19 აპრილი, პარასკევი, 2024

სავალალო სტატისტიკა „ბავშვთა კეთილდღეობის“ ფონზე

spot_img

2018-2019 წლებში საქართველოში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგები გასაჯაროვდა. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული და მისი მხარდაჭერით ჩატარებული შინამეურნეობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო კვლევა მსოფლიოში (MICS) ფარავს იმ ძირითად ინდიკატორებს, რომლებიც გამოიყენება შინამეურნეობების, განსაკუთრებით კი ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად. MICS-ის ჩატარება 1990-იან წლებში დაიწყო და, დღემდე, 300-ზე მეტი კვლევა განხორციელდა  100-ზე მეტ ქვეყანაში.

საქართველოში კვლევამ 180-ზე მეტი ინდიკატორი მოიცვა და მასში 14 000-ზე მეტმა შინამეურნეობამ მიიღო მონაწილეობა.

როგორია შედეგები? მონაცემები, სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, განსხვავებულია, „განსხვავებულია ბავშვების კეთილდღეობის შესახებ ინფორმაციაც ქვეყნისა და რეგიონების მიხედვით, შედეგები აჩვენებს, ბავშვების მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, თუმცა, ასევე ცხადჰყოფს, მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებზეც აუცილებელია რეაგირება“ – აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი.

მრავალინდიკატორულ კვლევაში ყურადღება იმ ძირითად მიგნებებზე შევაჩერეთ, რომელიც ბავშვის აღზრდას უკავშირდება. ირკვევა, რომ საქართველოში ძალადობრივი აღზრდის მეთოდების გამოყენება ისევ პრობლემად რჩება.

გახშირებული ძალადობრივი აღზრდის მეთოდები ოთხი ინდიკატორის მიხედვით იკვლიეს: ფიზიკური დასჯა; მკაცრი ფიზიკური დასჯა; ფსიქოლოგიური დასჯა; ნებისმიერი ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური აგრესია.

კვლევამ აჩვენა, რომ გასული თვის განმავლობაში, 1-14 წლის ბავშვების 69%-ის მიმართ, გამოიყენეს აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი, 31%-ს კი გამოუცდია მკაცრი და სხვა ტიპის ფიზიკური დასჯა, მკაცრი ფიზიკური დასჯა – 5%-ს.

ბავშვთა 66% აცხადებს, რომ განიცადა ფსიქოლოგიური აგრესია. ფუნქციური სირთულეების არმქონე ბავშვთა მიმართ გამოყენებული არაძალადობრივი აღზრდის მეთოდები 9 პროცენტული პუნქტით მაღალია, ვიდრე ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვთა მიმართ. საპირისპიროდ, ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვთა მიმართ გამოყენებული მკაცრი ფიზიკური დასჯის მეთოდები 9 პროცენტული პუნქტით მაღალია, ვიდრე ფუნქციური სირთულეების არმქონე ბავშვთა მიმართ.

გამოკითხული დედების/მეურვეების 8% ფიქრობს, რომ ბავშვის სწორად აღსაზრდელად ფიზიკური დასჯა საჭიროა. ძირითადი განსხვავებები შეინიშნება მეურვის სქესის მიხედვით – ქალების 8% მიიჩნევს, რომ ფიზიკური დასჯა საჭიროა, რაც 5-ჯერ აღემატება კაცის ანალოგიურ მაჩვენებლებს. ეს შეხედულება, ასევე, დაკავშირებულია დედის/მეურვის განათლების დონესთან –  ბავშვის ფიზიკური დასჯის მომხრეთა რაოდენობა მცირდება რესპონდენტების განათლების დონის ზრდასთან ერთად.

1-14 წლის ბავშვების პროცენტული წილი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოყენებული აღზრდის მეთოდების მიხედვით, მცირედით განსხვავებულია ქალაქსა და სოფელს შორის. კვლევის შედეგად ვიგებთ, რომ მხოლოდ არაძალადობრივი მეთოდები, ამ პერიოდში, ქალაქსა და სოფელში, თანაბრადაა გამოყენებული (გამოკითხულთა 28 % შეადგინა).

ფიზიკური დასჯის ფორმებიდან მკაცრი დასჯის მეთოდები ქალაქში მცხოვრებ ბავშვებზე 4% მოდის, ხოლო სოფელში მცხოვრებ ბავშვებზე – 5 %. შედარებით დიდია სხვა ტიპის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების შემთხვევები და აქაც მცირე განსხვავებაა ქალაქსა და სოფელს შორის: 29/25%. ყველაზე მეტად ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები ჭარბობს: ქალაქში – 67, სოფელში – 65, შემდეგ მოსდევს რომელიმე სხვა ძალადობრივი მეთოდი, რომლის პროცენტული წილი ქალაქსა და სოფელში თანაბარია – 69.

განსხვავებულია მონაცემები ეროვნების მიხედვითაც, აღმოჩნდა, რომ ბავშვებს,   მხოლოდ არაძალადობრივი მეთოდით, აზერბაიჯანელი ოჯახების 16% ზრდის, სომეხი ოჯახების 33%, ხოლო ქართული ოჯახების 29%.

ფიზიკური დასჯის მკაცრი მეთოდები კი, ასე გადანაწილდა: აზერბაიჯანელი -12, სომეხი – 3, ქართველი – 4, სხვა – 3; სხვა ტიპის ძალადობრივ მეთოდებს მიმართავს: სომეხი – 32%, ქართველი – 24%, აზერბაიჯანელი – 41%, სხვა – 29%; ყველაზე ხშირად მშობელთა უმრავლესობა ბავშვის აღზრდისას ფსიქოლოგიურ აგრესიას იყენებს – აზერბაიჯანელი – 82, ქართველი – 65, სომეხი – 62, სხვა – 64.

კლასტერულმა კვლევამ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სასწავლო გარემოში მშობელთა ჩართულობაც მოიცვა, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო დაწესებულებების მმართველობაში ზრდასრულების ჩართულობა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არც თუ ისე მაღალია: გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ სკოლას   აქვს მმართველი ორგანო, რომელშიც მშობლებსაც შეუძლიათ მონაწილეობა. მშობლების მხოლოდ 33% დაესწრო მმართველი ორგანოს მიერ გამართულ კრებას, 75% კი – სასკოლო ზეიმებსა და სპორტულ ღონისძიებებს. მშობელთა 78% ამბობს, რომ ჰქონდა შეხვედრა მასწავლებელთან, აკადემიური მოსწრების განსახილველად; 33%-ს კი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არ მიუღია მოსწავლის აკადემიური შეფასების ბარათი.

ყურადღებას იქცევს ბავშვების პროცენტული წილის ის მონაცემები, რომლებსაც სახლში 3 ან მეტი საკითხავი წიგნი აქვთ – დაბალია სოფლად (66%), ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის (54.8%), განსაკუთრებით დაბალია ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის (14.5%). აქაც მკვეთრი უთანასწორობა იკვეთება კეთილდღეობის ინდექსის კვინტილების მიხედვით – უმდიდრეს კვინტილში ბავშვების 99%-ს აქვს სახლში საკითხავი წიგნები, ხოლო უღარიბეს კვინტილში – მხოლოდ 50%-ს.

კვლევა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქვეყანაში ისევ განსაკუთრებული სიმწვავით დგას ბავშვის ადრეული განვითარება – მასტიმულირებელი და მზრუნველი გარემო, წიგნებსა და სასწავლო მასალებზე ხელმისაწვდომობა, ურთიერთობა გულისხმიერ და ყურადღებიან მზრუნველებთან, ადეკვატური კვება, ხარისხიანი, ადრეული ასაკის შესაბამისი განათლება და უსაფრთხო გარემო. „ბავშვები მთელი რიგი რისკების წინაშე დგანან, როგორიცაა: სიღარიბე; არასახარბიელო ჯანმრთელობა; ოჯახში და ბავშვის გარემოში მაღალი დონის სტრესი და დაუცველობა ძალადობისაგან, შეურაცხყოფა, უყურადღებობა და ექსპლუატაცია; ასევე, არასათანადო მოვლა და სწავლის შესაძლებლობები, უთანასწორობა, რის გამოც მათ, შესაძლოა, ვერ მიაღწიონ პოტენციალს. ბავშვობის ადრეულ წლებში ინვესტიციის ჩადება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხარჯეფექტური გზაა იმისათვის, რომ შემცირდეს ის სხვაობა, რომელიც ხშირად დაბალი სოციალური და ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახების ბავშვებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.“ – ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.

2-4 წლის ბავშვების ადრეულ სტიმულირებასა და სათანადო მზრუნველობაში დედები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ (60%), ხოლო მამათა მონაწილეობა გაცილებით ნაკლებია (8%).

საბავშვო ბაღებში სწავლა დაკავშირებულია დასახლების ტიპთან, ასაკსა და კეთილდღეობასთან. იმ ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიან, ქალაქის ტიპის დასახლებებში, 16 პროცენტული პუნქტით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებთან შედარებით. საბავშვო ბაღში დასწრება 10 პროცენტული პუნქტით მაღალია 4 წლის ბავშვებში, 3 წლის ბავშვებთან შედარებით. პირდაპირი კავშირი არსებობს საბავშვო ბაღში სწავლასა და სიღარიბეს შორის – უმდიდრეს ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა პროცენტული წილი, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიან, 26 პუნქტით აღემატება უღარიბესი კვინტილის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ბავშვების 94% საჯარო ბაღში დადის, ხოლო 6% – კერძო ბაღში, ბავშვების მხოლოდ 1% – სხვა ტიპის საბავშვო ბაღში.

5 წლამდე ბავშვების 64% მაღაზიაში ნაყიდი სათამაშოებით თამაშობს, 94% – საოჯახო ნივთებით, მათ შორის, სახლის გარეთ ნაპოვნი ნივთებით, ხოლო ბავშვების შედარებით მცირე პროცენტული წილი კი – თვითნაკეთი სათამაშოებით (12%). ბავშვების 44%-ს არ აქვს, მინიმუმ, 3 საბავშვო წიგნი.

5 წლამდე ბავშვების 4%, ამ კვლევის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე, დატოვეს არასათანადო მეთვალყურეობის ქვეშ, მარტო ან 10 წლამდე სხვა ბავშვის მეთვალყურეობის ქვეშ, ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში. მნიშვნელოვანი განსხვავება ფიქსირდება რეგიონებს შორის, გურიაში ეს მაჩვენებელი 2%-ს შეადგენს, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 8%-ს.

კლასტერული კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბავშვობის ასაკში ქორწინებაზე, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს მოზარდების განვითარებისთვის.

კვლევის მიხედვით, ადრეული ქორწინების მაჩვენებლები ასეთია: 20-24 წლის ასაკის ქალების 14% 18 წლამდე იყო დაქორწინებული.

ბავშვობის ასაკში ქორწინება პრობლემაა მთელ ქვეყანაში, თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის. ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრები 20-24 წლის ქალების 8%  დაქორწინებული იყო 18 წლამდე, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 25% იყო დაქორწინებული ან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში, სრულწლოვანი ასაკის მიღწევამდე. ისინი კეთილდღეობის ინდექსის უღარიბეს კვინტილს მიეკუთვნებიან, ხოლო უმდიდრეს კვინტილურ ჯგუფში ანალოგიური მაჩვენებელი 4% -ს შეადგენს.

ადრეულ ქორწინებასა და განათლებას შორის არსებულ კავშირს რაც შეეხება, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 20-24 წლის ასაკის ქალთა 47%-ს, რომელიც დაქორწინებული იყო ან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში 18 წლამდე, მიღებული აქვს დაწყებითი ან არასრული საშუალო განათლება, 25%-ს – სრული საშუალო განათლება, 11%-ს – პროფესიული განათლება, ხოლო უმაღლესი განათლების მქონე მხოლოდ 3% აღმოჩნდა.

20-49 წლის ქალების წილი, რომლებიც დაქორწინებული იყვნენ 18 წლამდე, ყველაზე მაღალია ქვემო ქართლში (25%), ყველაზე დაბალი – თბილისში (12%). მნიშვნელოვანი სხვაობაა ასაკობრივ ჯგუფებს შორის ადრეული ქორწინების თვალსაზრისით. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი როგორც 15 წლამდე ქორწინების, ასევე 18 წლამდე ქორწინების შემთხვევაში, 40-44 წლის ქალებში დაფიქსირდა და, შესაბამისად, 3 და 27 პროცენტი შეადგინა.

„18 წლის ასაკამდე ქორწინება მრავალი გოგონასათვის რეალობას წარმოადგენს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მშობლები თავიანთ ქალიშვილებს დაქორწინებისკენ მოუწოდებენ მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ მოზარდები არიან, იმ იმედით, რომ მათი ქორწინება სარგებელს მოუტანს მას და მშობლებსაც როგორც ფინანსურად, ასევე სოციალურად და ამასთან, მათ ოჯახს ფინანსური წნეხისაგან გაათავისუფლებს. ფაქტობრივად, ბავშვობის ასაკში ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს, რაც ხელს უშლის გოგონების განვითარებას და ხშირად განაპირობებს ადრეულ ასაკში ორსულობას და სოციალურ იზოლირებას, ხოლო განათლების დაბალი დონე და არადამაკმაყოფილებელი პროფესიული განათლება სიღარიბის გენდერულ ასპექტს განამტკიცებს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებულია „თავისუფალი და სრული“ თანხმობის განცხადების უფლება ქორწინებაზე იმის გათვალისწინებით, რომ თანხმობა ვერ იქნება „თავისუფალი და სრული“, როდესაც ერთ-ერთი მხარე არ არის საკმარისად მოწიფული იმისათვის, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს ცხოვრების პარტნიორის ასარჩევად.“ –  ნათქვამია ანგარიშში.

♦♦♦

კვლევის მიზანია, სახელმწიფომ შეცვალოს ბავშვების კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული სტატისტიკის ვექტორი, რომელიც, სამწუხაროდ, გაუარესებას გვამცნობს – ბავშვებზე საქართველოში ისევ ძალადობენ, ძალადობენ მშობლები, რადგან აღზრდის ამგვარ მეთოდებს ამართლებენ სრულიად დარწმუნებულები იმაში, რომ მათ მომავალს ამით „გააკეთილშობილებენ“. გაკეთილშობილების რა მოგახსენოთ, მაგრამ ადვილი წარმოსადგენია იმ 31% ბავშვის სახე, რომელიც   „მოძალადის“ დასარტყმელად აწეული ხელის მოსაგერიებლად პატარა უსუსური ხელებით როგორ ცდილობს, თავის დაცვას. ხან გამოსდით, ხან არა… მსხვერპლი თვალცრემლიანი ფიქრობს: რით დავიმსახურე? მეც გავიზრდები?! მერე თავჩაქინდრული (ძალადობის ნაკვალევით) სისასტიკის მსხვერპლი მოზარდი სკოლაში მიდის (ალბათ, შურის თვალით უყურებს თანატოლს, რომელსაც, მისგან განსხვავებით,   გაუმართლა, მოძალადე მშობელი არ ჰყავს), ან სულაც არ მიდის, ქუჩაში გადის (იძულებით) სარჩოს მოსაპოვებლად.   საზოგადოება კი გაკვირვებული და ვიშვიშით ადევნებს თვალს საინფორმაციო საშულებებით გამოცხადებულ ბულინგის ფაქტებს… „რა დაუნდობლები არიან? როგორ იმეტებენ ერთმანეთს?“ უკვირს. გასაკვირი სულაც არ არის, მას ეს ოჯახში ასწავლეს…
ვასუნთქებთ ტყვიით გაჟღენთილ ჰაერს, ვასმევთ დაბინძურებულ წყალს, ვძალადობთ ყველა ძალადობრივი ფორმით, რაც არსებობს, ვკვებავთ არასრულფასოვნად… ვათხოვებთ ბავშვობის ასაკის გოგონებს იმიტომ, რომ ასეა საჭირო, გაცნობიერებული დედობის უფლებასაც ჩვენივე ჩარევით ნაადრევად ვართმევთ (ესეც ასეა საჭირო)… სახლში მათი განვითარებისთვის წიგნებსა და სათამაშოებს ვერ ან არ ვყიდულობთ… და მაინც გვიკვირს, გვიკვირს მათ მიერ გამოხატული აგრესია? სამაგიეროდ, უხვად ვასაჩუქრებთ რისკებით, რაც მათი განვითარების პოტენციალს ზღუდავს. დამღად დასმული სიღარიბე და სოციალური სტატუსი, სტრესი და დაუცველობა, ექსპლუატაცია და ძალადობრივი აღზრდა კი, ბუნებრივია, სახარბიელო მომავალს ვერ შექმნის. საზოგადოება ამაზე ფიქრით თავს არ იწუხებს, სახელმწიფო კი – ზრუნვით.   კვლევის უმთავრესი მიზანი კი პირიქითაა – საქართველოს მთავრობამ ეს მონაცემები უნდა გამოიყენოს მოწყვლადი ოჯახებისა და ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესების პოლიტიკის დაგეგმვაში, თორემ რეალობას თუ თვალს გაუსწორებ, სავალალო სტატისტიკა, კონკრეტული ციფრებისა და პროცენტების გარეშე, ისედაც თვალნათელია. 
ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები