29 მარტი, პარასკევი, 2024

რამდენით გაიზრდება განათლების ბიუჯეტი

spot_img

პარლამენტში, 2019 წლის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის ცვლილების საჭიროების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად განათლების რეფორმა დაასახელა. მისი განმარტებით, ცვლილება გამოიწვია ინიციატივამ, რომელიც საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ჯილდოს გაცემას და მასწავლებლების ხელფასების 150-ლარიან მატებას ითვალისწინებს.

სამინისტროს ინფორმაციით, 6500-მდე საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სისტემის დატოვების სურვილი უკვე გამოთქვა და შესაბამისად, თითოეული მათგანი მიიღებს ჯილდოს, 2 წლის ხელფასის ოდენობით და ჯანმრთელობის დაზღვევას სიცოცხლის ბოლომდე. ჯილდოს გაცემის პირველი ეტაპი, სავარაუდოდ, ოქტომბერში განხორციელდება. საერთო ჯამში, პრაქტიკოს მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოსთვის ბიუჯეტიდან 75 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო ხელფასების 150 ლარით ზრდისთვის – 20 მილიონი ლარი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ რეფორმის ეფექტურად განხორციელება სწორედ ახალი ბიუჯეტითაა დაგეგმილი. მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ დანაპირების შესრულებაზე, რომელიც მასწავლებელთა ხელფასების ზრდას ეხება: „რეფორმის ფარგლებში, შემოდგომაზე, მასწავლებელთა ანაზღაურება 150 ლარით იზრდება და როგორც ჩვენს პედაგოგებს დავპირდით, მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ხელფასების კიდევ, დამატებით, 150 ლარით ზრდაა   გათვალისწინებული. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელთან შედარებით, პედაგოგის ხელფასი, ჯამში, 300 ლარით გაიზრდება. ეს უმნიშვნელოვანესი ზრდაა და პირდაპირაა დაკავშირებული პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებასთან. ეს პროცესი ყოველწლიურად გაგრძელდება და გვეყოლება პედაგოგები, რომლებიც ნამდვილად ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ.“

მინისტრმა, მომავალი წლიდან, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების ხელფასების ზრდაც დააანონსა და განაცხადა: „ახლანდელ მონაცემს რომ შევადაროთ, დაახლოებით 50 % ით გაიზრდება მათი ხელფასები. რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი პროფესიული განათლების მიმართულებით, კერძოდ, მომავალ წელს, დაგეგმილია 6 ახალი პროფესიული სასწავლებლების აშენება, რაც რეგიონულ დაფარვას და ხელმისაწვდომობას გაზრდის. “

უმაღლესი განათლების მიღწევებზე საუბრისას,მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ დაფინანსება მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხი ზრდისა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარებისკენ. „წელს სიახლეები გვქონდა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით – ევროპული სივრცის ნაწილი გავხდით, რაც ევროპულ სივრცეში მეტ ინტეგრაციასა და ხარისხის ზრდას გულისხმობს. შესაბამისად, უმაღლესი განათლების დაფინანსება მიმართული იქნება სწორედ იქითკენ, რომ გაიზარდოს ხარისხი და, ასევე, ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები. ჩვენს მეცნიერებს გაეხსნათ ევროპული სივრცე, რაც მილიონობით ევროსთან წვდომას ნიშნავს. ჩვენი რესურსებითაც მაქსიმალურად დავეხმარებით მათ. განათლება რომ მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ეს ბიუჯეტის ზრდაშიც გამოიხატა. გათვალისწინებულია განათლების ბიუჯეტის 130 მილიონზე მეტით ზრდა, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კომპლექსური რეფორმა წარმატებით გახორციელდეს.

აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – ერთი წლის აქტიური მუშაობის შედეგად განათლების სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 600 მილიონი ლარი მოიზიდა. მისი ათვისება მომავალი წლიდან დაიწყება. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება, მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიმესთან. ეს რესურსები, არსებულ ბიუჯეტთან ერთად, განათლების რეფორმას მოხმარდება“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, მინისტრმა განაცხადა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამას ბიუჯეტის ზრდაც ადასტურებს.

ლალი ჯელაძე 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები