19 აპრილი, პარასკევი, 2024

ისტ-ტექნოლოგიები და დისტანციური სწავლება

spot_img

პანდემია გამოწვევა აღმოჩნდა განსაკუთრებით ისტ-ის მასწავლებლებისთვის.

✅? არ არსებობს ჩვენს საგანში გრიფირებული სახელმძღვანელო;

✅? არ არსებობს არანაირი პლატფორმა, სადაც იქნება სისტემური მეცადინეობები ან აქტივობები ისტ-ის საგანში;

✅? არ იყო ჩასმული სატელევიზიო სივრცეში ისტ-ის საგანი.

როგორც კი გადავედით დისტანციურ სწავლებაზე ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა, როგორც მენტორ მასწავლებელს, მომდიოდა უამრავი მესიჯი თუ რა უნდა გააკეთოს ამ კუთხით ისტ-ის მასწავლებელმა. შეიძლება თქვათ, რომ ტექნოლოგიებზე უამრავი მასალაა გამოქვეყნებული და შეგვეძლო რაღაც პროგრამები გამოგვეყენებინა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ როცა საუბარია პირველ, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებზე, მათ სხვანაირად სჭირდებათ გზის მიცემა.

ჩემთვის, როგორც მენტორი მასწავლებლისთვის, გამოწვევა აღმოჩნდა პანდემია. გადავწყვიტე, ჩამეწერა ვიდეოგაკვეთილები და ამეტვირთა სოციალურ ქსელში, სადაც ისტ-ის მასწავლებლებს გვაქვს ჯგუფი. ცოტა ხანში შევხედე, რომ მსგავსი მოქმედებები არ გაამართლებდა, რადგან ქსელში იკარგებოდა პოსტები.

გადავწყვიტე, შემექმნა ბლოგი, სადაც თავს მოვუყრიდი ჩემს გაკვეთილებს და ეს მასალა არა მარტო ისტ-ის მასწავლებელებს გამოადგებოდათ, არამედ სხვა საგნის მასწავლებლებსაც შეეძლოთ გამოეყენებინათ. ავტვირთე, ასევე, დამატებითი რესურსები და ჩემი ბლოგი დღემდე მდიდრდება სხვადასხვა მასალით.

✅? ცალკე გამოყოფილია პირველი კლასის მასალა ვიდეოგაკვეთილების სახით, სავარჯიშოებით და სასარგებლო ბმულებით;

✅? მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებისთვის ჩავწერე ვიდეოგაკვეთილები რესურსებით და სავარჯიშოებით.

ონლაინ სწავლის დროს პრობლემა შეექმნათ ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც სოფელში იყვნენ, ან არ ჰქონდათ წესრიგში კომპიუტერები, მათთვის კომფორტული აღმოჩნდა ვიდეოგაკვეთილების ყურება, ხოლო გაკვეთილის უკუკავშირს, ტესტური გამოკითხვის ფორმის მეშვეობით, ტელეფონით თავისუფლად ახერხებდნენ.

ბლოგი მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც ხელმისაწვდომია, სწავლის დროს მოსწავლეებს ეგზავნებათ ბლოგის მისამართი და ისინი თავისუფლად მუშაობენ. მინდა, წარმოგიდგინოთ ეს პლატფორმა, სადაც, ასევე, ავტვირთე ჩემი პირველი კლასის სავარჯიშოების ელექტრონული ვერსია.

ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ მოსწავლეები გაცილებით მეტს ითხოვდნენ დისტანციური სწავლის დროს. რას ვგულისხმობ? მათთვის გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა ელექტრონული რესურსები, გაცილებით მეტი ინტერესით შეუდგნენ მეცადინეობას, ცოდნის გაღრმავებას, რადგან დაინახეს, რომ ტექნოლოგიებით სწავლა მათ ამა თუ იმ მასალის უკეთ ათვისებას უიოლებს. სკოლაში მასწავლებელს შეიძლება მიეთითებინა მათთვის ელრესურსი, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს ან ნახულობდნენ, ან ვერ ასწრებდნენ ნახვას, სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებზე სიარულის გამო, პანდემიის დროს ყველანი სახლში იყვნენ და დრო საკმარისად ჰქონდათ.

აღსანიშნავია მშობლის როლი ონლაინ სწავლის დროს, მათ დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ონლაინ სწავლა გამართული ყოფილიყო. თითოეულ მშობელს, ალბათ, მადლობა უნდა გადავუხადოთ. სწორედ ამ გუნდურმა მუშაობამ მიგვიყვანა იმ შედეგამდე, სადაც მივედით. მე თვითონ ოთხი შვილის დედა ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავდა თითოეული ოჯახისთვის შვილისთვის კომფორტული გარემოს შექმნა.

წარმატებები ყველას, ეს გამოწვევა ჩვენ ერთად გადავლახეთ.

https://istteqnologiebi.blogspot.com/

 პანდემიის დროს ონლაინ მოგზაურობა და სკოლების დამეგობრება

უამრავი გამოწვევა ყოფილა ჩემ წინაშე, როგორც ისტ-ის მასწავლებლის. მოგეხსენებათ, ჩვენს საგანს არ აღიქვამენ, როგორც ცალკე საგანს, გამჭოლად გასდევს სასწავლო საგნობრივ ჯგუფებს. ამიტომ, როდესაც რამეს ვასწავლი მოსწავლეებს, მეც პარალელს ვავლებ სხვადასხვა საგანთან თუ ცხოვრებისეულ მოვლენასთან.

პანდემიის დროს, მიმდინარე ონლაინ გაკვეთილებზე, ძალიან დიდი დეფიციტი შეიქმნა ადამიანური ურთიერთობის, აზრების გაზიარების. ჩემს მოსწავლეებს არასოდეს ვაკლებდი მრავალფეროვან რესურსებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს საკმარისი არ არის. მინდოდა, პანდემიის დროს, ჩემი ცოდნა, როგორც ისტ-ის მენტორი მასწავლებლის, სხვა მასწავლებლებისთვის გამეზიარებინა. ზემოთ უკვე ვისაუბრე იმაზე, რომ გადავწყვიტე, ჩამეწერა ვიდეოგაკვეთილები სხვადასხვა დამატებითი რესურსით და ბლოგზე ამეტვირთა, მართლაც შევქმენი ბლოგი და ვტვირთავდი გაკვეთილებს პირველი, მე-5 და მე-6 კალსის მოსწავლეებისთვის. უამრავი კოლეგის გამოხმაურებამ მიბიძგა, დამეწყო ონლაინ მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ჩემს მოსწავლეებთან ერთად, ონლაინ ჩართვის დროს ერთად დაგვეგეგმა გაკვეთილები და გაგვეცნო სხვადსხვა სკოლის მოსწავლეები.

მართლაც ასე მოხდა. ჩემი გამოწვევა სოციალურ ქსელში მალევე აიტაცეს ისტ-ის მასწავლებლებმა, პირველი ონლაინ ჩართვა გვქონდა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მოსწავლეებთან. ამავე სკოლის ისტ-ის მასწავლებელი ხათუნა ასანიძე გახარებული იყო ამ წამოწყებით. პირველი ჩართვის დროს ცოტა ვღელავდით, მაგრამ მოსწავლეები ისე თავისუფლად იყვნენ და ისეთი გახარებულები  ახალი ურთიერთობებითა და სიახლეებით, რომ ჩვენც გავხალისდით. მოსწავლეებმა  ერთმანეთს თავიანთი სკოლები გააცნეს, ერთობლივად ვიმსჯელეთ კიბერუსაფრთხოებაზე, განვიხილეთ სხვადასხვა ელექტრონული რესურსი.

უკუკავშირის დროს მოსწავლეები აღნიშნავდნენ:

* „ქალბატონ ნანას ვუსურვებდი წარმატებას პირად და სამსახურეობრივ საქმიანობაში და ვისურვებდი, რომ კვლავ ჩაგვერთოს და ასეთი საინტერესო გაკვეთილები ჩაგვიტაროს თავის მოსწავლეებთან ერთად.“

? „ჩემი სურვილია, რომ აღარ იყვნენ ისეთ ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ ცუდ თამაშებს და ითხოვენ ჩვენს ინფორმაციას.“

? „მე მინდა, ასეთი გაკვეთილები ხშირად გვქონდეს. კიდევ, როგორი ტესტებიც იყო გაკვეთილზე, ეგეთი ტესტები მინდა ხშირად გავაკეთოთ.“

? „მინდა, რომ ნანა მასწავლებელი კიდევ ერთხელ გვესტუმროს გაკვეთილზე, გვესაუბროს სხვადასხვა თემების შენახებ ან ისევ კიბერუსაფრთხოებაზე.“

? „ჩემი სურვილია, ხშირად ჩაგვიტაროთ მსგავსი გაკვეთილები.“

? „მე მინდა, რომ თქვენს კლასიკურ გიმნაზიაში მოვაწყოთ ექსკურსია და უფრო კარგად გავიცნოთ თქვენი სკოლის მოსწავლეები.“

? „მე მინდა, რომ შემდეგი გაკვეთილი (თუ ჩატარდება) იმაზე იყოს, როგორ გავიგოთ ესა თუ ის ადამიანი ბოტია თუ ნამდვილი ადამიანია და ავხსნათ, როგორ მუშაობს ბოტი სხვადასხვა საიტებზე (ფეისბუკი, ინსტაგრამი, მესენჯერი და ა.შ.)“

ქალბატონი ხათუნა ასანიძის უკუკავშირი კი ასეთი იყო:

? „ვერ ვიფიქრებდი, თუ ოდესმე თბილისის სკოლის მოსწავლეებთან ერთად ჩავატარებდი გაკვეთილს. ეს კავშირი, განსაკუთრებით პანდემიის დროს, მალამო იყო თითოეული ჩვენგანისთვის როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის, საოცარი გამოწვევა იყო. დიდი მადლობა ქალბატონ ნანა ნოზაძეს ასეთი შესაძლებლობისთვის. ძალიან ბევრი რამ გავიგეთ, ბევრი სიახლე და სასიამოვნო აქტივობები გაგვიზიარეს. მე, ჩემ მხრივ, გადავწყვიტე, სხვა მასწავლებლები გამომეწვია სხვა სკოლებიდან. წარმატებები ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს, ყველაზე მეტად გამახარა მოსწავლეების ახლო კონტაქტმა, ურთიერთობამ და სითბომ, რომელიც ეკრანებიდან იფრქვეოდა.“

შემდეგი გაჩერება იყო გორის მუნიციპალიტეტის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზია, სადაც ვესტუმრეთ ისტ-ის მასწავლებელს ქალბატონ გიული ბუთხუზს და მის მოსწავლეებს. ამ ჩართვასაც ემოციების გარეშე არ ჩაუვლია, საინტერესო იყო მოსწავლეების უკუკავშირი,

ამის შემდეგ, ვახტანგ ჭაბუკიანის საბალეტო 46-ე სკოლის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ჩაერთვნენ. მოსწავლეები აღფრთოვანდნენ, როდესაც საბალეტო ფორმაში გამოწყობილი თანატოლები ესალმებოდნენ ეკრანის მიღმა. საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა აღნიშნული გაკვეთილი ამავე სკოლის დირექტორისთვის და სხვა საგნის მასწავლებლებისთვისაც, რომელთა სურვილი იყო, აღნიშნულ ონლაინ გაკვეთილში ჩართვა.

ონლაინ მოგზაურობის დროს მოსწავლეებმა შეასრულეს, გაკვეთილის თემატიკიდან გამომდინარე, პლაკატები კიბერუსაფრთხოებაზე. გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს და სურათებს აღნიშნული აქტივობებიდან.

დიდი მადლობა თითოეულ მასწავლებელს, მშობლებს და მოსწავლეებს ამ წამოწყების ხელშეწყობისთვის. მოგზაურობა გრძელდება შემდეგი გაჩერება…

ნანა ნოზაძე

თბილისის კლასიკური გიმნაზიის ისტის მენტორი მასწავლებელი, ახალი სკოლის მოდელის ტექნოლოგიების ქოუჩი, ქნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები