25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რეკომენდაციები მასწავლებლებს

spot_img

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის

რეკომენდაციები მასწავლებლებს

ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დროებით შეჩერდა სწავლა. სკოლების უმეტესობა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, რაც დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემისთვის და განსაკუთრებით პედაგოგებისთვის.

მასწავლებლებს უწევთ მუშაობა მათთვის უჩვეულო, აქამდე გამოუცდელი მეთოდებით. ქვეყანაში არ არსებობს ელექტრონულად მუშაობისთვის საჭირო სასწავლო მასალების ერთიანი ბაზა. სწრაფი ტემპით მიმდინარეობს პორტალების შექმნა და სხვა ტექნიკური საჭიროებების გამართვა, რასაც პედაგოგი დროულად უნდა აჰყვეს, ამასთან ჩართოს მოსწავლეები და მშობლებიც. მასწავლებლების სამუშაო დატვირთვა ბევრად გაიზარდა – უწევთ ელექტრონული მასალების მოძიება, ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა, დავალებების დაორგანიზება, ატვირთვა შესაბამის გვერდებსა თუ ჯგუფებში; შესრულებული საშინაო დავალებების მიღება, შემოწმება, უკუკავშირის დაბრუნება. ბუნებრივია, შექმნილი მდგომარეობა პედაგოგებშიც იწვევს შფოთვის მომატებასა და დაძაბულობას.

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ცდილობს პედაგოგების მხარდაჭერას და სთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც დაეხმარებათ დროის ეფექტურად გადანაწილებასა და ემოციების რეგულაციაში: 

1. განაცალკევეთ სამუშაო და პირადი ცხოვრება

ადგილს, სადაც აქამდე ისვენებდით ხოლმე და თქვენი განტვირთვის სივრცე იყო, ახლა დაემატა ახალი ფუნქცია – იქცა სამუშაო გარემოდ, საკლასო ოთახად. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი სფერო ერთმანეთისგან გამოიყოს. სამუშაო სივრცის ისე მოწყობა, რომ ყოველდღიურ საქმიანობაში ხელი არ შეგიშალოთ და მხოლოდ სამსახურის საქმისთვის გიწევდეთ იქ ყოფნა, იდეალური შემთხვევაა. თუმცა, შესაძლებელია საცხოვრებელი გარემო, არ გაძლევდეთ ამის საშუალებას. ასეთ დროს, სასურველია გამოყოთ ერთი კუთხე, რომელსაც მუშაობის დაწყების წინ მოიწყობთ შესაბამისად და დასრულებისთანავე დააბრუნებთ პირვანდელ მდგომარეობაში. სამსახურის საქმეს დაუთმეთ იგივე დრო, რა დროც გჭირდებოდათ სამუშაოს შესასრულებლად სკოლაში სიარულისას. ეს ყოველივე დაგეხმარებათ, რომ სამსახურისა და პირადი ცხოვრების საკითხები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მართოთ და ოჯახურ გარემოშიც შეინარჩუნოთ ჩვეული ცხოვრების რიტმი.

2.. გაუმკლავდით შინაგან შფოთვას

პედაგოგიური საქმიანობა ისედაც სტრესულია, რასაც უფრო ამძაფრებს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა. ამას ემატება დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული შფოთვა. თუ თქვენ გრძნობთ სამსახურეობრივი საქმიანობის გამო გაღიზიანებას, პირველ რიგში საჭიროა, რომ ეს შფოთვა შემცირდეს, რადგან უკეთ მართოთ პროცესი. ამისათვის შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ: გააცნობიერეთ გაღიზიანების მიზეზი. უმრავლეს შემთხვევაში შფოთვა უკავშირდება ხოლმე მომავალს. ეცადეთ, დარჩეთ აწმყოში და ყურადღების კონცენტრირება მოახდინოთ იმ საჭიროებებზე, რომლებიც ამჟამად გაქვთ. განაგრძეთ საკუთარ თავზე ზრუნვა – საყვარელი საქმიანობების კეთება, იქნება ეს წიგნების კითხვა; ფილმების ყურება; ფიზიკური ვარჯიშები; ხელსაქმე; კულინარია თუ სხვა. შფოთვის შესამცირებლად გამოიყენეთ სუნთქვითი ვარჯიშები. გახსოვდეთ, რომ შექმნილ სიტუაციაში დაძაბულობა და შფოთვა ბუნებრივია. იმავეს განიცდიან თქვენი კოლეგებიც, ამიტომ სასურველია, რომ გამოხატოთ, გაუზიაროთ თქვენი ემოციები ერთმანეთს. შფოთვის შემცირების სტრატეგიების გამოყენება თქვენს ყოველღიურ ცხოვრებაში, დაგეხმარებათ დაზოგოთ საკუთარი ენერგია და მეტი ხალისით შეასრულოთ სამუშაო. 

3. გამოწვევა აქციეთ შესაძლებლობად

დისტანციურად მუშაობა/სწავლება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. თუმცა, უკვე გამოიკვეთა, რომ პედაგოგების უმეტესმა ნაწილმა წარმატებით გაართვა თავი არაერთ წინააღმდეგობას. სახლში ყოფნის ეს პერიოდი კარგი შესაძლებლობაა სხვადასხვა პროგრამისა და ზოგადად, ტექნოლოგიების უკეთ შესასწავლად. ეცადეთ, მიაგნოთ აქამდე უცნობ სწავლების მეთოდებსა თუ სასწავლო მასალებს. გამოიყენეთ ეს დრო ახალი პროფესიული უნარების შესაძენად, სკოლაში დაბრუნების შემდეგ კი ეფექტურად განაგრძეთ მათი პრაქტიკაში დანერგვა. როგორც დეილ კარნეგი იტყოდა – „თუ ცხოვრება გაძლევს ლიმონს, გააკეთე მისგან ლიმონათი!“ 

4. შეაგროვეთ ინფორმაცია მოსწავლეების ტექნიკური რესურსებისა და მათი გამოყენების უნარების შესახებ.

დისტანციური სწავლება პირდაპირ უკავშირდება ტექნოლოგიებსა და გამართულ ქსელებს. ყველა მოსწავლეს არ აქვს საჭირო რესურსები, კომპიუტერი ან ინტერნეტთან წვდომა. მეორე საკითხია ტექნიკის ფლობის შესაბამისი უნარები. ბუნებრივია, ეს ხარვეზები აისახება მასწავლებლის მუშაობის ეფექტურობაზეც. კარგი იქნება, თუ გექნებათ ინფორმაცია თქვენი მოსწავლეების ტექნიკური უზრუნველყოფისა და მათი გამოყენების შესაძლებლობების შესახებ – რამდენად ახერხებენ ისინი დისტანციურ სწავლებაში ჩართვას, რა უჭირთ, რა უფრო უმარტივდებათ. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ მუშაობის მეთოდი და საშუალება. შესაბამისად, თქვენი შრომაც მეტად შედეგიანი იქნება.

5. დააორგანიზეთ მოპოვებული სამუშაო მასალები

განსაზღვრეთ სასურველი აქტივობები თითოეული კლასისთვის. ჩამოაყალიბეთ კონკრეტული მიზნები, რა გინდათ რომ მიიღოთ თქვენი მუშაობის შედეგად. შეადგინეთ კვირის გეგმები წინასწარ. შეაგროვეთ საჭირო სასწავლო მასალების გარკვეული რაოდენობა, შემდეგ კი გადაანაწილეთ რა თანმიმდევრობით მიაწვდით ბავშვებს. ეცადეთ, ზუსტად მიჰყვეთ თქვენ მიერ გაწერილ გეგმას. ასეთი მეთოდით მუშაობა თავიდან აგარიდებთ ზედმეტ შფოთვას და დაგეხმარებათ ეფექტურად მართოთ დისტანციური სწავლების პროცესი.

6. გაწერეთ ზუსტი დრო

სახლში გამოკეტვის ამ პერიოდმა შეცვალა ჩვეული ცხოვრების რიტმი. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ზრდასრულებისთვის, ისე ბავშვებისთვის წინასწარ იყოს გაწერილი დღის რეჟიმი. ამას კი მშობლებთან ერთად, პედაგოგებმაც უნდა შეუწყონ ხელი. განსაზღვრეთ ზუსტი დრო, თუ რომელ დღეებსა და საათებში აუტვირთავთ ახალ გაკვეთილს ან საშინაო დავალებას თითოეულ კლასს. დავალების მიცემისას მიუთითეთ ჩაბარებისა და უკუკავშირის დაბრუნების ვადებიც. ეცადეთ, მოარგოთ იმ ცხრილს, როგორც სკოლაში გქონდათ გაწერილი, რომელ საათზე რომელ კლასში უნდა შესულიყავით. შესაბამისად, ბავშვებისთვისაც შედარებით მარტივი იქნება დავალების ნახვა, ნაკლებად გამორჩებათ რომელიმე აქტივობა და საშინაო დავალებასაც თქვენ მიერ განსაზღვრულ საათებში დაგიბრუნებენ. თუ ატარებთ ონლაინ გაკვეთილს, გაითვალისწინეთ პროტოკოლით გაწერილი სტანდარტული დრო. ისევე დაიცავით თითოეული გაკვეთილისთვის გამოყოფილი დრო, როგორც ამას სკოლაში აკეთებდით. ეს დაგეხმარებათ როგორც თქვენი დროის ეფექტურად მართვაში, ასევე მოსწავლეების მობილიზებაში. 

7. გააკეთეთ მიღებული შედეგის ანალიზი

გაკვეთილის ჩატარებისას ხშირად ინტუიციურად ხვდებით, თუ რამდენად გასაგებია მოსწავლისთვის ახსნილი მასალა ან რა გაუჭირდა თუ გაუმარტივდა დავალების შესრულებისას. დისტანციური სწავლებისას კი რთულია შეაფასოთ ეს ყოველივე. არადა, მნიშვნელოვანია, იცოდეთ რამდენად ეფექტურად მუშაობს თქვენ მიერ შერჩეული კონკრეტული აქტივობები. ამისთვის, ყოველი დავალების ჩაბარების შემდგომ, გააკეთეთ ანალიზი რას ელოდით და რა მიიღეთ – რამდენად დაინტერესდა კლასი, რამდენმა ბავშვმა შეასრულა დავალება, რამდენმა გაართვა თავი წარმატებით, რამდენს გაუჭირდა, ვინც ვერ შეასრულა, რა იყო მიზეზი და ა.შ. ეს დაგეხმარებათ სწორად და ზუსტად შეარჩიოთ მასალა კონკრეტული კლასისთვის. შესაბამისად, კლასის ჩართულობაც უფრო მაღალი იქნება და თქვენი მუშაობის ეფექტურობაც. თანდათანობით შეამცირეთ ყოველდღიური ანალიზი და გადადით ყოველკვირეულზე.

8. ჩართეთ მშობლები

სწავლების პროცესში მშობელთა ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით აუცილებელია მშობელთა მხარდაჭერა დისტანციური სწავლებისას. პირველ რიგში, მშობლის ჩართულობა შეიძლება დაგვჭირდეს დროის, სივრცისა თუ ტექნიკის უზრუნველყოფის მიზნით. ზოგიერთი ბავშვისთვის რთულია, ნებაყოფლობით უარი თქვას თამაშსა და გართობაზე და შეასრულოს დავალებები. ამ საკითხის რეგულაციაში დიდი როლი ენიჭება მშობელს. ჩართეთ ისინიც სასწავლო პროცესში, დაამატეთ ჯგუფებში, სადაც ხდება დავალებების გაცემა ან შექმენით ცალკე მშობლების ჯგუფი, სადაც მიაწვდით ხოლმე ინფორმაციას მიმდინარე აქტივობების შესახებ. ასე, ისინი უკეთ შეძლებენ აკონტროლონ ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობა, საშუალება ექნებათ, დააკვირდნენ და მეტად შეიცნონ შვილების უნარები და საჭიროებები. 

9. გაითვალისწინეთ მოსწავლეების ასაკი

მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართვა ყოველთვის არ არის მარტივი. ამას კიდევ უფრო ართულებს დისტანციური სწავლება. მნიშვნელოვანია აქტივობების სწორად შერჩევა თითოეული კლასისთვის. შექმნილ სიტუაციაში დისტანციური სწავლების არსი და მიზანი არის მოსწავლეთა დახმარება, რომ არ მოდუნდნენ და არ დაივიწყონ გავლილი მასალა. შესაბამისად, გაკვეთილები თუ შესასრულებელი დავალებები თითოეული კლასისთვის ისე შეარჩიეთ, რომ არც რთული იყოს და არც ზედმეტად მარტივი. სირთულე მოსწავლეებს შეაშინებს, გამოიწვევს შფოთვასა და დაძაბულობას. მარტივ სავარჯიშოებს კი, შესაძლოა, არასერიოზულად მოეკიდონ ან იუკადრისონ შესრულება. მასალის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ მოსწავლეთა ასაკსა და ინტერესებს, ვიდრე აქამდე გაწერილ პროგრამასა თუ სილაბუსებს; დავალებებს კი მიეცით შემეცნებით-სახალისო ფორმა. სასურველია, შეარჩიოთ ისეთი დავალებები, რომლებიც კომპიუტერსა და ინტერნეტს ნაკლებად საჭიროებს. ამით შეძლებთ მოსწავლეების ეკრანებისგან გარიდებასა და წიგნებთან/რვეულებთან კონტაქტის შენარჩუნებას. ამასთან, დაგეხმარებათ ისეთი ბავშვების სასწავლო პროცესში მაქსიმალურად ჩართულობაში, რომელთა ოჯახებშიც, რამდენიმე ბავშვია და ტექნიკური საშუალებების რესურსი არ ჰყოფნით. 

10. განსაზღვრეთ საშინაო დავალების ჩაბარების ფორმა

დისტანციური გაკვეთილის ჩატარების ფორმის შერჩევა ხდება თითოეული მასწავლებლისა და კლასის არსებული რესურსების გათვალისწინებით. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი – ონლაინ გაკვეთილი, წინასწარ ჩაწერილი ვიდეოგაკვეთილი, უბრალოდ ინსტრუქციების მიცემა თუ სხვა. მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ დავალების ჩაბარებას ჰქონდეს ერთი სტანდარტული ფორმა. აუცილებელია, შესრულებულ დავალებასთან წვდომა ჰქონდეს მხოლოდ კონკრეტულ პედაგოგს და არავითარ შემთხვევაში სხვა მოსწავლეებსაც ან მშობლებსაც. ამისათვის, წინასწარ მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ დავალებას ჩაიბარებთ მხოლოდ პირად მიმოწერაში ან ელ. ფოსტაზე გაგზავნით. შესაბამისად, უკუკავშირიც დაუბრუნეთ მხოლოდ ინდივიდუალურად. გამორიცხეთ, კომენტარის სახით ან ჯგუფში

ატვირთვის ფორმა. ასე შეძლებთ, თავიდან აირიდოთ სიმორცხვის ან დაცინვის შიშით გამოწვეული დაძაბულობა მოსწავლეებში, ამყოფოთ ისინი თანაბარ პირობებში და დაიცვათ თითოეული მათგანის უფლებები. 

11. დაიცავით კონფიდენციალურობა

დღესდღეობით მსოფლიოში მწვავედ დგას ინტერნეტბულინგის საკითხი. დისტანციური სწავლება კი, ზრდის ინტერნეტბულინგის რისკებს. ახალ პროგრამებში რეგისტრაციასა და ჯგუფებში გაწევრიანებაში დახმარების მიზნით მოსწავლეები და მასწავლებლებიც ცვლიან პაროლებს. არის შემთხვევები, როცა პედაგოგი თავად გაანდობს რომელიმე მოსწავლეს საკუთარ პაროლს, ტექნიკასთან ურთიერთობაში დახმარების მიზნით. ადვილად ხელმისაწვდომი ხდება პირადი ინფორმაცია. ბავშვებს ხშირად აქვთ შექმნილი ჯგუფები, სადაც შესაძლოა ეს პირადი ინფორმაცია არაკეთილი მიზნებით გავრცელდეს. ჯგუფებში ატვირთული დავალებებიც ზრდის ბულინგის საფრთხეებს. ამიტომ აუცილებელია, იზრუნოთ როგორც პირად, ისე მოსწავლეთა კეთილდღეობაზე. როგორც არ უნდა ენდობოდეთ კონკრეტულ მოსწავლეს, მოერიდეთ მისთვის თქვენი მონაცემების გაზიარებას. არ მოსთხოვოთ ბავშვებს საჯაროდ ატვირთონ შესრულებული წერილობითი თუ ვიდეო დავალებები. სოციალურ ქსელებში ონლაინ ჩართვების ამსახველი არაერთი ფოტო გავრცელდა. ძალიან კარგია, წარმატების სხვებისთვის გაზიარება, მაგრამ აუცილებელია კონფიდენციალურობის დაცვაც. გაითვალისწინეთ და ასწავლეთ ბავშვებსაც, ფოტოს გადაღებასა და სოც. ქსელებში გაზიარებისთვის საჭიროა ყველა ჩართული პირის თანხმობა.

გისურვებთ წარმატებას!

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები