ და საბავშვო ბაღში გადამამისამართეს. საკმაოდ ნაყოფიერად ვმუშაობდი, როგორც ფსიქოლოგმა, დავინახე უამრავი საჭიროება და ვცადე ეს დეფიციტი შემევსო. დავიწყე საგანმანათლებლო წიგნების გამოცემა და ,,ეკოგამოფენები“. 90-იან წლებში შექმნილი წიგნი   წინასაანბანო ,,მხიარული დედაენა“ რომელიც ,,კეთებით სწავლაზეა“ აგებული დღეს ბესტსელერია, 18-ჯერ გამოიცა და საინტერესოა არა მარტო საქართველოში მცხოვრები ბავშვებისთვის, არამედ ემიგრანტებისთვისაც.

მაგრამ მე მაინც სკოლისკენ მიმიწევდა გული და გადავინაცვლე ვ.ესვანჯიას სახელობის სკოლა,,ცისკარში“ ფსიქოლოგად და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელად, პარალელურად გავხდი მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის ,,ლიბო-მნტ-ს“ ტრენერი პროფესიულ უნარებში, დავწერე და გავნახორციელე საბავშო გადაცემები ტელევიზიებში, ტრენერობაში და ,,ასწავლე საქართველოსთვის“პროგრამით მუშაობაში გავიცანი საქართველოც, მაღალმთიანი რაჭა, აჭარა, ქვემო ქართლი, გურია, დავინახე რეგიონის მოსწავლეთა და მასწავლებელთა საჭიროებები. ეს გახდა ინსპირაციის წყარო რომ დამეწერა არაერთი შემეცნებითი, მხატვრული და გრიფირებული წიგნი (დაახლოებით 30 წიგნი) რომელიც ზუსტად მოსწავლეთა საჭიროებებზეა მორგებული და დღემდე აქტუალურია. ეს წიგნებია: ,,მე ვსწავლობ კითხვას“ ,,ზრდილობის სახელმძღვანელო“, ,,ჩემი პირველი საკითხავი წიგნი“, ,,რებუსი ზღაპრები“, ,,შეცნებითი ზღაპრები“… პარალელურად ვმუშაობდი (G-priEd)-ის დაწყებითი განათლების პროექტში, სადაც ვწერდი I-დან VI კლასამდე საკითხავ ლიტერატურას.

♦ 9 წელია მასწავლებელი ვარ. ჩემთვის მასწავლებლობა არაა მხოლოდ გარკვეულ სივრცეში საქმიანობაა, გარკეულ მოსწავლეებთან, არამედ მასწავლებელი ვარ ყველა კუთხეში მცხოვრები ბავშვისთვის. ამის საშუალებას მაძლევს ჯერ მასწავლებლობა და პარალელურად სამწერლო მოღვაწეობა. ის, რაც საინტერესო და შედეგიანია ჩემი მოსწავლეებისთვის, ვიცი რომ საინტერესო და მეტად საჭირო იქნება პერიფერიაში მცხოვრები მოსწავლისთვისაც. ეს ყველაფერი ,გადამაქვს წიგნებში რომ ხელმისაწვდომი იყოს ფართომასებისთვის. როცა მიწვევენ წიგნის ფესტივალებზე, ბიბლიოთეკებში, სასკოლო შეხვედრებზე, ტელევიზიებში და რადიოეთერში – ეს ერთგვარი პოზიტიური უკუკავშირია იმ საქმინობისა რასაც ვახორციელებ, ჩემს თავს არ ვაძლევ მოდუნების საშულებას და ახალი იდეებიც ჩნდებიან.

♦ საინტერესო მასწავლებელი ვარ, რადგან მე შემიძლია მოსწავლეებისთვის ყოველდღე ახალი აქტივობების შეთავაზება, მუდმივად ვფიქრობ რითი გავაოცო ისინი, ვეძებ, ვგეგმავ და ვასწავლი ,,კეთებით“. გაკვეთილებზე მოსწავლეები ქმნიან განსხვავებულ პროდუქტს და მეორე სიცოცხლეს ჩუქნიან მაკულატურას, პლასტიკატის ბოთლებს, პოლიეთილენის პარკებს და ყოველწლიურად ვაწყობთ ეკოგამოფენებს საქველმოქმედო მიზნით; სწორედ ამის გამო, წლებია ნაბიჯ-ნაბიჯ ვეუფლები და ვაუმჯობესებს ძველ ტექნოლოგიას ,,პაპიე მაშეს“ და მოსწავლეებში შემოქმედებითობას და ეკოცნობიერების ჩამოყალიბებას ვუწყობ ხელს, აქვე ხელი ეწყობა კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარსაც. ხოლო, როცა ხელოვნების გაკვეთილებზე ზღაპრებს და მოთხრობებს ვკითხულობთ და შემდეგ პერსონაჟებს ვამზადებთ, მოსწავლეებში წიგნებით დაინტერესება იზრდება.

♦ ალბათ, სწორედ საგანმანათლებლო სივრცეში მრავალმხრივი შემოქმედებითი საქმიანობების გამო შემარჩია ჟიურიმ.

ნათია კურტანიძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მენტორი მასწავლებელი

♦ სულ ახლახანს 20 წელი შესრულდა, რაც გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე პატარა სოფლის სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ვასწავლი. ჩემი საქმე მიყვარს, ამით ვცხოვრობ, ამით ვსუნთქავ და სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია. მაშინ, როცა ჩვენი სახლებიდან ორ ნაბიჯზე ოკუპანტი დგას, მოდი და ნუ გააკეთებს შენი ქვეყნისთვის იმას, რისი კეთებაც შეგიძლია. შემიძლია და ბოლომდე ვიხარჯები იმისთვის, რომ ჩემი პატარების შიშით აღსავსე ყოველდღიური ცხოვრება საინტერესო და სახალისო გავხადო. ჩემი ყოველი გაკვეთილი აღმოჩენებით აღსავსეა.

♦ მე და ჩემი მოსწავლეები ერთად ვწყვეტთ, რა მეთოდით უნდა გავარჩიოთ ტექსტი და როგორ ვწეროთ, სიმღერით ვიკითხოთ, თუ მინი სპექტაკლი გავითამაშოთ, საკალასო ბოსტანს მოვუაროთ თუ წიგნები შევაკეთოთ და ა.შ. მოსწავლეთა სურვილი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ისინი ხვდებიან, რომ საკუთარი სასწავლო პროცესის დამგეგმავები და წარმმართველები თავად არიან, შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს და შედეგებიც უკეთესია. არაფორმარული განათლება, მშობელთა აქტიური ჩართულობა, დისტანციური სწავლება და ა.შ. საშუალებას მაძლევს ყველა მოსწავლესთან მივაღწიო შედეგს, მათი შესაძლებლობების მიხევდით.

♦ ჯილდოზე წარმადგინა ჩემმა სკოლამ, არაერთმა კოლეგამ და მოსწავლეთა მშობელმა. საუკეთესო ათ მასწავლებელთა შორის ჩემი დასახელება, იმ შრომის დაფასება და აღიარებაა, რასაც წლების განმავლობაში ურთულეს პირობებში ვეწევი. 2018 წლის განმავლობაში ორჯერ შევიცვალე სტატუსი და გავხდი მენტორი მასწავლებელი, ამისთვის კი არანაირი, სპეციალურად დაგეგმილი აქტივობები არ დამჭირვებია, ვინაიდან მუდამ ვგეგმავ და ვახორციელებ მრავალ აქტივობას: წარვმართავ პროექტებს, ვქმნი და კოლეგებს ვუზიარებ სასწავლო რესურსებს, მოხსენებებით გამოვდივარ კონფერენციებზე, ვაქვეყნებ მეთოდურ სტატიებს, ვუძღვები საკლუბო და საწრეო მუშაობას და ა.შ. სოფლის განვითრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შემაქვს საკუთარ სახლში განთავსებული ,,ცოდნის ცენტრის“ საშუალებით.

♦ ჩემთვის წარმატება მხოლოდ პირადი წინსვლა არ არის, ჩემთვის წარმატებაა მთლიანად სკოლის, კოლეგებისა და მეგობარი პედგოგების პროფესიული ზრდაა. სწორედ ამიტომ დაუღალავად ვეხმარები და გამოცდილებას ვუზიარებ ყველას, ვისაც ეს სჭირდება. განსაკუთრებით , მაძიებლებს და მასწავლებლობის მსურველებს.

♦ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისათვის ვგეგმავ, რომ სკოლებსა და ადგილობრივ უნივერსიტეტს შორის გაფორმდეს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საშუალება ექნებათ უნივერსიტეტის ბაზაზე მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სასწავლო აქტივობებსა და პროფესიული განვითარების ღონისძებებში. მოვაწყობ შეხვედრებს მასწავლებლობის მსურველებთან, რათა ვუამბო ჩემი წარმატების შესახებ; შევხვდები აბიტურიენტებს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რათა დავარწმუნო ამ სპეციალობის საჭიროებასა და მნიშვნელობაში. შევქნი ბლოგს/ვებ გვერდს, სადაც თავს მოვუყრი მაგალითებს წარმატებული პედაგოგების საკლასო პრაქტიკიდან, დავბეჭდავ და გავავრცელებ ფლაერებს, ეროვნული ჯილდოს მონაწილე მასწავლებლების პედგოგიურ მიღწევებზე და ა.შ.

მიხეილ ცქვიტაია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განთავსებული სსიპ აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

♦ უდავოდ ეროვნული საქმეა ის, რაც კოალიციამ „განათლება ყველასათვის – საქართველომ“ წამოიწყო. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ძალიან დიდი სტიმულის მომცემია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულში მოხვედრა. თუმცა, აქვე ვაცნობიერებ უდიდეს პასუხისმგებლობასაც. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ საუკეთესო მოტივაციაა ნებისმიერი მასწავლებლისთვის, რათა წარმოჩნდეს საზოგადოების წინაშე. ასევე, სტიმულია მოზარდ თაობებში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, რადგან ჩვენს რეალობაში მასწავლებლის პროფესია ნაკლებად პრესტიჟულია.

♦ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში განთავსებული აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის მასწავლებელი ვარ, სადაც იძულებით გადაადგილებული ბავშვები სწავლობენ. ეს პოზიცია მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ჩემი მიზანია, გავცდე კლასს, სკოლას, ამიტომაც ავირჩიე კლუბური მუშაობა, სადაც სხვა სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობენ. ეკო-კლუბი, სამოქალაქო კლუბი, ინტელექტ-კლუბი, გრაფიკოს-ანიმატორთა კლუბი, ლიტერატურული ოდა… ეს ის ადგილია, სადაც ბავშვები არაფორმალურ განათლებას იღებენ.

♦ კლუბური მუშაობით უამრავი პრობლემის მოგვარებაში მიგვიღია მონაწილეობა. „ერთი კარტოფილის“ პროექტის ფარგლებში, რომელშიც ორ ათეულზე მეტი სკოლის ჩართულობით განხორციელდა, შეგროვდა ნახევარ ტონაზე მეტი კარტოფილი, რომელიც გადაეცა ბავშვთა სახლს და „დღის ცენტრის ბავშვებს“. გავამრავლეთ და მოსახლეობას უფასოდ დავურიგეთ კოლხური ბზის 5000-მდე ნერგი. უფუნქციო გავხადეთ ათზე მეტი არაფორმალური ნაგავსაყრელი. დავდგით სანაგვე ყუთები, ერთ-ერთ უბანში გავამწესეთ ნაგავმზიდი მანქანის მომსახურება, რასაც ხელისუფლების მხრიდან მოჰყვა 300 000-ლარიანი რეაგირება, შავი საფარის დაგების სახით. საზოგადოებრივი საპირფარეშოსათვის წყლის მიწოდება, პანდუსების პრობლემის წინ წამოწევა და სხვ. მონაწილეობა მივიღე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, მერიისა და საკრებულოს შენობაში მოქალაქეთა ბიუროს შექმნაში, სადაც მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით ემსახურებიან.

♦ მოსწავლეების მიღწევების მზარდი დინამიკა (ეროვნული გამოცდების შედეგებით საქართველოს ასეულში მოხვედრა, გრანტების ოდენობა) თავდაჯერებულს მხდის. გაკვეთილები სახალისო რომ ყოფილიყო, მოვიფიქრე „ბუბუს თამაშები“, რომლის გამოყენებაც ნებისმიერი საგნის მასწავლებელს შეუძლია.

♦ 23-წლიანმა პრაქტიკამ მასწავლა, თუ როგორ ჩამოვაყალიბო მოსწავლეებში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომლებსაც ექნებათ ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

♦ ვცდილობ, მოზარდები ჩამოყალიბდნენ, წიგნიერი, შემოქმედი, ინოვაციური, გარემოსადმი ჯანსაღი დამოკიდებულების მქონე ადამიანებად.

ხათუნა გოგოლაძე, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიოლოგიისა და ბუნების მასწავლებელი:

♦მასწავლებელი ყოველთვის დიდი გამოწვევის წინაშეა, უკვე 14 წელია ამ გამოწვევას ვიღებ. ყოველი სასწავლო წლის განმავლობაში ვგეგმავ თითოეულ კლასში მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილს.

♦ ჩემს ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს ის, რომ ვცდილობ, შევისწავლო ჩემი მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა შევძლო, ადვილად ვმართო საგაკვეთილო პროცესი, რაც მთავარია, მათთვის საინტერესოდ. ვცდილობ, სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობებითა თუ განსხვავებული მეთოდების გამოყენებით საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების თანაბარი პირობები შევუქმნა განსხვავებული პოტენციალის მქონე ყველა მოსწავლეს. ამასთანავე, ჩემი ერთ-ერთი მისიაა, აღმოვაჩინო მათ შორის მომავალი მეცნიერები. ვაწყობ მეცნიერული კვირეულს, სადაც მოსწავლეები წარადგენენ კვლევითი პროექტებს. მოსწავლეებს უვითარდებათ გუნდურობის, თანასწორობის, საუბრის კულტურის, აუდიტორიის ფლობის, სხვისი აზრის პატივისცემის, საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარი. კრიტიკული აზროვნების გასავითარებლად ვიყენებ ჩემ მიერ შექმნილ მედიაწიგნიერების გაკვეთილებს.

♦ ვმუშაობ არაფორმალური მიმართულებითაც. ბოლო 7 წელია, მაქვს საბუნებისმეტყველო კლუბი. ვასწავლიდი 4 სკოლაში, ყველა სკოლაში ვმუშაობ ამ მიმართლებით. კლუბში გარდა მარტივი ექსპერიმენტებისა და კვლევითი პროექტებისა აქტიურად ვთანამშრომლობ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის „ეკოხედვასთან“ ეკოლოგიის ცნობიერების ამაღლების კუთხით. ჩართული ვარ მათ ყველა სასკოლო პროგრამაში, რამდენჯერმე ჩემი მოსწავლეები და მეც მიწვეული ვიყავით მათ გადაცემაში – „ეკოვიზია“. სოციალურ ქსელში შევქმენი „საუბრები-ბიოლოგთან“ და კლუბში ჩატარებულ ყველა ექსპერიმენტის ფოტომასალას ვაქვეყნებდი. ბევრი მასწავლებელი დაინტერესდა და ზოგიერთ მათგანთან დღემდე ვთანამშრომლობ. კლუბში განხორციელებული მარტივი ექსპერიენტები რამდენჯერმე გაშუქდა, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლით, ასევე ტელეკომპანია „იმედით“.

♦ ყოველთვის მქონდა სურვილი, ჩემი მოსწავლეების ანთებული თვალების გარდა, ეს სიხარული, კლუბში რაც ხდებოდა სხვა სკოლის მოსწავლეებისთვისა თუ დაინტერესებული მასწავლებლებისთვის გამეზიარებინა, საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციაში შემეტანა ჩემი წვლილი. ამ მიმართლებით რომ მეფიქრა ,პირველად, კოპერნიკის ცენტრის დამფუძნებელთან პროფ. ლუკაშ ტურსკისთან შეხვედრამ მიბიძგა. 2012 წელს ინოვაციური განათლების ფონდის დაფინანსებით ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის ფარგლებში გავიარე ტრენინგ-კურსი პოლონეთში. მან გაგვიზიარა გამოცდილება და გვირჩია, რომ თითოეულ ჩვენთაგანში არის პოტენციალი მეცნიერება გავხადოთ უფრო პოპულარული მომავალი თაობისთვის და ამისთვის გამოვიყენოთ ყველა გზა. საქართველოში დაბრუნებულებმა. გავმართე რამდენიმე ვორქშოფი მასწავლებლებისთვის, რომლის ორგანიზებაში მასწავლებლის სახლი დამეხმარა. მსგავსი ვორქშოფები რაიონის სკოლებშიც ჩავატარე.

♦ აქტიურად ჩავერთე მეცნიერების პოპულარიზაციის ფერხულში, ჟურნალ „ჭიამაია“-ში ვწერდი კლუბში განხორციელებულ აქტივობების შესახებ. კლუბის მუშაობის გამოცდილების შესახებ რამდენიმე სტატია ინტერნეტჟურნალ მასწავლებელშიც გამოვაქვეყნე“.საქართველოს მასშტაბით რამდენჯერმე მოვაწყე ნახატების კონკურსი „მე მიყვარს ექსპერიენტები“, „პატარა მეცნიერი“, მოვიძიე სპონსორებიც და გამომავლინეთ გამარჯვებულებიც. გამოვეცი საკუთარი ხარჯებით მეთოდური სახელმძღვანელო „მარტივი ექსპერიმენტები ჭიამაიასთან ერთად“.

♦ ბიოლოგიის საგნის პოპულარიზაციის მიზნით, 2013 წელს დავაარსე  არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია-ბიო“.მასწავლებლებისთვის რამდენიმე სასკოლო მოდული შევქმენი. ბიოლოგებს, საქართველოს მასშტაბით, დღემდე ვუზიარებ გამოცდილებას ვებინარებსა თუ სამუშაო შეხვედრებზე. სხვადასხვა კონკურსების საშუალებით შესაძლებლობა მომეცა ევროპული გამოცდილება გამეზიარებინა საქართველოს მასწავლებლებისთვის. ორგანიზაციაში დავასაქმე რამდენიმე გამორჩეული და ნიჭიერი ბიოლოგი. მათთან ერთად შევქმენი ბევრი კარგი რესურსი. ორგანიზაციაში მიწევს ზოგჯერ საკუთარი ხარჯებით მუშაობა. თუმცა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ორჯერ მოვიპოვე საგრანტო პროექტი, რომლის ფარგლებში გამოცდილება გავუზიარეთ საქართველოს ბიოლოგიის მასწავლებლებს – წლევანდელი გრანტით 630 ბიოლოგს. წელს, გრანტის ფარგლებში, ჩემი ორგანიზებით კონფერენცია ჩავატარეთ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ბიოლოგიის მასწავლებლებისთვის.

♦ ამ სტატუსის მოპოვება, საბოლოოდ, მეტ პასუხისმგებლობას მომანიჭებს. ჩემი მოსწავლებისთვის ვიქნები მისაბაძი ადამიანი და პროფესია მასწავლებელი ჩემი მოსწავლეებისთვის მეტად დაფასდება. ასევე საშუალება მექნება ბევრად მეტ მასწავლებელს გავუზიარო გამოცდილება, ვიდრე ამ დრომდე. ჩემი მოტივაცია, მონდომება და დაფასება ბევრი ადამიანისთვის გადამდები გახდება.

♦ აუცილებლად გავაძლიერებ ჩემს ორგანზიაციას – „ასოციაცია-ბიოს“, რომელიც დიდი ძალისხმევით დავაარსე. მომზადებული მაქვს „მეცნიერება სახალისოა“ მეთოდური სახელმძღვანელო, რომელსაც აუცილებლად დავბეჭდავ და ჩემს მომლოდინე ასოციაციის წევრებს ვაჩუქებ. აუცილებლად მოვაწყობ კონკურსს, რათა მათ შორის აღმოვაჩინო საუკეთესო ბიოლოგიის მასწავლებლები და ის სიხარული, რომელიც მე განვიცადე შევძლო გამოვაცდევინო რამდენიმე მათგანს.

♦ ვიყო ღირსეულ 10 საუკეთესოს შორის ეს უბედნიერესი წუთებია ჩემს ცხოვრებაში.

♦ მახარებს ის ფაქტი, რომ უკვე, როგორც „ათეულის კლუბის“ წევრს საშუალება მექნება ვითანამშრომლო კლუბის წევრებთან და ერთობლივი ნაყოფიერი საქმიანობა გადამდები გავხადო სხვა მასწავლებლებისთვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები