29 მარტი, პარასკევი, 2024

აბასთუმნის ობსერვატორიის მმართველი ორგანო მისივე სამეცნიერო საბჭო იქნება

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ადმინისტრაციასთან და მეცნიერ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს ობსერვატორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ყველა მეცნიერ თანამშრომელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების გზით მიმდინარეობს.

შეხვედრის დასაწყისში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს პოლიტიკა მიმართულია აბასთუმნის ობსერვატორიის, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო დაწესებულების შემდგომი განვითარების ხელშეწყობისკენ, ხარისხის ამაღლებისა და გლობალურ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების გაძლიერებისკენ.

ნუნუ მიცკევიჩის თქმით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება გაზრდის აბასთუმნის ობსერვატორიის ავტონომიურობის ხარისხს. სამინისტროს მისიაა რეორგანიზაციის პროცესში ხელი შეუწყოს ობსერვატორიის მთავარი მმართველი ორგანოს – სამეცნიერო საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება უმაღლესი ლეგიტიმაციისა და ავტონომიის მქონე ორგანო და პასუხისმგებელი ობსერვატორიის შემდგომ განვითარებაზე.

მისივე განმარტებით, სამეცნიერო საბჭო განსაზღვრავს აბასთუმნის ობსერვატორიის ნიშასა და როლს მსოფლიო მასშტაბით, რის საფუძველზეც მოხდება მისი ტექნიკური აღჭურვა, მოდერნიზაცია და განვითარება აკადემიური მიმართულებით. ასევე, საბჭო წარმართავს ყველა იმ პროცესს, რომელიც აბასთუმნის ობსერვატორიის ინფრასტრუქტურული განვითარებისკენ იქნება მიმართული. დამტკიცებული საშტატო განრიგის საფუძველზე, პირველ ეტაპზე, კონკურსები გამოცხადდება მთავარი მეცნიერ თანამშრომლების შესარჩევად. საკონკურსო კომისია კი დაკომპლექტდება მაღალი ნდობის მქონე პროფესიონალი მეცნიერებით, რომლებიც კონკურსის გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარებას უზრუნველყოფენ.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ამ მასშტაბის, მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო დაწესებულების განვითარება-გაძლიერება და მისი საერთაშორისო ჩართულობის ხარისხის ამაღლება გლობალურ სამეცნიერო სივრცეში. სამინისტროს პოლიტიკა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ აბასთუმნის ობსერვატორია, როგორც სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელმისაწვდომი გახდეს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტებს შესაძლებლობა ექნებათ, სასწავლო პროცესში გამოიყენონ ობსერვატორიის რესურსები.

შეხვედრის ბოლოს ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ობსერვატორიის განვითარება საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი იქნება სხვა კვლევითი დაწესებულებებისთვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით კი, კურორტ აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ობსერვატორია დამატებით ფუნქციას იძენს, აქ განთავსებულია ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, საგამოფენო, სამუშაო სივრცე და აღდგა არსებული ბიბლიოთეკა. მათივე ინფორმაციით, კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია. ობსერვატორია დამთვალიერებელს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მიიღებს.

აბასთუმნის ობსერვატორია პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც, 1932 წელს, აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა. ობსერვატორიას, წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს. ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განთქმულია მსოფლიო მასშტაბით და მის ბაზაზე, 80 წელზე მეტია, მიმდინარეობს უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები