29 მარტი, პარასკევი, 2024

„მთვარის მოტაცება“, როგორც წინასწარმეტყველება აფხაზეთის ტრაგედიისა

spot_img

დიდი მწერლები ხშირად დიდი წინასწარმეტყველნიც არიან. ეს სიტყვები თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ კონსტანტინე გამსახურდიასა და მისი რომანის შესახებ. „მთვარის მოტაცება“, როგორც ვიცით, წლების განმავლობაში, შეცვლილი ვარიანტით იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა, 1990 წლამდე, ვიდრე ზვიად გამსახურდიას რედაქტორობით არ დაიბეჭდა რომანის თავდაპირველი ვერსია, მკითხველმა მხოლოდ გადმოცემით იცოდა, რომ კაც ზვამბაიას ტარბები კი არა, საკუთარი შვილი არზაყანი კლავს. ეს მკვლელობა, რა თქმა უნდა, არ გახლავთ ოდენ ფიზიკური მამის მოკვლა; კაც ზვამბაიას მხატვრულ სახეში აქ თავისუფლად შეგვიძლია სიმბოლურად წარმოვიდგინოთ, როგორც ტრადიციებისა და წინაპრების მოკვეთა, ასევე თვით შემოქმედთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. „მთვარის მოტაცება“ მრავალი კუთხითა და ასპექტით მნიშვნელოვანი რომანია, მაგრამ უმთავრესი სწორედ კაც ზვამბაიას სიკვდილია საკუთარი შვილის ხელით განხორციელებული. არზაყანი ნაწარმოებში მიზანდასახულ, ახალგაზრდა კაცად წარმოგვიდგება, მაგრამ საინტერესოა რა მიზნები აქვს „ახალი ადამიანის“ ჩამოყალიბებისათვის მებრძოლ ჯერ კომკავშირელ, შემდეგ კომუნისტ არზაყან ზვამბაიას? მხოლოდ ყაჩაღების დევნით, რა თქმა უნდა, იგი არ შემოიფარგლება, არამედ მას „ცისფერი სისხლი“ სწყურია: „ათასწლობით ემსახურებოდნენ შარვაშიძეებსა და ემხვარებს ზვამბაია, ეშბა და ლაკობა… ახლა ზვამბაიების დროა,… სახნავიც ჩვენია და სათესიც, ზღვაცა და ცაც. ზღვისფერი თვალებიც და ცისფერი სისხლიც.“ მოცემულ ციტატაში მწერალი მნიშვნელოვან ისტორიულ რეალობას გვეუბნება. კერძოდ, აფხაზეთის მოსახლეობის არისტოკრატია და სამღვდელოება (ნახუცარი „ბაბუა ტარიელი“ გვარად შარვაშიძეა) ქართველი აფხაზები არიან, აფსუა აფხაზები კი სოციალურად დაბალ წრეს განეკუთვნებიან. კონსტანტინე გამსახურდიას რომანის დასაწყისშივე თავად შემოაქვს ასეთი დახარისხება, ქართველი აფხაზი და აფსუა აფხაზი. „მიდის ჩაბალახით თავგაკრული აფხაზი ვაჟკაცი.“ მომდევნო აბზაცში კი წერს: „მიდის უშიშარი და შეუპოვარი აფსუა.“ ეს „აფხაზი ვაჟკაცი“ და „შეუპოვარი აფსუა“ იდენტიფიცირდება კაც ზვამბაიასთან, სწორედ კაც ზვამბაიაა „ოქუმიდან ზუგდიდს მიმავალი“. მსგავს მინიშნებას მწერალი სხვა შემთხვევებშიც მიმართავს. იგი ეთნიკურად ორი აფხაზის, თუ შეიძლება ასე ითქვას, არსებობას აფხაზეთში უდიდესი ტაქტითა და სიფრთხილით აგებინებს მკითხველს – ერთი უშუალოდ აფხაზია, ანუ ისეთივე ქართველი ეთნიკურად, როგორც მეგრელი, სვანი, აჭარელი და ა.შ., ხოლო მეორე შემოსული (მიხეილ ჯავახიშვილის ტერმინით – „შემოხიზნული“) აფსუა, რომელმაც მიითვისა ეთნოსის სახელწოდება „აფხაზი“ და მეგრული გვარების დაბოლოება. რაც შეეხება პირველ შემთხვევას, თამარ შარვაშიძისა და ძაბულის პარალელური დახასიათებისას, მწერალი მათ შესახებ ამბობს: „თამარი ხომ აფხაზი ქალია“, „ძაბული მეგრელი ქალია“, ეს აფხაზი და მეგრელი ქალი ისეთივე თანაფარდობითაა ნათქვამი, როგორც კახელი, რაჭველი, გურული ქალების შესახებ გვსმენია ხოლმე. ამაზე უკეთ, ჩემი აზრით, იმის გადმოცემა, რომ თამარ შარვაშიძე ისეთივე ქართველი=აფხაზი ქალია, როგორც ძაბული ქართველი=მეგრელი ქალი, უბრალოდ შეუძლებელია. რაც შეეხება, არზაყანის „წყურვილს“, პარტიაზე „რელიგიური ფანატიზმით შეყვარებული“ არზაყანებისათვის მიზანი საშუალებას ამართლებს. ამიტომ ყველა გზითა და საშუალებით ცდილობს იგი ამ წყურვილის დაკმაყოფილებას. მეცნიერებაც სწყურია არზაყანს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თარაშმა არ აჯობოს მას რომელიმე სფეროში. გულზე მოხვდება ძაბულის სიტყვები: „თარაშმა გვაჯობაო ყველას“, „თარაშის პირველი მეცნიერული გამოკვლევა აფხაზური ენისათვის პრუსიის სამეცნიერო აკადემიას გამოუცია… აფხაზური ენის მეცნიერულად მცოდნე მთელ ქვეყანაზე სულ ორიოდე კაცი მოიპოვებაო.“ ძაბულისგანვე გაიგებს, რომ თურმე ლექსებსაც წერდა თარაში ქართულად: „აფხაზური ლიტერატურა ჯერ არ არსებობსო,… არც ისაა საკვირველი თარაში კარგი მოქართულე რომ იყოს, ემხვარისა და შარვაშიძეების ოჯახში მუდამ ქართული ჯაბნიდაო თურქულსა და რუსულს!“ ამ უბრალო  „მეგრელი ქალის“ პირით მწერალი დიდი მნიშვნელობის ყურადსაღებ ინფორმაციას გვაწვდის, ჯერ კიდევ იმ დროისათვის ე.წ. აფხაზური ლიტერეტურა და „დამწერლობაც“, რა თქმა უნდა, არ არსებობს, ასევე არ არსებობს ამ ენის „მეცნიერულად მცოდნე“, ანუ აფხაზოლოგი – ერთი, და მეორე – ოჯახებში ქართული ენაა გაბატონებული, რასაც შენარჩუნება ესაჭიროება, მაგრამ ვინ იყო მაშინ ამის ყურადმღებელი?! (არც დღეს გვაქვს, სამწუხაროდ, დიდად განსხვავებული მდგომარეობა და ის ტრაგედიაც, რაც აფსუა აფხაზებსა და ქართველ აფხაზებს შორის დატრიალდა. სწორედ ამ უგულისყურობის შედეგია). მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლები, მოგეხსენებათ, ქვეყნიდან, და საერთოდ, საზოგადოებრივი ასპარეზიდან იმ სოციალური ფენის განდევნის ხანა გახლდათ, რომელი ფენაც სწორედ ქართულენოვანი იყო. აფხაზი-ქართველი არისტოკრატიისა და სამღვდელოების ისტორიული არენიდან წასვლამ ასპარეზი დაუთმო აფხაზ-აფსუა გაკომუნისტებულ ზვამბაიებსა და არენბებს.

რაც შეეხება გვარების დაბოლოებას, დღეს სადავო აღარ არის, რომ აფსუური გვარების სამოცდაათი პროცენტი მეგრულ-სვანური ფუძისაა მეგრული დაბოლოებით. შემთხვევით არ ჩამოთვლის კონსტანტინე გამსახურდია: „დადიანი, შარვაშიძე, ემხვარი ან ლიპარტიანი, ფიფია, აგირბა, ესვანჯია, მალაზონია ან ტარბა“. ლაკერბაია, ალშიბაია,  ზვამბაია, გამეგრელებული აფსუური გვარებია. რაც შეეხება თარაშ ემხვარის სახელსა და გვარს, ეს ცალკე საუბრის თემაა, ამჯერად მხოლოდ იმით შემოვიფარგლები, რომ ემხვარი იგივე ამილახვარია, რასაც თავად ავტორიც ათქმევინებს თამარ შარვაშიძეს: „ემხვარები ამილახვრები ყოფილანო“.

რომანში მნიშვნელოვანი ადგილია თარაშის მიერ ჯამლეთ ტარბას მოკვლა და ამ მკვლელობის მიზეზი კომუნისტი არზაყან ზვამბაიაა. მწერალმა ამით იწინასწარმეტყველა, რომ კომუნისტები გააკეთებდნენ იმას, რაც ვერ შეძლო მეფის რუსეთმა. კერძოდ, ერამხუტ ემხვარი მეფის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და საბოლოოდ რუსეთმა შეიწირა იგი. კომუნისტების შემთხვევაში კი, საქმე სხვანაირადაა, თარაშ ემხვარი თავისდაუნებურად ხდება ჯამლეთ ტარბას მკვლელი, ძიძიშვილის დაცვის საბაბით. მეფის რუსეთმა მართლაც საუკუნოვან ძმებს შორის – აფსუა აფხაზებსა და ქართველ აფხაზებს შორის სისხლის დაღვრა ვერ შეძლო, მაგრამ კომუნისტებმა, ამ შემთხვევაში არზაყან ზვამბაიამ, ეს შეძლეს და თარაშ ემხვარი უკვე საკუთარ ქვეყანაშივე ხდება ლტოლვილი. სიმბოლურია ისიც, რომ სამასი ათასი ქართველი, ემხვარის მსგავსად, სვანეთის მთებს მიაშურებს ძმათამკვლელი ომის შედეგად. ამას, შესაძლოა, ვერც კი წარმოიდგენდა მწერალი რომანის წერისას, მაგრამ ქვეცნობიერად ალბათ გრძნობდა, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა. მხოლოდ მოძმის მკვლელობის თანაზიარს არ გახდის არზაყან ზვამბაია თარაშ ემხვარს; სვანეთში ხიზნობისას, თარაშისათვის სრულიად მოულოდნელად, ის კლავს მეზირს, რაც ფაქტობრივად ქორა მახვშის სიკვდილისა და მისი დიდი ოჯახის („სამოციოდე წევრის“) რღვევის მიზეზი ხდება. თუ დავაკვირდებით კაც ზვამბაიასა და ქორა მახვშის ურთიერთობას, მკითხველისათვის ადვილად წარმოსადგენი გახდება არა მხოლოდ მეგრელებისა და აფსუა აფხაზების ტრადიციებსა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა, არამედ სვანებსა და აფსუა აფხაზებს შორის არსებული არანაკლები ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. სწორედ ეს ურთიერთობა გაწყვიტა და გათიშა არზაყანმა მაშინ, როცა მაუზერით თავი წააწყვიტა მეზირს და თარაშ ემხვარს მეორეჯერ უწევს გაქცევა ძიძიშვილის წყალობით. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქორა მახვშის შვილიშვილი კომკავშირელია და არზაყანის მსგავსი კომუნისტი სვანეთში ჩანასახის მდგომარეობაში იმყოფება.

არზაყანი თარაშ ემხვარს წილს დაადებინებს მამამძუძეს სიკვდილშიც იმდენად, რამდენადაც თარაში ვერ ან არ ხვდება იმას, თუ როგორ მიათრია არზაყანმა „ტარბების მიერ მოკლული“ კაც ზვამბაია დევების ქვაბში.

არზაყან ზვამბაია არის სწორედ თამარის გარდაცვალების უპირველესი მიზეზი. თამარის მელანქოლია, დეპრესია და სასიცოცხლო ძალებისაგან დაცლა სწორედ დედისეული ჯვრის დაკარგვით იწყება, შეურაცხმყოფელი ლოშნის შედეგად რომ შეაწყდა ყელსაბამი. მოვლენები ისე ვითარდება, რომ თამარის სიკცდილშიც თანამონაწილე გახადა თარაში არზაყანმა და მხოლოდ უკვე გარდაცვლილ სატრფოსთან გაატანს ამ ჯვარს. დროულად ჯვრის დაბრუნებას თამარისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმდენად, რამდენადაც ჯვარი არის მფარველი ადამიანისა და ამ საფარველს ართმევს არზაყანი თამარ შარვაშიძეს, ხოლო ამ საფარველის გარეშე დარჩენილი ნახუცარის ქალიშვილი წარმოუდგენელ მკრეხელობას ამბობს მაცხოვრის შესახებ, როდესაც შეცდენილ მომაკვდავ ძაგანიას ქალს მიიყვანენ ხერიფსთან: „ქრისტეც ხომ ბუში იყო“. ასე საშინლად გაასწორებს მიწასთან აფხაზი აფსუა, არზაყან ზვამბაია, ქართველ აფხაზ დიდებულებს: შარვაშიძეებსა და ვარდანიძე-ემხვარებს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ტარიელ შარვაშიძის ოჯახი ზუგდიდს სწორედ კომუნისტების გამოა ლტოლვილი.

არზაყანი თავისუფლებიდან, საყვარელი ქალებიდან და მამულიდან დაწყებული, გავიხსენოთ მამას როგორ გაუყოფს კარ-მიდამოს, სიცოცხლესაც წაართმევს თარაშ ემხვარს. უნებურად ჯაყო წარმოგიდგება ადამიანს თვალწინ – ხიზანი აფსუა, ხიზანი ოსი, მათ შორის განსხვავება მინიმალურია – სისხლისმსმელი კომუნისტი, სისხლის მწოველი მედროვე. საუკუნით ადრე, თითქმის საუკუნის შემდგომი ტრაგედია ამ ორმა დიდმა მწერალმა ასე იწინასწარმეტყველა.

კონსტანტინე გამსახურდიას ყურადღებას იპყრობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, კერძოდ – რა იცავდა აფხაზეთს და ზოგადად კოლხეთის ველს დამპყრობლებისაგან. „ციება გამიახლდა, ალპიურ ზონამდის მომსდია კოლხეთის ჭაობებიდან გამოყოლილმა აფთარმა“. სწერს თარაშ ემხვარი კაროლინას. სწორედ ეს აფთარი იყო კოლხეთის ერთ-ერთი საიმედო მცველი, მწერლის აზრით. „შავი ზღვა იყო ჩვენი ქვეყნის დიდი გუშაგი, მისი კულტურის, განათლების დიდი აკვანი.“ შავი ზღვა და კავკასიონი გახლდათ საქართველოს ბუნებრივი დამცველნი.

მინდა გავბედო და ორიოდე სიტყვა რომანის სათაურთან დაკავშირებით ვთქვა. საინტერესოა რას ნიშნავს სახელი „თარაშ“ მეგრულად. მეგრულ-ქართული ლექსიკონის მიხედვით – „თარაშ – თარისა, ღვთისშვილი, მთავრისა; ბატონიშვილი; უმთავრესი; ტოლებში დიდი; თარეში (ითარაშ თარეშობს) თარბედინერი უზენაესი; მთავარი ღვთაება, ბედის გამრიგე თარბოში რჩეული ვაჟკაცი.“ თითქმის ზუსტი დახასიათებაა თარაშ ემხვარისა. თავად კონსტანტინე ამბობდა, რომ მას „სახელის გენიის სწამდა“.

ასევე საინტერესოა საიდან მომდინარეობს გვარი – ემხვარი. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ემხვარები იგივე ამილახვრები არიან, მაგრამ ვნახოთ რას ნიშნავს მეგრულში მსგავსი ფუძის სახელი.

ერემხუტუ (თარაშის ბიძას ხომ სწორედ ერამხუტი ერქვა) ნიშნავს ირმისა, ირმის მკერდთან გაზრდილ, ირმის ძუძუნაწოვ – ზღაპრულ პერსონაჟს.

ემხვიე – და ხვარიელი ხელხვავიანი და ხვავრიელი (ვაზის ეპითეტი);

ასევე საინტერესოა მდინარე ენ-გური-ს სახელწოდება საიდან მომდინარეობს.

ენჩურუა ნიშნავს აღმა ცურვას, (დინების საწინააღმდეგოდ).

გური – სინთელე, გულის სიმთელე.

გური – გული (კაცისა); ცენტრი; ლებანი (ნაყოფისა), ყვითრი (კვერცხისა); (ანუ ის ადგილი, სადაც ემბრიონი ვითარდება), გვარის ბუდე (თავდაპირველი სამყოფლოდან გამოსული კაცი).

გური აფხაზა – ნამდვილი, ძირძველი აფხაზი.

ამ განმარტებების მიხედვით გამოდის, რომ თარაშ ემხვარი ღვთის შვილად მოიაზრება, ირმის ძუძუნაწოვ ზღაპრულ პერსონაჟად, მისი გვარის ფუძეში მეგრული ენა ვაზის ეპითეტსაც გულისხმობს, უნებლიედ გაგახსენდება ადამიანს რომანიდან ის მონაკვეთი, როცა თამარი ვაზის ჯიშების შესახებ საუბრისას იტყვის, რომ „ემხვარების მამულიდან მოაპარინაო მამამ კაც ზვამბაიას განსაკუთრებული ჯიში ვაზისა.“ და რაც მთავარია: იგი – „ნამდვილი, ძირძველი აფხაზია“. ემხვარების განძარცულ, გაცამტვერებულ კარ-მიდამოს გვარის უკანასკნელი შთამომავალი უკანმოუხედავად ტოვებს და თითქოს განგების ნებით შეუპოვრად გადაეშვება ადიდებულ ენგურში, რომელსაც იცის, რომ ვერ გადალახავს, მაგრამ მაინც გასცურავს დინების საწინააღმდეგოდ. მთვარეს წყალი მხოლოდ და მხოლოდ დიდი მსოფლიო კატაკლიზმების დროს იტაცებს. სწორედ ამ კატაკლიზმების დაწყებაზე მიგვანიშნებს მწერალი, როცა ფაქტობრივად სამი, განსაკუთრებული ჯიშის მქონე, სულიერი ტოვებს ამქვეყნიულ სამყოფელს – თამარი, თარაში და არაბია, და ასპარეზი ზვამბაიებსა და ალანიებს რჩებათ.

ამდენად, ვფიქრობ კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, თუნდაც მისივე რომანის „დიდოსტატის მარჯვენა“ პროგრამიდან ამოღების ხარჯზე; რამეთუ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, გაცილებით უფრო უპრიანი იქნება ქართულ-აფხაზურ და აფსუურ-აფხაზურ ურთიერთობებში მომავალი თაობის გარკვევა, ვიდრე „ხელოვანის ბედის“ სწავლება „ტირანულ სახელმწიფოში“.

თამარ კობერიძე

სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

? კონსტანტინე გამსახურდია – „მთვარის მოტაცება“

? ინტერნეტ-რესურსები.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები