29 მარტი, პარასკევი, 2024

სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეები შეფასების ახალი მოდელით შეფასდებიან

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ზოგადი განათლების მიმართულებით გამოწვევების გადაჭრის კონკრეტული გეგმების წარდგენისას, ყურადღება გაამახვილა წლის ბოლოს მოსწავლეთა შეფასების საკითხებზე, რის თაობაზეც სამინისტრომ ახალი მოდელი შეიმუშავა. მინისტრის განმარტებით, ახალი მოდელით მოსწავლეთა შეფასება და წლიური ქულის განსაზღვრა გულისხმობს თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურ მიდგომას, ამავე დროს აკადემიური სტანდარტის შენარჩუნებასა და დაცვას.

2019-2020 სასწავლო წელს, მოსწავლეთა შესაფასებლად, განისაზღვრა შეფასების ორი სავალდებულო ფორმა – √განმავითარებელი და √განმსაზღვრელი შეფასება.

მიხეილ ჩხენკელი: „დისტანციური სწავლებისთვის წამყვან ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ შეფასების საინტერესო მოდელი, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება. ამ მოდელის მთავარი ფილოსოფია გახლავთ ის, რომ იგი ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და, ამავდროულად, შენარჩუნებულია აკადემიური სტანდარტი.

 განმავითარებელი შეფასება არის მსოფლიოში აპრობირებული, რომელიც გამოიყენება ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორებიცაა ფინეთი და ესტონეთი. იგი მასწავლებელს აძლევს საშუალებას, სიღრმისეულად შეაფასოს მოსწავლის აკადემიური დინამიკა, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. იგი უფრო სიღრმისეულია, ვიდრე წლიური შეფასება. ნიშანი, როგორც განმსაზღვრელი შეფასება, ასევე შენარჩუნებული იქნება.

 ჩვენ შევიმუშავეთ შეფასების ალტერნატიული გზებიც: იმისთვის, რომ წავახალისოთ სკოლების ავტონომია და მათი დამოუკიდებლობის ხარისხი, შევთავაზებთ, თავად შეაფასონ მოსწავლის მოსწრება.“

√ განმავითარებელი შეფასებისას – 

მასწავლებელი სასწავლო წლის განმავლობაში აღწერს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას, რაც ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მომდევნო სასწავლო წელს ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის შესაძლებლობას.

√ განმსაზღვრელი შეფასება – 

აკონტროლებს სწავლების ხარისხს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში და მოსწავლის ცოდნის დონეს აფასებს შესაბამისი ქულებით.

მოსწავლის შესაფასებლად, სამინისტრომ შეიმუშავა შეფასების ალტერნატიული გზებიც. კერძოდ, მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულა.

მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულის მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული. 

იქიდან გამომდინარე, რომ მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის განმსაზღვრელი შეფასება იწყება II სემესტრიდან, 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე გამოითვლება მეხუთეკლასელების წლიური ქულა.

⇒ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება არა აქვს, მოსწავლის წლიური ქულა განისაზღვრება 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო დისტანციურ სწავლებას განიხილავს, როგორც სწავლების შეუფერხებლად გაგრძელების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, სამინისტროს მიერ შემუშავებული შეფასების ახალი მოდელი, პანდემიის პირობებში არსებულ რეალობასთან სრულ შესაბამისობაშია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები