25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ინკლუზიური განათლება დისტანციურად – სამინისტროს რეკომენდაციები

spot_img

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების დისტანციური სწავლების რეჟიმში ჩართვის მიზნით, სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა.

საგნის მასწავლებლებმა, სხვადასხვა ფორმით, პროცესში აქტიურად რომ ჩართონ სსსმ მოსწავლეები მათი საჭიროებების შესაბამისად და შეძლონ მათთან ემოციური და სოციალური კავშირის შენარჩუნება, უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

⇒ სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრები დაეხმარებიან სპეციალურ მასწავლებლებს თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის აქტივობების დაგეგმვაში, რომლებიც შერჩეული იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმიდან. საგნის მასწავლებლებთან და მშობლებთან თანამშრომლობით, შესაძლებელია, ახალი მოკლევადიანი მიზნებისა და აქტივობების შექმნაც.

⇒ ეფექტური იქნება, თუ სპეციალური მასწავლებლები დაიცავენ ბალანსს აკადემიური და კოგნიტური უნარების განმავითარებელი აქტივობების შერჩევისას, მაგალითად, დისტანციურად მოწოდებულ დავალებებში გაითვალისწინებენ როგორც მათემატიკის, თხრობის, წერის, კითხვისა და კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობის, ასევე სახალისო, მოძრავ აქტივობებს, რომლებიც ჭრას, ძერწვას და ა.შ. მოიცავს. შესაძლოა, დავალება იყოს გაკვეთილის თემის შესაბამისი ანიმაციის ნახვა და იმის მიხედვით ნახატის შექმნა, ასევე ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ა.შ.

⇒ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან დისტანციური სწავლების ფორმატით მუშაობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა და მოტივაცია, რათა ერთგვარი ასისტირება გაუწიონ მოსწავლეებს. ამ მიმართულებით მშობლებთან კომუნიკაციაში ფსიქოლოგებისა და სპეციალური მასწავლებლების როლი ძალიან დიდია

⇒  სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრები პერიოდულად უკავშირდებიან სპეციალურ მასწავლებლებს და სთხოვენ უკუკავშირს, უწევენ კონსულტირებას.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთა განათლებას, ასევე, ხელს შეუწყობს პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატია. „ტელესკოლაში“ გაკვეთილების დაგეგმვისას, სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციებით, გათვალისწინებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტერესებიც. ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. „ტელესკოლის“ პროექტის თავისებურებიდან გამომდინარე, ის დიდ დახმარებას გაუწევს უსინათლო ან მცირე მხედველ მოსწავლეებსაც, რომლებიც გაკვეთილებს მოისმენენ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილის პროცესში ნაჩვენები ვიდეორგოლები, სურათები, თვალსაჩინო მასალები, პარალელურად, მასწავლებლის მიერ იყოს ზეპირად ახსნილი (აუდიოაღწერა).

„ტელესკოლის“ პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება მოკლე ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რომელთაც აქვთ აკადემიური და კოგნიტური უნარების სირთულე. ვიდეოგაკვეთილები მოიცავს რეკომენდაციებს ნატიფი მოტორული უნარების, აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, სააზროვნო უნარების განვითარების შესახებ. აღნიშნული ვიდეოგაკვეთილები გამიზნული იქნება მშობლებისთვის, რათა მათ შეძლონ სსსმ მოსწავლეთა უნარების განვითარების ხელშეწყობა, ოჯახის პირობებში არსებული რესურსების გათვალიწინებით.

„ტელესკოლა“ მნიშვნელოვანი იქნება მათთვისაც, ვისაც სწავლის უნარის დარღვევა (დისლექსია, დისკალკულია) ახასიათებს, რადგან გაკვეთილების მეთოდოლოგია იქნება როგორც ზეპირი გადმოცემის, ასევე თვალსაჩინო მასალების ჩვენებისკენ მიმართული.

„ტელესკოლა“ ასევე ძალიან სასარგებლო იქნება მიუსაფარი ბავშვებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე დროის უმეტეს ნაწილს დღის ცენტრებში ატარებენ.

ამავე თემაზე ინტერვიუ თამარ ისაკაძესთან

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები