20 აპრილი, შაბათი, 2024

სამოქალაქო განათლება 3000-მდე აბიტურიენტმა აირჩია – რჩევები ჯგუფის ხელმძღვანელისგან

spot_img

სამოქალაქო განათლების გამოცდასთან დაკავშირებით აბიტურიენტების შეკითხვებს სამოქალაქო განათლების ჯგუფის ხელმძღვანელი ირმა ხომერიკი პაუხობს. გთავაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს:

✔️რაზე უნდა გაამახვილონ აბიტურიენტებმა სამოქალაქო განათლების ტესტში ყურადღება?

– ტესტზე მუშაობის დროს აუცილებელია, პირველ რიგში, ყურადღებით გაეცნოთ თითოეული დავალების პირობას და შეძლებისდაგვარად ამომწურავად უპასუხოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ დაიტოვოთ საკმარისი დრო, რათა პასუხები გადაიტანოთ სამუშაო ფურცლიდან პასუხების ფურცელზე დავალების შესაბამის ველში.

✔️ტესტის სტრუქტურაში რაიმე ცვლილება ხომ არ არის?
–  სამოქალაქო განათლების ტესტს წელს არავითარი ცვლილება არ შეხებია.

✔️ღია შეკითხვებზე პასუხის დროს რას მივაქციოთ ყურადღება და სიტყვების რაოდენობაში შეზღუდულები ხომ არ ვართ?

– ღია კითხვაზე მუშაობის დროს, პირველ რიგში, საჭიროა, სწორად გაიაზროთ დავალების პირობა, მსჯელობა უნდა იყოს დავალების პირობის შესაბამისი. შეეცადეთ პასუხი იყოს ამომწურავი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და უნდა იკითხებოდეს გარკვევით. სიტყვების კონკრეტული რაოდენობა არ არის განსაზღვრული, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ პასუხი უნდა დაეტიოს პასუხების ფურცელზე დავალებისათვის გამოყოფილ ადგილას.

✔️ რამდენი აბიტურიენტი აბარებს წელს სამოქალაქო განათლების გამოცდას?

– სამოქალაქო განათლება აირჩია 3000-მდე აბიტურიენტმა.

✔️ ტექსტის რედაქტირების დროს არასწორად ჩასწორების შემთხვევაში ქულები გვაკლდება ?

– აბიტურიენტს 1 ქულა ეწერება იმ შემთხვევაში, თუ იგი ტექსტში იპოვის და გაასწორებს შეცდომას. ყველა სხვა შემთხვევა 0 ქულით ფასდება

✔️ ღია ბოლოიან შეკითხვებზე კონკრეტული მაგალითების მოყვანა აუცილებელია, თუ ზოგად მსჯელობაშიც დაგვეწერება ქულა? 

– აუცილებელია, თუ დავალების პირობით მოგეთხოვებათ მაგალითის დასახელება ან არგუმენტირებული მსჯელობა. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება არ დაასაბუთოთ.

✔️პროექტის დაწერისას რას მივაქციოთ განსაკუთრებულად ყურადღება? გვირჩიეთ როგორ დავწეროთ იდეალური პროექტი. 

– დავალებაში „სასკოლო პროექტი“ მოცემულია თემში არსებული კონკრეტული პრობლემის აღწერა და პროექტის მიზანი. აპლიკანტს ევალება ჩამოაყალიბოს ორი ამოცანა და მათი განხორციელების კონკრეტული გზები. თქვენ მიერ შემოთავაზებული ამოცანები უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან და პასუხობდნენ დასახულ მიზანს. მათი განხორციელება ხელს უნდა უწყობდეს დავალებაში აღწერილი პრობლემის მოგვარებას. მოცემული დავალება ამოწმებს პრობლემის გადაჭრის უნარსა და პროექტის სტრუქტურირების საბაზისო ცოდნას.

✔️რედაქტირებაში სინონიმური მნიშვნელობის სიტყვებს ჩათვლით? მაგალითად, ვერდიქტი – განაჩენი და ა.შ?

– დავალებაში „ტექსტის რედაქტირება“ გარკვეული ტერმინი, სახელი ან თარიღი შეცდომითაა გამოყენებული. აბიტურიენტმა ტექსტში უნდა იპოვოს და გაასწოროს შეცდომები. მაგალითად: ტექსტში შეცდომით გამოყენებული ტერმინი, უნდა შეიცვალოს სწორი ტერმინით. ამ უკანასკნელის სინონიმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასევე, ჩაითვლება სწორ პასუხად.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები