25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა – თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს მთა­ვა­რი საყ­რ­დე­ნი

spot_img
პედაგოგებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის აქტუალიზაციისა და სწავლა-სწავლებაში მისი გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, კოალიციამ „განათლება ყველასათვის“, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეობის ჩართულობის პროექტის (ACCESS)“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო პროექტი „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის.“ პროექტი ითვალისწინებს, დროის მოკლე მონაკვეთში, ინტენსიური კამპანიის წარმოებას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულთა კლუბის“ მონაწილეობით. კლუბში გაერთიანებული არიან 2017-2018 წლებში ჯილდოს საუკეთესო ათეულის მასწავლებლები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმითა და გამორჩეული მიდგომების გამო მაღალი ნდობით სარგებლობენ და კოლეგებისთვის გარკვეულ როლურ მოდელსაც წარმოადგენენ.
რა გახდა პროექტის დაწყების მიზეზი და რა შედეგებს ელიან მისი განხორციელებით, ამის შესახებ კოალიციაში ამბობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სათანადოდ არ აქვს განვითარებული თანამედროვე მოქალაქეობრივი კომპეტენციები, რომელთაგანაც განსაკუთრებულად პრობლემურია კრიტიკული აზროვნების უნარი. ეს გარემოება მნიშვნელოვნად აფერხებს დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში, რადგან მოქალაქეებს უჭირთ ინფორმაციის გაანალიზება, დეზინფორმაციის/პროპაგანდის იდენტიფიცირება და სანდო წყაროსგან გარჩევა, პოლიტიკური პროცესების რაციონალური შეფასება, გააზრებული არჩევანის გაკეთება, ადვილად ექვემდებარებიან მანიპულაციას და სხვა.
მასწავლებლის ეროვნული  ჯილდოს ფარგლებში მხოლოდ დაჯილდოების ღონისძიება არ ტარდება, ეს არის კამპანია, რომელიც, მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობებით გრძელდება. გასულ წელს, ჯილდოს მონაწილე საუკეთესო ათეულის მასწავლებლებისთვის „ათეულთა კლუბი“ დაარსდა, რომელშიც ჯერ ჯილდოს 20 ნახევარფინალისტი მასწავლებელია გაერთიანებული. ყოველწლიურად კლუბს ათი მასწავლებელი შეემატება.

კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ: „ეს არის გამოკვეთილი ჯგუფი მასწავლებლებში და მათ გამოცდილებას ბევრ რამეში ვეყრდნობით. ჩვენი სურვილია, ათეულთა კლუბის წევრებმა საკუთარი გამოცდილება დანარჩენ მასწავლებლებს გაუზიარონ. ეს პროექტიც სწორედ მათთან თანამშრომლობის ნაწილია. ACCESS-ის დაფინანსებით, დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომლის მთავარი მიზანია კრიტიკული აზროვნების აქტუალიზაცია თავად მასწავლებლებში. გვინდა, რომ ათეულის წევრები კრიტიკული აზროვნების შესახებ ესაუბრონ კოლეგებს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კოლეგებისგან უფრო მიიღებენ რჩევებს, მათივე გამოცდილებიდან, ვიდრე, მაგალითად, ექსპერტებისგან, სამინისტროსგან ან სხვა გარეშე პირებისგან. რაც მთავარია, ეს არ იქნება  ჭკუის სწავლება, არამედ თანამშრომლობა/საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება უშუალოდ კოლეგებისგან, როგორ უვითარებენ კრიტიკულ აზროვნებას თავიანთ მოსწავლეებს. თანამედროვე სამყაროში მაღალსააზროვნო უნარი გადამწყვეტია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ცხოვრებაში გზა გაიკვლიონ. სულ რომ კარგად იცოდნენ საგანი, ამ უნარის გარეშე მათი განვითარება შეუძლებელია. ეს არის უნარი, რომელზეც მილიონი რამ შეიძლება დააშენონ, არ მოტყუვდნენ ბევრ რამეში, დასვან სწორი და გააზრებული კითხვები. თუნდაც, მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ – ვის უნდა მისცენ ხმა არჩევნებზე. მათ ამისთვის თავიანთი არგუმენტები, მტკიცებულებები უნდა ჰქონდეთ, რომ პოლიტიკოსებმა არ „მოატყუონ“.

 ჩვენი ამოცანაა, ამ პროექტით გავუკეთოთ აქტუალიზაცია კრიტიკულ  აზროვნებას მასწავლებლებში. დარწმუნებული ვარ, ამას ბევრი ისედაც აკეთებს, მაგრამ ნებისმიერი საგნის სწავლებისას არა ფრაგმენტული, არამედ სწავლების პროცესის ნაწილი უნდა გახდეს, მათ შორის ტექნიკური ან საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას. ამის საუკეთესო მაგალითია დაჩი ნანობაშვილის სწავლების მეთოდები მათემატიკაში ან ელისო აბრამიშვილის მეთოდები ქიმიის სწავლებისას.

 პროექტში 8 მასწავლებელია ჩართული. მოვამზადებთ ვიდეორგოლებს, სადაც ისინი  მოყვებიან რატომ არის მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნება და როგორ უვითარებენ ამ უნარს მოსწავლეებს თავიანთ პრაქტიკაში. პროექტის ბოლოს ჩავატარებთ შემაჯამებელ ღონისძიებას, ასევე, მათივე ჩართულობით მოვამზადებთ გზამკვლევს, პროექტის მონაწილე მასწავლებლების პრაქტიკაზე დაყრდნობით. ეს არ იქნება ტრადიციული გზამკვლევი, სადაც მხოლოდ მითითებებია. ეს იქნება გამოცდილების გაზიარება, კონკრეტული მაგალითები თუ როგორ უნვითარებენ მასწავლებლები კრიტიკულ აზროვნებას მოსწავლეებს.“

 პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS) მხარდაჭერით, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო. მისი წარმომადგენელი თამარ გურჩიანი მიიჩნევს, რომ კოალიციის მიერ წარმოდგენილი პროექტი მათთვის საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მასწავლებლები მოსწავლეებს ზუსტად კრიტიკული აზროვნების უნარს უნდა უვითარებდნენ, თუმცა, ამისთვის, პირველ რიგში, უშუალოდ მასწავლებელი უნდა იყოს ამ უნარით და შესაბამისი განათლებით აღჭურვილი. „თუკი მასწავლებელი თავად არ არის მაგალითი, ბუნებრივია, ვერ შეძლებს ამის გადაცემას მოსწავლეებისთვის. ეპოქაში, სადაც მედიაწიგნიერების სერიოზული პრობლემაა, დიდია ყალბი ახალი ამბებისა და სოციალური მედიის (სოციალური მედია, გვინდა თუ არ გვინდა, დიდ როლს თამაშობს განსაკუთრებით ახალგაზრდების ცხოვრებაში) გავლენა. ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები აღჭურვილები იყვნენ კარიტიკული აზროვნების უნარებით. მათ უნდა შეძლონ იმ ინფორმაციის კრიტიკულად შეაფასება, რასაც ყოველდღიურად იღებენ. მასწავლებლების მხრიდან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა, რომ ამისთვის პლატფორმად, ისევ და ისევ, სოციალურ მედიას გამოიყენებენ. 

ჯერ მხოლოდ დასაწყისია და რთულია პროექტის შედეგებზე საუბარი. თუმცა, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, გვჯერა, რომ  სერიოზულ გავლენას მოახდენს მასწავლებლებზე და კრიტიკული აზროვნების აქტუალიზებაზე.“ – ამბობს თამარ გურჩიანი.

პროექტის მონაწილეებად შერჩეული „ათეულთა კლუბის“ წევრები საუბრობენ საკუთარ გამოცდილებაზე – რატომ არის კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანი და რა როლი აქვს მასწავლებელს მის განვითარებაში?

დაჩი ნანობაშვილი, საერთაშორისო აკადემია „ლოგოსის“ დაწყებითების მათემატიკის მასწავლებელი, 2018 წლის ფინალისტი, ათეულთა კლუბის წევრი:

 

 

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ კრიტიკული აზროვნება თანდაყოლილი არ არის, ეს არის უნარი, რომელიც ვითარდება. კრიტიკული აზროვნების მეშვეობით ადამიანი აანალიზებს, არგუმენტირებულად აფასებს, ინტერპრეტირებს, განმარტავს, ასაბუთებს, ზოგადად, მსჯელობს თანმიმდევრულად. აქედან გამომდინარე, ეს უნარი ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის და მათი განვითარებისთვის. ამისთვის კი, მასწავლებელი თავად უნდა იყოს კრიტიკულად მოაზროვნე. თუ მას არ შეუძლია მოსწავლის მოსაზრებების (თუნდაც, არასწორის) მოსმენა/გაანალიზება, არგუმენტირებულად იმის დასაბუთება, რატომ ცდება იგი, მაშინ მისი გაკვეთილი, მზა ინფორმაციის გადაცემას დაემსგავსება და ბევრ კითხვას დატოვებს პასუხგაუცემელს.

 ხშირად ჩნდება კითხვა – შესაძლებელია თუ არა კრიტიკული აზროვნების განვითარება? რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. საგაკვეთილო პროცესის დროს  მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა არაფრის მომცემია, მასწავლებელმა უნდა შეძლოს, მოსწავლეები დააფიქროს საკითხებზე, შემდეგ გაიმართოს მსჯელობა, იკამათონ კიდევაც, მაგრამ, ყველაფერი უნდა მოხდეს დასაბუთებით. სწორი კითხვის დასმა უმნიშვნელოვანესია – მასწავლებელმა სწორად უნდა შეარჩიოს კითხვები და არც ერთ შემთხვევაში არ გაუკეთოს იგნორირება მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, მათგან ძალიან კარგი მესიჯები მოდის. ამ კითხვებზე ჯანსაღი დისკუსია უნდა გაიმართოს, ბავშვები ერთმანეთს უნდა უსმენდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 ვცდილობ, ჩემი საგანი, მათემატიკა, არ ვასწავლო მხოლოდ რთული მათემატიკური ოპერაციებით და ფორმულებით. მინდა, მათ ვასწავლო ფიქრი და სხვისი მოსაზრების არგუმენტირებული შეფასება. ძალიან ხშირად ვსვამ  კითხვას – რატომ ფიქრობ შენ ასე? ან რატომ ფიქრობ, რომ შენი მეგობარი ცდება? მათ ამის დასაბუთება ხშირად უწევთ საგაკვეთილო პროცესში. რადგან პატარა ასაკის ბავშვებთან მიწევს ურთიერთობა, ძირითადად, ისინი ინტუიციურად ახდენენ ფოკუსირებას მხოლოდ რიცხვებზე და შინაარსობრივ სიღრმეებში ვერ შედიან. ამიტომ პასუხს ხშირად სწორად ამბობენ, მაგრამ ვერ განმარტავენ, რატომ. ძალიან ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ მათ შეძლონ თავიანთი ნაფიქრის გადმოცემა, სხვისი ნათქვამის გაანალიზება, შეცდომის პოვნა. ხშირად იმასაც ვეკითხები, რა შემთხვევაში იქნებოდა შენი მეგობრის ნათქვამი სწორი? რა უნდა შევცვალო პირობაში, რომ მისი ნათქვამი სწორი გამოვიდეს.

 ამ პროქტით გვინდა, მასწავლებლებს გავაგებინოთ რა არის კრიტიკული აზროვნება. ხშირ შემთხვევაში, არასწორი აღქმა აქვთ ხოლმე და მას კრიტიკასთან აიგივებენ, რაც, აბსოლუტურად, არასწორია. ხშირად, როცა ვხვდებით მასწავლებლებს და ვესაუბრებით, როგორ ვზრდით კრიტიკულად მოაზროვნე ბავშვს – ამბობენ, რომ ამას ჩვენც ვაკეთებთო. ამით იმის თქმა მინდა, რომ გათვითცნობიერებული არ აქვთ, რა არის კრიტიკული აზროვნება. ამ პატარა პროექტის ძირითადი მესიჯები სწორედ აქეთ არის მიმართული, უფრო კარგად გაიგონ რატომ არის კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანი სწავლა-სწავლების პროცესში. 

 დღეს მხოლოდ  ინფორმაცია არ არის მნიშვნელოვანი. პატარა რომ ვიყავი, რაც უფრო მეტი წიგნი გქონდა წაკითხული და მეტ ინფორმაციას ფლობდი, უფრო განათლებული  გამოჩნდებოდი, მაგრამ დღეს მხოლოდ ინფორმაციის ფლობა არაფერს აღარ გვაძლევს, რადგან გუგლში ისედაც ყველაფერია. შესაბამისად, აქ უკვე სხვა უნარებია საჭირო – ამ ინფორმაციის დამუშავება, არგუმენტირებული შეფასება.  იმასაც ამბობენ, რომ ძალიან რთულია კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანის მანიპულურება, რადგან რთულია შენ აზრზე გადაიყვანო ადამიანი, რომელიც კითხვებს გისვამს, არგუმენტები მოჰყავს და  კამათში შემოდის. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ უნარის განვითარება.

 მათემატიკის სწავლება მხოლოდ ციფრებითა და ფორმულებით ძალიან მომაბეზრებელი და უინტერესოა ბავშვებისთვის. მეტსაც გეტყვით, მათ ტელეფონში აქვთ პროგრამა (ფოტომათემატიკა), რომელიც დაანათებს წიგნს ან რვეულს და მაშინვე ამოუხსნის დავალებას – ამოხსნის გზებს აჩვენებს პირდაპირ. ამიტომ, ამ ეპოქაში,  ფორმულების და გამრავლების ტაბულის დაზეპირება არაფერს მოგცემს, ეს დრო წარსულს ჩაბარდა. მათემატიკით უნდა ვისწავლოთ აზროვნება, ფიქრი, განსჯა და არგუმენტირება – ეს არის სწორედ კრიტიკული აზროვნება.

 ოცწლიანი პედაგოგიური გადასახედიდან (19 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე პირველკლასელებთან) გეტყვით, რომ მკვეთრი განსხვავება მოსწავლეებს შორის არ არის, მაშინაც აზროვნებდნენ კრიტიკულად და ახლაც. უბრალოდ, ხაზი მინდა გავუსვა მასწავლებლისა და მშობლის როლს.  მნიშვნელოვანია, რომ ორმაგი სტანდარტით არ ვიხელმძღვანელოთ, თორემ ძალიან გავაფუჭებთ საქმეს. უფრო სწორად, მშობელი, ხშირ შემთხვევაში, ხელს გვიშლის. ექვსი წლის  ბავშვები სკოლაში  ძალიან დაბალი თვითშეფასებით მოდიან, რის გამოც არა თუ საგნის სწავლება, არამედ მათი დარწმუნება გვიწევს იმაში, რომ „ეს შეგიძლია“. 

 კიდევ ერთი უმთავრესი ფაქტორი – ბავშვებს მოვუსმინოთ, სხვაგვარად არაფერი გამოგვივა. მასწავლებლები ხშირად ახერხებენ და გაკვეთილზე სიჩუმეს აღწევენ, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს მხოლოდ მკვდარი გაკვეთილია, სადაც ინფორმაციის გადაცემის მეტი არაფერი ხდება.  პირიქითაა, როცა მათ საკუთარი აზრის გამოხატვის მეტ შესაძლებლობას ვაძლევთ, ამით არა მხოლოდ მოსწავლე, არამედ მასწავლებელიც უფრო მეტად კრიტიკულად მოაზროვნე ხდება. ავტორიტარული დამოკიდებულება მასწავლებლის მხრიდან (აქ მთავარი მე ვარ! ) დამღუპველია.  თუ მასწავლებელი მიყვება მოსწავლეს, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ისინი უკარნახებენ რა და როგორ გააკეთოს.“

 

მანანა კაპეტივაძე, ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული:

 

 

კრიტიკული აზროვნება მუდმივად განვითარებადი უნარია და, შესაბამისად, მუდმივად ისწავლება. ამ უნარით ბავშვი შეძლებს გააანალიზოს და განამტკიცოს რა პრობლემის წინაშე დგას, რომ მერე უპოვოს დასაბუთება – რატომ? სწორედ ფიქრით და ანალიზით მივა კონკრეტულ ამოცანამდე –  თავის ცოდნას მიმართავს ამ ამოცანის გადასაჭრელად. თავისთავად, აქ მასწავლებლის როლი გადამწყვეტია.

 დღეს ინტერნეტში მოზღვავებული ინფორმაციის ნაკადში ბავშვი დაიკარგება, თუკი ვერ შეძლო ცუდის და კარგის ერთმანეთისგან გარჩევა და გაანალიზება. ამიტომ, მასწავლებლები ძალიან დიდი ამოცანის წინაშე ვდგავართ – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც განსაკუთრებული სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ შენს გაკვეთილზე მოსწავლემ  კრიტიკულად იაზროვნოს. 

უმეტესად გონებრივი იერიშით ვცდილობ, კრიტიკული აზროვნების ელემენტები ჩავდო მოსწავლეებში. კითხვას რომ დავსვამ, მათ აუცილებლად ვაძლევ დროს იმისთვის, რომ დაფიქრდნენ და პასუხი შემდეგ გამცენ. ბავშვები (განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე) მიჩვეულები არიან კითხვის დასრულებამდე ხელის აწევას და ეგრევე, დაუფიქრებლად პასუხს. ამიტომ, მათ ხშირად ვეუბნები – კითხვას რომ დავსვამ, დაახლოებით ნახევარი წამი მაინც სჭირდება მის გააზრებას, ნუ იჩქარებთ, კარგად გაიაზრეთ და ისე მიპასუხეთ.

 გაკვეთილზე ხშირად ვუთმობთ დროს დებატებს. მაგალითად, ჩავატარე გაკვეთილი თემაზე – რა პრობლემა გვაქვს სკოლაში და რა სჭირდებათ მოსწავლეებს? ბავშვებმა სკოლაში კლუბების ჩამოყალიბების სურვილი გამოთქვეს, რომ. ბევრი იმსჯელეს და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ „მათემატიკის კლუბი“ დააარსონ. ამ პროექტისთვის სწორედ ეს თემა გამოვიყენე და ჩავატარე  გაკვეთილი „მათემატიკის კლუბის შექმნაზე“. მინდა კოლეგებს გავუზიარო გამოცდილება, თუ როგორ შევძელი სამოქალაქო განათლებასთან ინტეგრირებულ გაკვეთილზე კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება მოსწავლეებში. შევქმენი სამი წარმოსახვითი მასწავლებელი, განსხვავებული ბიოგრაფიებითა და გამოცდილებით. მოსწავლეებს მათგან ერთი უნდა შეერჩიათ კლუბის ხელმძღვანელად. აბსოლუტური თავისუფლება მივეცი, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღოთ. მოვაწყვეთ დებატები, ბევრი იმსჯელეს,  ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ მოსაზრებას კანდიდატებთან დაკავშირებით, რატომ უნდა აერჩიათ კონკრეტული მასწავლებელი. ასე მივიდნენ საბოლოო დასკვნამდე და შეირჩა კლუბის ხელმძღვანელი.

 უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება საილუსტრაციოდ,  თუმცა, უმთავრესი მაინც ის არის, მასწავლებელს თავად ჰქონდეს ეს უნარი განვითარებული. კრიტიკული აზროვნება რომ ყველასთვის აუცილებელი უნარია, ეს გასაგები და ბუნებრივიცაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში თანამედროვე მოქალაქეობრივი კომპეტენციების დეფიციტია და მისი შევსება სწორედ სკოლის მერხიდან უნდა დავიწყოთ. კრიტიკული აზროვნების უნარი მოსწავლეებს, თუნდაც იმიტომ უნდა განვუვითაროთ, რომ ისინი არ გახდნენ ვიღაცის მიერ იოლად მანიპულირებადი, მათ საკუთარი აზრის გამოხატვა და მისი დაცვა უნდა შეძლონ. კოალიციის მიერ დაწყებული პროექტი, ვფიქრობ, სერიოზულ აქტუალობას შესძენს პედაგოგებში კრიტიკულ  აზროვნებას და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების ხელშეწყობას.“

პროექტი ოქტომბრის ბოლომდე გასტანს. მნიშვნელოვანია, რომ დასრულების შემდეგ,  დარჩება მასალა/რესურსი (არა ლექციის ტიპის, არამედ ძალიან მოკლე და კონკრეტულად გაზიარებული გამოცდილება), რომელიც  ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ლალი ჯელაძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები