25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

spot_img

დღეს აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. 8 საათზე დაიწყო პირველი გამოცდა ახალი წესებითა და ახალი შეზღუდვებით. ერთი საათი დასჭირდა სარეგისტრაციო პროცესს, დაცული იყო განსაკუთრებული წესები – აბიტურიენტებმა რეგისტრაცია  პირბადეებით, სოციალური დისტანციის დაცვით გაიარეს, ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი, დაიმუშავეს ხელები, ასევე, გაიარეს დეზობარიერი. ვისაც 37.4 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდებოდა, წინასწარ ჩატარებული პისიარ ტესტი უნდა წარედგინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოცდაზე არ დაიშვებოდა. განსაკუთრებული სიფრთხილის ზონის ოთახში განთავსდნენ აბიტურიენტები, რომლებსას 37.4 გრადუსამდე ჰქონდათ სიცხე.  სპეციალური რეკომენდაციების თანახმად, საგამოცდო ოთახის 10%-ია დაკავებული, თითოეულ ოთახში 10 აპლიკანტი და 2 დამკვირვებელია.

გამოცდაზე შესვლის წინ აბიტურიენტები აცხადებდნენ, რომ რეგულაციების მიუხედავად, ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი, ამბობდნენ, რომ ეს შეზღუდვები არ იქნებოდა ხელის შემშლელი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე: „პირველ რიგში, აბიტურიენტები  განთავსდებიან, დისტანციის დაცვით, ეზოში და შემდეგ, ეტაპობრივად, გადავლენ სექტორებში. სექტორებში შესვლის წინ ისინი, რა თქმა უნდა, გაივლიან თერმოსკრინინგს და დეზობარიერს. ამის შემდეგ მათ შეამოწმებს დაცვის პოლიცია, რომ არ შეყვეთ რომელიმე ნივთი, რომელიც არ არის დაშვებული.

რაც შეეხება აბიტურიენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათთვის არსებობს ჩარიცხვის ალტერნატიული წესი, ასე რომ, თუ ისინი დღეს ვერ მოახერხებენ გამოცდებში მონაწილეობას, ამ ალტერნატიული წესით ჩაირიცხებიან. ასე რომ, ამ კუთხით, მათ პრობლემა არ ექნებათ.

იცით, რომ გამოცდების დღეების რაოდენობა გახანგრძლივდა და თითოეული გამოცდა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს, ამიტომ ჯერ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა გვაქვს ამ კვირაში.“

მშობლების ნაწილი, მიუხედავად რეკომენდაციისა, დარჩენილიყვნენ სახლში, მაინც საგამოცდო ცენტრთან ელოდნენ გამოცდის დასრულებას.  გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობდნენ, რომ საგამოცდო მასალა, ძირითადად, პირველ სემესტრში შესწავლილ მასალას ეხებოდა და რა იყო რთული. აი, როგორ აფასებენ ისინი საგამოცდო პროცესს:

„მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანცია იყო დაცული. საკითხები იყო ძალიან მარტივი, თავიდან რაც გავიარეთ, პირველი ნაწილი შედიოდა. სამი საკითხი იყო სულ მოცემული, ძირითადად, მთლიანად იყო წერითი მასალა, ღია კითხვები არ იყო. ვფიქრობ, კარგად დავწერე. ერთი დისკომფორტი ის იყო, რომ კონდიციონერი არ იყო ჩართული და ცხელოდა.“

„კომპიუტერთან რომ ვისხედით, დამცავი ფარი გვიცავდა. როცა შევედით, გვეკეთა პირბადე, რომელიც ნებაყოფლობით შეგეძლო მოგეხსნა ან გკეთებოდა, როგორც შენ გინდა. დავისუფთავეთ ხელები. კონდიციონერი არც იყო საჭირო, იმდენად გრილოდა. „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო ნარკვევი, ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან იყო ნაწყვეტი, ესე იყო  – რამდენად უშლის  ხელს წინსვლისა და ახლის ძიებას  ტექნოლოგიები და ამას უნდა დათანხმებოდი ან არ დათანხმებოდი.“

როგორც სოფო გორგოძემ განაცხადა, კონდიციონერი იმ საგამოცდო ცენტრებში არ იყოჩართული, სადაც ტემპერატურას 30 გრადუსამდე არ მიუღწევია, თუმცა იყო  რამდენიმე საგამოცდო ცენტრი, სადაც ტემპერატურამ ამ ნიშნულს მიაღწია და შესაბამისად, კონდიციონერებიც ჩაირთო და აბიტურიენტებმაც გაიკეთეს პირბადეები.

საგამოცდო პროცესს აკვირდებოდა განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი: „ყველა პირობა არის დაცული, რომ უსაფრთხო პირობებში ჩატარდეს გამოცდები. ამასთანავე, აბიტურიენტებისთვის შექმნილია კომფორტული გარემო, გამოცდის წერის დროს, მათ საშუალება აქვთ, მოიხსნან პირბადე. მე მინდა ყველა აბიტურიენტს დიდი წარმატება ვუსურვო. მჯერა, რომ ისინი წარმატებით ჩააბარებენ გამოცდებს და გააგრძელებენ სწავლას უნივერსიტეტებში“.

ამ კვირაში მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩატარდება, ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება, გამოცდებზე რეგისტრაცია სულ 40000-მა აბიტურიენტმა გაიარა. ერთიანი ეროვნული გამოცდა 24 საგამოცდო ცენტრში, საქართველოს 11 ქალაქში,  პარალელურად, მიმდინარეობს. წლევანდელი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტებიც დაინიშნა.

➡ პირველი დღის გამოცდის სტატისტიკა ასეთიაა: გამოცხადდა დაგერისტრირებულ აბიტურიენტთა 93%, 2 აბიტურიენტი დაგვიანების გამო მოიხსნა, 2-მა გამოცდის ჩაბარება მაღალი ტემპერატურის გამო ვერ შეძლო, მათ სიცხე 38 გრადუსამდე დაუფიქსირდათ და არ აღმოაჩნდათ წინასწარ ჩატარებული პისიარ ტესტი. სარეზერვო სივრცეში, სადაც ის აბიტურიენტები განთავსდნენ, ვისაც 37.4 გრადუსამდე ტემპერატურა აღენიშნებოდათ, 4-მა აპლიკანტმა დაწერა ტესტი.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

ფოტოები მზია საგანელიძის

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები