23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ინტერვიუ მანანა რატიანთან

spot_img

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები განხორციელდა, რომლის თანახმადაც, პრაქტიკოსი მასწავლებელი სქემაში აღარ მოიაზრება და სისტემა ახლა სამი სატატუსის მასწავლებლებით – უფროსი, წამყვანი და მენტორი – განაგრძობს სწავლა-სწავლების პროცესს. როგორი იქნება მათი კარიერული წინსვლის გზა და რა დეტალების გათვალისწინება მოუწევთ სისტემაში მყოფ მასწავლებლებს სტატუსის გასაუმჯობესებლად, რა შანსი ეძლევათ სისტემის გარეთ დარჩენილებს პროფესიაში დასაბრუნებლად და როგორ გახდნენ მსურველები მასწავლებლები? – ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი.

?✔️გარე დაკვირვება

გარე დაკვირვებას პრობლემა ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ შეუქმნა, რადგან არც ჩვენ და არც არავინ ამისთვის მზად არ იყო, არ გვქონდა ონლაინ გარე დაკვირვების შეფასების ინსტრუმენტი, შესაბამისად, ეს არც გარე დაკვირვების წესში იყო ასახული. სქემის მიხედვით, მასწავლებლები პირისპირ დაკვირვებას გადიოდნენ და გარე დაკვირვების წესშიც სწორედ ამ ფორმატის მიხედვით იყო ის   კრიტერიუმები დადგენილი, რასაც   მასწაველებელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ რუბრიკის მიხედვით. მაგრამ, მთავარი, რაც მოხდა, არის ის, რომ პენდემიის პერიოდში, ვიდრე სკოლები ონლაინ სწავლებაზე იყვნენ გადასულები, ჩვენ შევიმუშავეთ ონლაინ გარე დაკვირვების კრიტერიუმები. ამ პროცესში ჩართული იყო 12 სკოლა (შეირჩა რაიონის, მთის, მცირეკონტინგენტიანი, არაქართლენოვანი და ქალაქის სკოლები) და ამ სკოლების დირექტორებთან ერთად, დავიწყეთ საგაკვეთილო პროცესის კრიტერიუმების შემუშავება. შესაბამისად, ახლა, პირისპირ დაკვირვებასთან ერთად, უკვე ონლაინ საგაკვეთილო დაკვირვების რუბრიკაც გვექნება და შემდეგ სასწავლო წელს, უკვე სექტემბრიდან, რომელ ფორმატშიც განახლდება სწავლება, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით – პირისპირ თუ ონლაინ – იმ ფორმატში შევძლებთ გარე დაკვირვების რუბრიკის განხორციელებას. ასე რომ, რადგან ჩვენ უკვე ორივე ფორმატისთვის გვაქვს მექანიზმები, მასწავლებლებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან გარე დაკვირვებაზე, პრობლემა არ შეექმნებათ და მიუხედავად იმისა, სწავლება ონლაინ ფორმატში იქნება თუ პირისპირ, ჩვენ შევძლებთ დაკვირვებას.

რეალურად, შეიქმნა ალტერნატივა და მას იმისდა მოიხედვით გამოვიყენებთ, როგორც დაგვჭირდება, ამიტომ გადავადება აღარ დაგვჭირდება.

ვინც უკვე გაიარა გარე დაკვირვება, მათ სტატუსი ჩვეულებრივ, სექტემბრისთვის   შეცვლებათ, ხოლო იმ მასწავლებლებს, რომლებსაც აწი მოუწევთ გარე დაკვირვების გავლა, მთელი სემესტრის განმავლობაში შევძლებთ გარე დაკვირვების პროცესის დასრულებას და სტატუსი უკვე იანვრისთვის ექნებათ მინიჭებული – ახალ სემესტრს სტატუსით შეხვდებიან. ერთ დეტალსაც დავამატებ, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციას თავიდან გამოვაცხადებთ, რადგან მასწავლებლებს ეცვლებათ ცხრილები,   იცვლება კლასიც, რომელშიც უნდოდათ დაკვირვება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, რეგისტრაცია ხელახლა უნდა გამოცხადდეს. უბრალოდ, ეს იქნება ძალიან მოკლევადიანი რეგისტრაცია, რომ პროცესი ისევ არ გაიწელოს და ერთ სემესტრში ყველას დაკვირვება მოვასწროთ. აქედან გამომდინარე, სექტემბერში, როცა უკვე ცხრილები იქნება შედგენილი/განაწილებული, გამოცხადდება სწრაფი რეგისტრაცია და მასწავლებლები სემსტრის ცხრილის მიხედვით განაწილდებიან.

გარე დაკვირვების მომლოდინე მასწავლებელთა რიცხვი საკმაოდ დიდია –   2000-მდე მასწავლებლი, ხოლო 1400-მდე მასწავლებელი სასექტემბროდ უკვე სტატუსის შეცვლას ელოდება.

?✔️მაძიებელი

მაძიებლებთან დაკავშირებით ასეთ მდგომარეობა გვაქვს – არსებული მაძიებლების საკმაოდ დიდი ნაწილი დარეგისტრირდა გამოცდებზე, შესაბამისად, მათ   შესაძლებლობა აქვთ, ზაფხულის სესიაზე გავიდნენ და ჩააბარონ. მაგრამ, გამოცდის გარდა, მაძიებელს გასავლელი ჰქონდა მაძიებლის სპეციალური პროგრამა,   რომელიც სტატუსის მინიჭებისთვის ისეთივე აუცილებელი პირობაა, როგორც გამოცდით საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება.

თუკი მათ მოასწრეს საგაკვეთილო დაკვირვებები, რომელიც ამ პროგრამის აუცილებელი ნაწილია და, ტუტორთან ერთად, შეასრულეს განსაზღვრული სამოქმედო გეგმა,   ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ისინი შეიცვლიან სტატუსს, მაგრამ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გვეცოდინება საგამოცდო შედეგები. მაძიებლებს შორის არიან ისეთი მასწავლებლები, რომლებმაც   ვერ მოასწრეს საგაკვეთილო დაკვირვებები, პროგრამა მათ 10 გაკვეთილზე დაკვირვებას ავალდებულებდა (ამ პროგრამის არსი არის ის, რომ ადამიანები კვალიფიკაციას მუშაობის პარალელურად იმაღლებენ, შესაბამისად, მათ მუშაობის პროცესში უნდა ჰქონოდათ მუდმივი მეთვალყურეობა/დაკვირვება ტუტორის მხრიდან), ონლაინ სწავლებაზე გადასვლის გამო, მათ გაუხანგრძლივდათ ვადა და ის ინტენსიური პროგრამა, რომელიც ამ სასწავლო წლის ბოლომდე უნდა დაესრულებინათ და, წარმატებით გავლის შემთხვევაში, აემაღლებინათ სტატუსი – ახლა მათ პროგრამის დასრულების ვადა იანვრამდე მიეცათ, შესაბამისად, სტატუსის ცვლილებაც ამ დროს მოხდება.

ინტენსიური პროგრამა გულისხმობს 4 თვიდან ერთ წლამდე პერიოდს. ვინც ეპიდემიის გამო ვერ მოახერხა ამ პროცესის დასრულება, მათთვის, მინისტრის ბრძანებით, გადავადდა ერთი სემესტრი, ოღონდ იმავე ვალდებულებებით, რაც მანამდე ჰქონდათ. არ ემატებათ გაკვეთილების რაოდენობა, ანუ ერთი წლის განმავლობაში, მათ ჰქონდათ 10 გაკვეთლი ჩასატარებელი და დარჩათ ათი გაკვეთილი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მაძიებლობის პერიოდი წელიწად-ნახევარი გამოსდით.

აქვე მინდა დავამატო ისიც, რომ მაძიებლებს შეფასებისა და წარდგინების პერიოდი 3-დან 29 ივნისის ჩათვლით ჰქონდათ, დღევანდელი მონაცემებით, 100-მდე მაძიებელი ელოდება სტატუსს, 1100 მაძიებელი მასწავლებლი კი საგნის გამოცდაზეა   დარეგისტრირებული. როგორც იცით, მაძიებლისთვის არ არის სავალდებულო, წინასწარ ჰქონდეს დადასტურებული საგნის კომპეტენცია, მან შეიძლება მაძიებლობის პერიოდში ჩააბაროს გამოცდა. მაძიებლის პროგრამაში ჩართვის მთავარი პირობაა – მაძიებელი იმ საგნის ან საგნობრივი ჯგუფის კვალიფიკაციის მქონე პირი უნდა იყოს, რომელსაც ასწავლის. სწორედ ამ პირობის გამო, ნაკლებია რისკი, რომ მათ საგანი არ იციან.

?✔️ პრაქტიკოსი –   უსტატუსო მასწავლებელი

განხორციელებული ცვლილებებიდან, ალბათ, ეს მთავარი სიახლეა. 2015 წელს, როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა დამტკიცდა, პრაქტიკოსის სტატუსი მილევად სტატუსად ჩაიწერა. ამის შემდეგ, სქემაში ორჯერ განხორციელდა ცვლილებები, ბოლო ცვლილების შემდეგ კი, ერთმნიშვნელოვნად ჩაიწერა, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი სისტემაში არის უსტატუსო. საუბარია იმ პრაქტიკოს მასწავლებელზე, რომელიც დარეგისტრირებულია გამოცდებზე. ის მასწავლებლის ადგილზე, რომელიც არ დარეგისტრირდა გამოცდაზე და არ გამოთქვა სტატუსის გაუმჯობესების სურვილი, სწავლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ცხადდება ვაკანსია. დაახლოებით, 1300-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ უკვე   ამოწურა თავისი თავი პროფესიაში. შესაბამისად, ისინი არ დარეგისტრირდნენ გამოცდაზე, არ გამოხატეს პროფესიული განვითარებისთვის ძალისხმევის გაღების სურვილი, ამიტომ სკოლა მათ ადგილზე ვაკანსიას გამოაცხადებს.

იმ მასწავლებლებს კი, რომლებიც დარეგისტრირდნენ ზაფხულის გამოცდაზე, ხელახლა აღარ მოუწევთ შემოდგომაზე გადატანილი გამოცდებისთვის რეგისტრაციის გავლა. ეს საჭირო არ არის, რადგან დარეგისტრირებულებიდან ჩვენ უკვე გვყავს გამორჩეული მასწავლებლობის მსურველები. მათ შორის კი, ნაწილი ის აპლიკანტები არიან, რომლებიც პირველად აპირებენ პროფესიაში შემოსვლას, ნაწილი – მაძიებლები და ასევე, უსტატუსო მასწავლებლები. ცნობილია, რომ ჩამოთვლილი კატეგორიის აპლიკანტები გამოცდას ზაფხულში ჩააბარებენ, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ სისტემაში გვყავს პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც ცალკე ნაკადად გამოიყო დარეგისტრირებულებიდან და მათ გამოცდას შემოდგომაზე შევთავაზებთ. ეს გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე   მივიღეთ, რადგან იმ რაოდენობით გამტარიანობა საგამოცდო ცენტრებს, უსაფრთხოების ზომების დაცვის გამო, ნამდვილად ვერ ექნება. ამიტომ დარეგისტრირებულებს შორის ის კატეგორია შეირჩა, რომლისთვისაც, დროის თვალსაზრისით, უფრო საჩქაროა ზაფხულში გამოცდის ჩაბარება. მასწავლებლობის მსურველებმა, რომლებსაც 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა უწევთ, გამოცდა აუცილებლად ზაფხულში უნდა ჩააბარონ და დაადასტურონ საგნობრივი კომპეტენცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასწავლებლის მომზადების პროგრამებზე სწავლას ვერ დაიწყებენ. ასევე ეჩქარებათ სტატუსის ასამაღლებლად საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება მაძიებლებს, ნაწილი კი პროფესიაში შემოსვლას ელოდება – ჩვენ ამ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულში, როცა სკოლებში ვაკანსიები გამოცხადდება, დაადასტურონ საგნობრივი კოპეტენცია და ისე შევიდნენ სკოლებში.

რაც შეეხება პროფესიაში შემოსვლის გამოცდას, ჩვეულებრივ გაგრძელდება და წელიწადში ერთხელ ჩატარდება მათთვის, ვინც გადწყვეტს სისტემაში შემოსვლას.

?✔️ სხვაობა მაძიებელსა და უსტატუსო მასწავლებელს შორის

მაძიებელი, კვალიფიკაციით, იმ საგნის ან საგნობრივი ჯგუფის კურსდამთავრებულია, რომლის სწავლებაც სურს ან ასწავლის, ანუ მას აქვს შესაბამისი საუნივერსიტეტო განათლება, ხოლო უსტატუსოები არიან სხვა პროფესიის ადამიანები, რომლებსაც მასწავლებლობა სურთ. მათ აუცილებლად სჭირდებათ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება და მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა – ეს ორი აუცილებელი პირობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მასწავლებლობის კვალიფიკაცია მოიპოვონ.

?✔️ სისტემის გარეთ დარჩენილები

გამოცდა კვლავაც იქნება მათთვის, ვინც პროფესიაში აპირებს შემოსვლას, ეს აუცილებელი გზაა იმისათვის, რომ სისტემაში ყოველთვის გვყავდეს კვალიფიციური პირები, ვინც მოსწავლეებს ასწავლიან. მასწავლებლებს, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოახერხებენ სტატუსის ცვლილებისთვის აუცილებელი 19 კრედიტქულის დაგროვებას, კიდევ რჩებათ შანსი და შესაძლებლობა, თავიდან შემოვიდნენ პროფესიაში – ჩააბარონ გამოცდა ისევე, როგორც პროფესიაში შემომსვლელები აბარებენ. რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, მათ სხვადასხვა ტიპის შესაძლებლობები მიეცემათ იმისათვის, რომ სტატუსი აიმაღლონ – გამოცდაზე გასვლის პარალელურად, თუ მასწავლებელს რამდენიმე კრედიტი აკლია, ონლაინ ტერნინგებს ჩავუტარებთ, რომელსაც უკვე მომდევნო კვირაში დავიწყებთ. პრაქტიკოსი მასწავლებლები ტრენინგებზე უკვე დარეგისტრირებული არიან. ვიდრე მთელი სისტემა ონლაინ სწავლებაზე იყო გადასული, ჩვენ ეს ტრენინგები ონლაინ სივრცეში გადავიტანეთ და მასწავლებლებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, ზოგადი კურსები და საგნობრივი კურსები ონლაინ გაიარონ და, 5 კრედიტის ფარგლებში, დანაკლისი შეივსონ. თუკი პრაქტიკოსი მასწავლებლები მაინც ვერ შეძლებენ სტატუსის ცვლილებას, მაშინ სასწავლო წელს ისინი უსტატუსოდ ჩაამთავრებენ.

კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებ – თუკი პრაქტიკოსი მასწავლებელი არ დარეგისტრირებულა გამოცდაზე, მის ადგილზე ცხადდება ვაკანსია, სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. ხოლო ისინი, ვინც დარეგისტრირდნენ, მაქსიმალურად უნდა მოემზადონ გამოცდისთვის, რომ წარმატებულად ჩააბარონ და დაადასტურონ კომპეტენციები. ამასთან ერთად, ჩვენ მათ შევთავაზებთ ონლაინ კურსებს, რომელიც ასევე მისცემს 19 კრედიტის შევსების შესაძლებლობას.

?✔️ პრაქტიკოსები მხოლოდ არაქართულენოვან სკოლებში

პრაქტიკოსი მასწავლებელი მხოლოდ არაქართულენოვან სკოლებში გვეყოლება და მათ სპეციალურად შემუშავებულ პროგრამას შევთავაზებთ, რომ შეძლონ სტატუსის გაუმჯობესება. ეს იქნება ინტენსიური გადამზადება როგორც პროფესიულ უნარებში, ისე საგნობრივი მიმართულებებით. უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ცოტა ტრენინგი არსებობდა მათთვის მშობლიურ ენაზე, თუმცა, აქვე ვაცნობიერებთ იმასაც, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა. შესაბამისად, მათ მოთხოვნებში უწერიათ, რომ უნდა ისწავლონ და დაადასტურონ ქართული ენის ცოდნის კომპეტენცია. აქედან გამომდინარე, მათ აუცილებლად მოუწევთ ენის შემსწავლელი კურსების გავლა, რომელსაც ჟვანიას ცენტრი თუ ჩვენი ცენტრი შესთავაზებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არაქართულენოვან მასწავლებლებს ქართულ ენაზე მოუწევთ კომპეტენციის დადასტურება. როგორც იცით, პროფესიული უნარების გამოცდას, აქამდეც, ქართულ ენაზე აბარებდნენ.   ამიტომ, სახელმწიფო ენის სწავლა შესაბამის დონეზე მათ ყველანაირ პრობლემას, შეზღუდვას თუ ბარიერს მოუხსნით და მისცემთ შესაძლებლობას, ისევე ჩაერთონ პროფესიული განვითარების პროცესში, როგორც დანარჩენი კოლეგები. რადგან ეს კარიერული წინსვლის განსხვავებული გზაა, ცოტა გავახანგრძლივეთ პერიოდი, რომ მათზე მეტი კონცენტრირება მოვახდინოთ – არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის ამ პერიოდმა 2022-2023 სასწავლო წლამდე გადაიწია და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ინტენსიური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პროფესიული განვითარები კუთხით.

?✔️ როგორ გავხდე წამყვანი, მენტორი

(რა პრაქტიკული საქმიანობები შეუფასდებათ მასწავლებლებს)

პრაქტიკოსი მასწავლებლების მიერ განხორციელებული პრაქტიკული საქმიანობა უკვე შეფასებულია და ეს კრედიტები, ბუნებრივია, ჩაეთვლებათ, რასაც დაემატება გამოცდის შედეგები და ახალშეთავაზებულ ტრენინგებში მინიჭებული კრედიტები. ეს პირობა ძალაში რჩება, ვიდრე სტატუსს არ შეიცვლიან ან სისტემას არ დატოვებენ. თუმცა, ამ პერიოდში, ახალ, დამატებით აქტივობებს ვერ განახორციელებენ.

რაც შეეხება უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, მათთვის შეთავაზება განსხვავებულია. სქემაში ხაზგასმით წერია ორი ტიპის მიმართულება – თეორიული და პრაქტიკული, რაც სტატუსის ცვლილებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. როგორც გითხარით, სქემაში პრაქტიკოსის სტატუსი უკვე აღარ არის, ამიტომ   მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტშიც, რომელიც შეიცვალა, მხოლოდ სამი სტატუსია განსაზღვრული, შესაბამისად, ამ სტატუსის მქონე მასწავლებლების კომპეტენციები და ფუნქცია-მოვალეობებია განსაზღვრული. უფროსს, წამყვანსა და მენტორს განსაზღვრული აქვთ რა კომპეტენციებს უნდა ფლობდნენ და რა ფუნქცია-მოვალეობებს უნდა ასრულებდნენ სკოლაში – ეს არის ის სავალდებულო ნაწილი, რომელსაც ჩვენი სქემა ეფუძნება.

წამყვანისა და მენტორის პრაქტიკული საქმიანობები, თავისთავად, განსხვავებულია, ყველას მოეთხოვება მისი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების დადასტურება და საქმიანობები. რა ფუნქციაც აქვს მენტორს, მის პორტფოლიოში იმის დამადასტურებელი საქმიანობების   მტკიცებულებებს მოვითხოვთ, ხოლო რა ფუნქციაც არის განსაზღვრული წამყვანისთვის, იმის მტკიცებულებებს მოვითხოვთ წამყვანის პორტფოლიოში. შესაბამისად, მათი პრაქტიკული საქმიანობაც განსხვავებულად იქნება შეფასებული და განსხვავებული მოთხოვნები წაეყენებათ.

რაც შეეხება პროფესიაში შემოსვლის გამოცდას, ჩვეულებრივ გაგრძელდება და წელიწადში ერთხელ ჩატარდება მათთვის, ვინც სისტემაში შემოსვლას გადწყვეტს.

ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და დიდი აქცენტიც კეთდება სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებაზე, რაც სკოლის მხრიდან იმ მასწავლებლის მხარდაჭერას გულისხმობს, რომელიც კარიერულ წინსვლასა და სტატუსის ცვლილებას მოინდომებს. მასწავლებელს პროფესიულ განვითარებაში ხელს შეუწყობს სკოლის ადმინისტრაცია ან მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც სკოლას ეყოლება. მხარდამჭერთა ჯგუფი იმით განსხვავდება შეფასების ჯგუფისგან, რომ ეს უკანასკნელი მასწავლებლებს კრედიტებს ანიჭებდა, ამ შემთხვევაში, მხარდამჭერ ჯგუფს ხარისხის მართვის ფუნქცია ეკისრება – მასწავლებლის მხარდაჭერის, მისი   საჭიროებების დადგენის ფუნქცია; საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თანამშრომლობით და პროფესიული დიალოგით მასწავლებლების გვერდში დგომა. ამ ყველაფერზე კი, რა თქმა უნდა, სკოლამ უნდა იზრუნოს, პულსზე ხელი უნდა ეჭიროს და ყველა კატეგორიის მასწავლებელთან იმუშაოს, მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.

მხარდამჭერი ჯგუფი დაკომპლექტდება წამყვანი ან მენტორი მასწავლებლებისგან, ადმინისტრაციისა და კათედრის წარმომადგენლებთან ერთად. შესაბამისად, ამ გუნდის შექმნას სკოლა თვითონ შეძლებს. თუ სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მაშინ შეიძლება, დირექტორმა და მოადგილემ შეითავსონ ეს ფუნქცია. რაც მთავარია, სკოლა თავად გადწყვეტს ამ ჯგუფის არსებობის მიზანშეწონილობას და იმას, თუ ვინ შევა ჯგუფში.

სქემის მიხედვით, სტატუსის ცვლილებისთვის აუცილებელი პირობაა, როგორც გითხარით, პრაქტიკული და თეორიული ნაწილი. თეორიულ ნაწილში იგულისხმება გამოცდა, რომელსაც გამოცდების ცენტრი მოამზადებს სტატუსის შესაბამისად. ეს იმას ნიშნავს, რომ აქამდე არსებული სტანდარტული გამოცდის ნაცვლად, მასწავლებლებს მოუწევთ წამყვანის ან მენტორის კომპეტენციების   შესაბამისი გამოცდის ჩაბარება. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, რადგან მას თავის პორტფოლიოში მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში გაწერილი ფუნქცია-მოვალეობებისა და კომპეტენციების დამადასტურებელი საქმიანობის დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეს ატვირთული – პორტფოლიო შემოწმდება. გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი, მასწავლებელს თავად შეუძლია აარჩიოს, სამწლიან პერიოდში, რომელ სემესტრში სურს, რომ დააკვირდნენ, ნაცვლად 5 გაკვეთილისა, როგორც აქამდე ვაკვირდებოდით. ეს არ იქნება ერთჯერადი დაკვირვება, როგორც აქამდე ხდებოდა, ეს იქნება მისი პორტფოლიოს სრულფასოვანი შესწავლა – ადგილზე ინტერვიუ სასკოლო საზოგადოებასთან (სასკოლო საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, კოლეგებსაც ვგულისხმობთ და ადმინისტრაციასაც). ჩვენი წარმომადგენელი მივა სკოლაში და ინტერვიუებს ჩაატარებს, მანამ კი შეისწავლის მის პორტფოლიოს. მასწავლებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდება – რა გააკეთა, როგორ გააკეთა, შემოწმდება დოკუმენტების ავთენტურობაც, ისიც – რამდენად სწორადაა მთელი ეს პროცედურა შერულებული. თუ ის პრაქტიკულ კომპონენტსაც წარმატებით გაივლის, მხოლოდ ამის შემდეგ შეიცვლის სტატუსს.

რაც შეეხება გამოცდას, მომდევნო ზაფხულს ჩატარდება და პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაც მხოლოდ გამოცდის გავლის შემდეგაა შესაძლებელი. მაგრამ ეს დრო, რომელიც გამოცდამდე რჩება, მასწავლებლებმა შეიძლება ძალიან გონივრულად გამოიყენონ იმ თვალსაზრისით, რომ იმ კომპეტენციების მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია პროფესიულ სტანდარტში, ნელ-ნელა აიღოს მასზე სწორება და სტატუსის ცვლილებისთვის მოემზადოს.

პროფესიული სტანდარტი   შეიცვალა და ამიტომ, მასწავლებელმა უნდა იცოდეს ყველა კომპეტენცია, რაც ახალ სტანდარტში წერია და იმაზეც უნდა იფიქროს, ფლობს თუ არა ამ კომპეტენციებს. ამიტომაც გადაწყდა, რომ გამოცდა აღარ იქნება სტანდარტული, არამედ – განსხვავებულ კომპეტენციებზე გათვლილი. შესაბამისად, მათ დროს სჭირდებათ, რომ ამისთვის მოემზადონ. მას გამოცდის ქულები სამი წელი ენახება და ამ პერიოდში უნდა იმუშაოს სკოლაში და დაიგროვოს საქაღლდეში მენროტორობისთვის ან წამყვანობისთვის განკუთვნილი ქმედებები.

და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც სქემაში ცვლილებების შედეგად აისახა – მასწავლებელი, რომელსაც კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდაზე მიღებული აქვს 1 ან 4 კრედიტი, სტატუსის ასამაღლებელი გამოცდის ჩაბარებას ვერ შეძლებს. აქედან გამომდინარე, ის სტატუსს ვერ აიმაღლებს. ამიტომ, თუკი სტატუსის ამაღლების სურვილი ექნება, კიდევ ერთხელ მოუწევს გამოცდაზე გასვლა, ანუ გადაბარება და საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების შედეგის გაუმჯობესება. მასწავლებელს გამოცდაში 7 ან 10 კრედიტი უნდა ჰქონდეს მიღებული, რომ სტატუსის ასამაღლებელ გამცდაზე დაიშვას.

აქვე გეტყვით სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ცვლილების შესახებ. აქამდე დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებელი შეიძლება გამოცდის გარეშე გამხდარიყო წამყვანი მასწავლებელი, მაგრამ ახლა ეს გამოირიცხა და ყველას მოუწევს ამ სტატუსის შესაბამისი გამოცდის ჩაბარება და პრაქტიკულ ნაწილზე დაკვირვება. თუმცა, ეს არ ეხება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას – დორექტორის ხარისხის მქონე, შესაძლებელია, გამოცდის გარეშე გახდეს უფროსი მასწავლებელი. ძალიან სასიამოვნოა, როცა ხარისხის მქონე კადრი შემოდის სისტემაში, მაგრამ შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად მას პრაქტიკული და თეორიული კომპონენტი ისევე მოეთხოვება, როგორც დანარჩენებს

?✔️ სპეცმასწავლებელი

ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, რაც ახლა მოხდა, სპეცმასწავლებლის სქემაში ჩართვაა, რადგან ამ ადამიანებს არ ჰქონდათ პროფესიაში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. შესაბამისად, სქემის დამტკიცების შემდეგ, მათაც განესაზღვრა სამი სტატუსი. როგორც დანარჩენ მასწავლებლებს, თავის დროზე, აქაც სისტემაში დასაქმებულ სპეცმასწალებლებს მიენიჭათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი. უფროსი და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კი, მათაც მოუწევთ სპეციალური გამოცდის გავლა და პორტფოლიოს შემოწმება. დღევანდელი მდგომარეობით კი, როგორც გითხარით, სისტემაში არსებული სპეცმასწავლებლები მაშაობას პრაქტიკოსის სტატუსით განაგრძობენ. მათ მიეცათ შესაძლებლობა, ორი წლის განმავლობაში, იზრუნონ სტატუსის ამაღლებაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სისტემისთვის, ისე თავად ამ მასწავლებლებისთვის, რადგან სწავლების ხარისხის ზრდასთან ერთად, სპეცმასწავლებლების ანაზღაურებაც გაიზრდება, რადგან მათი ანაზღაურების ზრდა, როგორც დანარჩენი მასწავლებლების, სქემაზეა მიბმული.

?✔️ მასწავლებელთა   ციფრული კომპეტენციები

პანდემიის პერიოდში   ჩავატარეთ კვლევა მასწავლებლების საჭიროების დასადგენად – რა ტიპის დახმარება სჭირდებოდათ ონლაინ სწავლებაში. შესაბამისად, კვლევის შედეგად გამოკვეთილი საჭიროებებიდან, იმ ნაწილს, რაც ჩვენი ცენტრის კომეტენციაში შედის, აუცილებლად შევასრულებთ. ონლაინ სწავლების პედაგოგიკა, ეს არის გარკვეული აპლიკაციების ცოდნა, რაც მასწავლებლებს აუცილებლად სჭირდებათ. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად დავეხმარებით ამ ცოდნის გაუმჯობესებაში. ონლაინ დაკვირვების ფორმის შემუშავებაც, გარკვეულწილად, ამის პასუხია და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმ 12 სკოლას, რომელიც ჩართული იყო პროცესში და გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ მართლა ძალიან კარგი საქმე გაკეთდა ჩვენთვისაც და სკოლებისთვისაც. ეს რუბრიკა მხოლოდ პედაგოგებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანად სისტემისთვის. სკოლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ონლაინ გარე დაკვირვების რუბრიკას – ვინმემ იცის, როგორ ატარებს მასწავლებელი ონლაინ გაკვეთილს? ან ვინმემ უთხრა, როგორ ჩაატაროს? ამიტომ, ეს რუბრიკა, ერთგვარად, მასწავლებლისთვის თვითშეფასების რუბრიკაცაა, რადგან შეადარებს როგორ აკეთებს თვითონ და როგორ უნდა აკეთებდეს, იქ რა წერია. ამას, თავისთავად, საგანმანათლებლო ფუნქციაც ექნება და მას გზამკვლევიც მოჰყვება, მოკლე გაიდებს ჩავწერთ. გარდა ამისა, სკოლებისთვის   ერთგვარი მონიტორინგის მექანიზმის ფუქნციაც ექნება, რომ შემდგომი საჭიროებები გამოვლინდეს. გარდა იმის, რომ ონლაინ დაკვირვების რუბრიკა, საჭიროების შემთხვევაში, გარე დაკვირვებისთვის გამოგვადგება და სხვა მიმართულებითაც ბევრ პრობლემას მოხსნის. მაგალითად, შინ სწავლებისთვის გამოადგებათ (როცა მოსწავლე, ავადმყოფობის გამო, არ დადის სკოლაში, მას სკოლამ შეიძლება ონლაინ ფორმატში ჩაუტაროს ან აღუდგინოს გაკვეთილები). ასევე, შეიძლება ექსტერნიდანაც გათავისუფლდეს ბევრი მოსწავლე, რადგან სწორედ გაცდენების გამო უწევთ ხოლმე ექსტერნის გამოცდის ჩაბარება. რადგან უკვე დატესტილი გვაქვს ონლაინ სწავლების ფორმატი, ძალიან მნიშნელოვანია, საჭიროების შემთხევაში, ის გამოვიყენოთ. ონლაინ სწავლება შესაძლებლია დავნერგოთ იქაც, სადაც მუდმივად მასწავლებელთა დეფიციტია, ანუ ქუდზე კაცი კი არ ეძებოს სკოლამ, ოღონდ ვინმე შევიდეს გაკვეთილზე, არამედ სწორედ კვალიფიციური კადრით და ამ ფორმით გააგრძელოს სწავლება. დაბოლოს, ონლაინ რესურსი რომ გაკვეთილის მრავალფეროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე აღარ ვსაუბრობ.

მასწავლებლებს ხშირად ეშინოდათ ტექნოლოგიების ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, რამე რომ ხარვეზით არ წასულიყო… ახლა უკვე მასწავლებლებიც თამამად გამოიყენებენ ონლაინ რესურსსა და ტექნოლოგიებს, რადგან მათ საკმაოდ კარგი გამოცდილება დაუგროვდათ. ამიტომ, იმედია, ახლა ციფრული რესურსებით გამდიდრებული საგაკვეთილო პროცესი გვექნება სკოლებში.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები