ფიქრია ხაჩიძე – ქართულის მასწავლებელი, სოფელი უდაბნო

1919

„ფოტოგრაფმა გვანცა თვარაძემ ფოტოპროექტზე – „მასწავლებლის ისტორია ფოტოგრაფის დღიურიდან”, მუშაობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. გაგაცნობთ პროექტის პირველ მონაწილეს, უდაბნოს საჯარო სკოლის მასწავლებელს ფიქრია ხაჩიძე, რომელიც ქალაქიდან სოფელში მომავალი თაობისთვის ქართულის სასწავლებლად წავიდა.

„ახალი განათლება“ უერთდება გვანცა თვარაძის ფოტოპროექტს და მისი ფოტორეპორტაჟების გმირებთან ინტერვიუებს შემოგთავაზებთ, უკეთ რომ გაგაცნოთ ის მასწავლებლები, რომელთა უმეტესობამ დატოვა ქალაქის სკოლები და უფრო რთულ, თუმცა საინტერესო გზად, კარიერის გასაგრძელებლად, რეგიონის სკოლები მიიჩნია, სადაც ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ განათლების მაღალი ხარისხი და კვალიფიციური პედაგოგები.

როგორც გვანცა ამბობს: „კრიტიკა ისედაც ბევრი ისმინეს, დამსახურებულად და დაუმსახურებლად. ვფიქრობ, დროა, ყველამ რეალურად შევაფასოთ და დადებითი მხრიდან შევხედოთ  მასწავლებლის პროფესიას. ფოტოკადრებით მოთხრობილი ისტორიებით ყველას შეეძლება ნახოს ამ ადამიანების ყოველდღიურობა, მათი ყოფა, რა გამოწვევების წინაშე დგანან, რა მიზნები აქვთ,  მათი თვალით დაინახონ ის გარემო, სადაც ისინი სირთულეებს უმკლავდებიან.

P.S. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი სოფელ უდაბნოს სკოლის დირექტორს – მაია გელაშვილს და მის კოლექტივს, ასევე არაჩვეულებრივ ბავშვებს, რომლებმაც ჩემი სკოლაში გატარებული წლები გამახსენეს.”

 

ფიქრია ხაჩიძე

მე ვარ ფიქრია ხაჩიძე, სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მასწავლებლობამდე რთული გზის გავლა მომიხდა. ვთვლი, რომ ეს საჭირო და სავალდებულო იყო. პროფესიით ფილოლოგი ვარ, მაგრამ მხოლოდ ეს ცოდნა საკმარისი არ არის სკოლაში სამუშაოდ. მხოლოდ საგნის ცოდნა ვერ დაეხმარება მასწავლებელს ბავშვთან წამოჭრილი პრობლემების აცილებასა თუ მოგვარებაში. მასწავლებელი უნდა ფლობდეს პედაგოგიკის თეორიას, ისტორიას, საგნის მეთოდიკას, ასაკობრივ ფსიქოლოგიასა და ინკლუზიური განათლების სპეციფიკას. ფილოლოგიის ფაკულტეტზე ეს ცოდნა, რასაკვირველია, არ მიმიღია. რადგან მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, მასწავლებელი გავმხდარიყავი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავიარე მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა. ამ პროგრამამ უზრუნველყო, დავუფლებოდი ზემოთხსენებულ საჭირო თეორიებსაც  და კარგი პრაქტიკაც გამევლო რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. ასევე წარმატებით გავიარე საგნის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები, ჯერ –  I-VI და შემდეგ – VII-XII კლასების. ამჟამად პროექტის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში საშუალო საფეხურზე ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას.

პროფესია მასწავლებელი  

მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის,  ის გაცილებით მეტ ვალდებულებას გულისხმობს, პირველ რიგში, უდიდეს პასუხისმგებლობას. რადგან საქმე გვაქვს ბავშვებთან, რომელთაც ძალიან ბევრი რამ აქვთ სასწავლი და შესაცნობი. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ეს პერიოდი  მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს მასწავლებლის როლი და გავლენა მათზე. მასწავლებელს ამ გზაზე არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება.

წარმატების ფორმულა

მასწავლებლის პიროვნული თვისებები, საგნის ზედმიწევნით ცოდნა და პროფესიული უნარები,  ერთნაირად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. კომუნიკაცია, დიალოგი საკუთარ მოსწავლეებთან, მათ გვერდით დგომა მაშინ, როცა ამის საჭიროება დგას – ალბათ,  ესაა ავტორიტეტის მოპოვებაც და შენარჩუნებაც.

პროექტი „ასწავლე საქართველოსთვის“

პროექტში მონაწილეობა მარტივად გადავწყვიტე, ეს იყო საინტერესო, ახალი გამოწვევა ჩემს პროფესიაში. გარდა იმისა, რომ ესაა მოტივაცია, ცოდნა გავუზიარო მომავალ თაობას, ეს არის ასევე ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის სურვილი, ვიდგე იქ, სადაც ჩემი და ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს კვეთს. ესაა ჩემი პროფესიული უნარების გაღრმავება, საკუთარი თავის პოვნა და დამკვიდრება. სოფელში, სადაც იზოლირებულ გარემოში მიწევს ცხოვრება, მეტი დრო მაქვს თვითრეალიზებისთვის. გულწრფელად რომ გითხრათ,  პროგრამის დასახელებამაც კი მომხიბლა, თითქოს გაგრძნობინებს, რომ ქვეყანას სჭირდები იქ, სადაც შენი ინტერესებიც მნიშვნელოვანია.

დღესდღეობით ქალაქის სკოლებში ერთი საგნის რამდენიმე კვალიფიციური მასწავლებელია, სოფლებში კი  ძალიან ჭირს დარგის სპეციალისტები. როგორც წესი, პედაგოგების სიმცირის გამო სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს უხდებათ მომიჯნავე საგნის საათების შეთავსება. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ვაკეთო ჩემი ქვეყნისთვის საქმე, რომელიც მიყვარს, რეგიონში – სადაც ეს ყველაზე მეტადაა საჭირო.

პირველი გაკვეთილი

პირველი გაკვეთილები გაცნობითი ხასიათის იყო. ცნობისმოყვარეობით ვიყავით ერთმანეთის მიმართ განწყობილნი. მახსოვს, გამახარა იმ ფაქტმა, რომ ბავშვები  მელოდნენ. სამწუხაროდ, მათთვის დაგეგმილი აქტივობები, არსებული სიტუაციის გამო, ვერ განვახორციელე, თუმცა სამომავლოდ იმედი მაქვს, კიდევ მომეცემა ამის შესაძლებლობა.

სოფლის სკოლის პრობლემები

ზოგჯერ ისეთ პრობლემას წააწყდებით, რომელსაც ვერც წარმოიდგენდით. მაგალითად, აღმოვაჩინე, რომ საკლასო ოთახებში არ არის ელექტროგაყვანილობა, შესაბამისად – დენის წყარო, ნათურა. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაუმართავია. არაფორმალური  განათლება აქ ხელმისაწვდომი არ არის, სხვადასხვა კლასგარეშე წრე, საკვირაო სკოლა  და მრავალი სხვა. სოფელი უდაბნო საზღვრისპირა რეგიონია, აქ მკაცრი ზამთარი საკმაოდ რთულ პირობებს ქმნის საცხოვრებლად, სოფელს არ აქვს ბუნებრივი აირი, ამიტომ სკოლის გათბობა შეშით უწევთ, რაც არასაკმარისია. მოუწესრიგებელია ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, რომლის გრაფიკიც მოუხერხებელია  შეუფერხებელი მოძრაობისთვის.

თანამედროვე მოსწავლეები

თანამედროვე მოსწავლეს მხოლოდ წიგნით ხელმძღვანელობა აღარ აკმაყოფილებს. მათთვის ერთფეროვანი და მოსაწყენია კითხვა-პასუხის რეჟიმში ყოფნაც. მუდმივად ითხოვენ სიახლეს. პრობლემა ჩემთვის, ძირითადად,  აკადემიური მაჩვენებლებია. ვცდილობ, მათი ინტერესები გავითვალისწინო. ამგვარად მიადვილდება ურთიერთობაც და მიზნის მიღწევაც. ბავშვები აქტიურად არიან ჩაბმული ოჯახურ საქმიანობებში, რაც გავლენას ახდენს მათ ჩამოყალიბებაზე, დამოუკიდებლობაზე. თავიდანვე სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი მათი გაცნობით, მათი შესაძლებლობებით და შემოქმედებითი უნარებით. ეს ერთგვარი მოტივაციაა ჩემთვისაც, გაკვეთილის მომზადებას მივუდგე შემოქმედებითად, გავითვალისწინო მათი ინტერესები, რათა გაკვეთილები არ იყოს ერთფეროვანი.

სასწავლო პროგრამის მასალის მომზადებისას ვცდილობ, ისეთი ფაქტებიც მოვუთხრო, რაც სახელმძღვანელოებში არ წერია, ამით მინდა,  მეტი ინტერესით ჩავაბა სასწავლო პროცესში და არა მხოლოდ მოვალეობის გრძნობით. სიამოვნებაა, როდესაც ამას ვაღწევ და მისმენენ, კითხვებს სვამენ. ამ დროს ვხვდები, რომ გაკვეთილი შედგა. მიმდინარე სემესტრში ბევრი კლასგარეშე აქტივობა მქონდა დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ სრულიად შეცვალა გეგმები. იმედს ვიტოვებ, მომავალი სასწავლო წლიდან, შესაძლებლობა მომეცემა, ბავშვებისთვის მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადო სასწავლო პროცესი.

დამოკიდებულება არა­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ მოს­წავ­ლე­­თან

არამოტივირებულ მოსწავლესთან მრავალმხრივი მუშაობაა საჭირო და გარკვეულ დროს მოითხოვს. ზოგჯერ მხოლოდ სიზარმაცე არ არის მიზეზი და ვცდილობ, გავარკვიო მისი სოციალური და ემოციური განვითარება. ამისათვის შეიძლება მშობლის დახმარება დამჭირდეს, კოლეგებთან გავიარო კონსულტაცია, ფსიქოლოგის მხარდაჭერა გამომადგეს. რაც შეეხება კითხვებს: „მასწავლებელო, ეს მე რაში გამომადგება, რა საჭიროა საერთოდ ამის სწავლა?“ (ძირითადად, ამას ასახელებენ ხოლმე მიზეზად)  – ვცდილობ, საკითხები მათ ინტერესებს მოვარგო და ისეთი რესურსი შევუქმნა, რომლითაც ხალისით დაკავდებიან და, ამავდროულად, ამ საკითხის ცოდნის საჭიროებას დაინახავენ. მიმაჩნია, რომ მოსწავლის დასჯა უკიდურეს შემთხვევაშიც გაუმართლებელია. უბრალოდ, ისევ და ისევ, მრავალფეროვანი უნდა იყოს დავალების ტიპიც და საგაკვეთილო პროცესიც. როგორ შეიძლება, მოსწავლე რაღაც საკითხით მაინც არ დაინტერესდეს, გამორიცხულია!

ბულინგი 

საბედნიეროდ, ბულინგს სოფლის სკოლებში ნაკლებად შეხვდებით. სოფელ უდაბნოში ეს პრობლემა არ გამოკვეთილა. თუმცა ყურადღების მოდუნება, ამ მხრივ, მასწავლებელს არ ეპატიება. ვფიქრობ, დროული რეაგირებით შესაძლებელია, უმტკივნეულოდ გადაიჭრას პრობლემა.

ყოველდღიურობა

გაკვეთილების მომზადების პროცესს საკმაოდ დიდი დრო მიაქვს, რადგან განსხვავდება მასალა და ასაკობრივი ჯგუფები, სადაც, ყოველდღიურად, 5 გაკვეთილს ვატარებ. თითოეულ კლასში ბავშვების რაოდენობა 9-დან 15-მდე მერყეობს.

დილას ადრიანად ვიწყებ, აქ ამომავალ მზეს სხვანაირი შეფერილობა აქვს – მოწითალო. მიყვარს ფანჯრიდან აისის ყურება, ამ დროს ჩემი ოთახი სითბოთი და გრძელი ჩრდილებით ივსება.

წინა საღამოს მომზადებული მასალის დეტალებს კიდევ ერთხელ ვამოწმებ. როდესაც ბავშვების განათლებასთან გაქვს საქმე, ეს ორმაგ პასუხისმგებლობას გულისხმობს. მანძილი სახლიდან სკოლამდე მოკლეა. ქალაქის ჩქარი რიტმისგან განსხვავებით, აქ მშვიდი ნაბიჯებით მივდივარ სკოლისკენ,  გზად მიტოვებულ შენობასთან უნდა გავიარო, სადაც მიუსაფარი ძაღლი ლეკვებით აფარებს თავს. თავიდან გაავებული იცავდა შვილებს, თუმცა, ახლა ჩემს მიტანილ საკვებს გემრიელად შეექცევა ხოლმე. ქალაქისგან განსხვავებით, აქ არ არის ბევრი მიუსაფარი ცხოველი,  სოფლის მოსახლეობა უვლის და ზრუნავს მათზე.

სიახლეები, თანამედროვე ტექნოლოგიები, მიდგომები და სტრატეგიები

მოსწავლეები სიახლეებს პოზიტიურად ხვდებიან, ინტერესს გამოხატავენ, რასაც ვერ ვიტყვი კოლეგებზე. ბოლო რამდენიმე წელიწადში არაერთი  რეფორმა განხორციელდა და მასწავლებლებზე ამან  თავისი უარყოფითი კვალი დატოვა.

თანამედროვე სწავლება ტექნოლოგიების გარეშე თითქმის შეუძლებელია. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში. ამდენად, ტექნიკური ბაზის მომზადება სკოლებისათვის უაღრესად საჭიროა. თავიდან მცირედი ვიდეო თუ ფოტომასალით „აღჭურვილი“ მივდიოდი ხოლმე. დაგეგმილი გვქონდა წრის მეცადინეობებიც, რომლის ფარგლებშიც  ფილმების ყურებისა და განხილვის იდეაც იყო. იმედს ვიტოვებ, მომავალში განვახორციელებ.

პროფესიული განვითარება

ამ ეტაპზე მხოლოდ განათლების სამინისტროს პროგრამით არსებულ გადამზადება-ტრენინგებში ვმონაწილეობ. რეგიონებში განაწილებამდე ნაყოფიერი ტრენინგები ჩაგვიტარდა. მზად ვიყავი, ყველანაირ სირთულეს შევჭიდებოდი, 2020 გაზაფხულზე იგეგმებოდა კიდევ აქტივობები, სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ესეც გადაიდო.

სასკოლო სახელმძღვანელოები

საპროგრამო თემებისა და შესაბამისი ნაწარმოებების ნუსხა საკმაოდ მისაღებია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თანამედროვე განათლების სისტემა არ აიძულებს მასწავლებელს მხოლოდ პროგრამას დაეყრდნოს. მთავარია, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს  მივაღწიოთ და ამას კონკრეტულად რა რესურსით შევძლებთ, არ ვიზღუდებით.

თავისუფალი  დრო

როგორც ახალბედა მასწავლებელს, სამუშაო ძალიან ბევრი მაქვს. ვცდილობ, თავისუფალი დრო პროფესიულ კარიერას დავუთმო.  წელს სამაგისტრო გამოცდისთვის ვემზადები.

ფოტოპროექტი  „მასწავლებლის ისტორია ფოტოგრაფის დღიურიდან“

პროექტში მონაწილეობა ეს იყო საინტერესო, ახალი გამოწვევა ჩემს პროფესიაში. გარდა იმისა, რომ ესაა მოტივაცია, ცოდნა გავუზიარო მომავალ თაობას, ეს არის ასევე ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის, სურვილი, ვიდგე იქ, სადაც ჩემი და ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს კვეთს. ჩემი „ფოტო-ისტორია“ ასახავს რიგითი მასწავლებლის ყოველდღიურ ცხოვრებას როგორც საგაკვეთილო სივრცეში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ყოფით გარემოში.

მინდა მადლიერება გამოვხატო როგორც ფოტოგრაფის, ისე თქვენ მიმართ. მასწავლებლის როლზე ყურადღების გამახვილება და ზრუნვა დიდი მნიშვნელობის საქმეა ჩვენს ქვეყანაში და  თქვენ საკუთარი წვლილი შეგაქვთ მასში.

მასწავლებელს მინდობილი აქვს მეტად საპასუხისმგებლო და ძნელი საქმე – ახალგაზრდების ჩამოყალიბება ჰუმანურ, განათლებულ და კულტურულ პიროვნებებად. ამ ურთულეს გზაზე როგორც პედაგოგებს, ისე ახალგაზრდებს  საზოგადოების მხარდაჭერა უსათუოდ გვჭირდება.

ესაუბრა მაკა ყიფიანი

დატოვეთ კომენტარი