25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დრო ხომ მარტო ჩვენთვის არა, დედამიწაზე გაჩერდა, მსოფლიო გაირინდა…

spot_img

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის ფონზე დავიწყეთ ცხოვრება, ხშირად გვესმის სიტყვები: „თვითიზოლაცია“, „კარანტინი“, „სოციალური დისტანცირება“, „დისტანციური სწავლება“… ჩვენი ლექსიკაც შეიცვალა და ცხოვრების წესიც. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა, მიმდინარეობს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, რაც, მეთორმეტეკლასელების შემთხვევაში, განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან მათ, ზაფხულში, ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ.  აბიტურიენტები გამართული სასწავლო პროცესის პირობებშიც კი ღელავდნენ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ადვილი წარმოსადგენია, რას განიცდიან დღეს. დღევანდელი ვითარების ბუნდოვანება მათთვის, ალბათ, ძალიან დიდი დისკომფორტია.

მოვუსმინოთ აბიტურიენტებს და ვნახოთ, როგორ აფასებენ ისინი დისტანციურ სწავლებას და, ზოგადად, დღეს შექმნილ ვითარებას. 

ლიზა ჩხარტიშვილი, 195-ე საჯარო სკოლა

კორონავირუსმა Covid -19, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ჩინეთში და მსოფლიო თავდაყირა დააყენა, განსხვავებული წესები შემოიტანა განათლების სისტემაშიც. მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ბავშვი დარჩა სწავლის მიღების საშუალების გარეშე, დაიხურა სკოლები, უნივერსიტეტები და ყველა სხვა სასწავლო დაწესებულება. შესაბამისად, ონლაინ სწავლება აღმოჩნდა ის ერთადერთი რამ, რამაც მოგვცა საშუალება, ადამიანებს, რომლებსაც უნდოდათ სწავლა და ამაში მასწავლებლის მითითებები სჭირდებოდათ, მიეღოთ ეს. თავისთავად ონლაინ სწავლება ძალიან კარგი შესაძლებლობაა. მას ბევრი დადებითი მხარე აქვს: იზოგება ძალიან დიდი რესურსი, მაგალითად, ქაღალდი, რომლისთვისაც მრავალი ხე იჭრება; გარდა ამისა,საკუთარ სახლში მასწავლებელიც და მოსწავლეც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, რაც, შესაძლოა, მოტივაციის წყაროდ იქცეს.

თუმცა, სამწუხაროდ, ამ ჯერჯერობით ერთადერთ ალტერნატიულ საშუალებას, რომ მოსწავლეები არ დავრჩეთ სრულიად უკონტროლოდ და უსწავლელად, ბევრი უარყოფითი მხარე და სირთულე ახლავს თან, პირველ რიგში – ინტერნეტთან წვდომა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია, მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ძალიან ბევრი სოფელი, ქალაქი თუ სახელმწიფო, სადაც ინტერნეტი არ არის და რომლის მოსახლეობასაც არ აქვს საჭმლის ფულიც კი, შესაბამისად, მათ არ აქვთ არც ტელეფონი, არც კომპიუტერი და ბევრს – წიგნიც. გარდა ამისა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სრულფასოვანი სწავლება წარმოუდგენელია ექსპერიმენტების ჩატარების გარეშე, რასაც სპეციალური აღჭურვილობა, ლაბორატორია და პროფესიონალი დამკვირვებელი სჭირდება. შესაძლოა, ამის ნაცვლად, ინტერნეტ სივრცეში არსებული ბევრი ფოტო და ვიდეომასალა გამოვიყენოთ, თუმცა ის არ იქნება ისეთი სასარგებლო, როგორიც მოსწავლისთვის საკუთარი ხელით ჩატარებული ცდის შედეგის ნახვაა. გარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა, ხელოვნების, კერძოდ, ხაზვისა და ხატვის, ასევე მათემატიკის სწავლება ძალიან რთულია,  ბევრ მასწავლებელს სახლში არ აქვს ყველა საჭირო პირობა იმისთვის, რომ კამერაში ბავშვს აჩვენოს,მაგალითად დაფა, ან არ აქვთ კარგი ხარისხის კამერა, რომლის გარეშეც ბევრი საგნის შესწავლა რთულდება. კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა , თავის მხრივ , ძალიან ბევრ ჯანმრთელობის პრობლემას იწვევს, როგორიცაა სტრესი, უმოძრაობა და მისგან გამოწვეული სისხლძარღვების პრობლემები, მხედველობის დაზიანება და სხვა.

ერთი სიტყვით, დღეს არსებული სახიფათო რეალობიდან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი ონლაინ სწავლებაა, თუმცა მისი რისკები საკმაოდ დიდია, ამიტომ იმის დაჯერება, რომ ონლაინ სწავლება იძლევა ზუსტად იმდენს, რამდენსაც სკოლის გაკვეთილი, ილუზიაა, თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვერდით ცხოვრობს ათასობით ბავშვი და სტუდენტი, რომლებსაც არ აქვთ წვდომა  ჩვენთვის ასე საჭირო და საყვრელ ინტერნეტთან.

ნინუცა საყვარელიძე, 161-ე საჯარო სკოლა

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, განათლების სამინისტრომ მოახდინა სრულიად ჯანსაღი და ადეკვატური რეაგირება იმის თაობაზე, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დროებით შეჩერებულიყო სწავლა და გადასულიყვნენ დისტანციურ, ე.წ. ონლაინ სწავლებაზე.

დისტანციური სწავლება ეს გახლავთ სწავლების ფორმა შექმნილი მოსწავლისთვის, რომელიც აუდიტორიაში ან კლასში ფიზიკურად არ იმყოფება. ეს არის პროცესი, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც მასწავლებელი, ლექტორი და მოსწავლე ერთმანეთისგან სივრცით დაშორებულნი არიან. ამ მეთოდმა ევროპის არაერთ ქვეყანაში გაამართლა და მათ წარმატებით დაიწყეს ამ გზით მუშაობა, თუმცა ისევე, როგორც ყველა სისტემას, ამ სისტემის გამართვასაც დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. დრო კი მიდის, განსაკუთრებით ჩვენთვის, აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ყველაფერი გვეჩქარებოდა –  საპროგრამო მასალის დროულად დამთავრება,  გადამეორება,  ბოლო ზარი, სკოლის დამთავრება, მისაღები გამოცდები, სტუდენტობა და  ა.შ. მაგრამ რას ვიზამთ, დრო ხომ მარტო ჩვენთვის არა, დედამიწაზე გაჩერდა, მსოფლიო გაირინდა…

ვფიქრობ, ცოტა რთულია სკოლის მოსწავლისთვის  იმის გააზრება, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მისი კეთილდღეობისა და წინსვლისთვის კეთდება და რომ მოეკიდოს ამ ყველაფერს სრული სერიოზულობით, კონცენტრირდეს ასი პროცენტით ამ საკითზე მაშინ, როდესაც მასწავლებელი იწყებს გაკვეთილის ახსნასა თუ გამოკითხვას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ეს ყველაფერი გათვლილი უნდა იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ქალაქის გარდა ხომ უამრავი რაიონია, სადაც არ არის  ხელმისაწვდომი ინტერნეტი ისე, როგორც ქალაქში, თუმც დღეს ინტერნეტს ქალაქშიც გაუჭირდა. ასევე საჭიროა იმ სისტემის იდეალურად გამართვა, რომლითაც მოსწავლე უნდა დაუკავშირდეს მასწავლებელს. მოკლე დროში ამ ყველაფრის ორგანიზება, ვფიქრობ, ძალიან რთულია. სხვა გზა არ არის, დისტანციური გაკვეთილები როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის, ისე აბიტურიენტთათვის, ერთადერთი გზაა სწავლის გაგრძელებისა და შანსი იმისა, რომ  მივიღოთ განათლება, არ შეწყდეს მეცადინეობა  და სრულფასოვნად ჩავაბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ლევან დოლიძე, 161-ე საჯარო სკოლა

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსწავლეებსა და სტუდენტებს მოუწიათ სწავლის ონლაინ რეჟიმზე გადასვლა. სწავლის კონკრეტული მეთოდი, ჩემი აზრით, უფრო ეფექტურია უნივერსიტეტებში, ვიდრე სკოლებში. სტუდენტები მიჩვეულები არიან კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებას სწავლისთვის და მათ ადაპტაცია არ დასჭირვებიათ. ლექცია ძირითადად ცალმხრივი კომუნიკაციის ხასიათს ატარებს და არ მოითხოვს სტუდენტებისგან მუდმივ ჩართულობას, ხოლო გაკვეთილი მიმდინარეობს ორმხრივად. მასწავლებელი სვამს შეკითხვებს, ამოწმებს მოსწავლეებს, ხსნის ახალ მასალას. გაკვეთილის ჩატარება ბევრად რთულია ონლაინ რეჟიმში, რადგან მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარებისა, დღესდღეობით, არ გვაქვს პლატფორმა, სადაც შევძლებთ უხარვეზოდ და დაყოვნებების გარეშე დავამყაროთ კავშირი. ასევე, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის ჩატარება ტექნიკური განხრით კიდევ უფრო დიდ პრობლემასთან ასოცირდება. როდესაც ტარდება ტექნიკური გაკვეთილი, მასწავლებელი ხშირად იყენებს დაფას, რათა მოხდეს კონკრეტული ამოცანისა თუ მასალის ვიზუალიზაცია. ონლაინ რეჟიმში მასწავლებელს ეს ბერკეტი არ გააჩნია და, შესაბამისად, მასალის ათვისებაც უფრო რთულდება. ზოგი ფიქრობს, რომ ვიდეოზარის შემთხვევაში მასწავლებელი უპრობლემოდ აჩვენებს თავის დაფას მოსწავლეებს და ისე ჩაატარებს გაკვეთილს, მაგრამ ვიდეოზარის შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა რომელი მოწყობილობით ხარ დაკავშირებული, ვიდეოს ხარისხი ყოველთვის დაბალია და დაფაც არ ჩანს. ჰუმანიტარული საგნების შემთხვევაში, გაკვეთილის ჩატარება ბევრად ადვილია და რეალური გაკვეთილის ეფექტურობას არ ჩამოუვარდება.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები