20 აპრილი, შაბათი, 2024

გვქონდა კი სხვა არჩევანი?!

spot_img

ვირუსმა, სახელად კოვიდ-19, სრულიად ახალი გამოწვევებისა და რეალობის წინაშე დააყენა არა მხოლოდ ჩვენი განათლების სისტემა, არამედ მთელი მსოფლიო. იქნებ დღეს, როცა დასნებოვანების შიშით მთელი პლანეტის მოსახლეობა იზოლაციაშია, როდესაც წინა პლანზე წამოიწია მთელმა რიგმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა საკითხებმა, აღარ ღირდეს გაკვეთილების ჩატარებაზე ფიქრი, არც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება, არც პირველკლასელთა მიღება?.. იქნებ ახლა აკადემიური წლის გამოცხადება ყველაზე სწორი გამოსავალია?..

„განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებული ნაბიჯები, ონლაინ სწავლებასთან და ტელესკოლასთან დაკავშირებით, არსებულ სიტუაციაში საკმარისია იმისთვის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნები განხორციელდეს“, – ასეთია პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტისა და განათლების სამინისტროს პოზიცია, რომელსაც მეც ვიზიარებ და ვეთანხმები.

საინტერესოა, როგორია რეალობა: არიან კი ჩვენი სკოლები და საერთოდ საგანმანათლებლო დაწესებულებები მზად იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ ამ სირთულეებს? შეძლეს ჩვენმა მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა, პროფესორებმა მოკლე დროში ონლაინ სწავლებაზე გადასვლა? ან საერთოდაც რამდენად ეფექტურია და გამართლებული სწავლების ეს ფორმა შედეგების მისაღწევად? ხომ არ ვიტყუებთ თავს? მოკლედ, უამრავი კითხვა ჩნდება სწავლების ამ ახალ ფორმასთან დაკავშირებით.

ძალიან ძნელია ამ კითხვებზე ცალსახა პასუხის გაცემა. ძნელია იმიტომ, რომ არავითარი კვლევა არ ჩატარებულა ამ კუთხით, არც შედეგებია ჯერ ჩვენთვის ცნობილი. ამ საკითხის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა და ეს გასაგებიცაა. თანაც მოდით, ვიყოთ პირდაპირები – განა სხვა გამოსავალი დაგვიტოვა შექმნილმა რეალობამ?! გვქონდა კი სხვა არჩევანი?!

თავისთავად მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სკოლებიცა და უმაღლესი სასწავლებლებიც სასწრაფოდ გადაეწყვნენ სწავლების ახალ ფორმაზე. პირადად მე თამამად შემიძლია განვაცხადო – ჯერ არც ერთი დისტანციური ლექცია არ ჩამვარდნია ციფრული ტექნოლოგიების გაუმართაობის ან ჩემი არაკომპეტენტურობის გამო. უფრო მეტიც – ილიას უნივერსიტეტი, სადაც მე დაარსების დღიდან ვმუშაობ, დიდი ხანია იყენებს ამ ტექნოლოგიებს. თითოეულ ლექტორს 2013 წლიდან აქვს საკუთარი ვიდეოთეკა, სადაც თავმოყრილია ჩვენი ვიდეოლექციები. ეს ვიდეოთეკა პერიოდულად ახლდება. ყველანაირი დავალება, რიდერი, სახელმძღვანელო არსებობს ელექტრონული სახით. სტუდენტებთან დისტანციური კონტაქტისთვის ვიყენებთ საკუთარ სოციალურ ქსელს. გვაქვს ელექტრონული ბიბლიოთეკაც, რომელიც კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა დღეს. ასე რომ, ამ მხრივ პირადად მე, როგორც ლექტორი, არანაირ უხერხულობას არ ვგრძნობ, უბრალოდ, ახლა უფრო აქტიურად ვიყენებ ციფრულ ტექნოლოგიებს, ვიდრე ადრე.

იგივეა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც, სადაც მიწვეული პროფესორი ვარ. საოცრად მოკლე დროში შეძლო ამ უნივერსიტეტმა სწავლების ონლაინ სისტემაზე გადასვლა და საკმაოდ ეფექტურადაც. ჩატარდა ტრეინინგები. მოდი, ისიც გავითვალისწინოთ, რომ ლექტორთა უმრავლესობას ადრე არ ჰქონია ასეთი აქტიური შეხება ციფრულ ტექნოლოგიებთან. მათ უმოკლეს დროში მოუხდათ ამისი ათვისება. დღეს ლექციები იქაც დისტანციურ რეჟიმში ტარდება. ასეა, ალბათ, სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც.

რა შემიძლია ვთქვა სტუდენტების შესახებ? რა ხელისშემშლელი ფაქტორები აქვთ მათ? არიან თუ არა კმაყოფილები ამგვარი მუშაობით? ვერ გეტყვით. ჯერ პირველი შუალედური გამოცდაც კი არ ჩატარებულა, წიწილებს კი შემოდგომაზე ითვლიან. ვნახავთ, რა შედეგებს მივიღებთ. მაგრამ ახლაც შეიძლება თქმა: პირველი და ძირითადი დაბრკოლება მათთვის ინტერნეტთან წვდომაა, რაც ყველა სტუდენტს არა აქვს, სამწუხაროდ. ამ რამდენიმე დღის წინ მე თავად ჩავატარე ჩემს სტუდენტებთან ინტერნეტგამოკითხვა. გამოირკვა, რომ სტუდენტთა ერთი ნაწილი არანაირ დისკომფორტს არ განიცდის ამგვარი მუშაობით, მეორე ნაწილისთვის კი მიუღებელია ოჯახურ გარემოში ლექციების მოსმენა, უჭირთ ლიტერატურის მოძიებაც. რაც მთავარია, ყველა უპირატესობას აძლევს ლექტორთან და ამხანაგებთან ცოცხალ ურთიერთობას. დავაფიქსირე კიდევ ერთი საინტერესო მომენტი – ის სტუდენტები, რომლებიც შემოდგომის სემესტრში თითქმის არ მესწრებოდნენ, ახლა არცერთ ონლაინ ლექციას არ აცდენენ.

განსაკუთრებული სირთულე შეგვექმნა პედაგოგიური პრაქტიკის კუთხით. გასაგებია, შეუძლებელია სკოლაში შესვლა, გაკვეთილზე დასწრება, მოსმენილის ანალიზი, მოსწავლეებთან ცოცხალი ურთიერთობის დამყარება. მაგრამ აქაც მოვძებნეთ გამოსავალი და ჩვენი სტუდენტები თავიანთი უფროსი კოლეგებისგან ჯერჯერობით ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას სწავლობენ. ამ მხრივ პარტნიორი სკოლები ძალიან გვეხმარებიან.

რა ხდება სკოლებში ამ კუთხით? ამაზე უმჯობესია, თავად მასწავლებლებმა გაგვცენ პასუხი. ჩემი აზრით, უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციურ სწავლებას კიდევ შეიძლება ჰქონდეს გამართლება, ის ალბათ სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწება და შესაძლებელი გახდება მისი გამოყენება სხვადახვა სიტუაციებში. რაც შეეხება სკოლას, აქ მეტი სიფრთხილეა საჭირო. სკოლა აღმზრდელობითი დაწესებულებაც გახლავთ და ონლაინ აღზრდა ცოტა რთული, უფრო სწორად, წარმოუდგენელი მგონია. ისიც ვთქვათ, რომ დისტანციურ სწავლებამდეც არაერთი ხარვეზი და ჩავარდნა გვქონდა სასკოლო განათლების კუთხით, შექმნილმა ვითარებამ ეს დროებით გადაფარა და მალე ალბათ ისევ იჩენს თავს.

რაც შეეხება ტელესკოლებს, სასიამოვნო სიახლეა. მის ავ-კარგზეც ალბათ მასწავლებლები ჩემზე მეტს გეტყვიან. პირადად ჩემთვის კი იგი კარგად დავიწყებული ძველია. როგორც პედაგოგმა, მეც ტელესკოლაში ავიდგი ფეხი. იმ შორეულ 70-80-იან წლებში იგი დიდებულად ფუნქციონირებდა ქართულ ტელესივრცეში. უფროსი თაობის ადამიანებს დღესაც ახსოვთ ბატონ თამაზ კვაჭანტირაძის ლექციები ქართულ ლიტერატურაში. ამ ლექციებს მაშინ მთელი კვირა ელოდნენ. ისმენდნენ მას არამხოლოდ აბიტურიენტები (ვისთვისაც იყო ეს ლექციები განკუთვნილი), არამედ ყველა, ვისაც ქართული ლიტერატურა უყვარდა. ძალიან კარგი შედეგი ჰქონდა. იმ პერიოდშიც რეპეტიტორის სკოლა ისევე აუცილებელი იყო აბიტურიენტებისათვის, როგორც დღეს. და აი, ამ სკოლას წარმატებით ანაცვლებდა ეს ლექციები. თითოეული ლექციის შემდეგ მსმენელებს, სათანადო მითითებებთან ერთად, საწერად ეძლეოდათ დავალება (მაშინ ამას სასკოლო თხზულებას უწოდებდნენ, დღეს ესსეა), შესრულებულ დავალებებს აბიტურიენტები აგზავნიდნენ საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათ ასწორებდა და აფასებდა სპეციალისტთა ჯგუფი, რომელშიც მეც ვიყავი. ფაქტობრივად იქ ვისწავლე ნაწერის გასწორება და შეფასება. იმასაც დავამატებ – ვწერდით განმავითარებელ შეფასებას, ვუთითებდით შეცდომებზე, ვესაუბრებოდით მათი აღმოფხვრის გზებზე… შედეგები იყო ძალიან კარგი. ჩვენი მსმენელების უმრავლესობა წარმატებით აბარებდა მისაღებ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ენაშიც არანაკლებ საინტერესო ლექტორი ჰყავდათ მოწვეული – ბატონი რუბენ ენუქაშვილი. იმასაც დავამატებ: არც ბატონ თამაზს და არც ჩვენ მაშინ წარმოდგენა არ გვქონდა სწავლების დღევანდელ სტრატეგიებზე, მაგრამ თუ ერთხელ მაინც ამოსწევთ ფილმოთეკიდან ამ ლექციებს, დარწმუნდებით, რომ ისინი სწორედ დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისაკენ იყო მიმართული და აბიტურიენტს საკუთარი აზრის დასაბუთებას აჩვევდა.

იმედია, რომ მალე გადავინაცვლებთ საკლასო ოთახებში, სასწავლო აუდიტორიებში, მაგრამ ის გამოცდილება, რომელიც ახლა მივიღეთ, აუცილებლად გამოგვადგება შემდგომ მუშაობაში.

ნათელა მაღლაკელიძე, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი

22.04.20

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები