24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯი ძველ სიცოცხლეს იბრუნებს

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, იწყებს 1877 წლით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – წინამძღვრიანთკარში მდებარე პროფესიული კოლეჯის რეაბილიტაციას.

➡ შენობა დაიბრუნებს პირვანდელ სახეს და კოლეჯში მსურველები დაეუფლებიან იმ პროფესიულ პროგრამებს, რომლებიც ტექნიკუმის ბაზაზე ადრე ხორციელდებოდა, მათ შორის, მებაღეობის, მევენახეობის, მეტყევეობის, მეაბრეშუმეობის, მეღვინეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებებს.

➡ განახლებულ შენობაში განთავსდება საკონფერენციო და სამუზეუმო დარბაზები, პირველ სართულზე არსებულ უძველეს მარანში მოეწყობა სამუზეუმო სივრცეები და ტექნოლოგიური ლაბორატორიები.

1883 წელს ილია წინამძღვრიშვილმა, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან თანამშრომლობით, საკუთარ მამულში, დააარსა პირველი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი ქართულ ენაზე, სადაც სტუდენტები, მთელი საქართველოს მასშტაბით, იყრიდნენ თავს. დაარსების დღიდან ტექნიკუმში დაიწყო ისეთი მიმართულებების სწავლება, როგორიცაა მებაღეობა, მევენახეობა, მეტყევეობა, მეაბრეშუმეობა, მეღვინეობა და მეფუტკრეობა. ტექნიკუმში სწავლება მოიცავდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტს და ის საქართველოში პირველ და ევროპაში ერთ-ერთ უძველეს პროფესიული განათლების კერად მიიჩნევა.

საქართველოს პირველი პროფესიული სასწავლებლის ადგილზე მოქმედი ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი განავითარებს იმ პროფესიულ პროგრამებს, რომლებიც თავის დროზე ტექნიკუმის ბაზაზე ხორციელდებოდა. მიმდინარე პერიოდში კოლეჯს სტუდენტთა მიღება 17 პროფესიულ პროგრამაზე აქვს გამოცხადებული, რომელთაგან 13 – სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აღნიშნული პროგრამებიდან 5 დუალურია და სტუდენტებს, თეორიული სწავლების პარალელურად, რეალურ სამუშაო გარემოში სწავლებისა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ.

?თსუ მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის მიერ ილია წინამძღვრიშვილის 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომზადდა ფილმი – „ილია წინამძღვრიშვილი“, რომელიც საქართველოში პირველი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ მოგვითხრობს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები