20 აპრილი, შაბათი, 2024

ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლები 

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსში, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა. კონკურსის სხვადასხვა ეტაპის გავლის შედეგად, კომისიამ საუკეთესო კანდიდატები შეარჩია. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელისპორტფოლიო.

კონკურსში მონაწილე 8 ფინალისტიდან, გამარჯვებულად თითოეული საგნის თითო სპეციალისტი დასახელდა, რომელთაც მასწავლებლის სახლმა სიგელები, სამკერდე ნიშნები და სახელმძღვანელოები გადასცა.

♦ სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი – თემურ სუყაშვილი, სსიპ ქ. მარნეულის №2 და №5 საჯარო სკოლები;

♦ გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი მარინე ვართუმაშვილი, გორის №12 საჯარო სკოლა;

♦ ისტორიის საუკეთესო მასწავლებელი – ჯაბა ლაბაძე, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №2 საჯარო სკოლა.

გამარჯვებულები შემდეგმა ორგანიზაციებმაც დააჯილდოვეს: თსუ-ს გეოგრაფიის ინსტიტუტი, საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება, კავშირი მდგრადი განვითარების ეკოხედვა, შპს „დიო“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი, საქართველოს ეკო ტურიზმის ასოციაცია, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია, ICI PARIS, Mix Travel, Jungle Fever.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019 წელს ,ყველა საგანში გამოავლენს საუკეთესო მასწავლებელს. დაგეგმილია, ასევე, კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. ამასთან ერთად, სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.

ბერიკა შუკაკიძემ აღნიშნა, რომ იმან, რაც დარბაზში ხდებოდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და კმაყოფილებით დასძინა, რომ მასწავლებლის პროფესიის პოპულარობა, ნელ-ნელა, მატულობს, რაც კონკურსში მონაწილეთა რაოდენობასაც ეტყობა. „დღეს გამოვავლინეთ საუკეთესო პედაგოგები სამოქალაქო განათლებაში, ისტორიასა და გეოგრაფიაში. მიხარია, რომ იზრდება ბიზნესის ჩართულობა და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალი წლისთვის ეს ღონისძიება უფრო მასშტაბურსახეს მიიღებს და მასწავლებლის პროფესიაც უფრო პოპულარული გახდება“.

თემურ სუყაშვილმა ამ დღის განსაკუთრებულობას გაუსვა ხაზი თქვა, რომ სასიამოვნოა, როცა პროფესიული საქმიანობა გიფასდება:„2013 წელს, მეგობრები და ახლობლები, დიდად არ მიესალმნენ სკოლაში ჩემს შესვლას და განათლების სფეროში დარჩენის გადაწყვეტილებას. ასეთი რეპლიკებიც იყო: „შენი გაქანების ადამიანს მანდ რა გინდა“, „ამ სიშორეზე როგორ წახვედი, სადახლოში?!“, „შენ მანდ დაიკარგები“, „სხვაგან გხედავდი“ და ა.შ.

თავიდანვე ვგრძნობდი – მასწავლებლის პროფესიაში შესვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს ის დროა, როცა შორენა ხუხუა მეუბნებოდა: ჩააბარე პროფესიული უნარების და სამოქალაქო განათლების გამოცდა, კარგად გამოგდის ეს საქმეო… მეც დავუჯერე! ჰოდა, წლების განმავლობაში ჩემი საქმიანობით ვამტკიცებდი, რომ ამ სფეროშიც შეიძლება იყო წარმატებული, ცხოვრობდე საინტერესო და აქტიური ცხოვრებით, არ იყო ჩაკეტილი მხოლოდ სკოლაში, აკეთებდე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა საქმესაც და, რაც მთავარია, გვყავდეს ლამაზი, ბედნიერი ოჯახი. 2019 წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლის სტატუსიც ალბათ ამის დასტურია.
ყველას გისურვებთ სიკეთეს და მხნეობას. ყველაფერი გამოგვივა, თუ ჩავდებთ სულსა და გულს!
წარმატება ქვეყანას!“

მარინე ვართუმაშვილი: „ჩემი აზრით, პედაგოგებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. დღეს, მსოფლიოში, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება და ზოგადად, ეკოლოგიური მიმართულებით, ახალგაზრდებისთვის სათანადო ცოდნის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მარტო ერთი კონკრეტული ქვეყნის პრობლემა არ არის, ზოგადად მთელ მსოფლიოს ეხება, ამიტომ მე პირველ რიგში, როგორც მოქალაქე და მერე, როგორც მასწავლებელი, ვალდებული ვარ, ეს პასუხისმგებლობა მოსწავლეებსაც ერთი ორად გავუზარდო, რომ მომავალი იყოს ისეთი მდგრადი და ისეთი ეკოლოგიურად სუფთა, რომ ადამიანებმა ჯანსაღი ცხოვრება შეძლონ.“

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები