25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

თუ ბავშვს ჩვენი ცხოვრებით და საქციელით ჰუმანურ ანარეკლს ვაჩვენებთ, ეს იქნება შთამბეჭდავად შესანიშნავი

spot_img

– ოროსანოო, ოროსანო ! – კლასში ჩემი შვიდი ამხანაგი იყო, თავი ჩემს მერხთან მოეყარათ, წინა დღით მწვანე, პატარა დაფები, ფერადი ცარცები და საშლელები დაგვირიგეს. ახლა ეს პატარა მწვანე დაფა მქონდა ჩაბღუჯული და ცრემლებით ვადნობდი.

„ოროსანოს“ ბოლო „ოო“ გრძელდებოდა, ტონებს იცვლიდა, ვრცელდებოდა და თითქოს პატარა საკლასო ოთახში კი არა, მუსიკალური ინსტრუმენტებით სავსე ამფითეატრში ვიყავით და ექოს მხოლოდ კედლები კი არა, პიანინოს კლავიშებიც გამოსცემდნენ.

მიზეზი? იმ დღეს ასოები მიჯღაბნილად გავაყოლე. მგონი, „რ“ უნდა გაგვეყოლებინა, თუ „ს“, სიმართლე გითხრათ, ამათ ახლაც ვერ ვწერ კარგად . ჩემი იმ დღის დავალება ფრიადოსანს არ შეეფერებოდა, მე კი დიდად არაფერი მედარდებოდა, წარმოდგენაც არ მქონდა, თუ მასწავლებელს არ მოეწონებოდა, არც დედასთვის მიჩვენებია, სანამ სკოლაში წამოვიღებდი. მასწავლებელი თეთრწვერა კაცი იყო, ჩვეული, მომრგვალებული და მშვიდობიანი ხუთიანის მაგივრად „პწიჩკა“ დამიწერა.

ჩემი კლასელები ჩემსავით პატარები იყვნენ, მაგრამ იმ დღეს მე მათზე ბევრად პატარა ვიყავი, რადგან პირველ, მეორე და მესამე გაკვეთილზეც ვზლუქუნებდი, სახეზე იყო – არც ისე კარგი დღე მქონდა.

„Act like an adult “ – ძალიან პოპულარული ფრაზა – „მოიქეცი ზრდასრულივით“ –  შვიდი წლის ბავშვისთვის საკმაოდ რთული ამოცანაა, ამიტომ სახლშიც ასეთ ხასიათზე ავედი, მეორე დღესაც ასეთ ხასიათზე მივედი სკოლაში, მესამესაც და საერთოდ, ეს ფრაზა შემდეგი შვიდწლეულის მანძილზე მწარედ მახსენებდა თავს.

დაკვირვებიხართ, როგორ აბულინგებენ ბავშვები ერთმანეთს? წესი საერთოა: ერთ სიტყვას ამოირჩევენ, რომელიც, მათი იმწამინდელი აზრით, ობიექტს შეეფერება, ამ სიტყვას შემდეგ მრავალჯერ იმეორებენ, რიტმში სვამენ, თითქოს სიმღერის მისამღერს მღერიან, სიტყვის დასასრულს კი ხმოვნებს აგრძელებენ, როგორც „მგელობანაშია“, მოთამაშეს დაიჭერ, ხელს მიადებ და იძახი „მგელო-ოო, მგელო-ოო!“, ოღონდ, ამ შემთხვევაში, „მგელს “ საერთოდ არ სწყინს მგლობა, შეუძლია მალევე გამოასწოროს, თუ „ფეხმარდი მგელი“ იქნება და თავისი თიკუნი სხვას გადასცეს. აი, ბულინგის შემთხვევაში კი, „მგელი“ შეიძლება კბილების, ყურების ან რუხი თმის ფერის გამო გახდე, მაგრამ აქ შანსი არ გაქვს, ფეხმარდობა არ გიშველის, იარლიყს სხვას ვერ გადააბარებ.

რა იწვევს ბულინგს ? ამაზე წლების მანძილზე ვფიქრობდი. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ ხდებიან ბულერები და საბოლოოდ რამდენიმე პასუხამდე მივედი.
  1. ზოგჯერ ბულერი ცდილობს, ყურადღება დაიმსახუროს (თუნდაც, ეს არ იყოს მხიარული ყურადღება).
  2. ზოგჯერ ბულერს უნდა, მისი წრის ხალხზე შთაბეჭდილება მოახდინოს.
  3. ზოგჯერ მას სურს, თავი აღმატებულად და ძლიერად იგრძნოს (აქედან დასკვნა – ეს მას აკლია).
  4. უფრო ხშირად, მას შენი შურს და ასე გამოხატავს.
  5. ზოგჯერ ის უბრალოდ მაგალითს იღებს.

რამდენიც უნდა ვიკამათოთ, მაინც იმ აზრამდე მივალთ, რომ ტრადიციული „ბულერი“ ასეთად თავისი შესაძლებლობების არარეალიზების შედეგად ყალიბდება. თუ ვინმე დაგცინის, ნუ ფიქრობ, რომ პრობლემა შენშია. პრობლემა ყოველთვის აგრესორშია და მას სჭირდება დახმარება. რაში? იმაში, რომ თავისი თავი სხვის გაქილიკებაში კი არა, საკუთარი თავის განვითარებით იპოვოს. სხვა შემთხვევაში, ბავშვობაში „ბულერი“ შესაძლებელია ზრდასრულ ბულერად იქცეს, ოღონდ ამჯერად გამოხატვის ფორმები შეიცვალოს: რა თქმა უნდა, უნივერსიტეტში, სამსახურში, კორპორატიულზე ხელს ვერავის მიაბჯენს და ერთსა და იმავე დამამცირებელ ფრაზას ათჯერ ვერ გაიმეორებს, მაგრამ ამას შეფარულად, იქნებ ძალზე კორექტულადაც კი, ქარაგმული ნათქვამით, უბრალო წაჩურჩულებით გააკეთებს.

რადგანაც ეს პრობლემა ბავშვობიდან მოდის, როგორ მოვიქცეთ ასეთ ბავშვებთან?

აქ გამოიყოფა აგრესორი და მსხვერპლი, თუმცა, როგორც ერთს ესაჭიროება დახმარება, ასევე –  მეორესაც. თუ პირველს სწორი გზა, დაგროვილი ენერგიის სწორი რეალიზების გზა უნდა ვაჩვენოთ, მეორეს უნდა ვასწავლოთ, როგორ გაუმკლავდეს ბულინგს იმ გადამწყვეტ სიტუაციაში. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

პირველ რიგში, არასოდეს ჩამოყარო მკლავები, არასოდეს დახარო თვალები და იმ წამს საკუთარი თავი მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ, თავდაჯერებულ ადამიანად წარმოიდგინე – თვალის კონტაქტი დაამყარე.

ეს საკმაოდ გამოცდილი მეთოდია და არა მარტო ბავშვობაში, არამედ დიდობაშიც – აგრესორს სწორედ „ფიდბექი“, უკუკავშირი უნდა იმ ემოციის, რაც გადმოგცა! და შენგან საპირისპიროს იღებს – შეგიძლია, გაიღიმო და კეთილად მოექცე. გახსოვს, რა თქვა მაჰათმა განდიმ?

„An eye for an eye makes the whole world blind“ – „თვალი თვალის წილ მსოფლიოს აბრმავებს“.

ასე რომ, არ დაუბრუნო იგივე ემოცია.

აქ ჩემი საყვარელი „Tedx talks“ გამოსვლას გავიხსენებ, რომელიც ბულინგის თემას ეხება. პატარა გოგონას, ლიბის მშობელი სიტყვით გამოდის და ამბობს: „როცა კლასში შევედი, მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო. ჩემი უმცროსი ქალიშვილი, წითელთმიანი ლიბი მერხთან იჯდა და და მიყვებოდა, როგორ გაატარა ის დღე სკოლაში. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე კლასელმა გოგონამ თამაში გამოიგონა, სახელად „Libby touch“. მათ გადაწყვიტეს, რომ ლიბის ჰქონდა დაავადება და თუ შეეხებოდი, გადაედებოდათ.

და მალე გოგონების ჯგუფმა ეს ინფორმაცია მთელ კლასში გაავრცელა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ვიგრძენი მაშინ, როგორც მამამ ? ვაგზავნი შვილს სკოლაში და ველი, რომ ის ჯანსაღ გარემოშია, ამ დროს კი მას აბულინგებენ, სანამ ცრემლისგან არ დაიცლება. თქვენ რას გააკეთებდით ? მაგრამ არსებობს ოქროს წესი, რომელიც ამბობს, რომ მოექცე სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ. თუ შენ ცუდად მომექცევი, მეც ცუდად მოგექცევი, ამის საპასუხოდ შენ ისევ ცუდად მომექცევი და ჩვენ წრეს ვქმნით. ამიტომაც ლიბის ვასწავლე, რომ ამგვარი საქციელისთვის მშვიდობიანი რეაქციით ეპასუხა“.

ლიბის ძალიან დაეხმარა მშობლის მიდგომა, ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენც, როგორც მასწავლებლებს და უკვე თუ არ, მომავალ მშობლებს, დაგვეხმარება.

მთავარი მიზანი ტკივილის არიდებაა, ამ მეთოდით კი, მსხვერპლი თავს მსხვერპლად არ იგძნობს, პირიქით, მას შინაგანი ძალა ექნება.

რაც შეეხება ბავშვებში შენიშნულ ტიპური ბულერის ნიშნებს, ეს არ არის ცელქობა და აუცილებლად მისახედია. თუ ბავშვს ავუხსნით, რომ ბულინგი მსოფლიოში ვერბალურ წამებად არის შერაცხული, ვფიქრობ, თავისივე საქციელის სწორ აღქმას შევუქმნით.

რაც უნდა მწარე იყოს, სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ასეთ ბავშვებს ხშირად მაგალითს სწორედ უფროსები აძლევენ, ხშირად ჩემი თვალითაც მინახავს და მსმენია სკოლაში მასწავლებლისგან, ამხანაგის მშობლისგან ბულინგი, ბავშვები კი, როგორც წინა ბლოგში აღვნიშნე, სარკეებივით არიან, ეს ცუდიც შეიძლება იყოს და კარგიც, მაგრამ თუ ჩვენი ცხოვრებით და საქციელით ჰუმანურ ანარეკლს ვაჩვენებთ, ეს იქნება შთამბეჭდავად შესანიშნავი.

გემშვიდობებით, მომავალ ბლოგამდე!

ნატალი აბესაძე

ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები