29 მარტი, პარასკევი, 2024

გვინდა განვვითარდეთ, რათა მეტად ვემსახუროთ სამშობლოს

spot_img

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლში, რამდენიმე წლის წინ, სადახლოს პირველი საჯარო სკოლის მანდატურის, არიზ დაშდამიროვის და ფონდის „ტასო“ ინიციატივით, დაარსდა საინიციატივო ჯგუფი, სათემო ცენტრი „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“. ჯგუფს, მოგვიანებით, არიზ დაშდამიროვის ბავშვობის მეგობარი, მოლაოღლის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქამრან აფანდიევი და ამავე სკოლის დამხმარე მასწავლებელი ნუცა დემეტრაშვილი შეუერთდნენ. ერთმანეთის თანადგომით გააძლიერეს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც, 2018 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

ამჟამად „ახალი აზროვნების ინსტიტუტს“ გახსნილი აქვს ორი საგანმანათლებლო ცენტრი – სოფელ მოლაოღლში (არიზ დაშდამიროვის სახლში) და სოფელ ხულდარაში (ქამრან აფანდიევის სახლის ავტოფარეხში), სადაც ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკების სივრცეში აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობა: ტრენინგები დემოკრატიული ჩართულობის თემებზე, კომპიუტერული პროგრამების გაკვეთილები, ფილმების ჩვენება-განხილვა, წიგნის კითხვა, სპექტაკლების დადგმა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და ლიტერატურული საღამოები. ფუნქციონირებს ქართული, ინგლისური და აზერბაიჯანული ენების შემსწავლელი კურსები, ტარდება ჭადრაკის გაკვეთილები. ორივე ცენტრი აქტიურად ემსახურება სოფლის მოსახლეობას სხვადასხვა სახის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის – „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: სადახლო, მოლაოღლი, ხულდარა, თაზაქენდი, ბურმა), სხვადასხვა მეთოდის – კვლევის, პირდაპირი ინტერვიუს, კითხვარების, რუბრიკების, ჯგუფური დისკუსიების, თანამშრომლობითი შეხვედრების თუ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობების გამოყენებით, ხელი შეუწყოს განათლების ცოდნის დონის ამაღლებას და სახელმწიფო ენის – ქართულის შესწავლას.

არიზ დაშდამიროვი: ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს მოსახლეობის უმეტესობისთვის ცოდნის დონის ამაღლება სამოქალაქო განათლების მიმართულებით, მნიშვნელოვანი კანონების გაცნობა, რათა უკეთ შეძლონ საკუთარი თავის საზოგადოებაში რეალიზება. ჩვენი მიზანია, სკოლის მოსწავლეების აქტიურად ჩართვა არაფორმალურ განათლებაში; სტუდენტების დახმარება და მათი მონაწილეობის მიღება სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებში; აბიტურიენტების მომზადება, უნივერსიტეტებისა თუ პროფესიული სასწავლებლებისთვის, თითოეული მათგანის საჭიროების გათვალისწინება და დახმარება. ორგანიზაცია, ასევე, დიდ ყურადღებას უთმობს მშობლების გაძლიერებას, კერძოდ, ქალთა უფლებებს და საჭიროებებს. იმის გათვალისწინებით, რომ თემში ქალების დიდი ნაწილი ნაადრევადაა დაოჯახებული, ორგანიზაციას შემუშავებული აქვს განათლების პროგრამები, რომელიც მათ პიროვნულ განვითარებასა და საჯარო საქმიანობას უწყობს ხელს. არაფორმალური განათლებით საგანმანათლებლო ცენტრები ცდილობენ, ქალებს ახალი შესაძლებლობები და მომავლის იმედი შეუქმნან. განათლებული და განათლების პროცესში ჩართული მშობლები კიდევ უფრო გაძლიერდებიან და დემოკრატიულ ღირებულებებზე აღზრდიან შვილებს. ეს პროცესი კი უნიკალურ სოციალურ კაპიტალს ქმნის“.

აღსანიშნავია, რომ „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ ზემოთ აღნიშნულ აქტივობებსა და ღონისძიებებს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთოშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს – ფონდი „ტასო“, ღია საზოგადოება საქართველო, „ორბელიანი საქართველო“, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), USAID, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი და. ა.შ.

პანდემიის პერიოდში, ქამრანისა და არიზის ინიციატივით, ახალგაზრდებმა აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნეს ქართული და სხვა ხალხთა ზღაპრები. ახალგაზრდების ნაწილი თარგმანით დაკავდა, ნაწილმა კი ზღაპრის სიუჟეტების ჩანახატები გააკეთა, გაახმოვანა, დაამონტაჟა და ქართული სუბტიტრებიც განათავსა. დღეისათვის სულ ხუთი ზღაპარია დასრულებული და „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ფეისბუქგვერდზეა ატვირთული.

ქამრან აფანდიევი: პანდემიის პერიოდში ქართული და სხვა ხალხთა ზღაპრები ვთარგმნეთ და გავახმოვანეთ აზერბაიჯანულ ენაზე. ამჟამად, ვმუშაობთ ქართულ ხალხურ ზღაპარზე „არა იპარო“. გარდა ზღაპრებისა, მოთხრობებსაც ვთარგმნით, უკვე ვასრულებთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობას „ხაზარულა“. მალე ამ მოთხრობისთვის გამოვაცხადებთ ნახატების მიღებას.  საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, ელექტრონული ფოსტით გამოგვიგზავნოს ნახატები, რომლებსაც გავახმოვანებთ და დავამონტაჟებთ. ასევე, გავახმოვანეთ აზერბაიჯანული ხალხური ზღაპრები. მოსწავლეების მიერ დახატული ზღაპრის სიუჟეტებით ვიდეობი მოვამზადეთ, ქართული ტიტრებით. მოსწავლეები ამ ინიციატივაში აქტიურად ჩაერთნენ, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო დისტანციურად მუშაობდნენ, გულმოდგინედ და დიდი ხალისით შეუდგნენ ხატვას, ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს. ბავშვები, რომლებსაც კითხვა ნაკლებად უყვართ, დიდი ენთუზიაზმით აკეთებდნენ ზღაპრის სიუჟეტებს.

 

 

 

სამომავლოდ, ჩვენი ორგანიზაციის სახელით, ძალიან ბევრ აქტივობას ვგეგმავთ. პირველ რიგში, სათემო-საგანმანათლებლო ცენტრების გაზრდას. გვინდა, განვვითარდეთ როგორც პერსონალურად, ისე პროფესიულად, რათა უფრო მეტად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს – საქართველოს“.

მოამზადა მაკა ყიფიანმა

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები