25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სამინისტრომ საჯარო სკოლის დირეტორობის მსურველებისთვის კონკურსი გამოაცხადა

spot_img

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჯარო სკოლის დირეტორობის მსურველებისთვის კონკურსი გამოაცხადა. ამ თემაზე მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ ბრიფინგი გამართა.

სერტიფიცირების მსურველებისთვის ელექტრონული რეგისტრაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 3 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება.

ეკა დგებუაძემ განმარტა, რომ სერტიფიცირების შედეგად, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვა იგეგმება: „დირექტორობის მსურველთა შერჩევის პროცესში სამინისტროს ამოცანას წარმოადგენს როგორც კონკურსის გამჭვირვალედ, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ორგანიზება, ასევე, კონკურენტებისთვის კეთილგანწყობილი და თანაბარი პირობების შექმნა.“

 კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ უმაღლესი განათლების მქონე პირები, რომლებსაც მუშაობის, არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება აქვთ, აქედან განათლების სფეროში სწავლების, მინიმუმ, ერთწლიანი სტაჟი.

რაც შეეხება სერტიფიცირების პროცესს, ორი ნაწილისგან შედგება – ტესტირება და გასაუბრება. ტესტირების პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს – საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება, სკოლის ადამიანური რესურსის მართვა, ეფექტური კომუნიკაციისა და მოტივაციის მეთოდები, მშობლებთან მუშაობა და ანგარიშვალდებულება, ლოგიკური მსჯელობა და ინფორმაციის ანალიზი და სხვ.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ტესტირება ელექტრონული ფორმატით ჩატარდება და კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტექსტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში.

„შეფასების შედეგების შესახებ ინფორმაციას კონკურსანტი ტესტის დასრულებისთანავე მიიღებს და თუ ის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს, საშუალება მიეცემა, გადავიდეს გასაუბრების მეორე ეტაპზე.“

 გასაუბრების ეტაპის შესახებ ინფორმაციას აპლიკანტები ტესტირების პროცესის დასრულების შემდეგ შეიტყობენ, ოფიციალურად, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ჩაატარებს გასაუბრებას, ეკა დგებუაძემ განაცხადა, რომ დაკომპლექტდება ჯგუფები (კომისია), რომლებიც ტესტირების ეტაპის წარმატებით გავლილ კანდიდატებს ჩაუტარებენ გასაუბრებას: „სერტიფიცირების ორივე ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, დირექტორობის მსურველს გადაეცემა დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი და მას ექნება უფლება, გადავიდეს კონკურსის მეორე ეტაპზე, რომელიც სკოლაში მათი კანდიდატების წარდგენასა და ახალი დირექტორის შერჩევის პროცესს გულისხმობს. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სერტიფიცირებული დირექტორებისთვის, ასევე ვგეგმავთ სატრენინგო პროგრამის გავლას, სანამ ისინი თავიანთ კანდიდატურას სკოლაში ასარჩევად წარადგენენ.“

ტესტირების ჩატარებამდე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეს წინასწარ განთავსდება ტესტირების ჩატარების განრიგი, ინფორმაცია სტრუქტურის შესახებ – დავალებათა ტიპები და რაოდენობა, ასევე, მოსამზადებლად საჭირო ლიტერატურის ნუსხა.

რაც შეეხება მოქმედ დირექტორებს, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ: „ამ ეტაპზე ჩვენ კონკურსს კონკრეტულ სკოლებთან მიმართებაში არ ვაცხადებთ, ცხადდება კონკურსი სერტიფიცირებისთვის, რომელშიც დირექტორობის მსურველი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. როდესაც უკვე განათლების სამინისტრო გამოაცხადებს დირექტორობაზე კონკურსს, ამ შემთხვევაში, დაიდება ინფორმაცია, თუ რამდენ სკოლაში მოხდება დირექტორობის კანდიდატების წარდგენა. დღეს სისტემაში დასაქმებული არიან სკოლის ის დირექტორები, რომლებსაც აქვთ სერტიფიკატი და ამ ადამიანებისთვის არ არის განსაზღვრული სერტიფიცირების ეს პროცესი, რადგან მათ უკვე აქვთ მოპოვებული სერტიფიკატი.“ თუმცა, სისტემას, მოქმედი სერტიფიცირებული დირექტორების გარდა, ჰყავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები, რომელთა შორის არიან როგორც სერტიფიცირებული, ისე არასერტიფიცირებული კადრები. კითხვაზე – ვალდებული არიან თუ არა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არასერტიფიცირებული კადრები მონაწილეობა მიიღონ გამოცხადებულ სერტიფიცირების პროცესში? ეკა დგებუაძე გვპასუხობს, რომ დირექტორობის მოვალოების შემსრულებელი ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი, ვალდებული არიან ჩაერთონ პროცესში. სერტიფიცირების გავლის შემთხვევაში კი, ისინი ავტომატურად, დროებით, რჩებიან დირექტორის პოზიციაზე.

ბრიფინგზე ცნობილი გახდა, ასევე, რომ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დამტკიცდა დირექტორის ახალი სტანდარტი, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. რა მოთხოვნებს დააყენებს დირექტორების წინაშე ახალი სტანდარტი და რას შეცვლის ის რეალურად? ეკა დგებუაძე ამბობს, რომ:

„სტანდარტში აღვწერთ სწორედ იმ პროცესებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დირექტორმა იცოდეს სასწავლო პროცესის მართვის დროს. რეალურად კი, ახალი სტანდარტი შეცვლის მიდგომას და მენეჯმენტს,ზოგადად, სკოლასთან და მოსწავლესთან მიმართებაში, უფრო ჰუმანური და ბავშვზე ორიენტირებული იქნება“.

რა ბედი ეწევა მოქმედ დირექტორს, რომელიც ახალი სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს? იგეგმება თუ არა მათი ხელახალი სერტიფიცირება? სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქმედ დირექტორებს ამის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა, იმისთვის, რომ მათი ცოდნა ახალ სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდეს, გარკვეული ტიპის გადამზადებასა და ტესტირებას გეგმავენ. „სტანდარტი მოქმედი და გამოცდილი დირექტორების ჩართულობით შევიმუშავეთ, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, თუ რა ღირებულებები და მნიშვნელოვანი კომპონენტები უნდა იყოს გათვალისწინებული – რა ცოდნას უნდა ფლობდეს დირექტორი. მათ ძალიან ბევრი კვალიფიციური სატრენინგო მოდული აქვთ გავლილი და ბევრ საჭირო ინფორმაციას ფლობენ.“

 ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები