25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

განათლების პოლიტიკა და საზოგადოებაში ინტეგრაცია – CCIIR კვლევის შედეგები

spot_img

29 ივლისს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) კვლევის – საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში საშეღავათო პოლიტიკის ეფექტურობისა და შედეგების შესწავლა 2009-2019 წლების პერსპექტივაში – შედეგების პრეზენტაცია გამართა.

ეთნიკური უმცირესობებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებული საშეღავათო პოლიტიკა მიზნად ისახავს ყველა სტუდენტისთვის განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობას. ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის მიზანია, დაეხმაროს არაქართულენოვან სტუდენტებს ქართულ ენაზე უმაღლესი განათლების მისაღებად აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მიღებაში. წარმოდგენილი კვლევის მიზანია ათი წლის განმავლობაში არსებული საშეღავათო პოლიტიკის შეფასების, წარმატებების ხაზგასმის, გამოწვევებისა და პრობლემების წარმოჩენისა და მათზე დაფუძნებით – სამომავლო პოლიტიკის განსააზღვრისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

კვლევა განხორციელდა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) ახორციელებს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევის ავტორები არიან: ნათია გორგაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროგრამების მენეჯერი, განათლების სპეციალისტი, შალვა ტაბატაძე, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი, განათლების სპეციალისტი, კახა გაბუნია, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის ხელმძღვანელი.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი ნათია გორგაძე ამბობს, რომ თავისთავად საშეღავათო პოლიტიკა უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების საპასუხოდ გატარებულ სახელმწიფო რეფორმებს შორის მისი მასშტაბიდან, ხედვებიდან თუ მოლოდინებიდან გამომდინარე. ცხადია, რომ საშეღავათო პოლიტიკას საკვანძო მნიშვნელობა გააჩნია ქვეყნის სამოქალაქო ინტეგრაციის ამოცანასთან მიმართებითაც. თუმცა, მისი ამოქმედების შემდეგ, მომდევნო წლებში, ამ პოლიტიკის განვითარებაზე ზრუნვა შეჩერდა. სამწუხაროდ, კვოტირების სისტემამ დინამიკაში ვერ აჩვენა განვითარების ის ტემპი და შედეგები, რის პოტენციალიც გააჩნდა. ხარვეზებზე სწორედ იმიტომ ვსაუბრობთ, რომ საშეღავათო პოლიტიკის განვითარებაში სწორი და მიზნობრივი ნაბიჯების განხორციელებას, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გავლენის მოტანა შეუძლია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

„უფრო კონკრეტულად, 1+4 პროგრამამ რეალურად საკმარისი გავლენა ვერ მოახდინა ეთნიკური უმცირესობების განათლების პოლიტიკაზე მთლიანობაში – ვერ გააუმჯობესა ეთნიკური უმცირესობების ენაზე მიმდინარე სასკოლო განათლება და ვერ უზრუნველყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის ე.წ. 1+4 პროგრამის ფარგლებში რეალურად თანაბარი შესაძლებლობები განათლების უმაღლეს საფეხურზე. პროგრამის განხორციელების შედეგად, ასევე ვერ ხერხდება სტუდენტების სრულყოფილი ინკლუზია საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების საჭიროების ინსტიტუციონალიზაცია საუნივერსიტეტო დონეზე არასრულყოფილია. თუ გადავხედავთ ამ პროგრამასთან მიმართებით, საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებს წლების დინამიკაში, ხშირ შემთხვევაში, ეს ცვლილებები უფრო გამოსავლის პოვნის ძიებას ჰგავს, ვიდრე მწყობრ განვითარებაზე ორიენტირებულ ხედვებს და მასზე დაფუძნებულ პოლიტიკას.

 მთლიანობაში თუ გადავხედავთ კვოტირების სისტემის მიმდინარეობას, მისი გრძელვადიანი შედეგები მოსალოდნელზე ნაკლებად მკაფიო და ეფექტურია. კვლევაში გაანალიზებული მონაცემები ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად გაიზარდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინტერესი ქართულ უნივერსიტეტებში სწავლისადმი წლებთან ერთად, ასევე, თუ რამდენად იზრდება ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა. თუმცა, ზრდის დინამიკა არ ისახება არც დაფინანსების სქემაზე, და არც უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა პროპორციულ მატებაზე, რაც თავისთავად მიუთითებს იმ ხარვეზებზე, რომლებიც 1+4 პროგრამის პოლიტიკაში არსებობს. ამასთან, სამწუხაროდ, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების პოტენციალის სრულად და სწორად გამოყენება ასევე ვერ ხერხდება, მიუხედავად იმისა, რომ რომ რეალურად სწორედ ეს ახალგაზრდები უნდა წარმოადგენდნენ არსებული პოლიტიკის გაუმჯობესებისა და განვითარების უმნიშვნელოვანეს საყრდენ ძალას. სწორი, და ეფექტური პოლიტიკის პირობებში, საშეღავათო პოლიტიკის ლოგიკურ კომპონენტად უნდა მოიაზრებოდეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა წახალისება პოლიტიკის ეფექტურობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სექტორებში გადანაწილებისათვის. ამ კადრებმა უნდა შეცვალონ ეთნიკური უმცირესობების თემებში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ჩამოაყალიბონ სწორი სამოქალაქო ხედვები და სახელმწიფოებრივი პოზიციონირება. ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან ძალას და წინაპირობას ეთნიკური უმცირესობების საზოგადოების ხარისხიანი განათლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციისათვის ქართულ საზოგადოებაში. კვოტირების სისტემის ერთერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია ის, რომ არ ხდება იმ მიმართულების პროგრამების შესახებ ინფორმირება,   ხელმისაწვდომობის გაზრდა და არჩევის წახალისება ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებს შორის, რომლებიც ქვეყნის განვითრებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ერთერთი ასეთი მიმართულებაა მასწავლებლის განათლება, სადაც კვალიფიციური კადრების დეფიციტი განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება. თუმცა საუნივერსიტეტო განათლების პროცესში ამ მიმართულებით, არც სტუდენტების სწავლის წახალისება ხდება საკმარისად და არც უნივერსიტეტდამთავრებული, უკვე არსებული ახალგაზრდა კადრების ათვისება სასკოლო განათლების სისტემის მიერ. შედეგად, ვკარგავთ იმ რესურსს, რომლისთვისაც კვოტირების სისტემა რეალურად უნდა მუშაობდეს, რომელშიც ამხელა ადამიანური თუ ფინანსური ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც ასე ღირებული და საჭიროა, და რომლის პოტენციალი არ არის რეალიზებული. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი სტუდენტი ვერ ამთავრებს და წყვეტს საუნივერსიტეტო განათლებას, ანუ, იკარგება საუნივერსიტეტო სწავლის პროცესში, და რამდენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის პოტენციალი არ არის სწორად მიმართული და რეალიზებული, საშეღავათო პოლიტიკის შედეგები თავისთავად არასაკმარისად ეფექტურია.

კვლევა აჩვენებს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო პროგრამაზე, სტუდენტებისათვის სწავლის პროცესი გაცილებით რთულია, ვიდრე ქართულენოვანი თანატოლებისათვის. ამის ერთერთი მნიშვნელოვანი მიზეზია აბიტურიენტების არასაკმარისი მზაობა საუნივერსიტეტო განათლებისათვის, რაც სასკოლო განათლების დაბალი ხარისხით, საჭირო ცოდნისა და უნარების სიმცირით გამოწვეული. თუმცა, საუნივერსიტეტო სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები ამავდროულად მიუთითებს 1+4 პროგრამის ხარვეზებზეც. ქართული ენის პროგრამა არ არის საკმარისად მორგებული სტუდენტების საჭიროებებზე, რადგან არასაკმარისად მოქნილია, და შესაბამისად, ვერ წარმოადგენს სტუდენტებისათვის სათანადო და მყარ წინაპირობას სასურველ საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის წარმატებით გაგრძელებისთვის. საბაკალავრო პროგრამების დონეზე ასევე იკვეთება ბევრი სერიოზული პრობლემა, როგორც სტუდენტებზე არასაკმარისად ორიენტირებული სწავლა-სწავლების მიდგომების, ასევე სტუდენტებისათვის დაფინანსების თანაბარი შესაძლებლობების უზრუვნელყოფის კუთხით ვლიდნება. პროგრამების ფარგლებში ასევე ვერ ხერხდება სტუდენტების სრულყოფილი ინკლუზია საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. კვლევის ფარგლებში, ინტერკულტურული მიდგომების, ტოლერანტობისა და სტუდენტების ინტერესების გათვალისწინების ბევრი პოზიტიური მაგალითი იკვეთება, თუმცა, ასეთი მაგალითები მეტწილად ინდივიდუალური ადამიანების (პროფესორ-მასწავლებლების და ადმინისტრაციის) ან ცალკეული პროგრამების მიდგომების პოზიტიური მაგალითები უფროა, ვიდრე საუნივერსიტეტო, გაზიარებული ინსტიტუციური ხედვები.

საბოლოო ჯამში, იკვეთება, რომ კვოტირების სისტემასთან, როგორც განათლების პოლიტიკის მიმართულებასთან ერთად, უნივერსიტეტების, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციების ხედვებიც   არასაკმარისად ეფექტურია ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებისათვის ხარისხიანი და თანაბარი განათლების უზრუნველყოფის და მათი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფისათვის. 1+4 პროგრამა ვერ გახდა უნივერსიტეტების ინსტიტუციური ხედვის ინტეგრირებული ნაწილი. სტუდენტობის პერიოდში, ქართული ენის ერთწლიანი პროგრამის კურსდამთავრებულები ხშირად ვერ ახერხებენ ეთნიკურად ქართველ სტუდენტებთან სრულფასოვანი და მჭიდრო კავშირების დამყარებას.“

➡️ კვლევის ანგარიში საკმაოდ მოცულობითია და ცხრა თავისგან შედგება. დოკუმენტის მეხუთე ნაწილში წარმოდგენილია არაქართულენოვანი სკოლების მეთორმეტეკლასელთა მზაობა, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად; აგრეთვე, მათი არჩევანი სკოლის შემდგომი საქმიანობის შესახებ და ამ არჩევანის განმაპირობებელი ფაქტორები; განხილულია, ასევე, რამდენად ეფექტურად ხორციელდება აბიტურიენტთა რეკრუტირება და რამდენად არიან ინფორმირებულები მეთორმეტეკლასელები საშეღავათო პოლიტიკის შესახებ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მეთორმეტეკლასელთა თვითშეფასება საკმაოდ მაღალია ყველა მიმართულებით – როგორც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან მიმართებაში, ისე ენობრივი და საგნობრივი კომპეტენციების, ასევე, სოციალური უნარების განვითარების თვალსაზრისითაც. მაგრამ ეს თვითშეფასება, როგორც ჩანს საკუთარი თავისა და სკოლის პოზიტიურად წარმოჩენის სურვილი უფროა, რადგან არ არის შესაბამისობაში არც ეროვნულ შეფასებებთან, არც საატესტატო გამოცდებთან და არც საერთაშორისო კვლევების შედეგებთან. ირკვევა ისიც, რომ თვითშეფასების ტონი იცვლება ერთწლიანი პროგრამის სტუდენტების გამოკითხვისა თუ ფოკუსჯგუფების დისკუსიისას. აქედან გამომდინარე, კვლევაში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ კრიტიკული მოსაზრებების გამოვლენის უნარი უმაღლესი განათლების საფეხურზე უფრო ვითარდება, რაც აუცილებელს ხდის, მეტი ყურადღება მიექცეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ენობრივი თუ საგნობრივი კომპეტენციების მიღმა, მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარებასა და კრიტიკული, აქტიური მოქალაქის აღზრდას. რაც შეეხება სკოლის შემდგომ გეგმებს, კვლევის ფარგლებში გამოკითხულ მოსწავლეთა დიდი ნაწილი (77%) უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში ან სხვა ქვეყნებში გეგმავს, აქედან 63% ფიქრობს, რომ სწავლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს, ხოლო 14% – საქართველოს ფარგლებს გარეთ; 6%-ზე მეტი პროფესიული განათლების მიმართულებით ხედავს საკუთარ მომავალს, საკმაოდ დიდია იმ მოსწავლეთა რაოდენობაც, რომელთაც კონკრეტული გეგმები არ აქვთ. სხვაობაა აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსწავლეთა არჩევანს შორისაც – უმაღლესში სწავლის გაგრძელებას სომხურენოვან მოსწავლეთა 65,6% გეგმავს, ხოლო აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეთა – 70,2 %. განსხვავება დაფიქსირდა საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩაბარების თვალსაზრისითაც – სომხურენოვან მეთორმეტეკლასელთა 19.6% სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებს, როცა აზერბაიჯანულენოვანებში ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 4.8%-ია.

➡️ რაც შეეხება კვოტირების სისტემის შესახებ ინფორმაციას, მეთორმეტეკლასელებისთვის მნიშვნელოვანი წყაროა ამავე პროგრამის (1 +4) მონაწილეები.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ ამ ინსტრუმენტით მეთორმეტეკლასელთა გამოკითხვის პირველი პრეცედენტი იყო და საკმაოდ მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ მოიყარა თავი სხვადასხვა მიმართულებით გატარებული თუ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის; „მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები გამოჩნდა მასწავლებელთა განათლების პროგრამაზე ინტერესის მატების თვალსაზრისით და ეს ტენდენცია შესაძლებელია, ეფექტურად გამოვიყენოთ ზოგადი განათლების საფეხურზე არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებით უზრუნველყოფისთვის. ფინანსური და ხარისხთან დაკავშირებული ფაქტორები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზღვარგარეთ სწავლის მიღების სურვილს და ამ ფაქტორებზე რეაგირებაკვოტირების სისტემის სამომავლო დაგეგმვის მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება. კვოტირების სისტემა არ არის განვრცობილი პროფესიული განათლების სეგმენტზე და ამ მიმართულებით კვლევა და შესაბამისი დაგეგმვა ასევე მნიშვნელოვანია. რუსულენოვანი სკოლების მიზნობრივი ჯგუფი და კვოტირების სისტემის მათზე გავლენის ეფექტების შესწავლა დამატებითი კვლევის საგანია და ეს დამატებითი კვლევა, განსხვავებული ინსტრუმენტით, გარკვეულ სურათს მოგვცემს ამ სამიზნე ჯგუფზე კვოტირების სისტემის ეფექტების განვრცობის თვალსაზრისით“.

➡️საინტერესოა, ასევე, კვლევის მეექვსე თავი, რომელშიც განხილულია ქართულ ენაში მომზადების ეფექტურობა.

2010-2019 წლებში ქართული ენის ერთწლიან პროგრამაზე სულ 5510 აზერბაიჯანულენოვანი და 2653 სომხურენოვანი აბიტურიენტი ჩაირიცხა, ჯამში, მათი რაოდენობა 8163-ია.

დარეგისტრირებული აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტი – 11 755, გამოცდაზე გამსვლელი – 9555, გადალახა ბარიერი – 6563-მა.

დარეგისტრირებული სომხურენოვანი აბიტურიენტი – 4362, გამოცდაზე გამსვლელი – 3673, გადალახა ბარიერი – 2851-მა.

სულ გამოიკითხა 702 სტუდენტი, საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან. მათი პასუხებით ირკვევა, რომ მთლიანობაში სტუდენტების უმეტესობა პოზიტიურად განიხილავს პროგრამას – 5-ქულიან სკალაზე 1 ქულით შეფასება იშვიათია, უმრავლესობა 4 ან 5 ქულით აფასებს პროგრამას. სტუდენტები მაღალი სიხშირით ეთანხმებიან პროგრამის ფარგლებში დაზეპირებისა და გრამატიკის სწავლისადმი დიდი ყურადღების დებულებებს, თუმცა, ამასთან ერთად, პროგრამის საგნებს მრავალფეროვნად, საინტერესოდ და ქართული ენის შესწავლისთვის შესაბამისად მიიჩნევენ. მიუხედავად ზოგადი პოზიტიური დამოკიდებულებისა, განსხვავებულია სტუდენტების შეფასება პროგრამის მიმართ უნივერსიტეტების მიხედვით. პოზიტიური შეფასება, უნივერსიტეტების მიხედვით, ასე გადანაწილდა: პროგრამის ეფექტურობას ყველაზე ხშირად მაღალ ან ძალიან მაღალ ქულას ანიჭებენ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები (83.6%), ნაკლებად სტუ-ს სტუდენტები (60.2%), ნაკლებად ინტენსიურია მაღალი ან ძალიან მაღალი შეფასება თსუ-ს სტუდენტებს შორისაც (68.8%).

➡️ სტუდენტების დამოკიდებულება განსხვავებულია სქესობრივი ნიშნით – გოგონები უფრო პოზიტიურად არიან განწყობილები, მასწავლებელთა შეფასებისას კი, ნაკლებად ეთანხმებიან მოსაზრებას „მასწავლებლების ერთნაირად ყურადღებიანობასა და კეთილმოსურნეობასთან დაკავშირებით“. საერთო ჯამში კი, სტუდენტების დამოკიდებულებების კვლევა, 2013 და 2016 წლების დინამიკაში, აჩვენებს პროგრამისადმი პოზიტიური შეფასების ზოგადი ზრდის დინამიკას, თუმცა, ცალკეული ასპექტები, 2020 წელს, კვლევის ავტორების თქმით, უფრო კონკრეტულად არის შესაფასებელი.

➡️ ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია საბაკალავრო საფეხურზე არსებული პრობლემატიკა, რომელიც სპეციფიკის, დროისა და სივრცითი დინამიკის მიხედვით შემდეგნაირად კლასიფიცირდა:
  1. საბაკალავრო პროგრამებში წარმოდგენილი სწავლების ფორმატი და შინაარსობრივი დატვირთვა, რომელიც არ არის ნაცნობი სტუდენტებისთვის და, შესაბამისად, ითხოვს გარკვეულ დროს ადაპტირებისთვის;
  2. პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე კონკრეტული პრობლემატიკა, რომელიც აკადემიურ და ენობრივ სირთულეებსა და ადმინისტრაციულ საკითხებს უკავშირდება;
  3. საბაკალავრო პროგრამებისთვის დამახასიათებელი საერთო პრობლემები, რომლებიც პროგრამის არჩევანსა და ქართულ ენაში მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულთათვის დამახასიათებელ კონკრეტულ პრობლემატიკას ეხება.

შედეგების მიხედვით, იკვეთება სტუდენტების მიერ საბაკალავრო საფეხურზე სწავლის მიტოვების მაღალ მაჩვენებელთან დაკავშირებული გამოწვევები. მიუხედავად იმისა, რომ მიტოვების მაჩვენებელი ზოგადად მაღალია ქვეყანაში, ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში, მიტოვების მიზეზები სპეციფიკურია და ხშირად გამოწვეულია ადრეული ქორწინების მაღალი სტატისტიკით, აკადემიური და ენობრივი ტიპის პრობლემებისა და ქვეყნის დატოვების მაღალი მაჩვენებლით.

➡️  ანგარიშის მეცხრე თავი კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს დაეთმო, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კვოტირების სისტემის ეფექტურობას, მისი თანმდევი სისტემების მუშაობის ეფექტურობასთან ერთად. ავტორთა განცხადებით კი, „იმედია, კვლევაში წარმოჩენილი საკითხები არ დარჩება განათლების პოლიტიკის მესვეურთა, უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების ადმინისტრაციებისა და პროგრამების ხელმძღვანელთა ყურადღების მიღმა. გვჯერა, რომ რეკომენდაციების გათვალისწინება საშეღავათო პოლიტიკის ეფექტურობას აამაღლებს და საბოლოო მიზანთან – ეროვნულ ინტეგრაციასთან მიგვაახლოებს“.

♦ ♦ ♦

შალვა ტაბატაძემ იმ მთავარ მიგნებებზე ისაუბრა, რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა.

,✔️? „პროექტი რომ ეფექტური და წარმატებულია, ეს სადავო და საკამათო არ არის, ამიტომ ვისაუბრებ იმ პრობლემებსა და ხარვეზებზე, რომელთა აღმოფხვრაც ამ წარმატებულ პოლიტიკას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ, ხშირ შემთხვევაში, კვოტირების სისტემა დაკავშირებულია ხოლმე მიზნის მიღწევასთან – კვოტირების სისტემა გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მიზანს მივაღწიეთ. რეალურად, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საზოგადოებრივი ინტეგრაციისკენ, სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, მეტიც, ძალიან აუცილებელი და ნიშანდობლივი ინსტრუმენტია, რომლის გარეშეც ბევრი რამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ ამ ინსტრუმენტების კვალდაკვალ, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ინსტრუმენტების ამუშავებაც, რომ მივაღწიოთ იმ მიზანს, რასაც საზოგადოების ინტეგრაცია ჰქვია. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკას სერიოზული პრობლემები აქვს – მაგალითისთვის, ამ წლების განმავლობაში, ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არ იყო გამოყენებული, ეფექტური განათლების რეფორმის თვალსაზრისით, არაქართულენოვან სკოლებთან მიმართებაში. ამის თვალნათელი მაგალითი გახდა, თუნდაც, ბოლო ეტაპზე, შარშან განხორციელებული რეფორმა, რომელიც პენსიონერი მასწავლებლების სისტემიდან გაყვანასა და მათ ნაცვლად ახალი კადრების შეყვანას გულისხმობდა. კვოტირების სისტემის ათწლიანი პერიოდი იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ განათლების სისტემისთვის, არაქართულენოვანი სკოლებისთვის პედაგოგები და სკოლის ადმინისტრატორები მოგვემზადებინა. ამით უზრუნველყოფილი იქნებოდა თაობათა ცვლა – ხარისხიანი და მაღალკვალიფიციური მასწავლებლების შესვლა არაქართულენოვან სკოლებში.

✔️?საერთო ჯამში, არაქართულენოვანი სკოლებიდან პენსიაზე გავიდა 1450 მასწავლებელი, ხოლო სისტემაში 200 ახალი კადრი შემოვიდა, ანუ 1250 მასწავლებლის ჩამნაცვლებელი ფიზიკურად ვერ მოიძებნა. ის 200 თუ 250 მასწავლებელიც, რომელიც სკოლაში შევიდა, ხშირ შემთხვევაში, დაბალკვალიფიცური იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ იძულებული იყვნენ, სისტემაში შეეყვანათ. დარჩენილი საათები კი, არსებულ მასწავლებლებზე გადანაწილდა. რეალურად, იმის მაგივრად, რომ კვოტირების სისტემა ძალიან ეფექტური რეფორმისთვის გამოყენებულიყო – მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და პროფესიული განვითარების ასამაღლებლად, ასევე, ადმინისტრირებისთვის, რეალურად, ათი წლის განმავლობაში, საერთოდ არ იქნა გამოყენებული. კარგი იქნება თუ ახლა მაინც დაიწყება ამ თვალსაზრისით მუშაობა. კვოტირების სისტემა საუკეთესო საშუალებას გვაძლევს, განსაკუთრებით რეგიონებში, რომ საჯარო სამსახურის რეფორმირებაზე ვიფიქროთ და ამისთვის უკვე მომზადებული კადრები გამოვიყენოთ. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები არ იდგმება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოქმნის საზოგადოებრივი ინტეგრაციის საბოლოო მიზნისთვის.

✔️? ამავე კონტექსტში შეიძლება ვისაუბროთ ეკონომიკურ აქტივიზმზეც, ეკონომიკურ მონაწილეობაზე. უმაღლესში კვოტირების სისტემით სწავლა მხოლოდ და მხოლოდ სკოლაში ან საჯარო სამსახურში დასაქმებას არ გულისხმობს, არამედ ამ ადამიანების მაღალეკონომიკურ მონაწილეობას იმ რეგიონებში, სადაც ისინი ცხოვრობენ. რაც მთავარია, მათ ამის უნარი შესწევთ. არც ამის ხელშემწყობი მექანიზმები ამუშავებულა, კურსდამთავრებულთა გამოშვების კვალდაკვალ. ამით იმის ხაზგასმა მინდა, რომ კვოტირების სისტემა არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე არსებული რაღაც მიზანი და მიღწევა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩარიცხვა ხდება (რაც ძალიან მნიშვნელოვანია), არამედ, როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად.

✔️? მნიშვნელოვანი საკითხია, განათლების რეფორმისა და მასწავლებელთა განათლების თვალსაზრისით, დაფინანსება, რაზეც 2013 წლიდან ვსაუბრობთ. საქმე ეხება ე.წ. საზოგადოებაში ცნობილ „უფასო ფაკულტეტების“ პროგრამებს (სხვათა შორის, ახლახან გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, ამ პროგრამებისთვის სახელმწიფომ 12 მილიონ ლარზე მეტი გამოყო). 2013 წლიდან დღემდე, პროგრამაში ხაზგასმით წერია, რომ პროგრამის ბენეფიციარები არ არიან კვოტირების სისტემით ჩარიცხული სტუდენტები, ანუ თუ კვოტირების სისტემით ჩარიცხულ სტუდენტს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პრიორიტეტულ პროგრამაზე, მაგალითად, მასწავლებელთა განათლების პროგრამაზე უნდა სწავლა, მან თანხა უნდა გადაიხადოს, ხოლო ქართველი სტუდენტისთვის, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, ეს პროგრამა უფასოა. აქ ორი ტიპის პრობლემა იკვეთება – ერთი მხრივ, არათანასწორი მიდგომა, ხოლო მეორე მხრივ, ეს მიდგომა კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას, რომელზეც უკვე ვისაუბრე – არაქართულენოვან სკოლებში კადრების ჩანაცვლების დეფიციტი. საპენსიო ასაკის 1400 მასწავლებელი უკვე გავიდა სისტემიდან, მაგრამ კიდევ გვყავს საპენსიო ასაკის 1300 მასწავლებელი, ხუთ წელიწადში კიდევ 1300 დაემატება… რეალურად კი, არც მათი ჩასანაცვლებელი კადრების მომზადება ხდება და არც მოტივაციის ზრდა ახალგაზრდებში, რომ აირჩიონ ეს პროფესია – არადა, პირიქით, ამ პროგრამაზე უნდა მოვიზიდოთ ადამიანები. ეს ქმნის მეორე ტიპის პრობლემას და, ჯერჯერობით, ამ შვიდი წლის განმავლობაში, ვერც ერთხელ ვერ მოვისმინე ახსნა თუ რატომ ხდება ასე. უფრო სწორად, ყველასგან ვისმენ მხარდაჭერას, თუმცა, უშედეგოდ. საინტერესო ის არის, რომ ეს საკითხი ჩასმულია მთავრობის მიერ მიღებულ სამოქალაქო ინტეგრაციის 2015-2020 წლის სტრატეგიაში – იქ პირდაპირ წერია, რომ სპეციალური პროგრამა შემუშავდება კვოტირებული სტუდენტებისთვის და მსგავსი პროგრამები დაფინანსებული იქნება, თუმცა, ის, რასაც ამბობს მთავრობა, სამწუხაროდ, არ სრულდება. აი, ამის მიზეზი ვერავისგან ვერ მოვისმინე – მინისტრს შევხვდები, მისნისტრის მოადგილეს თუ უფრო დაბალი თანამდებობის პირებს, ყველა ამბობს, რომ არ იცის რატომ გვაქვს ასეთი სისტემა და რომ აუცილებლად შეცვლის, თუმცა, გადის წლები და სისტემა არ იცვლება.

✔️? კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კვლევამ აჩვენა, თვითონ მისაღებ სისტემას ეხება – მისაღები გამოცდები შეიცვალა, მაგრამ არა კვოტირებულ სტუდენტებთან მიმართებაში (საშეღავათო პოლიტიკის მიმართულებით არაფერი შეცვლილა). ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო გამოცდების ნუსხიდან ამოიღეს, კვოტირებული სტუდენტებისთვის კი ისევ რჩება ერთადერთ გამოცდად. სხვათა შორის, როცა კვოტირების სისტემა იწყებოდა, ჩვენ გვქონდა ინიციატივა, ზოგადი უნარების გამოცდასთან ერთად, ქართული ენის გამოცდაც ჩაებარებინათ, ოღონდ ის არ უნდა ყოფილიყო განმსაზღვრელი უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხად. მისი დანიშნულება იქნებოდა მამოტივირებელი, რომ აბიტურიენტებს ქართული ენა ესწავლათ და უკვე უმაღლეს სასწავლებლებში მეტ-ნაკლებად მომზადებულები მისულიყვნენ, ქართული ენის ცოდნის თვალსაზრისით. ასეთი სისტემის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ისიც იქნებოდა, რომ უკვე მისაღები გამოცდების დონეზე მომხდარიყო სტუდენტების გადანაწილება ენის ცოდნის დონეების მიხედვით. ამით გვეცოდინებოდა რა დონის სტუდენტი შემოდის უმაღლეს სასწავლებელში და რა ტიპის მიდგომა სჭირდება. ქართული ენის გამოცდის შემოტანა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს გადაჭრიდა. ამის გარდა, შესაძლებელია, მას გარკვეული ფუქნციაც შეეძინა, თუნდაც დაფინანსების ნაწილში, რომ უფრო ამაღლებულიყო მოტივაცია, ქართული ენის სწავლების თვალსაზრისით. ვფიქრობ, დღესაც შესაძლებელია ამ სარეფორმო ნაბიჯზე გადასვლა – ზოგად უნარებთან ერთად ქართული ენის გამოცდის შემოტანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართული ენის სწავლების გაძლიერების თვალსაზრისით ისევე, როგორც ერთწლიანი პროგრამის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

✔️? ამის გარდა, აქცენტი არ უნდა გაკეთდეს იმაზე, საკმარისია თუ არა ერთწლიანი პერიოდი ენის შესასწავლად, ყურადღება იმაზე უნდა გადავიტანოთ, რომ 60-კრედიტიანი პროგრამა განსხვავებული მოდულებით მივაწოდოთ. თუკი სტუდენტი ნულოვანი ენობრივი კომპეტენციით მოდის, ეს მაინც ვერ გვაძლევს სათანადო შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტმა დაძლია 60-კრედიტიანი პროგრამა და ჩააბარა გარკვეული უნივერსიტეტების მიერ დაწესებული გამოცდები, საბაკალავრო დონეზე მას მაინც ექმნება სწავლის პრობლემა. აქ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ღონისძიება იქნებოდა, ერთი მხრივ, პროგრამების დიფერენციაცია და აკრედიტაციის პროცესში სწორედ საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა პროგრამების შეთავაზება. თუკი სტუდენტი ვერ დააკმაყოფილებს კონკრეტულ პროგრამისთვის საჭირო ენობრივ კომპეტენციას, მისთვის დამატებითი მხარდამჭერი მექანიზმები უნდა ამუშავდეს. დღესდღეობით კი, ასეთი სიტუაცია გვაქვს – სტუდენტი ამ პროგრამას ამთავრებს, თუმცა, რეალურად, ენობრივი კომპეტენციის თვალსაზრისით, უმეტეს შემთხვევაში, სხვადასხვა პროგრამებისთვის მზად არ არის, ზოგ შემთხვევაში – არის. ამ მხრივ, პოზიტიური ნაბიჯია თუნდაც ის, რომ უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ქართული ენის დონეები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ამ დონეების საფუძველზე შემუშავდეს ინსტრუმენტი, შესაბამისად, გამოცდების ცენტრმა სწორეა განსაზღვროს ის დონე, რომელიც საჭიროა კონკრეტულ საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად. სწორედ ამ ენობრივი კომპეტენციის დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ორიენტირებული ერთწლიანი ქართული ენის პროგრამა, რომელიც შემდგომ უფრო გაუადვილებს სტუდენს საბაკალავრო დონეზე სწავლას. აქედან გამომდინარე, სწორედ უფრო მოქნილი, საჭიროებაზე ორიენტირებული სისტემა გაზრდის მნიშვნელოვნად შესაძლებლობებს და არა ბიუროკრატიულ მექანიზმებსა და აკრედიტაციის პროცედურებზე დაფუძნებული სისტემა.

✔️? აუცილებლად მინდა შევეხო, ასევე რუსულენოვანი სკოლების საკითხს, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა თითქმის იმდენივეა, რაც, მაგალითად, სომხურენოვან სკოლებში. საინტერესოა ის, რომ რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეები ეთნიკურად რუსები არ არიან და მათთვის რუსული მშობლიური ენა არ არის. შესაბამისად, დიდწილად, ამ სკოლების კურსდამთავრებულები ეთნიკურად სომეხი და ზერბაიჯანელი ბავშვები არიან, ასევე, მათ შორის, ქართველი მოსწავლეებიც. მაგრამ საინტერესოა, რომ კვოტირების სისტემა ამ სკოლების კურსდამთავრებულებზე არ მოქმედებს. ფაქტობრივად, რუსულენოვანი სკოლები ზრდის მიგრანტებს, რომლებიც უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ უნდა წავიდნენ, რადგან სახელმწიფო მათ, ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად, არანაირ შესაძლებლობას არ უქმნის. ისევე, როგორც რუსული სკოლის სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი კურსდამთავრებულები, კვოტირების სისტემის მიღმა არიან დარჩენილი მცირე ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც, ასევე, შესაძლებელია რუსულენოვან განათლებას იღებდნენ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა რუსულენოვანი კვოტის გამოყოფაც, სომხურენოვანი, აზრებაიჯანულენოვანი და მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში შემოსაყვანად.

ამ ათწლიან პერიოდში, დაახლოებით, 35 ათასი კვოტა იყო გამოყოფილი, ყურადსაღებია, რომ რაოდენობა მზარდია, თუმცა, გარკვეული რეზერვები მაინც რჩება.

ეს იყო ის საკითხები, რაზეც მინდოდა ყურადღების გამახვილება და რომელთა შეცვლა და პოლიტიკურ დონეზე გადაჭრა ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უმაღლეს სასწავლებლებში ერთწლიანი პროგრამის ეფექტურობის ზრდას, შეამცირებს საბაკალავრო პროგრამებზე არსებულ პრობლემას, გაზრდის კურსდამთავრებულთა დასქამებას და, ზოგადად, საზოგადოებრივი ინტეგრაციის პროცესს გააძლიერებს ისევე, როგორც საჯარო სამსახურისა თუ განათლების რეფორმის განხორციელებას ქვეყანაში.

 ლალი ჯელაძე

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები