19 მარტი, სამშაბათი, 2024

პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს სამხედრო სამსახური გადაუვადდებათ

spot_img
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური, პროგრამის დასრულებამდე, გადაუვადდებათ. შედეგად, ახალგაზრდები პროგრამის დასრულებას უწყვეტად შეძლებენ.
სწორედ ამ მიზნით, სამინისტრომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი მოამზადა, რომლის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.
შეგახსენებთ, რომ ბევრი ახალგაზრდა სწორედ აღნიშნული შესაძლებლობის არარსებობის გამო წყვეტდა სწავლას ან საწყის ეტაპზევე უარს ამბობდა პროფესიული განათლების მიღებაზე. შემოთავაზებული ცვლილებების საფუძველზე გადავადება მოხდება მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.
როგორც ცნობილია, პროფესიული განათლების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის და ახალგაზრდების უმუშევრობის დონის შემცირებისთვის პროფესიულ განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის პროფესიის დაუფლებისა და დასაქმების უმოკლეს გზას წარმოადგენს. წარმოდგენილი ინიციატივა კი პოზიტიურ გავლენას მოახდენს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე, რასაც პოსტპანდემიურ პროცესებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები