ქართველი გოგონების „მათემატიკური სვლები“ – EGMO 2020

1444
მსოფლიო პანდემიის პირობებში, წელს, მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკური ოლიმპიადა ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა და EGMO 2020-ში 52 ქვეყნიდან 204 საუკეთესო მოსწავლე ჩაერთო. საქართველოს ნაკრები, შესარჩევი ეტაპების შედეგად დაკომპლექტდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე გოგონასგან და ჩვენმა გუნდმა ოლიმპიადაზე თავი ღირსეულად წარმოადგინა. პირველად, ნაკრების ოთხივე წევრმა მედალი მოიპოვა: ანა ონოფრიშვილი – ოქროს მედალი; თამარ კორკოტაშვილი – ვერცხლის მედალი; მარიამ ივარდავა – ბრინჯაოს მედალი; მარია ცხვედიანი – ბრინჯაოს მედალი. ჩვენმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაშიც საკმაოდ კარგად წარმოადგინა თავი და, ბულგარეთთან ერთად, IX-X ადგილი გაიყო.
ოლიმპიელ გოგონათა ნაკრების ლიდერი ივანე გოქაძეა, ხოლო თანალიდერები – დიმიტრი არაბიძე და საბა ლეფსვერიძე.

წლევანდელი ნაკრების ერთ-ერთი წევრი მარიამ ივარდავა ამბობს, რომ მოუთმენლად ელოდნენ ჰოლანდიაში გამგზავრებას, ვირტუალურ ოლიმპიადაში მონაწილეობისას განწყობაც ისეთი ამაღლებული არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს წარმატება მაინც ძალიან ბევრს ნიშნავს თითოეული მათგანისთვის, მით უმეტეს სასიხარულოა ასეთ რთულ სიტუაციაში მედლების მოპოვება. თუმცა, მარიამი ამბობს, რომ წელს ცოტა იმედგაცრუებულია, რადგან, შარშანდელთან შედარებით, წელს შედეგი გააუარესა – შარშან ვერცხლი და წელს ბრინჯაო აიღო – მაგრამ, რადგან წინ კიდევ ერთი წელი აქვს (მეთერთმეტე კლასშია), პირობას დებს, რომ მომავალ წელს შედეგს აუცილებლად გააუმჯობესებს – გაისად მასპინძელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით და ოლიმპიადა ქუთაისში გაიმართება.
 როგორ აიღო გოგონათა ოლიმპიადამ სტარტი, როდის ჩაერთო საქართველოს გოგონათა ნაკრები ოლიმპიურ მარათონში და როგორ წარიმართა წლევანდელი ვირტუალური ოლიმპიადა, ამის შესახებ   ნაკრების ლიდერი ივანე გოქაძე გვესაუბრება.

☑️ მათემატიკური ოლიმპიადების სტარტი

ზოგადად, მათემატიკური ოლიმპიადების ისტორია სათავეს, დაახლოებით, მე-19 საუკუნის ბოლოდან იღებს. სწორედ ამ დროს უკავშირდება, რუმინეთსა და უნგრეთში, პირველი მათემატიკური ოლიმპიადების გამართვა სკოლის მოსწავლეებს შორის. შემდეგ ეს ოლიმპიადები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ აიტაცა, რადგან მსგავსი შეჯიბრი კარგი წამახალისებელი და მასტიმულირებელი აქტივობა აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. ამის შემდეგ, საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადა (IMO), პირველად, 1959 წელს, ბუქარესტში ჩატარდა და მონაწილეობა სულ 7-მა ქვეყანამ მიიღო, ძირითადად, სოციალისტურმა ქვეყნებმა. ამის შემდეგ, საერთაშორისო მათემატიკურმა ოლიმპიადამ ყოველწლიური ხასიათი მიიღო და წელს უკვე 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. თითოეული ქვეყნის ნაკრები ექვსი მოსწავლისა და ორი მწვრთნელისგან შედგება. მოსწავლეების ასაკზე კი შეზღუდვა არ არის, ნაკრების შესარჩევ ეტაპზე შეიძლება ჩაერთოს, პირობითად, მეშვიდეკლასელიც და მეცხრეკლასელიც. რაც შეეხება დავალებებს, მიუხედავად იმისა რა ასაკისაა მონაწილე, განსხვავებული არ არის, სწორედ ამიტომ უმცროსკლასელებს ნაკრებში მოხვედრის ნაკლები შანსი აქვთ, ძირითადად, უფროსკლასელები ახერხებენ ხოლმე საუკეთესო ექვსეულში შესვლას. საუკეთესო მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ექვსეული კი, შემდეგ, მიემგზავრება საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომლის მასპინძელი ქვეყანა ყოველწლიურად იცვლება.

☑️ გოგონათა ევროპული ოლიმპიადის დაარსება

სტატისტიკურად, საუკეთესო ექვსეულში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით, ძირითადად, ბიჭები ხვდებოდნენ. ნაკრებში ექვსიდან ერთი ან, მაქსიმუმ, ორი გოგონა შეიძლება მოხვედრილიყო, ისიც ხუთ წელიწადში ერთხელ. რადგან გოგონები, რატომღაც, ასე „იჩაგრებოდნენ“, გაჩნდა იდეა, რომ მათთვის ცალკე გამართულიყო საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადა. პირველად მათემატიკის მოყვარულ გოგონებს გაერთიანებულმა სამეფომ, კემბრიჯის უნივესიტეტმა, 2012 წელს უმასპინძლა. რადგან, ძირითადად,ევროპის ქვეყნები მონაწილეობდნენ, სახელიც ამიტომ შეირჩა, როგორც ევროპელ გოგონათა მათემატიკური ოლიმპიადა (EGMO). თუმცა, სახელის მიუხედავად, არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, მათ შორის, ამერიკამ, იაპონიამ, ბრაზილიამ, ავსტრალიამ… ამიტომ, ეს ქვეყნები ოლიმპიადაში სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობენ. ჩვენი ქვეყანა გოგონათა ოლიმპიადას 2016 წლიდან შეუერთდა, რომლის მასპინძელი რუმინეთი იყო; შემდეგ, 2017 წელს – შვეიცარია, 2018 – იტალია, 2019 – უკრაინა და წელს ნიდერლანდებში უნდა გამართულიყო.

რეალურად, შეიძლებოდა, რომ ჩვენ გოგონათა მათემატიკურ ოლიმპიადას უფრო ადრე შევერთებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ინტერნეტში ინფორმაციას ამ ოლიმპიადის შესახებ სწორედ ამ დროისთვის წავაწყდი და არა დაწყებისთანავე. მოკლედ, 4 წლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მათემატიკის ოლიმპიადა გოგონებისთვის ცალკე ტარდებოდა. მეც ძველი ოლიმპიელი ვარ და მუდმივად ვეძებ და ვათვალიერებ, რა ხდება ამ მიმართულებით, მაშინვე დავუკავშირდი თსუ-ს პროფესორს, გიორგი ჭელიძეს, რომელიც საქართველოს   ნაკრების ლიდერია IMO ოლიმპიადაზე. მან თანხმობა მომცა, რომ ამ საქმისთვის მიმეხედა, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ სიამოვნებით გადავუხდი მადლობას. მეც დღემდე ენთუზიაზმით მივყვები ქართველი გოგონების ოლიმპიურ გზას, რომელიც, როგორც ხედავთ, არც თუ ურიგოა.

☑️ ვირტუალური ოლიმპიადა

როგორც გითხარით, 2020 წლის გოგონათა ევროპული ოლიმპიადა ნიდერლანდების გაერთიანებულ სამეფოში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ, პანდემიის გამო, ფორმატი შეიცვალა – ოლიმპიადა ვირტუალურად გაიმართა. ფინალამდე, ბუნებრივია, შესარჩევი ეტაპები ჩავატარეთ. გოგონათა ნაკრები, IMO ოლიმპიადისგან განსხვავებით, ქვეყანას ოთხი მოსწავლით და ორი მწვრთნელით წარადგენს.

რაც შეეხება შესარჩევ ეტაპს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ორი საკანდიდატო წერა უტარდებათ, შედეგად რვა საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა. შემდეგ, მათ შორის, კიდევ ორი დამატებითი წერით, საუკეთესო ნაკრები, ანუ ოთხეული ირჩევა. როგორც წესი, ნაკრებში, ძირითადად, მათემატიკური პროფილის მქონე სკოლების მოსწავლეები ხვდებიან.

აქვე მინდა გითხრათ, რომ თავიდან ინტერესი არც ისე დიდი იყო, განსაკუთრებით პირველ წელს, როცა ჩავერთეთ და ეს შედეგებზეც აისახა – ოთხიდან ერთმა ვერცხლი და ორმა ბრინჯაო აიღო, მაგრამ არ გვქონდა კარგი ქულები. ამის შემდეგ, ყოველწლიურად, კონკურენციაც იზრდება და შედეგების მაჩვენებლებიც. შარშან, უკრაინაში გამართულ ოლიმპიადაზე, ჩვენ ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი ავიღეთ. წლევანდელი ოლიმპიადა გამორჩეული იყო იმით, რომ ოთხივე მონაწილემ შეძლო მედლების მიღება, მათგან ოქროს მედალი – ისევ ანა ონოფრიშვილმა, შარშანდელმა ოქროს მედლის მფლობელმა, თამარ კორკოტაშვილმა კი, შარშანაც და წელსაც – ვერცხლის მედალი, ხოლო დანარჩენმა ორმა გოგონამ – ბრინჯაო, მათგან მარიამ ივარდავამ, შარშან, ვერცხლი აიღო. მარია ცხვედიანი წელს პირველად მონაწილეობდა ოლიმპიადაში. როგორც ხედავთ, საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა და გეტყვით იმასაც, რომ წელსაც და შარშანაც ნაკრების ოთხივე წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა. 

☑️ ობიექტურობა დისტანციურად

60 წელზე მეტია, საერთაშორისო ოლიმპიადები ტარდება, მაგრამ მის ისტორიაში წელს პირველად ჩატარდა ვირტუალურ რეჟიმში. ნაკრების მწვრთნელებს წინასწარ გადმოგვეგზავნა ამოცანები, რომლებიც ვთარგმნეთ და, დათქმულ დროს,

მივაწოდეთ მოსწავლეებს – 16-17 აპრილს უნდა დაეწერათ, თითო დღეს – სამ-სამი ამოცანა, ამოსახსნელად განკუთვნილი იყო 4,5 საათი. ბუნებრივია, ასე მოხდა ყველა მონაწილე ქვეყანაში – ბავშვებმა დაწერეს, შემდეგ კი ნამუშევარი   ფურცლები დაასკანერეს და გადმოგვიგზავნეს მწვრთნელებს.

თავისთავად, ეს პროცესი საინტერესო იყო ობიექტურობის დაცვის თვალსაზრისითაც. ყველას ძალიან აინტერესებდა რა მოხდებოდა? პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ამ რანგის ოლიმპიადაზე ამოცანები „ჩაკეტილია“ და მათ ვერსად ვერავინ ნახავს. ეს ფაქტი ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ ობიექტურობის ხარისხი მაღალია. ამის გარდა, რომ გადავხედოთ შედეგებს (ბუნებრივია, მე ჩვენი ნაკრების შედეგებზე ვსაუბრობ), წელს, ჩვენმა ოთხეულმა 8 ქულით ნაკლები მიიღო, წინა წელთან შედარებით და თითქმის ყველა ქვეყნის ნაკრებმა უფრო დაბალი ქულები მიიღო, ვიდრე შარშან ან შარშანწინ. რეალურად, არაობიექტურობის შემთხვევაში, ცხადია, ქულები კი არ მოიკლებდა, არამედ გაიზრდებოდა. შედარებისთვის გეტყვით, მაგალითად, შარშან, კიევში ოქროს მედალი რომ მიეღო მონაწილეს, ამისთვის უნდა დაეგროვებინა, მინიმუმ, 29 ქულა. წელს ისეთი დაბალი ქულები იყო, რომ 26 ქულაც კი საკმარისი აღმოჩნდა ოქროსთვის. შარშან, ვერცხლის მედლის მოსაპოვებლად, 21 ქულა იყო საჭირო, წელს 18 ქულა აღმოჩნდა საკმარისი. მოკლედ, ბევრი რამ მეტყველებს ობიექტურობაზე. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 90% მაინც, თუ მეტი არა, ობიექტურობა დაცულია. და ერთი დეტალიც, შარშან, ჩვენმა საუკეთესო მონაწილემ, 42 ქულიდან, 30 ქულა აიღო და წელსაც – 30. ერთ-ერთა მოსწავლემ, მარიამ ივარდავამ ვერცხლის მედალი აიღო კიევში, 21ქულა დააგროვა და წელს – 14 ქულა. ასე რომ, აქ კითხვის ნიშნები აღარ ჩნდება.

ოლიმპიადის წესია ასეთი – საერთო   მონაწილეთა ერთი მეთორმეტედი იღებს ოქროს მედალს, მაგალითად, 120 მონაწილე ბავშვიდან, საუკეთესო ქულების მიხედვით, 10 მიიღებს ოქროს მედალს, ვერცხლის მედალს – ერთი მეექვსედი და ბრინჯაოს მედალს – ერთი მეოთხედი. ქულების საერთო რეიტინგში ჩვენი ნაკრები საკმაოდ კარგად გამოიყურება. წელს თუ 26 ქულა იყო საკმარისი ოქროსთვის, ჩვენმა მონაწილემ 30 აიღო, ვერცხლის მედლისთვის საკმარისი 18 ქულის ნაცვლად კი, თამარ კორკოტაშვილმა 25 ქულა, ანუ ერთი ქულა დააკლდა ოქროს მედლისთვის. გუნდურ ჩათვლაში, ჩვენმა ნაკრებმა, ბულგარეთთან ერთად, IX-X ადგილები გაიყო, რაც, მონაწილე ქვეყნების რაოდენობიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

♦ ♦ ♦

☑️ ოლიმპიადებზე ასეთი წარმატებების მიუხედავად, სამწუხაროდ, ზოგადი სურათი არც თუ სახარბიელოდ გამოიყურება. ამაზე მეტყველებს თუნდაც, საერთაშორისო შეფასებებში ქართველი მოსწავლეების დაბალი მაჩვენებლები, როგორც მათემატიკაში, ისე წიგნიერებაში. რას ფიქრობთ, რატომ გვაქვს საერთაშორისო დონეზე ასეთი სავალალო შედეგები?

მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებული მაქვს მათემატიკასთან, მეც ვარ ოლიმპიელი, 2003-2004 წლებში ვიყავი საქართველოს ნაკრების წევრი. 2003 წელს ტიკიოში და 2004 წელს ათენში ბრინჯაოს მედალიც მაქვს აღებული; ვასწავლი ქუთაისში, კერძო სკოლაში, 2006 წლიდან; ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში წრეებს ვამეცადინებ; საკვირაო სკოლაში ვასწავლი და ამის გარდა, 2012 წლიდან, ჩართული ვარ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შეფასების ჯგუფში, უფრო კონკრეტულად, I-IV და IV-VI კლასების მასწავლებლების შეფასების ჯგუფში. აქედან გამომდინარე, კარგად ვიცნობ და ვხედავ რეალურ სურთს. ამიტომ სულაც არ მიკვირს ქართველი მოსწავლეების შედეგები   საერთაშორისო შეფასებებში. ბუნებრივია, ვერც ოლიმპიადის ნაკრების წარმატება, რომელიც 6 და 4 მოსწავლისგან შედგება, ვერ შექმნის ქვეყნის ზოგად საუარათს. ამიტომ სულაც არ მიკვირს ქართველი მოსწავლეების შედეგები საერთაშორისო შეფასებებში.

საერთოდ კი, კარგი იქნებოდა თუკი გამოცდილ პედაგოგებს, პროფესიონალებს, ვინც ნამდვილად კარგად იცის თავისი საქმე, მივანდობთ ახალბედა პედაგოგების მომზადებას. კველევები აჩვენებს, რომ ახალკურსდამთავრებულთა უმრავლესობა სასერტიფიკაციო გამოცდებზე ვერ იღებს საკმარის ქულას და ვერ ლახავს დაწესებულ ბარიერს. ამიტომ, შეიძლება კარგი გამოსავალი ვიპოვით იმით, თუ გამოცდილ კადრებს მივცმთ საშუალებას მომავალ მასწავლებლებს ასწავლონ და გადასცენ ის უნარ-ჩვევები, რაც კარგი მასწავლებლისთვის აუცილებელია.

დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მეტი კვალიფიციური კადრი გვეყოლება სისტემაში, მით უფრო გაუმჯობესდება ჩვენი მოსწავლეების შედეგები როგორც ადგილობრივად, ისე საერთაშორისო ასპარეზზეც.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

 

 

დატოვეთ კომენტარი