19 აპრილი, პარასკევი, 2024

ეფექტური ვიდეოგაკვეთილების შექმნისა და საჯარო გამოსვლებისთვის

spot_img

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის რეკომენდაციები პედაგოგებს ეფექტური ვიდეოგაკვეთილების შექმნისა და საჯარო გამოსვლებისთვის

 

შესავალი

XXI საუკუნეში საგანმანათლებლო ვიდეორესურსების შექმნა სულ უფრო აქტუალური ხდება. ბევრი პედაგოგი ამზადებს ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც მათ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და უბრალოდ დაინტერესებულ პირებს აწვდის სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას. ვიდეოგაკვეთილების თუ ლექციების პოპულარობას, გავრცელებას და მათზე ხელმისაწვდომობას ხელს უწყობს ტრადიციული და სოციალური მედია. საგანმანათლებლო ვიდეორესურსები ადამიანებს საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად, ტელევიზიის ან სოციალური მედიის საშუალებით, თანაც, ხშირ შემთხვევაში, სრულიად უფასოდ, გაეცნონ მათთვის საჭირო ინფორმაციას.

ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გამო მსოფლიო ახალ დღის წესრიგზეა გადასული და დისტანციური სწავლება დღეს კომფორტი აღარ არის, არამედ აუცილებელი საჭიროება და ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

დღეს სულ უფრო მეტ მასწავლებელს უწევს ვიდეოგაკვეთილების ჩანაწერების მომზადება, გაკვეთილებისა, რომელთაც მოსწავლეები დროსა და სივრცეში დაშორებულად ესწრებიან. გაკვეთილების კამერის წინ ჩატარებისას, მოსწავლეებთან პირისპირ კომუნიკაცია არ დგება და გაკვეთილის მსვლელობისას მათი ვერბალური თუ არავერბალური უკუკავშირის დანახვა შეუძლებელია, რაც მასწავლებლისთვის ართულებს იმის მიხვედრას აინტერესებთ თუ არა მოსწავლეებს, არიან თუ არა ჩართულნი პროცესში და ა.შ. ვიდეოგაკვეთილების მომზადებისას მასწავლებლები ახალი გამოწვევების წინაშე დგებიან: როგორ მოახერხონ მოსწავლეთა დაინტერესება დისტანციურად, როგორ შეუწყონ ხელი მათ ჩართულობას და როგორ დაძლიონ კამერებთან საუბრის დისკომფორტი.

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა მოამზადა რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის, რომლებიც მათ ხარისხიანი ვიდეოგაკვეთილების მომზადებაში, საჯარო გამოსვლების/კამერასთან საუბრის დისკომფორტის დაძლევასა და მის ეფექტურად წარმართვაში შეუწყობს ხელს.

რეკომენდაციები ეფექტური ვიდეოგაკვეთილების შექმნისთვის

კითხვა, რომელიც დღეს ბევრ მასწავლებელს აწუხებს, შემდეგია: როგორ დაგეგმონ და წარმართონ ვიდეოგაკვეთილი ისე, რომ შეძლონ საგანმანათლებლო მიზნების მიღწევა და მოსწავლეთა ჩართულობის მაღალი დონის შენარჩუნება?

ჩვეულ გარემოში, როდესაც გაკვეთილი კლასში მოსწავლეების მონაწილეობით ტარდება, პედაგოგებისთვის მარტივია, შეიგრძნონ პროცესის დინამიკა, დაინახონ მოსწავლეთა დაინტერესების ან ჩართულობის ხარისხი. სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით კი იმგვარად მართონ პროცესი, როგორც ამას კონკრეტული გაკვეთილისა თუ კლასის სპეციფიკა უკარნახებთ. ვიდეო გაკვეთილის ჩაწერისას კი მოსწავლეებს ვერ ხედავენ, მეტიც, ხან შეიძლება არც იცნობდნენ მათ, ვისთვისაც ამზადებენ საგანმანათლებლო ვიდეოებს.

კვლევები ადასტურებს, რომ ვიდეოები მაღალი ეფექტურობის მქონე საგანმანათლებლო ინსტრუმენტია, თუმცა ყველა ვიდეო როდია ასეთი. იმისთვის რომ ვიდეოები მაღალი ხარისხის იყოს და მოსწავლეებში მათი ყურების, თუ ზოგადად სწავლის მოტივაციის ამაღლება შეძლოს, მნიშვნელოვანია, ვიდეოების ჩაწერისას გავითვალისწინოთ რამდენიმე რეკომენდაცია.

ნებისმიერი საგანანმანათლებლო რესურსის შექმნისას პედაგოგის მიზანი აუდიტორიისთვის ახალი ინფორმაციის მიწოდება და არსებული ცოდნის გააქტიურებაა. მათ სურთ, რომ მოსწავლეებმა დაიმახსოვრონ ან გაიხსენონ რაიმე. ამ მხრივ არც ვიდეო გაკვეთილებია გამონაკლისი. შესაბამისად ვიდეო იმგვარად უნდა აეწყოს, რომ მაყურებელს თუ მსმენელს გაუადვილდეს ინფორმაციის აღბეჭდვა, შენახვა და აღდგენა. მოდით გავიხსენოთ როგორ მიმდინარეობს ადამიანის მეხსიერების მიერ ინფორმაციის გადამუშავების პროცესი. მეხსიერების სტრუქტურა წარმოდგენილია სამი საცავის სახით: 1. სენსორული რეგისტრი; 2. ხანმოკლე (მუშა) საცავი; 3. ხანგრძლივი მეხსიერება.

✔ სენსორული რეგისტრი შეგრძნების ორგანოების საშუალებით გარემოდან იღებს სტიმულებს, ის დიდი მოცულობის ინფორმაციას აფიქსირებს, იმაზე მეტსაც, ვიდრე ადამიანს შეუძლია გადაამუშაოს, თუმცა ძალიან ცოტა ხნით (1-3წმ), სენსორულ მეხსიერებაში არ ხდება ინფორმაციის გადამუშავება ან დახარისხება, ამ მოვალეობას მუშა მეხსიერება ასრულებს.

მუშა მეხსიერება დროებით ინახავს და აქტიურად ამუშავებს სენსორული მეხსიერებიდან მიღებულ სიგნალებს. იგი შედგება ფონოლოგიური საცავისგან (სიტყვები და აკუსტიკური ინფორმაცია, მათი გამეორების შესაძლებლობა), ვიზუალურ-სივრცითი სქემისა (გრაფიკული ინფორმაცის შენახვა) და ცენტრალური აღმასრულებლისგან (გადამუშავების პროცესი, ყურადღებასა და სხვა გონებრივი რესურსებს მართვა). მუშა მეხსიერებას ხშირად გაცნობიერებული აზროვნების სამუშაო დაზგასაც უწოდებენ. მისი მოცულობა შეზღუდულია, ის საკმაოდ ცოტა ხნით (5-20წმ) ინახავს მცირე ინფორმაციას, მუშა მეხსიერებაში ინფორმაციის უფრო დიდი ხნით შესანარჩუნებლად შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი ხერხები: გონებაში ან ხმამაღლა გამეორება; დასამახსოვრებელი ინფორმაციის დაკავშირებას იმასთან, რაც უკვე ვიცით; ინფორმაციის დაჯგუფება, დახარისხება. მუშა მეხსიერებაში დამუშავებული მასალა გადადის ხანგრძლივ მეხსიერებაში.

ხანგრძლივი მეხსიერება ინფორმაციის გადამუშავების ბოლო ეტაპია, მასში ინფორმაცია ნელა აღიბეჭდება, თუმცა უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ შენახვას და შემდგომში აღდგენას. ის ინახავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც კარგად არის დასწავლილი. ხანგრძლივი მეხსიერების მოცულობა და შენახვის დრო განუსაზღვრელია. ფსიქოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხანგრძლივ მეხსიერებაში ინფორმაცია ინახება ვიზუალური ხატების, ვერბალური ერთეულების ან ორივეს სახით. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ვერბალურად და ვიზუალურად მოწოდებული მასალის სწავლა ბევრად ადვილია.

გამოდის რომ, ვიდეოს შექმნისას აუდიტორიას ინფორმაციას, ვერბალურთან ერთად, ვიზუალურადაც თუ მიეწოდება, ვიდეო უფრო მარტივად აღსაქმელი გახდება. გადაცემული ინფორმაციის მოსწავლის მუშა მეხსიერებაში მეტი დროით შენარჩუნებისთვის კი გამეორების, დაჯგუფების ან უკვე ნასწავლთან დაკავშირების მეთოდი დაგვეხმარება.

ინფორმაციის გადამუშავების პროცესზე დაფიქრების და მისი სპეციფიკის გათვალისწინების გარდა ეფექტური საგანმანათლებლო ვიდეოების შექმნაში დაგვეხმარება ის რამდენიმე პრინციპი, რომლებიც ფსიქოლოგ რიჩარდ მეიერის თეორიას მულტიმედიური სწავლების შესახებ და ასევე, ფსიქოლოგ ჯონ სველერის თეორიას კოგნიტური დატვირთვის შესახებ ეყრდნობა. პრინციპების გაცნობამდე თვალი გადავავლოთ აღნიშნულ თეორიებს.

კოგნიტური დატვირთვის თეორია

 კოგნიტური დატვირთვის თეორია სწავლის პროცესში მუშა მეხსიერებაზე დაკისრებულ საქმიანობას განიხილავს. თეორია სწავლობს, თუ როგორ შეუძლია სასწავლო დავალებებით წარმოქმნილ არასწორად გადანაწილებულ კოგნიტურ დატვირთვას, ხელი შეუშალოს ახალი ინფორმაციის დამუშავებასა და მის ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანას.

თეორია განიხილავს კოგნიტური დატვირთვის სამ ფორმას:

არსებითი კოგნიტური დატვირთვა (intrinsic or essential cognitive load) მოიცავს ძირითად სასწავლო დავალებას

გენერაციული კოგნიტური  დატვირთვა (germane or generative cognitive load) მოიცავს ინფორმაციის  დამუშავებას, მის არსებულ ცოდნასა და სქემებთან დაკავშირებას და/ან ახალი სქემის აგებას

დამატებითი კოგნიტური დატვირთვა ( extraneous cognitive load) მოიცავს არასაჭირო დეტალებს, რომელიც ხელს უშლის ინფორმაციის გააზრების პროცესს. მაგ: რთულ ლექსიკას, ცუდ გაფორმებას, მონოტონურ საუბარს, გარემო ხელისშემშლელ ფაქტორებს და ა.შ

იმისთვის, რომ სწავლების პროცესი ეფექტური იყოს, აუცილებელია გენერაციული კოგნიტური გადატვირთვის გაზრდა, არსებითი კოგნიტური დატვირთვის გონივრულად მართვა და დამატებითი კოგნიტური დატვირთვის მინიმალიზება ისევე, როგორც ეს სქემაზეა ნაჩვენები.

როგორც ვნახეთ, თეორია სასწავლო აქტივობასთან მიმართებით მოსწავლის კოგნიტური რესურსის სწორად გამოყენებას/განაწილებას უწყობს ხელს. სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, მათ შორის ვიდეორესურსების შექმნისას, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ შემდეგი: ვიდეოებში გამოიყენეთ მხოლოდ საჭირო ილუსტრაციები, რათა არ მოხდეს ვიდეოს გადატვირთვა, უცხო სიტყვათა რაოდენობა გააკონტროლეთ, რათა ბევრი ახალი სიტყვით არ დააბნიოთ მოსწავლეები; სასწავლო თემის მიწოდებისას დაიცვათ ბალანსი, ისე რომ ის არც ძალიან რთული იყოს და არც ძალიან მარტივი, რადგან, ორივე შემთხვევაში დაკარგავთ მოსწავლის ყურადღებას. ხელი შეუწყვეთ მოსწავლის არსებულ ცოდნასთან თქვენ მიერ მიწოდებული ახალი ინფორმაციის დაკავშირებას.

კოგნიტური თეორია მულტიმედიური სწავლების შესახებ

მულტიმედიური სწავლება გულისხმობს სწავლების პროცესში ვერბალური და ვიზუალური მასალის გამოყენებას. ასეთი მასალა შეიძლება იყოს ტექსტი, ხმოვანი შეტყობინებები, სტატიკური ან დინამიკური გამოსახულებები. რიჩარდ მაიერის აზრით, სწავლის პროცესს ეფექტურს ხდის სიტყვებისა და გამოსახულებების სწორი კომბინაცია. მულტიმედიური სწავლების შესახებ მისი თეორია სამ საკითხს მოიცავს:

ორმაგი არხი/ორმაგი კოდირება. ამ იდეის მიხედვით ინფორმაციას ვიღებთ ვერბალური და ვიზუალური ფორმით და შესაბამისად ვამუშავებთ მას. ინფორმაციის ეფექტურად მიწოდებისთვის უნდა გამოვიყენოთ ორივე არხი.

მუშა მეხსიერების ლიმიტი. რაც ნიშნავს, რომ მუშა მეხსიერება ჩვენ მიერ დანახული ან გაგებული ინფორმაციის მხოლოდ ნაწილის დამუშავებას ახერხებს, ამიტომ მნიშვნელოვანია არ გადავტვირთოთ ის.

აქტიური დამუშავება. ეს გულისხმობს, რომ სწავლა არის აქტიური დამუშავების პროცესი, რა დროსაც ხდება ინფორმაციის გაფილტვრა, საჭირო ინფორმაციის გამორჩევა, ორგანიზება და არსებულ ცოდნასთან ინტეგრირება. ამიტომ სასწავლო თემა უნდა იყოს რელევანტური, არა გადატვირთული და იძლეოდეს არსებულ ცოდნაზე დაშენების საშუალებას.

 მულტიმედიური სწავლების პრინციპები

  1. თანხვედრის პრინციპი (Coherence Principle) – ადამიანი უკეთ სწავლობს, როდესაც სასწავლო მასალა გამოსახულებებითა და ხმებით არ არის გადატვირთული. იმისთვის, რომ ზედმეტმა სურათებმა და ხმებმა მაყურებლის ყურადღება არ გაფანტოს, მნიშვნელოვანია, დაიცავით თანხვედრის პრინციპი, რომელიც გულისხმობს ერთ ჯერზე ერთი გამოსახულების გამოყენებას და მასთან შესაბამისი ტექსტის თანხვედრას. გახსოვდეთ, რომ ილუსტრაცია დეკორაცია არ არის, ის თემასთან დაკავშირებული უნდა იყოს და პასუხობდეს კონკრეტულ მიზნებს.
  2. მინიშნების პრინციპი (Signaling Principle) – ვიდეოს ეფექტურობას გაზრდის მინიშნებების გამოყენება, რომლებიც ხაზს უსვამს მნიშვნელოვან საკითხებს და მოსწავლეს მასალის აღქმასა და ორგანიზებაში ეხმარება. ასეთი მინიშნებები შეიძლება იყოს, ისრით მინიშნება, შემოხაზვა, ტექსტის გაბოლდება, გაფერადება, ბულეთები და ა.შ.
  3. შემცირების პრინციპი (Redundancy Principle) – მასალის ეფექტურად ახსნისთვის ხშირად ერთდროულად იყენებენ რამდენიმე ხერხს: გამოსახულებას, ხმას, ტექსტს. მულტიმედიური სწავლების შემცირების პრინციპი კი გვირჩევს შევამციროთ გადმოცემის ხერხები. მაგალითად უმჯობესია, რომ ერთ ჯერზე გამოიყენოთ მხოლოდ გრაფიკული გამოსახულებები და თხრობა (ნარატივი). ამ ორ ხერხთან ერთად, ეკრანზე ტექსტის დამატება კი არ გაამარტივებს აღქმის პროცესს, არამედ ხელს შეუშლის ინფორმაციის გააზრებასა და გადამუშავებას.
  4. სივრცითი სიახლოვის პრინციპი (Spatial Contiguity Principle) – პრეზენტაციაში/ ვიდეოში თუკი მოსწავლეებს უჩვენებთ სურათს და უთითებთ მის შესაბამის სიტყვას, ეს სიტყვები სურათებთან ახლოს უნდა დაიწეროს.
  5. დროითი სიახლოვის პრინციპი (Temporal Contiguity Principle) – გამოსახულება და მისი ახსნა დროში ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს.
  6. დაყოფის პრინციპი (Segmenting Principle) – ინფორმაციის აღქმა და გააზრება უფრო ადვილია, როდესაც ის დაყოფილია ნაწილებად.
  7. წინასწარი სწავლების პრინციპი (Pre-training Principle) – თუკი მოსწავლეებს წინასწარ მიაწვდით იმ ძირითად ტერმინებს, რომელთა გამოყენებასაც ვიდეოში აპირებთ, ისინი უკეთ შეძლებენ ვიდეოს შინაარსის გააზრებას.
  8. მოდალობის პრინციპი (Modality Principle) – უმჯობესია გრაფიკულ ინფორმაციას ზეპირი თხრობა, ერთვოდეს და არა დაწერილი ტექსტი.
  9. პერსონალიზაციის პრინციპი (Personalization Principle) – მულტიმედია სწავლების დროს, არაფორმალური, ყოველდღიური სასაუბრო ენით გადმოცემული მასალა ბევრად ეფექტურია, ვიდრე აკადემიურ სტილში, ტერმინოლოგიით გაჯერებული ინფორმაცია.

როგორც სურათიდან ჩანს, ამ პრინციპების გამოყენება დაგეხმარებათ კოგნიტური დატვირთვის სწორად გადანაწილებაში, რაც თავის მხრივ ვიდეოს ეფექტურობას გაზრდის. მომდევნო რეკომენდაციები კი მოსწავლეთა დაინტერესებას და მათი ჩართულობის გაზრდას ემსახურება.

მოსწავლეთა ვიდეოგაკვეთილებით დაინტერესება

მოსწავლეთა დაინტერესებისა და ვიდეოგაკვეთილებში ჩართულობისთვის უმთავრესია, მათ უყურონ ვიდეოს. ამისთვის კი აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ვიდეოს ხანგრძლივობა. კვლევები ადასტურებს, რომ 6 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის ვიდეოებს მაყურებლის თითქმის 100% თავიდან ბოლომდე უყურებს, 12-წუთიანი ვიდეოების შემთხვევაში კი, მაყურებელთა რიცხვი და ყურების ხანგრძლივობა თითქმის 50%-ით მცირდება. კიდევ ერთი ხერხი, რომელიც მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის მულტიმედიური სწავლების მე-9 პრინციპს ეხმიანება და გულისხმობს საუბრის წარმართვას მარტივი, გასაგები და სახალისო ენით. კამერის წინ გაკვეთილის ჩატარებისას, მასწავლებელს ალბათ ყველაზე მეტად მოსწავლეთა თვალები აკლია. მართალია, შეიძლება არ იცნობდეთ ყველა იმ მოსწავლეს, ვისთვისაც გაკვეთილს ატარებთ, მაგრამ კამერის ნაცვლად, მათი ასაკის ბავშვების წარმოდგენა დაგეხმარებათ, სწორად განვსაზღვროთ სასაუბრო ლექსიკა, საუბრის დინამიკა და, რაც მთავარია, შეინარჩუნოთ ბუნებრივობა. ბუნებრივობას მოსწავლეები აუცილებლად შეამჩნევენ და ეს ხელს შეუწყობს მათ ჩართულობას. მოსწავლეთა დაინტერესება მეტად გაიზრდება, თუ მასალის მიწოდების პროცესში ისინი იგრძნობენ, რომ გაკვეთილი თითოეულ მათგანზე, ინდივიდუალურად არის გათვლილი. ვიდეო გაკვეთილების შექმნისას უნდა გაითვალისწინოთ ის ელემენტები, რომლებიც ხელს უწყობს ვიდეოს ყურებისას მოსწავლეებში კოგნიტური აქტივობის შენარჩუნებასა და დატვირთვის სწორ გადანაწილებას. სასურველია, ვიდეო გააჯეროთ ინტერაქტიული შეკითხვებით, ეს მოსწავლეში აღვიძებს გაკვეთილში ჩართულობის მოთხოვნილებას. კითხვაზე პასუხის გაცემის სურვილი, შეიძლება იმ ბავშვებსაც გაუჩნდეს, რომლებიც საკლასო ოთახში თავს იკავებენ, რადგან ახლა სახლში არიან საკუთარ კომფორტის ზონაში და უფრო თამამად წარმოაჩენენ თავს. კიდევ ერთი რეკომენდაცია მიმართულების მიმცემი შეკითხვების გამოყენება არის. თქვენ არ იცით ვინ უყურებს თქვენს გაკვეთილებს და როგორია მათი მომზადების დონე, შესაბამისად, მათ ნაწილს მასალის გააზრებისთვის, შესაძლოა, დასჭირდეს მიმართულების მიმცემი კითხვები. ამასთან, როგორც კვლევები ადასტურებს, ვიდეო ბევრად უფრო ეფექტურია, როდესაც ის დაკავშირებულია მოსწავლის სასკოლო სახელმძღვანელოსა და საშინაო დავალებებთან, ეს მას საშუალებას აძლევს ვიდეოს დახმარებით, რომელიც საინტერსოდ და გასაგებად მიაწვდის ინფორმაციას, უკეთ გაიაზროს სასწავლი მასალა.

მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობაში დაგეხმარებათ მათი გაოცება. მნიშვნელოვანია, გაკვეთილი ააწყოთ იმგვარად, რომ გარკვეული ინფორმაცია ან აქტივობები მათთვის სიურპრიზი იყოს. ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოთ, თუმცა, როგორც ვიცით, მოსწავლეები დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ გამოიყურება პედაგოგი. გახსოვდეთ, რომ ვიდეოები ბევრად ეფექტური გამოდის, როდესაც ფერადი ტანსაცმელი გვაცვია, ვიღიმებით და, რაც მთავარია, ერთ ადგილას არ ვართ გაჩერებულები.

რეკომენდაციები საჯარო გამოსვლების/კამერასთან საუბრის ეფექტურობისთვის

დაგეგმეთ

ეფექტური გამოსვლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი დაგეგმვაა. დარწმუნდით, რომ საუბრის სტრუქტურა, შესავალი სიტყვიდან დასკვნით სიტყვამდე, დაგეგმილი გაქვთ. დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნში პირველი გვერდი და პარაგრაფი; თუ მან არ მოგხიბლათ ალბათობა იმისა, რომ ეს წიგნი მიატოვოთ, დიდია. იგივე პრინციპი მოქმედებს საჯარო გამოსვლის დროსაც, მათ შორის ტელეკამერების წინ საუბრისასაც. იმისთვის, რომ აუდიტორიამ მოგისმინოთ, დასაწყისიდან უნდა ჩაითრიოთ ისინი, დააინტრიგოთ მსმენელი. ამისთვის შეიძლება გამოიყენეთ ცნობილი ადამიანების ცნობილ ფრაზები, ხუმრობები და განწყობილების შესაქმნელი ციტატები. დასაწყისის გარდა უნდა განავითაროთ დასასრული, მოიფიქროთ ეფექტური დასკვნითი სიტყვები. რაც აუდიტორიას მეხსიერებაში დარჩება, სწორედ ის „კრავს“, აფორმირებს თქვენი გამოსვლის შედეგსა და მის ეფექტიანობას. თქვენი გამოსვლის შემდეგ მათ მეხსიერებაში უნდა ინახებოდეს ის ძირითადი, თქვენ მიერ ხაზგასმული პუნქტები, რომელთა გახსენებაც მოაგონებთ მთელ გაკვეთილს.

აუცილებელია, ჩვენი სიტყვა თავადვე დავწეროთ და გავითავისოთ; თუ აუდიტორიამ შეგატყოთ, რომ გაუცხოებული ხართ იმასთან, რასაც კითხულობთ ან არ მოგწონთ თქვენი გამოსასვლელი თემა, თქვენი საუბარი მათში დაინტერესებას ვერ გამოიწვევს. არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე წარადგინო თემა, რომელიც არ გაინტერესებს ან არ იცნობ სიღრმისეულად, რადგან აუდიტორია ყოველთვის გრძნობს ამას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იცოდე, რომ შეუძლებელია თემის გარშემო ყველა საკითხი დაფარო, ყველა ასპექტს შეეხო ან ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხო. ეს ხომ ძალიან მომაბეზრებელი იქნება ყველასთვის. საუკეთესო პრეზენტაციები არის ისინი, რომელთა ჩონჩხი და სტრუქტურა გვახსოვს, ასევე, გვახსოვს რამდენიმე დასამახსოვრებელი, საინტერესო ფრაზა და ეს გვეხმარება ემოციური მეხსიერებით აღვიდგინოთ გავლილი მასალა.

მნიშვნელოვანია, პრეზენტაციის სტრუქტურის გააზრებისას, თანმიმდევრობით კი არ დავიმახსოვროთ მასალა და თითოეული სათქმელი წინადადება, არამედ ძირითადი პუნქტები გვქონდეს ჩამოწერილი და მის მიხედვით აღვიდგინოთ ნაწერი. დამახსოვრებულის აღდგენის პროცესში ადამიანის გაღიზიანებას და ანერვიულებას სწორედ ის ფაქტი იწვევს, რომ რაღაც გამორჩება და მერე მთელი მომდევნო სათქმელი გონებაში ერევა. სწორედ ამიტომ, არ არის რეკომენდირებული ყველა ფრაზის დაზეპირება, უმჯობესია მხოლოდ მოკლე ჩანაწერები გააკეთოთ იმისთვის, რომ თემის მიმდინარეობა, განვითარება არ დაგავიწყდეთ და დანარჩენი ზეპირ ინტერპრეტაციას მიანდოთ. მთავარი, აქ, ძირითადი კონტენტის ცოდნაა. სიტყვით გამოსვლამდე მოამზადეთ:

✔ საკვანძო სიტყვების ჩამონათვალი;

✔ ფრაზა, რომელიც სათქმელს გაგახსენებთ;

✔ თუ სლაიდებს აწყობთ, გამოიყენეთ მოკლე ტექსტები და ფრაზები, მხოლოდ იმისთვის, რომ გახსნათ სასაუბრო თემა.

ეს მიდგომა დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი თავი და სათქმელი არ ამოვარდეს კალაპოტიდან.

ივარჯიშეთ

შეეცადეთ, თქვენი მასალა მაქსიმალურად ადრე მოამზადოთ და არ მოიტოვოთ ბოლო წუთისთვის, რადგან გქონდეთ დრო იმისთვის, რომ გააანალიზოთ და გაიშინაგნოთ ის.

შეგიძლიათ ივარჯიშოთ მცირე აუდიტორიასთან ან სარკესთან. ძალიან კარგია, თუ ჩაწერთ თქვენს საუბარს და შემდეგ მოუსმენთ, ამით გააუმჯობესებთ თქვენი საუბრის მანერას, დახვეწთ ტონსა და ტემბრს, ჩამოიშორებთ მეტყველებით პარაზიტებს, როგორიცაა: „ანუ“, „ესე იგი“ და სხვა. ასევე შორისდებულებს, როგორიცაა: „აჰა“, „ჰმ“ და სხვანი…

მიაქციეთ ყურადღება დგომისა და ჯდომის პოზას, როგორი სტილი გაქვთ საუბრისას, ირწევით თუ არა, ორივე ფეხზე მყარად დგახართ, თუ ცალ ფეხს ეყრდნობით, რამდენად ხმარობთ ჟესტიკულაციას, უყურებთ თუ არა კამერას, რაც ფაქტობრივად აუდიტორიასთან თვალით კონტაქტს ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ვერ ხედავთ აუდიტორიის თვალებს, ისინი გხედავენ თქვენ და თუკი კამერაში არ იყურებით ჩათვალეთ, რომ არ უყურებთ თვალებში. ასევე, მონაწილეები უნდა ხედავდნენ თქვენ მიერ მოტანილ მასალას, იქნება ეს სურათი, ვიდეო თუ სლაიდშოუ.

ჩართეთ აუდიტორია

 აუდიტორიის დაინტერესებისთვის, დასაწყისში შეგიძლიათ გამოიყენოთ კითხვის დასმის ტექნიკა.

✔ დაიმახსოვრეთ, რომ ზოგიერთ სიტყვას შეუძლია თქვენი, როგორც ორატორის ეფექტი დაბლა დასწიოს. დაფიქრდით, რა ემოცია მოაქვს შემდეგ სიტყვებს: „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ერთიანი სტანდარტი“, „მე ვფიქრობ, ეს კარგი გეგმაა“.

✔ ფრაზები, როგორიცაა: „აუცილებლად“, „მე ვფიქრობ“, ზღუდავს თქვენს ავტორიტეტს აუდიტორიის წინაშე. მოერიდეთ მათ გამოყენებას.

✔ „მე მჯერა, რომ ეს სტანდარტი ჩვენ დაგვეხმარება“, „მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი გეგმა გაზრდის ჩვენს შესაძლებლობებს და უკეთეს შედეგს მოიტანს“ – ასეთი ტიპის ფრაზაში ორატორის მეტი ავტორიტეტულობა ჩანს, რასაც თან თანაგანცდაც ახლავს და ნდობა იზრდება.

✔ სიტყვები, როგორიცაა: „სინამდვილეში“, „თუმცა“, „სხვათა შორის“, ქმნის სიურპრიზის და მოულოდნელობის განცდას – „სხვათა შორის, გასულ წელთან შედარებით, წელს მოგება მეტი გვაქვს“.

✔ მსგავსი სიტყვების წინადადებიდან ამოშლით, თქვენი მესიჯი მკაფიო გახდება: „გასულ წელთან შედარებით, წელს მოგება მეტი გვაქვს“, აქცენტი შემაერთებელ სიტყვაზე არ გადავა.

მიაქციეთ ყურადღება, როგორ საუბრობთ. თუ ნერვიულობთ, შეიძლება თქვენი საუბრის ტემპი ჩქარი იყოს. ეს იმის ალბათობას ზრდის, რომ სიტყვები აგერიოთ, ან რამე ისეთი თქვათ, რისი თქმაც არ გინდოდათ. დაატანეთ ძალა თქვენ თავს, რომ ისაუბროთ დინჯად. არ მოერიდოთ პაუზას, დაფიქრებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დრო, შეანელოთ ტემპი. პაუზა საჭიროც კი არის საჯარო გამოსვლის დროს, ის ორატორის თავის სიტყვებში დარწმუნებულობის განცდას ზრდის, უფრო ბუნებრივი და ავთენტურია. თუ ხვდებით, რომ შეცდომა დაუშვით, არ იღელვოთ და ეცადეთ, გამოასწოროთ ის.

მართეთ ემოციები

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსმენელის/კამერის წინაშე, შეიძლება ვგრძნობდეთ, თითქოს „საშინელება“ ხდება, წარმოვიდგინოთ, რომ პროცესი შეიძლება ჩვენს კონტროლს გასცდეს, რომ ვერ მოვთოკოთ ემოცია ან ვერ ჩამოვაყალიბოთ სათქმელი, თუმცა გვახსოვდეს, რომ ეს გარე თვალისთვის თითქმის ყოველთვის შეუმჩნეველია, უცხო თვალისთვის კი განსაკუთრებით ამოუცნობია, როდის ვღელავთ. ეს ფიქრები და შეგრძნებები მხოლოდ ჩვენს სხეულსა და გონებაში ტრიალებს.

თქვენ თავზე ფიქრის მაგივრად, ყურადღება მიმართეთ აუდიტორიაზე: რასაც თქვენ ამბობთ, მათთვისაა. გახსოვდეთ, თქვენ ცდილობთ დაეხმაროთ და რაღაც მხრივ, ცნობიერება აუმაღლოთ მონაწილეებს. ასეთ დროს თქვენი მესიჯი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი შიში. იფიქრეთ აუდიტორიის საჭიროებებზე და სურვილებზე, თქვენი თავის მაგივრად.

ნერვიულობა იწვევს ადრენალინის ჭარბი რაოდენობით გამოყოფას, თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ეს რეაქციები შემდეგნაირად:

ისუნთქეთ ღრმად – ადრენალინის მოჭარბებულად გამოყოფის დროს სუნთქვა ხდება ზერელე და არა ღრმა. იმისთვის, რომ ტვინს მიეწოდოს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი, აუცილებელია ღრმა სუნთქვა. ამ დროს ერთვება ჩვენი პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რაც იწვევს დამშვიდებას და ათანაბრებს სუნთქვას.

დალიეთ წყალი – ადრენალინი აშრობს პირს, რაც, თავის მხრივ, იწვევს ენის დაბმას. იქონიეთ წყალი და ხშირად მოსვით, განსაკუთრებით იმ დროს, როცა რაღაც მნიშნელოვანის ხაზგასასმელად ემზადებით.

გაიღიმეთ – ეს არის ნატურალური რელაქსანტი, რომელიც პოზიტიურ სიგნალებს უშვებს სხეულსა და თავის ტვინში.

გამოიყენეთ წარმოსახვითი სავარჯიშოები – წარმოიდგინეთ, რომ თქვენ პრეზენტაციას ატარებთ ისეთ აუდიტორიაში, რომელსაც აინტერესებს, არის ენთუზიაზმით განმსჭვალული. ჩაიბეჭდეთ ეს გონებაში და გაააქტიურეთ მაშინ, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდებათ.

რამდენიმე დამამშვიდებელი სავარჯიშო: 

✔ დააწექით და დაიმასაჟეთ თქვენი შუბლის წილი და საფეთქლები, იმისთვის რომ გააქტიუროთ სისხლის მიმოქცევა თავის ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია მეტყველებაზე;

✔ ისაუბრეთ მაქსიმალურად დინჯად, გააკეთეთ დიდი პაუზები. პაუზა და დინჯი ტემპი თქვენც დაგამშვიდებთ და მსმენელსაც აძლევს შესაძლებლობას, გადაამუშავოს მიღებული ინფორმაცია;

✔ იმოძრავეთ პრეზენტაციისას, ნუ შეყოვნდებით ერთ ადგილას დიდხანს. სიარულის დროს თქვენ ანაწილებთ თქვენს ენერგიას და თან ძლიერ ემოციებს ფიზიკურად ხარჯავთ;

✔ გვახსოვდეს, ჩვენი ემოციები ჩვენი მტერი არ არის და მათი არ უნდა გვეშინოდეს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები