29 მარტი, პარასკევი, 2024

სამხატვრო აკადემიამ პირვანდელი სახე აღიდგინა

spot_img

რამდენიმეწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიამ პირვანდელი სახე აღიდგინა. განახლებული სამხატვრო აკადემია სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.

რესტავრაცია ჩაუტარდა ცნობილ სარკეებიან და საგამოფენო დარბაზებს, დიდ ბიბლიოთეკას, აკადემიის ფონდებსა და საცავებს. სრულად აღდგა ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე შენობის მთავარი ღირსშესანიშნაობა – ირანელი ოსტატების მიერ შექმნილი საარკეებიანი დარბაზები, მოპირკეთდა და კეთილმოეწყო ეზო. სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შენობის მოწესრიგება და ინტერიერის დასუფთავება.

სამხატვრო აკადემია, 1922 წლის 8 მარტს, თბილისში, გრიბოედოვის 22 ნომერში მდებარე შენობაში გაიხსნა. შენობა, რომელშიც აკადემია განთავსდა, თავიდანვე პრობლემური იყო. ეს საარქივო მასალებითაც დასტურდება –  ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის პირველი რექტორი გიორგი ჩუბინაშვილი, პირველივე წერილით, თხოვნით მიმართავდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობას, გაემაგრებინათ აკადემიის შენობა და გადაერჩინათ დანგრევისგან. ამ თხოვნის სისრულეში მოყვანას 100 წელი დასჭირდა.

შენობა უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ფაქტობრივად, აღარ ჰქონდა საძირკველი, იყო ბზარები, შენობა ინგრეოდა. სარკეებიან ოთახში ბათქაშისა და სარკეების ნაწილები ცვიოდა, რის გამოც ირანელი ოსტატების მიერ მოჭედილი სარკეებიანი დარბაზი, წლების განმავლობაში, დაკეტილი იყო. რესტავრაციის შედეგად ყოველი დეტალი პირვანდელი სახით  იქნა აღდგენილი.

აკადემიის ლექტორები, სტუდენტებთან ერთად, თითქმის 10 წელი, კომპლექსურად იკვლევდნენ და მუშაობდნენ შენობის რეაბილიტაციის პროექტზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით აზომეს შიდა სივრცე, ნახაზები 3D ფორმატში  ლაზერული სკანერით შესრულდა. რეაბილიტაციის შედეგად  შენობა სრულად განახლდა, გაუმაგრდა ფუნდამენტი და კონსტრუქციულად შეიკრა. ეზოში შეიქმნა სარეკრეაციო ზონა, რომელიც მანამდე არ არსებობდა, რადგან სამხატვრო აკადემიის შენობაზე, საბჭოთა პერიოდში, მიდგმული იყო რაღაც შენობა. პირვანდელი სახით აღადგინეს შიდა ეზოში გამავალი აივანიც, რომელიც გაუქმებული იყო.

ყველაზე პრობლემური იყო ძველ მხატვრობაზე გადაწერილი ახალი მხატვრობის ფენის მოხსნა. უნიკალური მხატვრობის პირვანდელი, ქვედა გადაწერილი ფენის და იერსახის დაბრუნებაზე მხატვარ-რესტავრატორებმა და სტუდენტებმა იმუშავეს.

სამხატვრო აკადემიის დარბაზების ისტორია მე-19 საუკუნეში იწყება, როდესაც სასახლის მეპატრონემ, ვარდან არშაკუნიმ, მდიდარმა თბილისელმა სომეხმა, რომელიც თავის დროზე ირანიდან გადმოსახლებულა, ინტერიერის მოსაწყობად, ირანელი ოსტატები მოიწვია. იმ პერიოდში სასახლეების ინტერიერის მოწყობაში წამყვანი იყო აღმოსავლური სტილი, ამასთანავე ვარდან არშაკუნის იდეაფიქსიც იყო ირანში საკუთარი ფესვების ძიება და ირანული სამეფო წარმომავლობისთვის პატივის მისაგებად, თავისი სასახლის ფასადზე ყაჯართა დინასტიის ოფიციალური სიმბოლო – ლომი და მზე – გამოუსახავს. არშაკუნი სამუშაოების დასრულებას ვერ მოესწრო. სასახლე მისი ოჯახის მფლობელობაში იყო, შემდეგ ამ შენობაში თბილისის საარტისტო წრემ დაიდო ბინა, 1922 წლიდან კი, არშაკუნის სასახლეში სამხატვრო აკადემია განთავსდა.

აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი ამბობს, რომ კონცეპტუალურად, შენობის მეპატრონის, არშაკუნის ჩანაფიქრი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. „საინტერესო კონცეფცია ჰქონდა – ფასადი ევროპულია, ძალიან ლამაზი ევროპული შენობაა, მაგრამ შემოვდივართ თუ არა, სწორედ აქ იწყება აღმოსავლური ორნამენტის სურნელი, ცოტა აზიური მომენტები. სრული კონტრასტია, თითქოს ინტერიერს არაფერი უნდა აკავშირებდეს ფასადთან.“

შენობა რომ სასწავლო პროცესს მოერგოს, ამისათვის ფუნქციები გადანაწილდა და ისტორიული ნაწილი საგამოფენო და საპრეზენტაციო სივრცედ დარჩა, აქ იქნება საგამოფენო დარბაზები, სახელოსნოები, ირანული დარბაზები, ბიბლიოთეკა, საცავი, აკადემიის ფონდები და სამუზეუმო სივრცე. აკადემიის სამუზეუმო ნაწილი ყველა მსურველისთვის იქნება ღია.

გრძელდება გრიბოედოვის 22-ში მდებარე აკადემიის ცენტრალური სასწავლო კორპუსის სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 2021 წელს დასრულდება.

 

ლალი თვალაბეიშვილი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები