24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მამუკელაშვილს NBA-ში უშვებენ

spot_img

როგორც ზოგადად სპორტული ცხოვრება და ამერიკის პროფესიული საკალათბურთო ასოციაციის გათამაშება, ამერიკის სტუდენტური ლიგის პირველობაც შეწყდა. თუმცა, იქ მოთამაშე 20 წლის ქართველი სანდრო მამუკელაშვილი, წლევანდელი კარგი თამაშის გამო, კვლავაც რჩება ყურადღების ცენტრში. შეგახსენებთ, რომ ქართველი წარმატებით იცავს „სეტონ ჰოლის“ ღირსებას და მის შემადგენლობაში Big East-ჯგუფში მესამე ადგილზეც გავიდა. არადა, ბოლო ორ ტურში, უშუალო კონკურენტებთან, „ვილანოვასა“ და „კრეიტონთან“, განცდილი წაგებები რომ არა, კონფერენციას ლიდერობდნენ. საბოლოოდ, ამ სამმა გუნდმა თანაბარი ქულით დაასრულა კონფერენციაში გამოსვლა, თუმცა „სეტონ ჰოლი“ კონკურენტებს სწორედ პირად პაექრობაში ნაჩვენები უარყოფითი ბალანსით ჩამორჩა.

მთავარი ისაა,რომ შარშანდელთან შედარებით, იმდენად გაიზარდა მამუკელაშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტი და მთელ რიგ კომპონენტებში იმდენად გაუმჯობესდა თამაში, რომ ოკეანის გაღმა უკვე აქტიურად განიხილება თემა NBA-ში მამუკელაშვილის მოსალოდნელ ტრანსფერზე. თანაც, იქაური მედია ამას წლეულსვე მოელის და არა გაურკვეველ მომავალში. ასე მაგალითად, ამ საყოველთაო უქმობის ჟამს, ნიუ ჯერსის წამყვანმა გაზეთმა Asbury Pres-მა NCAA-ში ჩატარებული გასული სეზონი შეაჯამა და, სხვებთან ერთად, „სეტონ ჰოლის“გამოსვლაზეც შეაჩერა ყურადღება. თან კლუბს, სამომავლოდ, სეზონისთვის მოსამზადებლად, აუცილებელი 5 ნაბიჯი დაუსახელა, ამ ჩამონათვალში კი, პირველი პუნქტი ასეა ჩამოყალიბებული: შეინარჩუნეთ სანდრო მამუკელაშვილი!

თუმცა, როგორც გითხარით, უკვე აქტიურად საუბრობენ ქართველის NBA-ში გადასვლაზე. საინტერესოა, რომ ამაში თავად „სეტონ ჰოლის“ მთავარი მწვრთვნელი კევინ უილარდიც დარწმუნებულია. „არ ვიცი, როგორ მოხდება მისი გადასვლა NBA-ში, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ NBA-ს გენერალური მენეჯერები და სკაუტები სანდროს თამაშს აქტიურად აკვირდებიან და შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამენ“ – აცხადებს მთავარი მწვრთნელი.

არადა, მამუკელაშვილს შეუძლია, დარჩეს „სეტონ ჰოლში “ და, გაისად, მის ერთპიროვნულ ლიდერად მოგვევლინოს. საქმე ისაა, რომ დრაფტზე დგება კლუბის ლიდერი მაილს პაუელი, რომელიც ზედიზედ მეორედ დაასახელეს სტუდენტური ლიგის საუკეთესო მოთამაშედ. დაგვეთანხმებით, ალბათ, სად – სტუდენტური ლიგა და სად – NBA. ოღონდ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რა სჯობს ახალგაზრდა კალათბურთელის ზრდისთვის – სტუდენტურ ლიგაში ლიდერობა თუ, თუნდაც, უმაღლეს დონეზე ვარჯიში, მაგრამ ნაკლები სათამაშო პრაქტიკა? ამ კითხვაზე ყველაზე სწორ პასუხს ისევ უილარდი იძლევა: „შესანიშნავი შანსია. ვნახოთ, განვითარების რა ეტაპზეა იგი. დრაფტის პროცესი ძალზე საინტერესო და სასარგებლოა. ის ბიჭებს სწორი არჩევნის გაკეთებაში ეხმარება და დარწმუნებული ვარ, ამ პროცესს სანდროსთან ერთად აუცილებლად გავივლით“.

მაინც არსებობს შანსი, რომ მამუკელაშვილი წელს ვერ გადავიდეს NBA-ში, მაგრამ მწვრთნელი ვერც ამაში ხედავს ტრაგედიას: „კლუბში გაისადაც თუ დარჩება, სტუდენტურ კალათბურთში ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იქნება“ – ამბობს უილარდი.

NCAA-ში პლეი ოფის სერია, ანუ როგორც მას ამერიკაში უწოდებენ, „მარტის სიგიჟე“ 13 მარტს უნდა დაწყებულიყო. „სეტონ ჰოლი“ კი „მარკენ გოლდენ იგლსს“ უნდა შეხვედროდა, მაგრამ კორონავირუსის გამო, ეს „სიგიჟე “ გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მარტის ბოლო დღეებში ამერიკული პრესა სულ უფრო აქტიურად განიხილავდა მამუკელაშვილის NBA-ს დრაფტზე დადგომას და ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს აუცილებლად მოხდება და თანაც – წლეულს. ამ ხმებს, საბოლოოდ, თავად კალათბურთელმა დაუსვა წერტლი, დაადასტურა, რომ ნამდვილად დგება NBA-ს დრაფტზე. მის შესახებ სულ ბოლო ინფორმაცია კი ისაა, რომ 30 მარტს ALL-Metropolitan basketbal honors-მა მამუკელაშვილი NCCA-ს წლევანდელ ტრიუმფატორთა შორის დაასახელა – ის მესამე ხუთეულში მოხვდა ტომი ფანკთან, ელოჯა ოლანიზთან, რეიქვან კლარკთან და აქვასი იებოასთან ერთად.

ირაკლი თავაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები