25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როდის გამოცხადდება რეგისტრაცია მასწავლებელთა გამოცდებზე

spot_img
მასწავლებელთა 2019 წლის გამოცდებზე რეგისტრაცია წელს, შედარებით, გვიან დაიწყება. ამის მიზეზად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ სქემაში დაგეგმილი ცვლილებები დაასახელა – „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს სქემის ცვლილებას და ამის შემდეგ გამოცხადდება რეგისტრაცია, რაც რეგისტრაციის ვადების შემჭიდროებასაც გამოიწვევს.“

 

როდის გამოცხადდება რეგისტრაცია და შეეხება თუ არა რაიმე ცვლილება გამოცდებს ან მისი ჩატარების გრაფიკს? – ამის გარკვევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, მანანა რატიანთან ვცადეთ.

 – ცვლილებები არ შეეხება გამოცდებს. მაისში სამინისტროს გარკვეული წინადადებები ექნება მასწავლებლებთან და სწორედ ამ პერიოდში გამოცხადდება რეგისტრაციაც. რაც შეეხება ცვლილებებს, მხოლოდ ერთი მიმართულებით იგეგმება – დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს მიეცემათ დარეგისტრირების საშუალება. საუბარია როგორც ესგ-ეს შესაბამის საგანზე, ისე პედაგოგიკის მიმართულებაზე. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ახალგაზრდებს კიდევ ერთი წელი უწევდათ ლოდინი, რომ გამოცდა ჩაებარებინათ და სკოლაში შესულიყვნენ. ფაქტობრივად, მასწავლებლობის მსურველი ახალგაზრდებისთვის ეს დაკარგული წელი იყო ( რის გამოც ისინი, ხშირად, სხვაგან იწყებდნენ მუშაობას), სისტემისთვის კი – დაკარგული კადრები. ვფიქრობთ, სქემაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია.

შეიცვლება თუ არა გამოცდების ჩატარების გრაფიკი?

 – როგორც იგეგმება, რეგისტრაცია მაისში უნდა გამოცხადდეს, ხოლო ივლისში გამოცდები დათქმული გრაფიკით უნდა ჩატარდეს. მასწავლებლების გამოცდები ჩვეულებრივ მიყვება ეროვნულ გამოცდებს, რადგან გამოცდების ჩატარების მენეჯმენტი და ორგანიზება ბევრად უფრო იოლია, როცა საგამოცდო ოთახები მზად გვაქვს, დაქირავებული არიან ზედამხედველები და ა.შ. 

– რეგისტრაციის დაგვიანებით დაწყება გამოიწვევს თუ არა მისი ვადების შემჭიდროებას?

 – შესაძლებელია გამოიწვიოს, ზუსტად ვერ გეტყვით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მასწავლებლები მოლოდინის რეჟიმში არიან და თავს გაართმევენ რეგისტრაციის პროცედურას. ზუსტად ერთი წუთის საქმეა – კომპიუტერთან დარეგისტრირებას არც საბუთების მოგროვება სჭირდება და არც დიდი დრო. აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომ ამ კუთხით რაიმე პრობლემა შეიქმნას.

 – გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ წელს გაცილებით მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდება?

– დარეგისტრირება მთავარი არ არის, მთავარია რამდენი მივა ბოლომდე, რადგან, ხშირ შემთხვევაში, რეგისტრირდება ბევრი, მაგრამ გამოცდაზე 30 პროცენტზე მეტი არ ცხადდება. დაველოდოთ, ვნახოთ რა მოხდება, წინასწარ ძალიან ძნელია ვარაუდების გამოთქმა.

 ლალი ჯელაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები