19 აპრილი, პარასკევი, 2024

სამშობლოში დაბრუნებული სტუდენტების „იძულებითი არდადეგები“

spot_img

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოს გეგმები თავდაყირა დააყენა. სიტუაცია ჯერ კიდევ არასაიმედოა. შექმნილი მდგომარეობის გამო, უცხოეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების ნაწილს სამშობლოში დაბრუნება მოუწია, ნაწილს კი, თავისი ქვეყნისგან და ახლობლებისგან მოშორებით, თვითიზოლაციაში დარჩენა.  „იძულებითი არდადეგები“ როდემდე გასტანს, არავინ იცის.  საქართველოში დაბრუნებული სტუდენტები გვიამბობენ როგორ უმკლავდებიან ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტები მსოფლიოში გავრცელებული ეპიდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებს, სწავლების რა ალტერნატიულ მეთოდებს სთავაზობენ მათ  უნივერსიტეტები და როგორ ადაპტირდებიან არსებულ მდგომარეობასთან.

მეგი დიასამიძე, ამერიკის Lake Forest College-ის სტუდენტი:

ბავშვობიდან ბევრი რამით ვიყავი გატაცებული და არასდროს ვკმაყოფილდებოდი ერთი კონკრეტულით. როცა გავიზარდე, გავაანალიზე, რომ სოციუმისგან დაწესებული „ერთი ხელოვნება“ ჩემი საქმე არ იყო, ერთდროულად რამდენიმეს შესწავლა  მინდოდა. დედაჩემს ჩემი ყოველთვის ესმოდა და მხარს მაქსიმალურად მიჭერდა მაშინაც კი, როცა ზუსტად ვერ ხვდებოდა რაზე ვსაუბრობდი. ოჯახისგან მოცემულმა ამ თავისუფლებამ გადამაწყვეტინა ამერიკული უნივერსიტეტების Liberal Arts-ის პროგრამების გათვალისწინება, რაც, მოკლედ რომ ვქთვა, განათლების მიმართ ინტერდისციპლინურ მიდგომას ნიშნავს.

გერმანიაში ორწლიანი IB პროგრამის დასრულების შემდეგ, ამერიკის Lake Forest College-ში გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. ეს უნივერსიტეტი ჩიკაგოს შემოგარენში მდებარეობს და, იქაური სტანდარტების გათვალისწინებით, საშუალო ზომის უნივერსიტეტად ითვლება. ეს საშუალებას მაძლევს, პროფესორებთან ხშირი კონტაქტი მქონდეს, ახლო ურთიერთობა დავამყარო და შესაბამისად, პროფესორებიც მიცნობენ არა როგორც „ერთ-ერთ სტუდენტს“, არამედ როგორც მეგის საქართველოდან. უნივერსიტეტში, ამჟამად, ნეირომეცნიერებას ვსწავლობ, ასევე წინასამედიცინო კურსებს ვღებულობ. მოგეხსენებათ, აქ მედიცინა ერთ-ერთ ყველაზე რთულ დარგად ითვლება და სწავლა მხოლოდ ბაკალავრის დასრულების შემდეგაა შესაძლებელი. ამ მხრივ, პრობლემა არ მექმნება, თუმცა, ეს საქართველოში ყველას უკვირს და, როცა ინტერესდებიან, ამის ახსნა რამდენჯერმე მჭირდება.

კორონავირუსის გავრცელების გამო, უნივერსიტეტში, საგაზაფხულო დასვენებები ერთი კვირით გაგვიგრძელდა. რამდენიმე დღის განმავლობაში უნივერსიტეტი სპეციალურ საგანგებო ვითარებაზე გადავიდა, რაც მოიცავდა ელექტრონული წიგნების ინტერნეტპორტალზე ატვირთვას, სხვადასხვა გამოკითხვების ჩატარებას (ითვალისწინებდნენ სტუდენტების საათობრივ სარტყელს) და სილაბუსის ცვლილებას. ასევე, შეიმუშავეს ე.წ. „Flexible Attendance Policy”, რაც ნიშნავს, რომ ონლაინ ლექციებზე ვერდასწრების შემთხვევაში პრობლემა არცერთ სტუდენტს არ შეექმნებოდა. ეს გასაგებიცაა, რადგან თითოეული ონლაინ ლექცია ვიდეოს სახით ინახება და ყველა სტუდენტს შეუძლია, ნებისმიერ დროს, თავიდან მოუსმინოს. ასევე, რამდენიმე პროფესორმა საოფისე საათები ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადა, რაც საშუალებას გვაძლევს, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, პროფესორებს საგანთან დაკავშირებული კითხვები დავუსვათ.

15 მარტს, რექტორმა გვაცნობა, რომ სემესტრის ბოლომდე უნივერსიტეტი ონლაინ რეჟიმზე უნდა გადასულიყო და სწავლა 23 მარტს, დისტანციურად, განახლდებოდა. ყველას გვთხოვეს, მალევე დაგვეტოვებინა  კამპუსი, თუმცა ისიც გაითვალისწინეს, რომ ბევრ სტუდენტს,  ჩაკეტილი საზღვრების გამო, განსაკუთრებით საერთაშორისო სტუდენტებს, წასასვლელი არსად გვქონდა ან წასვლას ვერ ვახერხებდით. ამიტომ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასეთი სტუდენტები დავრჩენილიყავით კამპუსში და დავმორჩილებოდით თვითიზოლაციის წესებს. მე გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი, იმისდა მიუხედავად, რომ ზუსტად არ ვიცი, რა ბედი ეწევა ჩემს საზაფხულო პრაქტიკას. დაგეგმილი მქონდა ზაფხულში, 10 კვირის განმავლობაში, როზალინდ ფრანკლინის სამედიცინო უნივერსიტეტში პრაქტიკის გავლა.  არ ვიცი,  როგორ განვითარდება მოვლენები, რა მოხდება ამ რამდენიმე თვეში. მხოლოდ ის ვიცი, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ გაუქმდება საზაფხულო პრაქტიკა და უკან დაბრუნებას ვერ შევძლებ, პრობლემა არ შემექმნება, შემდეგ ზაფხულს მომეცემა პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა.

საქართველოში 19 მარტს ჩამოვფრინდი. ამჟამად საირმეში, ორკვირიან იზოლაციაში, ვიმყოფები, ბევრს ჰგონია, რომ ე.წ. კარანტინი ცუდია, მაგრამ ავიწყდებათ, რომ თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, დაიცვას არა მარტო საკუთარი თავი, არამედ სხვაც. ძალიან კარგი პირობებია და სიმართლე გითხრათ, ვამაყობ იმით, რომ საქართველოში ამ პრობლემის მოგვარებას მთავრობა საკმაოდ კარგად ართმევს თავს. მართალია, მარტო ყოფნა, მაშინ როცა ოჯახი გენატრება, რთულია, თუმცა მჯერა, რომ იზოლაციაში ყოფნით როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებსაც დავიცავ შესაძლებელი საფრთხისგან.

დისტანციურ სწავლას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვს, თუმცა, შექმნილ ვითარებაში ეს ერთადერთი გამოსავალია. მე პირადად, ბოლო რამდენიმე დღეში, საკმაო რაოდენობის მეილი მივიღე როგორც ჩემი მეგობრებისგან, ასევე პროფესორებისგანაც. მათი თანადგომა შექმნილ ვითარებას ნაკლებად მღელვარეს ხდის და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთმანეთის მიმართ მეტი ყურადღება და თანადგომა უნდა გამოვიჩინოთ. ემპათია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რაც ადამიანებს გაგვაჩნია. გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ, რომ ყველაფერი წარმავალია და კანონმორჩილებით, სახლში ყოფნით, და სიმშვიდის შენარჩუნებით შევძლებთ ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას.

რეალურად არავის მოსწონს ონლაინ სწავლება, უბრალოდ, შექმნილ ვითარებაში ეს საუკეთესო გამოსავალია.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები